Facebook Twitter

საქმე №ას-999-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: 2020 წლის გადავადების სერვისით სარგებლობის საბაბით, მოპასუხის მიერ (მხარეებს შორის 2019 წლის 17 ივნისს №GA1039220-9337311 და 2019 წლის 9 აგვისტოს №GA1039220-9478399 დადებული) საკრედიტო ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების თვითნებურად გაზრდის შედეგად, სესხზე ზედმეტად დაკისრებული და მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი 5110 ლარის გადახდა; 2019 წლის 17 ივნისს №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების 4.8. პუნქტისა და 2019 წლის 9 აგვისტოს №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულების 4.8. პუნქტის ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ჩანაწერის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში 2019 წლის 17 ივნისის და 2019 წლის 9 აგვისტოს რეფინანსირების ზრდის გამო, ბანკის უფლებასთან დაკავშირებით, ცალმხრივად გაზარდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმებული სესხის გრაფიკი, რომლითაც სესხის თანხები იზრდება 4693 ლარით; მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ხელმოწერილი გადახდის გრაფიკის დროს არსებული რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დამტკიცება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულება, 2019 წლის 9 აგვისტოს კი - №GA1039220-9478399 მეორე ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში შედგა სათანადო გადახდის გრაფიკები, რომელთაც მოსარჩელე დაეთანხმა და იხდიდა თანხას გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. 2020 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მოსახლეობას შესთავაზეს საკრედიტო ვალდებულებების გადავადება სამი თვის ვადით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა მასმედიის საშუალებით, მთავრობის უმაღლესი პირების განმარტების შესაბამისად, სესხის გადავადებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაჟღერებული პირობები შეთანხმებული იყო საბანკო სექტორთან. აღნიშნული დაადასტურეს მსხვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებმაც. მთავრობის ეს ინიციატივა თავისი ხასიათით უნდა ყოფილიყო ერთგვარი დახმარება, შეღავათი, პანდემიის გამო, გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მოსახლეობისთვის. განმარტებების შესაბამისად, სამთვიანი გადავადების სერვისის მოსარგებლეთათვის, გადავადების სერვისით სარგებლობის გამო, მსესხებელს რაიმე დამატებითი პროცენტი, ჯარიმა ან სხვა რაიმე გადასახადი არ უნდა დაკისრებოდა. გადავადებული სამი თვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სესხის გრაფიკის ბოლო თვეზე სამი თვის გადასახდელი თანხის დამატებით. შეთავაზება მოდიოდა ბანკებიდან და იყო საყოველთაო. სერვისით სარგებლობისთვის არანაირი მოქმედება მოსარგებლეს არ უნდა განეხორციელებინა.

4. აღნიშნული შეთავაზებით, სხვა მრავალი პირის მსგავსად, ისარგებლა მოსარჩელემაც. ეს იყო გადავადების პირველი ტალღა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, მთავრობის წარმომადგენლებმა კვლავ გააკეთეს განცხადებები, რომლის თანახმადაც მოსახლეობას განემარტა, რომ კვლავ შეეძლოთ სამთვიანი გადავადების პერიოდით ესარგებლათ. ე.წ გადავადების მეორე ტალღა ეხებოდა 2020 წლის ივნისს, ივლისსა და აგვისტოს. მოსარჩელემ კვლავ ისარგებლა აღნიშნული სერვისით და მხედველობაში ჰქონდა ის პირობები, რაც გაცხადებული იყო მასობრივი ინფორმაციით და გულისხმობდა გადავადებას დამატებითი პროცენტების, ჯარიმების თუ სხვა გადასახდელების გარეშე, სესხის გრაფიკის გადახდის პერიოდის კვლავ სამი თვით გაზრდის ხარჯზე. არანაირი სხვა პირობა არც მთავრობის და არც ბანკის წარმომადგენლების მიერ არ იყო გაჟღერებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იმასთან დაკავშირებით, რომ გადავადების მეორე ეტაპის გადახდის პირობები განსხვავდებოდა გადავადების პირველი ეტაპის გადახდის პირობებისგან.

5. 2020 წლის 21 მაისს პრემიერმინისტრის მხრიდან სამაუწყებლო ტელევიზიების საშუალებით მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ გადავადების მეორე ეტაპი პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე უნდა მომხდარიყო, რეალურად კი სესხის გადავადების მეორე ეტაპის გადახდების პირობები ბანკის მიერ სერვისით მოსარგებლის არასათანადო ინფორმირების გარეშე, რადიკალურად შეიცვალა. ამით ბანკმა შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, მათ შორის მოსარჩელეც, რითაც დაარღვია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №35/04 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

6. ბანკმა გადავადების მეორე ეტაპით სარგებლობის გამო, სერვისით მოსარგებლეთათვის თვითნებურად შეცვალა გადავადების პირველი ეტაპის პირობებიც და მოსარჩელეს, გადავადების მეორე ეტაპით სარგებლობის გამო, დააკისრა კოლოსალური თანხის გადახდა, - ფაქტობრივად იმდენივე, რაც მსესხებელს სესხის სამი თვით გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის სახით დაეკისრებოდა. ამ უკანონო მოქმედების შეუმჩნევლად დატოვების მიზნით, ბანკმა ყოველთვიურ გადასახდელად დაადგინა სწორედ ის ციფრი, რომლის გადახდასაც მსესხებელი მიჩვეული/შეგუებული იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გადავადების სერვისამდე მსესხებლის მიერ გადახდილი თანხიდან ნაწილით იფარებოდა სესხის ძირი, ხოლო მეორე ნაწილით საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო პროცენტი, ამ შემთხვევაში კი ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მთლიანად მიდიოდა პროცენტის დასაფარავად. მოსარჩელემ აღნიშნულის შესახებ შეიტყო ინტერნეტბანკის მეშვეობით, სადაც მითითებული იყო რომ მის მიერ გადავადების 2 ეტაპით ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი ყოველთვიური თანხის 100% მიემართებოდა ბანკის პროცენტის დასაფარად.

7. მოსარჩელემ მეილის საშუალებით არაერთხელ მიმართა ბანკს, რათა განმარტება მიეღო, გადახდის გრაფიკი მოსარჩელესთან შეუთანხმებლად რატომ შეიცვალა და დაეკისრა ზედმეტი თანხის გადახდა, ასევე თუ რამდენი ლარით მეტის გადახდა უწევდა მოსარჩელეს, ორივე ეტეპით სარგებლობის გამო. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ბანკს წერილობით არ მოუწოდებია, ხოლო მრავალი სატელეფონო კომუნიკაციიის შემდეგ ერთ-ერთმა ოპერატორმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ რამდენიმე ათასი ლარით მეტის გადახდა უწევდა. ბანკის მხრიდან ვერც იმაზე მიიღო განმარტება, თუ რამდენი თვე მოხდებოდა სესხის მართვა ბანკის მხრიდან - ყოველთვიური თანხის 100%-ის მიმართვა სესხის პროცენტის დაფარვისთვის.

8. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია, როგორც ხელშეკრულების დადებამდე ბანკის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც მომხმარებლისათვის უმნიშვნელოვანესი დაცვის მექანიზმია, ასევე, იმ მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №35/04 ბრძანებით. ბანკმა მოსარჩელეს პასუხი გაუგზავნა ისეთ მისამართზე, სადაც მოსარჩელეს არასოდეს უცხოვრია.

9. ბანკის ოპერატორთან ერთ-ერთი საუბრისას გაჟღერდა, რომ პროცენტის დასაფარად თანხის მიმართვა გაგრძელდებოდა 8 თვის მანძილზე, ხოლო მოგვიანებით მოსარჩელეს წერილობით განემარტა, რომ ასეთი მოქმედების უფლება ბანკს 12 თვემდე ვადით აქვს. ბანკი საკუთარ თვითნებობას ამართლებს იმით, თითქოს მსესხებელს გაუგზავნა SMS შეტყობინება, რომლის თანახმად მსესხებელი უნდა შესულიყო ვებგვერდზე და გაცნობოდა პირობებს, რომელიც ბანკს ამგვარი მოქმედების უფლებას აძლევდა, თუმცა მოსარჩელეს არანაირი SMS შეტყობინება არ მიუღია, შესაბამისად, ბანკის პირობებს არ გასცნობია.

10. ბანკის მიერ გადავადების პირობით უკანონო მანიპულირებით 2019 წლის 17 ივნისის სესხზე ბანკმა, ხელმოწერილ გრაფიკთან შედარებით, გაზარდა გადასახდელი თვეების რაოდენობა 05.06.29 წლიდან 05.06.30 წლამდე, ხოლო 2019 წლის 9 აგვისტოს სესხზე ხელმოწერილ გრაფიკთან შედარებით, გადასახდელი თვეების რაოდენობა 06.08.29 წლიდან 05.08.30 წლამდე გაიზარდა.

11. გარდა იმისა, რომ ბანკის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით, მოსარჩელის კუთვნილი თანხის მითვისებითა და სათანადო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების იგნორირებით ილახება მოსარჩელის, როგორც მომხმარებლების უფლებები, საბოლოოდ, 2019 წლის 17 ივნისის №GA1039220-9337311 სესხზე ბანკმა ხელმოწერილ გრაფიკთან შედარებით, გადავადების საშეღავათო პერიოდით სარგებლობისა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საბაბით (ძირი - 20 000 ლარი და პროცენტი - 10 120.57 ლარი) ფულადი ვალდებულება 30 790.7 ლარიდან გაზარდა 34 361.62 ლარამდე, ხოლო 2019 წლის 9 აგვისტოს №GA1039220-9478399 ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული გრაფიკის თანხა (ძირი თანხა - 37 700 ლარი და პროცენტი - 17 897.55 ლარი) 56 414.29 ლარიდან - 62 646.71 ლარამდე, რაც მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს.

12. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია სამართლებრივი ბალანსი და ვერ უზრუნველყო „სუსტი“ მხარის ავტონომიის რეალიზების ხელშეწყობა, რაც მას ამგვარ პირობებში აქცევს არაკეთილსინდისიერად. ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთზე მითითება არის „ძლიერი“ მხარის მიერ ხელშეკრულების დადების დროს „სუსტი“ მხარის, მსესხებლის დაჩაგვრა. ამ ფაქტებით დგინდება, რომ კონკრეტული სესხის შემთხვევაში ბანკი ყველა შემთხვევაში მიიღებს სარგებელს, რომელიც მას დაგეგმილი ჰქონდა მიუხედავად სავალუტო რყევებისა, რაც გაუმართლებელია, მით უფრო, რომ აღნიშნული სათანადოდ არ იქნა განმარტებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში.

მოპასუხის პოზიცია:

13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამ და ამ ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საფრთხემ, შეცვალა თითქმის ყველა ადამიანის ჩვეული ცხოვრება და ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ან შეუმცირდათ შემოსავალი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკმა გამოიჩინა კეთილი ნება, სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე, რაც შეთანხმებული იყო ეროვნულ ბანკთანაც. ვინაიდან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ქმედითი მექანიზმი სოციალური დისტანციის დაცვა იყო, ეროვნულმა ბანკმა მიიღო შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც განსხვავებულად დაარეგულირა თავისი ბრძანებებით განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ, ცვლილების შესახებ მხარესთან დამატებითი შეთანხმების გაფორმება სავალდებულო არ იყო და შეტყობინებაც უმოკლეს ვადაში ელექტრონული არხების მეშვეობით უნდა მისვლოდა მომხმარებლებს, რომლებსაც წინასწარ არ ეცოდინებოდა ცვლილებების დეტალური პირობები. ხელშეკრულების შეცვლილი პირობები მსესხებლისთვის ხელმისაწვდომ ელექტრონულ არხში უნდა ასახულიყო. ერთ-ერთ ასეთ არხს წარმოადგენს ინტერნეტ ბანკი, სადაც აისახა შ.მ–ძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები, რასაც მხარე ადასტურებს.

14. 2020 წლის 12 მარტს სოციალურ ქსელში მოპასუხის ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ამის შემდეგ იგივე ინფორმაცია განთავსდა ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის 13 მარტს. ამავე ლინკზე მოცემული იყო ბმულის სახით ხშირად დასმული კითხვებიც, რომელიც ამომწურავად პასუხობდა მსესხებლისთვის საინტერესო საკითხებს. ბანკი საიტზე განთავსებული ინფორმაციით იღებდა ვალდებულებას, ინდივიდუალურად შეეტყობინებინა მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობები და შესაძლებლობები. 2020 წლის 19 მარტს მოპასუხემ სმს შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელეს, რომლიდანაც ცალსახად ირკვეოდა, რომ შეტყობინების ადრესატს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგება სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, საშეღავათო პერიოდში დასაფარი თანხა კი გადანაწილდებოდა განახლებულ ვადაზე. ცალსახად დგინდება, რომ ბანკი ამ პერიოდზე სარგებლის დარიცხვას არ აჩერებდა. ვადის ცვლილება მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში აისახებოდა სამი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში სესხზე შესატანი თანხა მსესხებელს არ ჩამოეჭრებოდა. თუკი მოსარჩელეს არ სურდა ამ შეღავათით სარგებლობა, უნდა გამოეგზავნა ამავე სმს-ზე პასუხი: „NOGRACE“. საშეღავათო პერიოდის დეტალური პირობების შესახებ ბმული მოცემული იყო ამავე შეტყობინებაში. მომხმარებელს უარი არ განუცხადებია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, არც სმს-შეტყობინების და არც ინტერნეტბანკში გადახდის გრაფიკის ცვლილების ასახვის შემდეგ, აგრეთვე, არ განუხორციელებია არც ერთი გადახდა, რითაც დადასტურებული აქვს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო, საკრედიტო ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები.

15. იმისათვის, რომ მომხმარებელს მარტივად აღექვა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის დეტალები, ბანკის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე ბმულის სახით იყო მითითება ხშირად დასმულ საკითხებზე, რომლებიც ამომწურავ პასუხს იძლეოდა მომხმარებლისათვის საინტერესო საკითხებზე. პირველ მნიშვნელოვან საკითხად განსაზღვრული იყო ის გარემოება, რომ საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო, ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების შესატანად არ იყო საჭირო მომხმარებლის ვიზიტი ბანკში. დეტალურ აღწერაში აღნიშნული იყო, რომ უნდა შედგენილიყო ახალი გრაფიკი, რომელიც არ იქნებოდა ძველის იდენტური არც ვადის და არც გადასახდელი თანხის კუთხით. ცალსახად და ნათლად იყო დაფიქსირებული, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა. საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდებოდა ავტომატურად. ავტომატურ გააქტიურებას არ დაექვემდებარებოდნენ მხოლოდ მომხმარებლები, რომლებიც უარს განაცხადებდნენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. განმარტებული იყო ასევე იმ ალტერნატიულ არხებზე, რომლების საშუალებითაც კლიენტს ეძლეოდა შესაძლებლობა, უარი განეცხადებინა საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ეს საშუალებები იყო ბანკის სატელეფონო ცენტრი ან მომსახურე ბანკირის მეშვეობით უარის დაფიქსირება, განახლებული გრაფიკის ინტერნეტ და მობაილბანკში ასახვა განხორციელდებოდა 1 კვირის განმავლობაში. ვინაიდან გრაფიკის ნახვის შემდეგ, კლიენტი უფრო ნათლად აღიქვავდა ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას, მას ამის შემდეგაც არ ეკარგებოდა შესაძლებლობა, უარი განეცხადებინა საშეღავათო პერიოდზე. დისტანციურად მოხდებოდა სამთვიანი პერიოდის კორექტირება, შესაბამისად, ძველ გრაფიკში ბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, თანხმობა ექნებოდა თუ არა გაცხადებული საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოსარჩელეს არცერთი ზემოაღნიშნული ფორმით საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უარი არ დაუფიქსირებია.

16. პირველი ეტაპის შემდგომ, არსებული საფრთხის გამო, ბანკმა კვლავ მიიღო გადაწყვეტილება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემის შესახებ იმ პირებისათვის, რომლებმაც, ბანკისვე ინფორმაციით, დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია განთავსდა ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის 19 ივნისს. საშეღავათო პერიოდის დაწესების დეტალური პირობები მოცემული იყო ამავე ლინკზე.

17. 2020 წლის 19 ივნისსვე მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა სმს-შეტყობინება იმავე ნომერზე, შემდეგი შინაარსით: ბანკი გაცნობებთ, რომ შენს ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ფილიალში მისვლის გარეშე, გაგიაქტიურდება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. დეტალურად გაეცანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობებს ბმულზე: http//bit.ly/info-BoG. თუ არ გსურს აღნიშნული პირობებით სარგებლობა, 3 დღის მანძილზე გამოაგზავნე SMS ტექსტით „NOGRACE“ ნომერზე 4444, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 0322444444.“ მოსარჩელის მხრიდან ბანკს საპასუხო შეტყობინება არ მიუღია, რამაც გამოიწვია მომხმარებლის ინტერნეტბანკში სესხის დაფარვის გრაფიკის კორექტირება. აღნიშნული მოსარჩელეს აესახა კიდეც. ფაქტია ის გაეცნო ამ ცვლილებას, თუმცა არ დაკავშირებია ბანკს არსებული ცვლილების გაუქმების მოთხოვნით.

18. მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილებასაც, რომლის შესაბამისაც ბანკმა 30 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით უნდა აცნობოს მომხმარებელს. ეს ჩანაწერი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებასთან „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესთან“. პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 მარტს კომერციულ ბანკებს გაეგზავნათ საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება კორონავირუსის გამო განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ კომერციული ბანკის მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესების შემთხვევაში, ესარგებლათ დოკუმენტში მითითებული პირობებით, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, დამატებით ან/და ცვლილების ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ იყო. ამავე დოკუმენტით დასტურდება, რომ მომხმარებლები წინსწრებით ვერ იქნებოდნენ ინფორმირებული საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით და გადახდის გრაფიკის შეცვლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ რაც მხარე დეტალურად გაეცნობოდა /უნდა გაცნობოდა ცვლილების პირობებს) სწორედ მომხმარებლის სურვილით შესაძლებელი იყო ძველ გადახდის გრაფიკზე დაბრუნება, თუ მომხმარებელი გააგრძელებდა გადახდებს ძველი პირობების შესაბამისად.

19. მეორე საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 4 ივნისის მიმართვის თანახმად, დადასტურებულია, რომ სესხის გადახდის თავდაპირველი გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს, ამავე მომართვით განისაზღვრა, რომ ცვლილება არ საჭიროებს დამატებით დოკუმენტის გაფორმებას და ცვლილებით გამოწვეული ახალი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დაფარვის გრაფიკი მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ელექტრონული არხების მეშვეობით. ელექტრონული არხის ერთ-ერთი ფორმაა ინტერნეტბანკი. ამ ინფორმაციის ასახვის შემდეგ, თუ მომხმარებელი უარს განაცხადებდა საშეღავათო პერიოდით განსაზღვრულ პირობებზე, ბანკი ვალდებული იქნებოდა, დაებრუნებინა მომხმარებელი ძველი გადახდის გრაფიკზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეს უნდა განეხორციელებინა გადახდები ძველი გრაფიკის შესაბამისად, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

20. ბანკის მხრიდან მოსარჩელისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება არის კონკრეტულ ცვლილებებზე ოფერტი. მოსარჩელემ განახორციელა აქცეპტი, რომელიც გამოიხატა ცვლილების პირობების გაუპროტესტებლობაში/მიღებაში. ამ მომენტში დაიდო მხარეებს შორის ხელშეკრულება და ისინი შეიბოჭნენ ნაკისრი ვალდებულებებით. სახეზეა ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, რომლის ბათილად ცნობის და გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

21. მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებითვე განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი. კრედიტის გამცემმა მსესხებელს შესთავაზა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის უფლების გამოყენება, რაც არ გულისხმობდა საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვალდებულების შეჩერებას. ასეთი პირობა ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის დაიდო №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა სესხი - 37 700 ლარი 120 თვით.

25. 2019 წლის 9 აგვისტოს მათ შორის დაიდო ͏№GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებლისათვის 20 000 ლარის 120 თვით გადაცემის შესახებ.

26. კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში, მოსარჩელემ ორჯერ ისარგებლა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ საბანკო პროდუქტზე გადახდის გადავადების სერვისით 2020 წლის მარტიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში.

27. მოსარჩელის მიერ №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის დაფარვის თავდაპირველი და მიმდინარე გრაფიკებით განსაზღვრულ, ჯამურად გადასახდელ თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 6232.42 ლარი, ხოლო №GA1039220-9478399 კრედიტის ფარგლებში, სხვაობა განისაზღვრა 3579.99 ლარით.

28. აპელანტის განმარტებით, ბანკმა არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამთვიანი საშეღავათო პერიოდის პირველი ნაწილით სარგებლობის პირობებსა და მეორე ნაწილით სარგებლობის პირობებს შორის რაიმე სხვაობა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კაბალური პირობებით, მეორე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას არ დათანხმდებოდა, რადგან მეორე სამთვიანი საშეღავათო პირობით სარგებლობის გამო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შეიცვალა პირველი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობები, ანუ ისიც მოიცვა მეორე საშეღავათო პერიოდის პირობებმა, გაიზარდა სესხის გადახდის პერიოდი ერთი წლით, საიდანაც ექვსი თვე მარტო პროცენტში წავიდა სესხზე გადასახდელი ყოველთვიური თანხა და დამატებით ექვსი თვე - გაზრდილი პერიოდის პროცენტსა და ძირში. საშეღავათო პერიოდის საკომუნიკაციო არხებზე, ინტერნეტ და მობაილბანკში ერთი კვირის განმავლობაში ასახვაზე უარის დაუფიქსირებლობაზე ისე საუბრობს სასამართლო, რომ ეს საკითხები განსახილველ დავაში არ გამოკვლეულა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მეორე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა იმ პირებისათვის, რომელთაც დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი. მას კი არც შემოსავალი დაუკარგავს და არც შემცირებია. აღნიშნული საკითხი სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა, ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რატომ გაიყვანეს ამ კატეგორიაში. გადავადების მეორე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა მხოლოდ იმ პირობით იყო მისაღები, რაც იმ დროისათვის იყო მისთვის ცნობილი მთავრობის უმაღლესი პირების მიერ და მსხვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელთა განცხადებებში იყო გაჟღერებული. აღნიშნული პირობა, მოიცავდა შემდეგს: მხოლოდ გადავადების პერიოდით გაიზრდებოდა სესხის პერიოდი და ბანკის სარგებელი გადავადების სერვისის შეთავაზებისათვის იქნებოდა უმნიშვნელო. მართალია, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია მოსახლეობის ინფორმირება საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შეთავაზების შესახებ, თუმცა არ აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება გაკეთდა ქვეყნის უმაღლესი პირების პრემიერმინისტრის, ეკონომიკის მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ, სადაც გაჟღერდა სწორედ ის პირობები, რაზეც ზემოთ აღინიშნა. სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელის ნებას შეესაბამებოდა საშეღავათო პირობების ორივე ეტაპით სარგებლობა და იმაზე ხაზგაუსმელობა, რომ მეორე ეტაპის პირობების ცვლილება ბანკმა მიზანმიმართულად არ გაამხილა, ტოვებს განცდას, რომ სასამართლო ვერ გაერკვა დავის არსში ან მიზანმიმართულად დაიკავა ბანკის პოზიცია.

29. აპელანტის ზემოხსენებული პოზიცია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტისათვის 30 კალენდარული დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები (მათ შორის და არა მხოლოდ კრედიტის თანხის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის მოცულობა/ოდენობა ან/და მათი დარიცხვის წესი ან/და გადახდის ვადა/პირობები და ა.შ.) კლიენტისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ბანკში დაფიქსირებულ კლიენტის შესაბამის მისამართზე წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობაილბანკის, ინტერნეტბანკის ან/და სხვა) საშუალებით შეტყობინების გაგზავნას). ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას. ხელშეკრულებაში შეტანილი (მათ შორის ცალმხრივად) ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

30. „COVID 19-თან“ დაკავშირებული ეკონომიკური შედეგების გამო, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შესაბამისად მოხდა სესხებზე საშეღავათო პერიოდის წახალისება, კომერციული ბანკების მიერ სესხების გადახდის 3-თვიანი გადავადების დაწესების გზით და კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისა და ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომერციული ბანკების მხრიდან დისტანციურად სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის, მათ შორის, მოპასუხე ბანკისათვის, 2020 წლის 31 მარტს და ამავე წლის 4 ივნისს დაგზავნილ წერილებში მითითებული პირობების გათვალისწინებით; აღნიშნული პირობების თანახმად: იპოთეკური სესხის და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის დებულებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივებულიყო არაუმეტეს 12 თვის ვადით, სხვა დანარჩენი საცალო სესხებისთვის არაუმეტეს 6 თვით. სესხის გადახდის თავდაპირველი გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები, შესაძლოა, უმნიშვნელოდ გაზრდილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბანკი განახორციელებდა სესხის ვადის გახანგრძლივებას ან თუ ბანკის მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის მანძილზე გადასახდელი თანხები გადანაწილდებოდა სესხის დარჩენილ პერიოდზე; და გრძელვადიანების/საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში სესხს შეიძლება მინიჭებოდა რეფინანსირების სტატუსი.

31. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ასევე ნება დართო, მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის გარკვეული მოთხოვნები შეესრულებინათ განსხვავებულად, კერძოდ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ხელშეკრულების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების ამოქმედებამდე მომხმარებლის ერთი თვით ადრე ინფორმირების შესახებ აღნიშნული ვადის ნაწილში ერთჯერადად არ გავრცელდებოდა იმ სესხებზე, რომლებზეც გავრცელდებოდა საშეღავათო პერიოდი. ამასთან, დაცული უნდა ყოფილიყო ცვლილების შესახებ მომხმარებლის მიერ არჩეული, პერსონალური არხით ინფორმირების ვალდებულება.

32. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 31 მარტის და 4 ივნისის წერილებში ასევე განმარტებულ იქნა, რომ მოქმედი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ არ განსაზღვრავდა ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში დამატებითი და/ან ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას, თუმცა ასეთის გაფორმების შემთხვევაში დაცული უნდა ყოფილიყო წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები - ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თუ იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ცვლილებების და/ან დამატების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ პირობებს, რომლებმაც განიცადეს ცვლილება და ხელშეკრულების თავსართს. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თარიღიდან ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდზე.

33. „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ ითვალისწინებს ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმების შესაძლებლობას, თუ აღნიშნულ მომსახურებაზე მხარეები წინასწარ იქნებოდნენ შეთანხმებული. შესაბამისად, ბანკის მიერ შეთავაზებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე და/ან განხორციელებულ შეთავაზებებზე დაცული უნდა ყოფილიყო წესის, მათ შორის, 31 მუხლის მოთხოვნები (ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას): 1. დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება, ასევე, მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე გონივრული დროით ადრე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე მომხმარებლის მხრიდან შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას; 2. დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციით, ხოლო სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების შემთხვევაში ამ წესის შესაბამისად გათვალისწინებული სახით; 4. თუ ხელშეკრულების დასადებად, მომხმარებლის მოთხოვნით, გამოყენებულია ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც არ იძლევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ დაუყოვნებლივ; 5. შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება.

34. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 4 ივნისის წერილში დამატებით აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის არ ფორმდება დამატებითი ან/და ცვლილების შესახებ ხელშეკრულება, მომხმარებლებს დაუყონებლივ ან/და ტექნიკური მოწყობის ფარგლებში პირველივე შესაძლებლობისთანავე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოთ გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ან/და დაფარვის გრაფიკი. ასევე, მომხმარებლებს ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით და წყარო, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური გრაფიკი ან/და გადახდების შესახებ ინფორმაცია.

35. ეროვნული ბანკის წერილებში ასევე საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ რამდენადაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად შეცვლილ პირობებზე მომხმარებლები წინსწრებით ვერ იქნებოდნენ ინფორმირებულები და მათთვის შესაძლებელია გართულებულიყო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს უნდა უზრუნველეყოთ, საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით, გადახდების მიღება.

36. უდავო გარემოებაა, რომ ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შეთავაზების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება განხორციელდა მასმედიის საშუალებებით და ატარებდა საყოველთაო ხასიათს.

37. სააპელაციო პალატამ ასევე უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სარგებლობს მოპასუხე ბანკის ინტერნეტბანკის მომსახურებით, რომელიც კლიენტს გაუაქტიურდა 2016 წლის 28 ივნისიდან და სტატუსი დღემდე აქტიურია. სს „ს.ბ–მა“ მომხმარებლისათვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველად განათავსა 2020 წლის 13 მარტს.

38. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 მარტს მოპასუხემ, სხვა მომხმარებელთა მსგავსად, მოსარჩელეს/აპელანტს მის საკონტაქტო მობილურ ნომერზე, გაუგზავნა საშეღავათო პირობების თაობაზე შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „გაცნობებთ, რომ ფილიალში მოსვლის გარეშე, ყველა სესხზე ისარგებლებთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის დასაფარი თვეების რაოდენობა გაიზრდება და საშეღავათო პერიოდში დასაფარი თანხა გადანაწილდება განახლებულ ვადაზე. ვადის ცვლილება მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში აისახება სამი დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში სესხზე შესატანი თანხა არ ჩამოგეჭრებათ. თუ არ გსურს ამ შეღავათით სარგებლობა, გამოაგზავნე ამავე SMS-ზე პასუხი: „NOGRACE“, დეტალებისთვის ეწვიე http://bit.ly/info-BoG. 0322444444”.

39. უდავო გარემოებაა, რომ შეტყობინებისათვის განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელის/აპელანტის მხრიდან არ დაფიქსირებულა შეთავაზების გაუქმების მოთხოვნა საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე; შესაბამისად, მოპასუხესთან არსებულ მოსარჩელის საკრედიტო ვალდებულებებზე გავრცელდა საშეღავათო პირობები და ე.წ. პირველი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის თაობაზე, №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 26 მარტს, ხოლო №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის ცვლილება - 2020 წლის 25 მარტს.

40. 2020 წლის ივნისში მოპასუხემ მომხმარებლებს, მათ შორის მოსარჩელეს/აპელანტს, კვლავ შესთავაზა, ესარგებლათ სამთვიანი საშეღავათო პირობებით, კერძოდ, 19.06.2020 წელს, მოპასუხემ მოსარჩელეს საკონტაქტო ნომერზე გაუგზავნა შემდეგი შინაარსის სმს-ს შეტყობინება: „გაცნობებთ, რომ შენი მოთხოვნის შესაბამისად, გეძლევა შესაძლებლობა, შენს საკრედიტო პროდუქტებზე ისარგებლო სამთვიანი საშეღავათო პერიოდით. დეტალურად გაეცანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობებს ბმულზე: https://bit.ly/2.... თუ არ გსურს ამ შეღავათით სარგებლობა, სამი დღის მანძილზე გამოაგზავნე SMS ტექსტით: „NOGRACE“ ნომერზე: 4444. დამატებითი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 03224....“.

41. 2020 წლის 19 ივნისს მოსარჩელისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე (https//bit.ly/2YaF...) არსებული პირობები ითვალისწინებდა სესხის გრაფიკის ფორმირებას შემდეგი სახით: საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან ერთად შეიცვლებოდა საკრედიტო პროდუქტის მოქმედების ვადა და გაიზრდებოდა არა უმეტეს 12 თვით იმგვარად, რომ ახალი გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მაქსიმალურად დამთხვეოდა არსებული გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურად გადასახდელ თანხას. ასევე საშეღავათო პერიოდში დარიცხული/დაგროვილი საპროცენტო სარგებელი და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოები გადანაწილდებოდა საშეღავათო პერიოდის მომდევნო რამდენიმეთვიან პერიოდზე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად მოხდებოდა საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოების დაფარვა, ხოლო საკრედიტო პროდუქტის ძირითადი თანხის შემცირება არ მოხდებოდა.

42. დადგენილია, რომ შეტყობინებისათვის განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელეს ამ ეტაპზეც არ გაუგზავნია მოპასუხისათვის საპასუხო შეტყობინება საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უართან დაკავშირებით. შესაბამისად, მოპასუხე ბანკში არსებულ მოსარჩელის საკრედიტო ვალდებულებებზე გავრცელდა ე.წ მეორე საშეღავათო პირობები. №GA1039220-9337311და №GA1039220-9478399 კრედიტის დაფარვის გრაფიკებიც ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით დაგენერირდა და განისაზღვრა საწყის ეტაპზე მხოლოდ დარიცხული /გრეის პროცენტისა და საკომისიოების დაფარვა. №GA1039220-9337311 და №GA1039220-9478399 ხელშეკრულებების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 7 აგვისტოს.

43. ამდენად, უდავოა, რომ №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 26 მარტს, ხოლო №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის ცვლილება - 2020 წლის 25 მარტს. №GA1039220-9337311 და NGA1039220-9478399 ხელშეკრულებების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 7 აგვისტოს. ვინაიდან მიღებული შეტყობინებები წარმოადგენს ინდივიდუალურად მოსარჩელისთვის მოპასუხისაგან სახელშეკრულებო დათქმის დაცვით გაგზავნილ შეთავაზებას არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე, გამოვლენილი ნება წარმოადგენს ოფერტს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით („ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება“). ხსენებული შეტყობინებების მიღების ფაქტი ან SMS შეტყობინების გაგზავნით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაშვებობა მოსარჩელეს სადავოდ არ აქვს ქცეული. ამავე შეტყობინებაში განსაზღვრული იყო, რომ ოფერტი ჩაითვლებოდა აქცეპტირებულად და შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდოდა, თუ კრედიტის ამღები მის უარყოფას აქტიური მოქმედებით - მიღებულ შეთავაზებაზე SMS-ის ფორმით ბანკის მიმართ საპასუხო შეტყობინებას ტექსტით „NOGRACE“ არ განახორციელებდა. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ბანკის მიმართ კრედიტის ამღებს შეტყობინებაში შემოთავაზებული ან სხვა ფორმით, აქტიური მოქმედებით, საშეღავათო შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ამდენად, განმარტებას საჭიროებს კრედიტის ამღების დუმილით გამოვლენილი ნების სამართლებრივი შინაარსი.

44. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით მიღებული შეთავაზება ადრესატს არ უარუყვია, შეთავაზებულისაგან განსხვავებული პირობის (ე.ი. საშეღავათო პერიოდში პროცენტის დარიცხვის შეწყვეტის) ამოქმედების მოთხოვნით ბანკისთვის არ მიუმართავს, საბანკო კრედიტის დაფარვა არც საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გაუგრძელებია, არამედ სრულად გამოიყენა ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი, რაც ბანკს აძლევდა გონივრული მოლოდინის საფუძველს, რომ კრედიტის ამღებმა ბანკის შეთავაზება დაადასტურა, რითაც დაეთანხმა განახლებული პირობებით სახელშეკრულებო თვითბოჭვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამრიგად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ საპროცენტო სარგებელი საშეღავათო პერიოდზე დარიცხულია კანონშეუსაბამოდ.

45. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხის შეთავაზებას საკრედიტო პროდუქტებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესახებ ორჯერ დაეთანხმა. ასევე, დათანხმდა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის იმ პირობებს, რომელიც შეთავაზებულ იქნა ბანკის მიერ, რის საფუძველზეც შესაბამისი ცვლილებები შევიდა და აისახა საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულ გადახდის გრაფიკებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ბანკმა არ მიაწოდა ინფორმაცია სამთვიანი საშეღავათო პერიოდის პირველი ნაწილით სარგებლობის პირობებსა და მეორე ნაწილით სარგებლობის პირობებს შორის რაიმე სხვაობის თაობაზე, ვინაიდან მიღებული ინფორმაციით მოსარჩელეს შეეძლო გაეცნობიერებინა სარგებლობის პირობებიც და მათ შორის განსხვავებაც.

46. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის პრეტენზია, რომ გადავადების სერვისით სარგებლობისას მას მხედველობაში ჰქონდა ის პირობები, რაც გაცხადებული იყო მასობრივი ინფორმაციით და გულისხმობდა, რომ სესხის პერიოდი მხოლოდ გადავადების პერიოდით გაიზრდებოდა, ხოლო ბანკის სარგებელი გადავადების სერვისის შეთავაზებისათვის იქნებოდა უმნიშვნელო.

47. უდავო გარემოებაა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშობილია კონკრეტული, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ბანკმა მოსარჩელეს გადასცა კრედიტები წლიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

48. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელდა დაპირება, საშეღავათო პერიოდზე სესხების უპროცენტოდ გადავადების შესახებ, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხემ წარადგინა რელევანტური მტკიცებულებები. კერძოდ, მიუთითა საკრედიტო პროდუქტებზე საშეღავათო პერიოდით სარგებლობის იმ პირობებზე, რომლებზე მითითებასაც შეიცავდა ბანკის შეტყობინებები. აღნიშნული პირობები ითვალისწინებდა სესხის გრაფიკის ფორმირებას შემდეგი პირობების გათვალისწინებით: „საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან ერთად შეიცვლებოდა საკრედიტო პროდუქტის მოქმედების ვადა და გაიზრდებოდა არაუმეტეს 12 თვით იმგვარად, რომ ახალი გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მაქსიმალურად დაემთხვეოდა არსებული გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურად გადასახდელ თანხას. ასევე, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული/დაგროვილი საპროცენტო სარგებელი და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოები გადანაწილდებოდა საშეღავათო პერიოდის მომდევნო რამდენიმეთვიან პერიოდზე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად, მოხდებოდა მხოლოდ საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოების დაფარვა, ხოლო, საკრედიტო პროდუქტის ძირითადი თანხის შემცირება არ მოხდებოდა.“

49. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება, რომ მთავრობის ხელმძღვანელთა დაპირებით სესხის პერიოდი მხოლოდ გადავადების პერიოდით გაიზრდებოდა და ბანკის სარგებელი გადავადების სერვისის შეთავაზებისათვის იქნებოდა უმნიშვნელო.

50. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რა ზიანი ადგება უკვე გაცემულ სესხზე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდისას. ხელშეკრულების 4.8 პუნქტი არის ცალმხრივი სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და მხოლოდ „სუსტი“ მხარის ინტერესს აზარალებს. ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკი იღებს სესხს გარკვეული ფინანსირების პროცენტით, რომელსაც გასცემს თავის კლიენტზე უფრო მაღალი პროცენტით/ რეფინანსირებით. ამრიგად, ბანკისთვის ამ სესხის გაცემის შემდეგ შეიცვლება თუ არა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი უკვე გაცემულ სესხზე შედეგს არ იქონიებს, რის გამოც მისი უკვე გაცემულ სესხებზე გავრცელება ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს. ამასთან, მოპასუხემ ვერ ახსნა გრაფიკის ცვლილება მის საზიანოდ - 4693 ლარით, რატომ უნდა განხორციელდეს. მოპასუხე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ მას რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო ადგება ზუსტად იმ ოდენობის ზიანი, რასაც მისგან ითხოვს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საფუძვლით უკვე გაცემული სესხის გაზრდა უსაფუძვლოა, ეწინააღმდეგება (სუსტი მხარის) კლიენტის ინტერესებს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

51. საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის დადებული №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების 4.8. მუხლის შესაბამისად, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა პირველი 24 თვის განმავლობაში წლიური 7.99%-ით, დარჩენილ ვადაზე - ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი კი შემდეგი სახით - წლიურ მცურავ საბაზისო განაკვეთს დამატებული 2%, მინიმუმ 8%. 2019 წლის 9 აგვისტოს დადებული №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულების სადავო 4.8. მუხლის შესაბამისად, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი ასევე განისაზღვრა პირველი 24 თვის განმავლობაში წლიური 7.99%-ით, დარჩენილ ვადაზე - ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი კი შემდეგი სახით - წლიურ მცურავ საბაზისო განაკვეთს დამატებული 2%, მინიმუმ 8%.

52. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) თანახმად (ძალადაკარგულია 2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 03/09/2021 №32/04 ბრძანებით), ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი განიმარტებოდა როგორც საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული; ხოლო ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, - როგორც ყველა სხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არ არის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

53. მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 17 ივნისის და 2019 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებების სადავო პუნქტების შინაარსით დასტურდება, რომ მხარეები არსებითი პირობის სახით წინასწარ და წერილობით შეთანხმდნენ, რომ სესხის აღებიდან პირველი 24 თვის განმავლობაში სესხს დაერიცხებოდა სარგებელი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, სესხის დაფარვის დარჩენილ ვადაზე კი გავრცელდებოდა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

54. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაიზიარა მოპასუხე ბანკის წარმომადგენელთა პოზიცია, რომ ვინაიდან საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებული პირობა, სტანდარტული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას, ყველა შემთხვევაში მსესხებელთან თანხმდება ინდივიდუალურად და მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში აისახება ხელშეკრულებაში, კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეთა წერილობითი შეთანხმება სადავო პირობებზე წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით და არა სტანდარტულ პირობას. ამასთანავე, ცხადია, რომ სადავო პუნქტების შინაარსი არათუ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგო და განსხვავებულ რეგულირებას შეიცავენ, არამედ სრულ შესაბამისობაშია საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთების მარეგულირებელ სსკ-ის 868-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

55. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

56. კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა, როდესაც, კორონავირუსის გამო, არსებულ ვითარებაში საბანკო სისტემაში პირველი და მეორე საშეღავათო პერიოდით მსესხებლის სარგებლობის პირობები იდენტურად წარმოაჩინა. ბანკმა კარგად იცოდა, რა ინფორმაცია ვრცელდებოდა ტელევიზიით. იმავე არხით უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ინფორმირება, რომ საშეღავათო პერიოდის მეორე ეტაპი პირველისაგან განსხვავდებოდა. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ ინტერნეტბანკში მეორე ეტაპის პირობების ცვლილების ასახვის დრო სასამართლოს არ გამოუკვლევია.

57. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 346-ე, 319-ე, 361-ე მუხლებით, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

58. კასატორმა აღნიშნა, რომ არც მთავრობას და არც ბანკის წარმომადგენლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ გაუჟღერებიათ არანაირი სხვა მოცემულობა იმის შესახებ, რომ გადავადების მეორე ეტაპის გადახდის პირობები პირველისაგან რაიმეთი განსხვავებული იქნებოდა.

59. ხელშეკრულების დადებისას მხარეები თავად განსაზღვრავენ მის ფორმასა და შინაარსს. გონიერი ქცევის ვარაუდისას, მათ ეკისრებათ ნების გამოხატვისა და მისი მიღების შედეგების რისკი, რა დროსაც სამართლიანობა არ უნდა დაირღვეს. ბანკის განსხვავებული პოზიცია მომხმარებელს ნაკლებ შანსს უტოვებს, ზეგავლენა მოახდინოს შეთანხმების იმ შინაარსზე, რაც მას არასათანადოდ შესთავაზეს. ბანკის ასეთი ქმედება კი ობიექტური ინტერესების სამართლიან დაბალანსებას ეწინააღმდეგება.

60. მოპასუხემ დაარღვია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №35/04 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია კომერციული ბანკების მიერ, საბანკო მომსახურების გაწევისას, მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი, კერძოდ, ბრძანების მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომელთა თანახმად ბანკმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საბანკო მომსახურების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში არ მიიღებდა. ბანკის მიერ არ უნდა მოხდეს საბანკო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის განცხადება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი.

61. მოპასუხის მტკიცებით, შეტყობინება მოსარჩელესთან გააგზავნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხოლოდ ბანკის (ერთ-ერთი განყოფილების) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არასწორად დაეყრდნო. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნის პასუხად ბანკმა წერილი არასწორ მისამართზე გააგზავნა, ანუ ბანკი შეცდა უზრუნველყოფის საგნის მისამართში. რაც შეეხება ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნას, აღნიშნული არ მომხდარა. კასატორი ვერ შეძლებდა აღნიშნული შეტყობინების შინაარსის გამოთხოვას, ამრიგად, ნებისმიერი შეტყობინება ბანკის საშეღავათო პერიოდთან კავშირში მყოფად არ უნდა იქნას მიჩნეული.

62. კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო ინფორმაცია, მათ შორის შეცვლილი პირობები, შეიძლებოდა/სავალდებულო იყო, მას გაგზავნოდა ელექტრონულ ფოსტაზე და მოპასუხე დალოდება მოსარჩელის თანხმობას.

63. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა, რა ზიანი მიადგა უკვე გაცემულ სესხზე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდისას. ხელშეკრულების 4.8 პუნქტი არის ცალმხრივი სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და მხოლოდ „სუსტი“ მხარის ინტერესს აზარალებს. ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკი იღებს გარკვეული ფინანსირების პროცენტით სესხს, რომელსაც გასცემს თავის კლიენტზე უფრო მაღალი პროცენტით/ რეფინანსირებით. ამრიგად ბანკისთვის ამ სესხის გაცემის შემდეგ შეიცვლება თუ არა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, ეს უკვე გაცემულ სესხზე შედეგს არ იქონიებს. ამიტომ მისი უკვე გაცემულ სესხებზე გავრცელება ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს.

64. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა მოხდეს გრაფიკის ცვლილება კასატორის საზიანოდ, მით უფრო, 4693 ლარით. მოპასუხე ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, რომ მას, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, მიადგა ზუსტად ამ ოდენობის ზიანი, რაც მოსარჩელისაგან მოითხოვა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საფუძვლით უკვე გაცემული სესხის გაზრდა უსაფუძვლოა, ეწინააღმდეგება („სუსტი“ მხარის) კლიენტის ინტერესებს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

65. მხარემ მიიჩნია, რომ დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე გონივრული დროით ადრე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, მომხმარებლის მხრიდან შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზების პირობებს მომხმარებელი დაეთანხმა, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ მიზანმიმართულად არასწორად დააკისრა მოსარჩელეს მაშინ, როცა მისთვის არამხოლოდ გაგზავნის, არამედ მოსარჩელის მიერ შეტყობინების მიღების დასტურის წარმოდგენაც მოპასუხეს ევალებოდა. სრულიად გაუგებარია სააპელაციო პალატის განმარტება, თითქოს სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის ინტერნეტბანკში როდის რა აისახა.

66. კასატორმა მიუთითა, რომ არ გაურბოდა სასესხო ვალდებულების გადახდას იმ გრაფიკის შესაბამისად, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. იგი არ დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ეს გრაფიკი გაიზარდა ბანკის მხრიდან ცალმხრივად, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ თავის დროზე რეფინანსირების განაკვეთის მნიშვნელობა მსესხებელს არ აუხსნეს და ვერ დაასაბუთეს, სასამართლოში შეთანხმებულ გრაფიკთან შედარებით უფრო მეტი თანხა რატომ უნდა გადაეხადა.

67. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

68. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

70. 2019 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის დაიდო №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა სესხი - 37 700 ლარი, 120 თვით.

71. 2019 წლის 9 აგვისტოს მათ შორის გაფორმდა №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებლისათვის 20 000 ლარის 120 თვით გადაცემის შესახებ.

72. კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში, მოსარჩელემ ორჯერ ისარგებლა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ საბანკო პროდუქტზე გადახდის გადავადების სერვისით 2020 წლის მარტიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში.

73. მოსარჩელის მიერ №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის დაფარვის თავდაპირველი და მიმდინარე გრაფიკებით განსაზღვრულ, ჯამურად გადასახდელ თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 6232.42 ლარი, ხოლო №GA1039220-9478399 კრედიტის ფარგლებში, სხვაობა განისაზღვრა 3579.99 ლარით.

74. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ განმარტა, რომ მას სათანადოდ არ განემარტა სესხის გადახდისას სამთვიანი საშეღავათო პერიოდის პირველი ნაწილით სარგებლობის პირობებსა და მეორე ნაწილით სარგებლობის პირობებს შორის სხვაობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კაბალური პირობებით მეორე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას იგი არ დათანხმდებოდა. ასევე, ბათილია საკრედიტო ხელშეკრულებების დათქმა, რეფინანსირების ზრდის გამო, ბანკის უფლებასთან დაკავშირებით, ცალმხრივად გაზარდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმებული სესხის გრაფიკი.

75. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

76. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი იმის შესახებ, მართლზომიერად დაეკისრა თუ არა მოსარჩელეს, მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, პანდემიის დროს დაშვებული საშეღავათო პირობებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება.

77. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს - „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუსგ. №ას-925-2022, 30.09.2022წ).საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს.

78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება.

79. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული კრედიტის ხელშეკრულება მოიცავდა შემდეგი სახის პირობას: მხარეთა შორის გაფორმებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტისათვის 30 კალენდარული დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები (მათ შორის და არა მხოლოდ კრედიტის თანხის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის მოცულობა/ოდენობა ან/და მათი დარიცხვის წესი ან/და გადახდის ვადა/პირობები და ა.შ.) კლიენტისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ბანკში დაფიქსირებულ კლიენტის შესაბამის მისამართზე წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობაილბანკის, ინტერნეტბანკის ან/და სხვა საშუალებით შეტყობინების გაგზავნას). ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას. ხელშეკრულებაში შეტანილი (მათ შორის ცალმხრივად) ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

80. მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 17 ივნისის და 2019 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებების სადავო პუნქტების შინაარსით დასტურდება, რომ მხარეები არსებითი პირობის სახით წინასწარ და წერილობით შეთანხმდნენ, რომ სესხის აღებიდან პირველი 24 თვის განმავლობაში სესხს დაერიცხებოდა სარგებელი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, სესხის დაფარვის დარჩენილ ვადაზე კი გავრცელდებოდა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

81. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სადავო საკრედიტო ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

82. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეთა წერილობითი შეთანხმება სადავო პირობებზე წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას. ხელშეკრულებების სადავო პუნქტების შინაარსი არ ეწინააღმდეგება როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს, ისე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთების მარეგულირებელი სსკ-ის 868-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს.

83. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტის გადახდის გადავადების შესახებ ბანკის შეთავაზებებში გადადების პერიოდზე პროცენტის დარიცხვის მართებულობასა და მოვალის მოლოდინის მართლზომიერებასთან მიმართებით საკასაციო პალატა გადამწყვეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა კეთილსინდისიერების ფაქტორს, რომელიც სამართლის სუბიექტთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უნივერსალური საზომია.

84. ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია და თანამედროვე ქართულ სამოქალაქო სამართალში მატერიალურ სამართლებრივ ნორმად მოქმედებს. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-1016-2021, 20.09.2022წ).

85. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (მრავალთა შორის, იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ).

86. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. სსკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შეადრ.: სუსგ-ები №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020, №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ ).

87. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ხელშეკრულებით კრედიტის გამცემს უფლება მიენიჭა, ცალმხრივად შეეტანა ცვლილებები საკრედიტო ხელშეკრულებაში კრედიტის ამღების ინფორმირების გზით, თუმცა რამდენად კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ბანკმა ცვლილებების შინაარსის გამჟღავნების ვალდებულება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. წარმოდგენილ საქმეში მოსარჩელის მიმართ გაგზავნილი „SMS“ შეტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავდა ზოგად ინფორმაციას გადავადების პირობებსა და გადავადებაზე უარის თქმის წესზე, ამავდროულად, დამატებითი ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით, შეტყობინების ადრესატს ამისამართებდა დეტალურ ინფორმაციაზე, რომელიც, განზოგადებული სახით, მოიცავდა საშეღავათო პერიოდის გამოყენების საკითხზე მომხმარებელთა ძირითადი შეკითხვების განზოგადებულ პასუხებს, ე.ი. მნიშვნელოვან პირობებს.

88. ამრიგად, კრედიტის გამცემმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, გაამჟღავნა საშეღავათო პერიოდის სასყიდლიანი ბუნება. რაც შეეხება კრედიტის ამღების ქცევის კეთილსინდისიერებას, პალატის შეფასებით, მიღებული შეტყობინების ხასიათიდან თავისთავად ვლინდებოდა, რომ შეტყობინება დეტალურად არ აღწერდა საშეღავათო პირობით სარგებლობის შინაარსს და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად არსებობდა მითითებული ვებ-გვერდის მისამართზე გადასვლის აუცილებლობა პირობების სრულყოფილად გაცნობის მიზნით (იხ. სუსგ №ას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი).

89. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა არა სსკ-ის 623-ე მუხლით განსაზღვრული სესხი, რომელზეც, შესაძლოა, პროცენტი არც იყოს დადგენილი, არამედ საბანკო კრედიტი, რომელიც ყოველთვის ემყარება დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებს არ შეიძლება არსებობდეს უსასყიდლო ფორმით, არამედ სასყიდლიანობა მისი ცნების განუყოფელი ნაწილია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით). ამრიგად, მოვალეს, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო სუბიექტისგან სასყიდლიანი საბანკო კრედიტი აქვს მიღებული, არ წარმოეშვება დაცვის ღირსი მოლოდინი საიმისოდ, რომ ბანკისგან ინიცირებული რაიმე შეღავათი დაუკავშიროს უსასყიდლო, ალტრუისტულ გადაწყვეტილებას, არამედ მას კეთილსინდისერი ქცევის სტანდარტი აკისრებს ვალდებულებას, გაეცნოს შემთავაზებლის მიერ ინდივიდუალურად მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას და მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება შეღავათით სარგებლობის ან მასზე უარის თქმის შესახებ.

90. განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, რაც კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. ამგვარ გარიგებათა ლეგიტიმაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგად, ისე სპეციალურ სამართალურთერთობათა მარეგულირებელ ნორმებში, რაც სრულიად გამორიცხავს ვარაუდს მისი არალეგიტიმურობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). ერთერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შეად.: სუსგ-ებს: №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020; Nას-725-693-2014; N ას-914-864-2015; Nას-932-882-2015).

91. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და არც კასატორი უარყოფს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით მიღებული შეთავაზება ადრესატს არ უარუყვია, შეთავაზებულისაგან განსხვავებული პირობის (ე.ი. საშეღავათო პერიოდში პროცენტის დარიცხვის შეწყვეტის) ამოქმედების მოთხოვნით ბანკისთვის არ მიუმართავს, საბანკო კრედიტის დაფარვა არც საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გაუგრძელებია, არამედ სრულად გამოიყენა ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი.

92. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ მას მოპასუხე ბანკის სადავო შეტყობინებები არ ჩაბარებია, ხოლო სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელის ინტერნეტბანკში აისახა. ასევე, მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბანკის შეთავაზების პირობებს მომხმარებელი დაეთანხმა.

93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

94. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

95. განსახილველ საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შეთავაზების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება განხორციელდა მასმედიის საშუალებებით და ატარებდა საყოველთაო ხასიათს.

96. სააპელაციო პალატამ დაადგინა და არც კასატორს წარუდგენია საწინააღმდეგო დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სარგებლობს მოპასუხე ბანკის ინტერნეტბანკის მომსახურებით, რომელიც კლიენტს გაუაქტიურდა 2016 წლის 28 ივნისიდან და სტატუსი დღემდე აქტიურია.

97. მოპასუხემ მომხმარებლისათვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველად განათავსა 2020 წლის 13 მარტს.

98. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ №GA1039220-9337311 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 26 მარტს, ხოლო №GA1039220-9478399 საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის ცვლილება - 2020 წლის 25 მარტს. №GA1039220-9337311 და NGA1039220-9478399 ხელშეკრულებების გადახდის გრაფაში შეტანილი ცვლილებები მოსარჩელეს ინტერნეტბანკში აესახა 2020 წლის 7 აგვისტოს.

99. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).

100. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არა მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში (იხ. სუსგ №ას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი).

101.დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები წარმოადგენს ინდივიდუალურად მოსარჩელისათვის, მოპასუხისაგან სახელშეკრულებო დათქმის დაცვით, გაგზავნილ შეთავაზებას არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე, გამოვლენილი ნება წარმოადგენს ოფერტს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით („ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება“). ხსენებული შეტყობინებების მიღების ფაქტი ან „SMS“ შეტყობინების გაგზავნით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაშვებობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამავე შეტყობინებაში განსაზღვრული იყო, რომ ოფერტი ჩაითვლებოდა აქცეპტირებულად და ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდოდა, თუ კრედიტის ამღები მის უარყოფას აქტიური მოქმედებით - მიღებულ შეთავაზებაზე „SMS-ის“ ფორმით ბანკის მიმართ საპასუხო შეტყობინებას ტექსტით „NOGRACE“ არ განახორციელებდა. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ბანკის მიმართ კრედიტის ამღებს შეტყობინებაში შემოთავაზებული ან სხვა ფორმით, აქტიური მოქმედებით, საშეღავათო შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ამდენად, განმარტებას საჭიროებს კრედიტის ამღების დუმილით გამოვლენილი ნების სამართლებრივი შინაარსი.

102.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გააჩნდა გონივრული მოლოდინის საფუძველი, რომ კრედიტის ამღებმა მისი შეთავაზება დაადასტურა, რითაც დაეთანხმა განახლებული პირობებით სახელშეკრულებო თვითბოჭვას სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამრიგად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ საპროცენტო სარგებელი საშეღავათო პერიოდზე დარიცხულია კანონდარღვევით.

103. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პანდემიისას მიმდინარე პროცესების ფონზე საკრედიტო შეღავათების პირობების დადგენა თვალსაჩინო იყო საზოგადოების ფართო მასებისათვის. ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, გარიგების კეთილსინდისიერ მხარეს ობიექტურად გააჩნდა იმის შესაძლებლობა, ბანკთან სათანადო კომუნიკაციის გზით დაეზუსტებინა კრედიტის დაფარვის პირობები და, მითითებულთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების გადახედვის გარეშე, არ შეეწყვიტა სადავო პერიოდში თანხის გადახდა.

104. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

105. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

106. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

107. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

108. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

109. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.ძ–ის მიერ 13/08/2024 წელს №6849 საგადახდო დავალებით გადახდილი 490,15 ლარის 70% – 343,10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შ.მ–ძის (პირადი №..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.ძ–ის მიერ 13/08/2024 წელს №6849 საგადახდო დავალებით გადახდილი 490,15 ლარის 70% – 343,10 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი