საქმე №ას-1271-2024 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.კ–ნი, რ.კ–ნი, რ.ა. ძეკ–ნი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.კ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.ა–მა, რ.კ–ნმა, რ.კ–ნმა და რ.ა. ძეკ–ნმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ.კ–ნის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით მ.ა–ს, რ.კ–ნს, რ.კ–ნს და რ.ა. ძე კ–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 350.66 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი, ხოლო კასატორებს - რ.კ–ნს, რ.კ–ნს და რ.ა. ძეკ–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით ან მათ მიერ გ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორ მ.ა–ის წარმომადგენელს გ.ხ–ს გაეგზავნა 2024 წლის 08 ოქტომბერს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო კასატორებს - რ.კ–ნს და რ.კ–ნს გაეგზავნათ 24.10.2024 წელს ელ. ფოსტის მისამართზე: shura........, რომელიც დაადასტურეს 2024 წლის 26 ოქტომბერს. რაც შეეხება კასატორ - რ.ა. ძეკ–ნს, ხარვეზის განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია კრასნოდარის მხარე, ქ. კრასნოდარი, ....., ს/ტ ,,პრიკუბანიე'', .........
შპს ,,ს.კ.ს–ის'' (F. E.) 29.10.2024 წლის წერილის თანახმად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შეჩერებულია ოპირირება რუსეთის და ბელორუსიის ტერიტორიაზე, რის გამოც სასამართლო გზავნილი დაბრუნდა უკან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება კასატორ - რ.ა. ძეკ–ნს გაეგზავნა 07.11.2024 წელს ელ. ფოსტის მისამართზე: Zhu........., რომელიც დაადასტურა 2024 წლის 07 ნოემბერს.
2024 წლის 18 ოქტომბერს კასატორ მ.ა–ის წარმომადგენელმა გ.ხ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით და სახელმწიფო ბაჟის 350.66 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ.ა–ის ნაწილში საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი რ.კ–ნის, რ.კ–ნის და რ.ა. ძეკ–ნის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით მ.ა–ს, რ.კ–ნს, რ.კ–ნს და რ.ა. ძეკ–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 350.66 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი, ხოლო კასატორებს - რ.კ–ნს, რ.კ–ნს და რ.ა. ძეკ–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით ან მათ მიერ გ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს - რ.კ–ნს და რ.კ–ნს გაეგზავნათ 24.10.2024 წელს ელ. ფოსტის მისამართზე: ........@mail.ru, რომელიც დაადასტურეს 2024 წლის 26 ოქტომბერს. ხოლო კასატორ - რ.ა. ძეკ–ნს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია კრასნოდარის მხარე, ქ. კრასნოდარი, ......., ს/ტ ,,პრიკუბანიე'', ........
შპს ,,ს.კ.ს–ის'' (F. E.) 29.10.2024 წლის წერილის თანახმად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შეჩერებულია ოპირირება რუსეთის და ბელორუსიის ტერიტორიაზე, რის გამოც სასამართლო გზავნილი დაბრუნდა უკან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება კასატორ - რ.ა. ძეკ–ნს გაეგზავნა 07.11.2024 წელს ელ. ფოსტის მისამართზე: .......@mail.ru, რომელიც დაადასტურა 2024 წლის 07 ნოემბერს.
2024 წლის 18 ოქტომბერს კასატორ მ.ა–ის წარმომადგენელმა გ.ხ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით და სახელმწიფო ბაჟის 350.66 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რითაც ხარვეზი ნაწილობრივ იქნა შევსებული კასატორების - რ.კ–ნის, რ.კ–ნის და რ.ა. ძეკ–ნის ნაწილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ საკასაციო საჩივარი მათ მიერ ხელმოწერილი, დედნის სახით ან მათ მიერ გ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ.ა–ის ნაწილში საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის - რ.კ–ნისთვის და რ.კ–ნისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა 05 ნოემბერს, ხოლო რ.ა. ძეკ–ნისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 08 ნოემბერს და ამოიწურა 18 ნოემბერს, (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორებს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.კ–ნის, რ.კ–ნის და რ.ა. ძეკ–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საკასაციო საჩივარი რ.კ–ნის, რ.კ–ნის და რ.ა. ძეკ–ნის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე