Facebook Twitter

საქმე №ას-895-2024 15 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.წ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 18 850 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 10 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, 10 თვის ვადით, ქ.თბილისში, .......მე-4 მ/რ-ის №15 კორპუსში მდებარე №54 ბინაზე ს/კ №………, 16 800 აშშ დოლარის ფარგლებში. 2020 წლის 6 მარტს აღნიშნული დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

3. მოგვიანებით მოსარჩელემ მოპასუხეს, მისივე თხოვნის საფუძველზე, დამატებით გადასცა 2050 აშშ დოლარი და გამოსყიდვის ვადა შეიცვალა 2020 წლის 10 მაისით.

4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მოტყუებით სცადა თანხის მითვისება, კერძოდ, 2020 წლის პირველ ივნისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ, ფაქტობრივად, სურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ამჟამინდელი მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა განუსაზღვრელი დარჩა თანხის დაბრუნების საკითხი, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით.

5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოპასუხე დაირეგისტრირებს უძრავ ქონებას, რათა სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება თავიდან აიცილოს.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი 14 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება, თუმცა მან ხელზე მიიღო მხოლოდ 13 300 აშშ დოლარი, 700 აშშ დოლარი გადაეცა შუამავალს, ხოლო დარჩენილი თანხა იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული სარგებელი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, რაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

8. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ ვალდებულების ოდენობა 2050 აშშ დოლარით გაიზარდა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ვადის გაზრდის საფუძველზე დამატებულ სარგებელს. მოპასუხეს მოსარჩელის მოტყუების განზრახვა არ გამოუვლენია, მეტიც, იგი დაეთანხმა მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობას და ნაწილობრივ აღიარებს კიდეც, თუმცა არაკეთილსინდისიერად სარგებლის გაზრდა არ გაიზიარა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 850 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ 2019 წლის 10 მაისის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიჰყიდა სადავო ბინა. მოპასუხის მიერ გამოსყიდვის უფლების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 მარტამდე. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა.

12. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 16 800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, რაც, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 46005 ლარს. მყიდველის წარმომადგენელმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო გამყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად მიიღო.

13. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2020 წლის 6 მარტის შეთანხმების თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით.

14. ნასყიდობის ფასი გაიზარდა 2 050 აშშ დოლარით, რაც, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, შეადგენდა 5 685.67 ლარს. შედეგად, ნასყიდობის ფასი, 16 800 აშშ დოლარის ნაცვლად, განისაზღვრა 18 850 აშშ დოლარით.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შესახებ 2019 წლის 10 მაისის ხელშეკრულება და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2020 წლის 6 მარტის ხელშეკრულება.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებისას, მხარეთა ნება მიმართული იყო არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის, არამედ - სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისკენ, სესხის ძირი თანხა შეადგენდა 14 000 აშშ დოლარს, ერთი წლის საპროცენტო სარგებელი - 4 850 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლომ სადავო ხელშეკრულებები თვალთმაქცურ გარიგებებად მიიჩნია.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით ამჟამინდელი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ და მოითხოვა დარიცხული სარგებლის, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ფარგლებში შეამოწმა.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე და 625-ე მუხლებიდან გამომდინარე, სესხისთვის პროცენტის გათვალისწინება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, ასეთი ნების გამოვლენის შემთხვევაში კი, მხარეები განსაზღვრავენ სარგებლის ოდენობას, კანონმდებელი ადგენს მხოლოდ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.

20. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 14 000 აშშ დოლარს და ერთი წლის საპროცენტო სარგებელი - 4 850 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხის გადაუხდელობას კი მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. ამრიგად, მხარეებმა, თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში, შეათანხმეს სარგებლის გადახდის ვალდებულება და განსაზღვრეს მისი ოდენობა, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვარს არ აღემატება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრა, გასაჩივრებული არ არის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ იკვეთება და მხარეთა შორის დადებული ნამდვილი გარიგების საფუძველზე წარმოშობილი, კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმებული სარგებლის შემცირების წინაპირობა არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სესხზე სადავო სარგებლის ოდენობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა, ამასთან, მოპასუხეს სარგებლის ოდენობის შესახებ ხელშეკრულების პირობა არ გაუსაჩივრებია.

23. მხარემ აღნიშნა, რომ მხარეები სესხზე დასარიცხი სარგებლის ოდენობაზე არ შეთანხმებულან. მათ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სარგებელი განსაზღვრა სასამართლომ.

24. კასატორმა მიიჩნია, რომ მოთხოვნა სარგებლის ოდენობის 4850 აშშ დოლარიდან 3350 აშშ დოლარამდე, ანუ წლიური 34,64%-ის 23,9%-მდე (1500 აშშ დოლარით) შემცირების შესახებ კანონიერია და ეფუძნება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის საშუალო საბაზრო პროცენტის ოდენობას 2019 წლის მაისში - 7,16%-ს. მოპასუხის მოთხოვნა დასახელებულ ოდენობას 4,83-ჯერ აღემატება, რაც კეთილსინდისიერების ფარგლებში არ ჯდება.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

28. 2019 წლის 10 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ კუთვნილ ბინაზე საკუთრების უფლება გადასცა მოსარჩელეს, 16 800 აშშ დოლარის (ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, - 46005 ლარის) სანაცვლოდ. მოპასუხის მიერ გამოსყიდვის უფლების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ჯერ 10 მარტამდე, ხოლო შემდეგ - 10 მაისამდე პერიოდით.

29. 2020 წლის 6 მარტს ნასყიდობის ფასი გაიზარდა 2 050 აშშ დოლარით, რაც, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, შეადგენდა 5 685.67 ლარს. შედეგად, ნასყიდობის ფასი, 16 800 აშშ დოლარის ნაცვლად, განისაზღვრა 18 850 აშშ დოლარით.

30. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ამჟამინდელი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შესახებ 2019 წლის 10 მაისის ხელშეკრულება და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2020 წლის 6 მარტის ხელშეკრულება. დადგინდა, რომ, სადავო ხელშეკრულებების დადებისას, მხარეთა ნება მიმართული იყო არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის, არამედ - სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისკენ, რა დროსაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 14 000 აშშ დოლარს, ერთი წლის საპროცენტო სარგებელი - 4 850 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლომ სადავო ხელშეკრულებები თვალთმაქცურ გარიგებებად მიიჩნია.

31. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილ ფაქტებს, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა გააჩნია მოცემული დავის მიმართ.

32. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-625-584-2017, 7.07. 2017წ:; №ას-1097-2021, 25.05.2022წ.; №ას-1024-2023, 16.11.2023წ.).

36. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი, რომ შეფასებულიყო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებად. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. დასახელებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე.

38. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, არ არის ბათილი (სუსგ №ას-1362-2023, 26.01.2024 წ).

39. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სსკ-ის 625-ე მუხლში ცვლილება შევიდა და დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, იგივე მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებებით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი ჯერ 100%-ით, ხოლო მოგვიანებით 50%-ით განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ.: სუსგ №ას-4-2023, 30.03.2023წ.).

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლი - წლიური 34,64% შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პალატის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული საპროცენტო განაკვეთები, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელთან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ.: სუსგ-ები №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-1325-2018, 22.02.2019წ.; №ას-663-629-2015, 28.07.2015წ.; №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-377-2021, 12.10.2021წ.; №ას-386-2019, 2.04.2021წ.; №ას-444-2020, 17.03.2021წ, საქმე №ას-658-2024, 22.07.2024 წ.).

41. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები სესხზე დასარიცხი სარგებლის ოდენობაზე არ შეთანხმებულან. მათ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სარგებელი განსაზღვრა სასამართლომ.

42. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, რაც თავად მოპასუხემაც დაადასტურა, თუმცა ნაკლებ ოდენობაზე შეთანხების არსებობა კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.ბ–ის მიერ 2024 წლის 17 ივლისს №22890589634 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.წ–ს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.ბ–ის მიერ 2024 წლის 17 ივლისს №22890589634 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი