საქმე №ას-1031-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს სადაზღვევო კომპანია „უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ.ჩ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, მზღვეველი) მიმართ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 15 047 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 25 აგვისტოს მოპასუხემ დამზღვევის სასარგებლოდ ერთი წლის ვადით, 2022 წლის 25 აგვისტომდე პერიოდით, გასცა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის №MHL-116353 პოლისი. მითითებული პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები: ხანძარი; აფეთქება; მეხის დაცემა; სეტყვა; მიწისძვრა; სხვადასხვა საგნის დაცემა; ავტოსაგზაო შემთხვევა; ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა; მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება/ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები; უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლისა და/ან მგზავრის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე ზიანის დადგომა; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-3 პირის (გარდა მძღოლისა და მგზავრებისა) სიცოცხლეზე ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე ზიანის დადგომა. ამავე პოლისით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა სადაზღვევო თანხისა და ფრანშიზის ოდენობა, კერძოდ, სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (ავტოკასკო) - 7000 აშშ დოლარი; მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა - 50 000 აშშ დოლარი; მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - 50 000 აშშ დოლარი. სამივე შემთხვევისათვის განსაზღვრულ იქნა უპირობო ნულოვანი ფრანშიზა.
3. 2022 წლის 2 ივლისს ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სრულად დაზიანდა/განადგურდა დაზღვევის საგანი -სატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით „........“, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი „AM6950099“, გამოშვების წელი - 2012; ავტომობილის ტიპი - სედანი, საიდენტიფიკაციო (VIN) კოდი - ......., ფერი - ლურჯი, მარკა -„TOYOTA“, მოდელი - „CAMRY“) და ზიანი მიადგა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით „......“.
4. სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებასთან ერთად, შესაბამისი ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა მზღვეველს და შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მზღვეველის აგენტი, რომლის მიერ დამატებით მიღებულ იქნა სრული ინფორმაცია მათ შორის დასურათდა ორივე სატრანსპორტო საშუალება. დამზღვევის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისით, ავტოსანტრანსპორტო დაზღვევის პირობებისა და განსაკუთრებული პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები და მოთხოვნილ იქნა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიის 2022 წლის 11 ივლისის წერილით დამზღვევს უარი ეთქვა პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანისა და მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის /ვალდებულების ანაზღაურებაზე.
5. სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტომობილი იყო ტექნიკურად სრულად გამართული, მათ შორის, სრულად გამართული იყო ორივე ღერძი, სადგომი მუხრუჭი, სამუხრუჭე მოწყობილობა, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ღერძები, თვლები, საბურავები. ცენტრის მხრიდან არ გაცემულა რაიმე სახით რეკომენდაცია ან/და ვალდებულება სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან მისი შემდგომი ექსპლუატაციის აკრძალვის თაობაზე. დაზღვეულ ავტომობილს დაუდგინდა მხოლოდ სანომრე ნიშნის განათების არქონა, რაც არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მექანიკური გაუმართაობის მანიშნებელს. მითითებული ხარვეზი სადაზღვევო შემთხვევასთან კავშირში არ არის, ამასთან, აღნიშნული თავად ინსპექტირების ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული გაუმართაობის ისეთ სახედ, რომელიც რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა სატრანსპორტო საშუალების შემდგომ გამოყენებას. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროისათვის აღნიშნული საკითხიც იყო სრულად აღმოფხვრილი.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის წერილობითი აქტით №MIA 0 22 01829371 დასტურდება, რომ 2022 წლის 2 ივლისს, სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გააჩნდა აქტიური მართვის მოწმობა და ის ითვლებოდა მართვის უფლების მქონე პირად. ამდენად, ამ ნაწილშიც მოპასუხის მითითება მძღოლის მართვის მოწმობის შეჩერების თაობაზე არის უსაფუძვლო და წინააღმდეგობაშია უფლებამოსილი ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციასთან.
7. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრით, ისევე როგორც საგზაო შემთხვევის მონაწილე პირების განმარტებით, დგინდება, რომ მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით და სიჩქარე არ გადაუჭარბებია, ამასთან, მძღოლს არ დაურღვევია არც შუქნიშნის მანათობელი სიგნალებით გათვალისწინებული მოძრაობის წესები - არ გაუვლია წითელზე, არ გადაუკვეთავს ღერძულა ხაზი, მძღოლი არ იმყოფებოდა რაიმე ნივთიერების, მათ შორის, ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ამდენად, სადაზღვევო კომპანიის განმარტებები ამ ნაწილშიც წინააღმდეგობაშია საპატრულო ეკიპაჟის მიერ შედგენილ მასალებში დაფიქსირებულ გარემოებებთან და მიზნად ისახავს ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმისათვის დაუსაბუთებელი ხელოვნური საფუძვლების შექმნას.
8. ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების 2.15 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება ითვლება განადგურებულად (სრული დაზიანება), თუ იგი არ ექვემდებარება აღდგენას, ან ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70, ან მეტ პროცენტს შეადგენს, ან დაზიანებულია ავტომობილის 70, ან მეტი პროცენტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისით.
9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №005449922 დასკვნით დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული საგანი სრულად დაზიანდა განადგურდა და არ ექვემდებარება აღდგენას, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის №MHL-116353 პოლისისა და დაზღვევის პირობების შესაბამისად, ექვემდებარება ანაზღაურებას და სადაზღვევო ანაზღაურების სახით უპირობო ფრანშიზის ფარგლებში მზღვეველის მიერ დამზღვევის სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდას.
10. დაზღვევის პირობების 2.16 პუნქტის თანახმად, პოლისით გათვალისწინებული დაზღვევაში შემავალი რისკების მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევის საფუძველზე მზღვეველი ასევე ვალდებულია, პოლისით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევის ფარგლებში „.......“ სახელმწიფო ნორმის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11. სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005648322 დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის ფარგლებში „……“ სახელმწიფო ნორმის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 15047 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას არ ჰქონდა გავლილი, კანონმდებლობის თანახმად, დადგენილი ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც უნდა გაევლო 2022 წლის 13 ივნისამდე. მძღოლს მართვის მოწმობა შეჩერებული ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შეჩერების თარიღია 2022 წლის 28 ივნისიდან 6 თვის ვადით. მძღოლს შემთხვევის დროს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, მოძრაობდა დღე-ღამის ნათელ დროს, ხილვადობა იყო საკმარისი და უსაფრთხო გადაადგილებისთვის, გზის საფარი იყო მშრალი, მაგრამ ავტომობილის მართვისას მან გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, მეტისმეტი დაუდევრობა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოსარჩელეს უარი ანაზღაურებაზე ეთქვა კანონისა და ხელშეკრულების სრული დაცვით. უარის საფუძვლიანობას მოწმობს, ასევე, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დასკვნები. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ ავტომობილი იმყოფებოდა გაუმართავ მდგომარეობაში.
13. რაც შეეხება მესამე პირის წინაშე დამზღვევის პასუხისმგებლობას, დამზღვევმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია, შესაბამისად, მას უარი ეთქვა ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო ანაზღაურების სახით 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 15047 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნის - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და 820-ე მუხლი.
17. მოცემულ შემთხვევაში მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა,
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მზღვეველმა სადაზღვევო თანხის გაცემაზე უარი განაცხადა სამი საფუძვლიდან გამომდინარე, კერძოდ, მზღვეველის განმარტებით: ავტომობილს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება; ავტომობილის მძღოლს შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება; დაფიქსირდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა. სააპელაციო პალატამ პირველ ორ საფუძველთან მიმართებით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში და მიიჩნია, რომ არსებობდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, შესაბამისად, პალატას ზემოხსენებული საფუძვლები უფრო დეტალურად არ შეუფასებია.
19. რაც შეეხება უხეში გაუფრთხილებლობის დადგენას, საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ორმხრივი მოძრაობის გზაზე გადაადგილებისას გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, სადაც შეეჯახა ზოლის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, ხოლო სატვირთო ავტომობილს („უნაგირა საწევარა“) მიადგა 15 047 ლარის ღირებულების ზიანი. საქმეში წარმოდგენილი დაზიანებული ავტომობილების ფოტოსურათებიდან ასევე დგინდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ დაზღვეული ავტომობილი საპირისპირო ზოლში მოძრავ სატვირთოს შეეჯახა მარჯვენა კუთხეში. უდავოდ დადგენილია ის გარემოებაც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით.
20. დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ ჩადენილი გადაცდომის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საკითხზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებობს სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, მათ შორის, საკასაციო პალატის განმარტებები, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევაა, მაგალითად: „უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (შდრ: სუსგ №ას-1306-1226-2015, 1.07.2016 წელი). საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის აკრძალვას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა. აღნიშნული ნორმისა და საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, წარმოადგენს სწორედ იმ უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 829-ე მუხლში, თუმცა გარკვეული ობიექტური გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ხსენებული სამართალდარღვევა არ მოექცეს უხეში გაუფრთხილებლობის კვალიფიკაციაში. ასეთ შემთხვევაში, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა გამოწვეული იყო ისეთი ობიექტური გარემოებით, რაც დარღვევის ხარისხში პირის ბრალეულობას იმდენად ამსუბუქებს, რომ გამოირიცხება სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესის გამოყენების შესაძლებლობა.
21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის გამამართლებელი ობიექტური გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ დამზღვევს ეკისრება, რომელმაც რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა ამტკიცოს სადავო გარემოების არსებობა.
22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაზღვეული ავტომობილის საპირისპირო ზოლში გადასვლა მოხდა გზაზე ძაღლის გადარბენის გამო, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილი მიდიოდა მის სამოძრაო ზოლში, არ ჰქონდა წინ რაიმე სახის წინაღობა და, გზაზე ძაღლის გადარბენის გამო, მოუწია საპირისპირო ზოლში გადასვლა, სადაც შეეჯახა სატვირთო ავტომობილს. პალატამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უხეში გაუფრთხილებლობის გამომრიცხველი ობიექტური გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა, მას კი, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე აღნიშნულის დამადასტურებელი ვალიდური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შსს საპატრულო პოლიციის პატაკზე, სადაც აღნიშნულია გზაზე ძაღლის გადარბენის გარემოება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ მოცემულობაზე, რომ პატაკში სადავო ფაქტი მითითებულია „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლის განმარტებად და არ არის დადასტურებული რაიმე სხვა წყაროთი. სატვირთო ავტომობილის მძღოლის განმარტებაშიც არ არის ნახსენები ძაღლის გადარბენის ფაქტი. შესაბამისად, ამ ნაწილში პატაკი ვერ იქნება მიჩნეული იმ ობიექტურ მტკიცებულებად, რასაც შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო.
23. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპი, რომ არ შეიძლება მხარეს დაეკისროს ობიექტურად განუხორციელებელი მტკიცების ტვირთი, თუმცა, პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა არ დგინდება. იმ პირობებში, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით და, პატაკის მიხედვით, სატვირთოს მძღოლმა დაინახა მის გზაზე გადმოსული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ხმოვანი სიგნალი მისცა და თან დაამუხრუჭა, მას წესით უნდა დაენახა გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტიც. შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეეძლო, ეშუამდგომლა სატვირთოს მძღოლის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, რაც არ განუხორციელებია.
24. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებდა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილ მძღოლს რაიმე სხვა წინაღობა ან სხვა საპირისპირო ზოლში გადასვლის საჭიროება არ ჰქონია, ლოგიკურია, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს ძაღლის გზაზე გადარბენის ფაქტი. აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველ რიგში, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ დაზღვეულ ავტომობილს გზაზე წინაღობა არ ჰქონია და საპირისპირო ზოლში გადასვლა გასწრების მიზანს არ ემსახურებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი მოძრაობდა ცარიელ გზაზე, აღნიშნული, აპრიორი, არ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მძღოლს ძაღლმა გადაურბინა და მაინცდამაინც ამ მიზეზით გადავიდა საპირისპირო ზოლში. აღნიშნული დაშვების გასაკეთებლად, მოსარჩელეს უნდა გამოერიცხა სხვა ნებისმიერი გარემოების არსებობა, რასაც მძღოლის ხსენებული მანევრის გამოწვევა შეეძლო. ამასთან, ასეთი გარემოება, შესაძლოა, იყოს განუსაზღვრელი რაოდენობით, მაგალითად: მძღოლის მიერ საჭირო მინიმალური კონცენტრირების არ გამოჩენა, უკან გახედვა, გადაჭარბებული სიჩქარე და ა.შ. ასეთი მოცემულობის პირობებში იმ დაშვების დადასტურებულად მიჩნევა, რომ რადგან მძღოლი ცარიელ გზაზე მოძრაობდა, მისი საპირისპირო ზოლში გადასვლა აუცილებლად გამოიწვია ძაღლის გადარბენამ, რაც სხვას არავის დაუნახავს, შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული მოვლენათა განვითარების ვერსია, გარდა იმისა, რომ სხვა ობიექტური მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ შეიცავს ისეთ დეტალიზაციას, რასაც შეეძლო სასამართლოსთვის შეექმნა შინაგანი რწმენა ზეპირი განმარტებების ნამდვილობის თაობაზე. მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია შემთხვევის კონკრეტული აღწერა, მაგალითად: გზის რომელი მხრიდან გადმოირბინა ძაღლმა, რა დისტანცია იყო ავტომობილსა და ძაღლს შორის და ა.შ. მოსარჩელე უხეში გაუფრთხილებლობის გამოსარიცხად მითითებული გარემოების მტკიცებისას ემყარება მხოლოდ საკუთარ ზეპირ ახსნა-განმარტებას, რომელიც, ამავდროულად, არის ზოგადი ხასიათის და რაც ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად სადავო გარემოების მოსარჩელის სასარგებლოდ დადგენისთვის.
25. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დაზღვეული ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეზე, კერძოდ, დადგენილია, რომ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მოხდა შეჯახება, დაშვებული სიჩქარე შეადგენს 50 კმ/სთ-ს. საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს. ასეთად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ექსპერტის წინაშე დასმულია შეკითხვა არა შეჯახების დროს სავარაუდო სიჩქარის განსაზღვრის თაობაზე, არამედ ტექნიკური თვალსაზრისით, რა მაქსიმალური სიჩქარით იყო შესაძლებელი მოსახვევის გავლა, რათა არ მომხდარიყო საპირისპირო ზოლში გადასვლა და შეჯახება. აღნიშნული კი არ არის რელევანტური წინამდებარე დავის პირობებში. მიუხედავად ამისა, პალატამ მიუთითა თავად ავტოავარიის მონაწილე ავტომობილთა დაზიანების ხარისხზე, კერძოდ, „ტოიოტა“ იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, ხოლო სატვირთოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 15 047 ლარი. შესაბამისად დგინდება, რომ შეჯახება იყო საკმაოდ ძლიერი, იმ პირობებშიც კი, როდესაც სატვირთოს მძღოლმა შეჯახებამდე დაამუხრუჭა და ამით შეამცირა შეჯახების სიმძლავრე. ავტომობილების დაზიანების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ ემპირიული ცოდნის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნაკლებ დამაჯერებელია მოსარჩელის განმარტება სამართალდამრღვევის დაშვებული სიჩქარის ფარგლებში მოძრაობის თაობაზე, ვინაიდან 50 კმ/ს არ წარმოადგენს იმ სიჩქარეს, რომლის დროსაც შესაძლებელია ავტომობილმა ასეთი ხარისხის დაზიანება მიიღოს. იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, სააპელაციო პალატამ უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია.
26. შეჯამების სახით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო იმ ობიექტური გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რაც გამორიცხავდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადასვლის უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციას და რაიმე ფორმით შეამსუბუქებდა მძღოლის ბრალეულობას. მოსარჩელემ ვერ შეძლო სარწმუნოდ დაედასტურებინა, რომ დაზღვეული ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა მხოლოდ მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით არ მომხდარა და არსებობდა სხვა ობიექტური გარემოება, რამაც განაპირობა მძღოლის მიერ აღნიშნული მანევრის განხორციელება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დგინდება დაზღვეული ავტომობილის მიერ მოძრაობის წესების უხეში დარღვევა, კერძოდ, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, აპრიორი იგულისხმება, რომ არსებობდა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა, თუკი დაზღვეული არ დაადასტურებს დარღვევის გამომწვევ ობიექტურ გარემოებას და გადაცდომა მხოლოდ მძღოლის მაღალი ხარისხის დაუდევრობით გამოწვეულად არ შეფასდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ მოახდინა ხსენებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მისი პოზიციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან მიმართებით იკვეთება სსკ-ის 829-ე მუხლის შემადგენლობა, რაც ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
28. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მხოლოდ ფორმალურად ახდენს საქმის გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
29. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოპასუხის ზეპირ განმარტებებსა და საკუთარ თეორიულ ვარაუდებს.
30. კასატორმა, მისი მხრიდან სადაზღვევო შემთხვევისა უხეში გაუფრთხილებლობის არარსებობის დასტურად, მიუთითა მოპასუხის ინიციატივით ჩატარებულ შეფასების დასკვნაზე, რომლის თანახმად მოწეულმა „ექსპერტმა“ გ.ბ–ძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ დაზღვეულ ავტომობილს სიჩქარე არ გადაუჭარბებია.
31. კასატორის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანამ გაიარა ვიდეოკონტროლის კამერა, რომელსაც შეეძლო სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის დაფიქსირება. მძღოლს არ შეფარდებია რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სიჩქარის გადაჭარბებისათვის. ექსპერტის განმარტებით, სადაზღვევო შემთხვევა და პალატის მიერ შეფასებული შეჯახება, შესაძლოა, გამოეწვია ძაღლის გადარბენის ფაქტორს. ამასთან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ადგილზე შევსებულია პატაკი, სადაც ცალსახად საუბარია ძაღლის ფაქტორზე. საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ გამორიცხავს და არ უარყოფს ძაღლის გადარბენის ფაქტს და არ იძლევა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლისაგან განსხვავებულ ჩვენებას.
32. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთი მხრივ, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების სამტკიცებლად ობიექტურად შეუძლებელი მტკიცების ტვირთი არ უნდა დაეკისროს. მეორე მხრივ კი, სასამართლომ საკუთარი ემპირიული და ლოგიკური შეფასების საფუძველზე დაადგინა საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებისაგან არსებითად განსხვავებული მოცემულობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებები სცდება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რადგან სასამართლომ იმსჯელა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მზღვეველს სადავოდ არ გაუხდია, მაგალითად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მძღოლს არ გაუხედავს უკან, არ გამოუჩენია მინიმალური კონცენტრაცია, არ დადგენილა მძღოლის გადასწრების სურვილის არსებობა. მითითებულ საკითხებზე მზღვეველს დავის არცერთ ეტაპზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
36. სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ორმხრივი მოძრაობის გზაზე გადაადგილებისას გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, სადაც შეეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, ხოლო სატვირთო ავტომობილს („უნაგირა საწევარა“) მიადგა 15 047 ლარის ღირებულების ზიანი.
37. საქმეში წარმოდგენილი დაზიანებული ავტომობილების ფოტოსურათებიდან ასევე დგინდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ დაზღვეული ავტომობილი საპირისპირო ზოლში მოძრავ სატვირთოს შეეჯახა მარჯვენა კუთხეში. უდავოდ დადგენილია ის გარემოებაც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მისი მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის გამოჩენამ, რის გამოც სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ კანონიერია.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
41. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს, დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ.
42. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი.)
43. სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ Nას-1217-1146-2012, 22 ოქტომბ–, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ Nას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).
44. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.
46. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
47. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სირვილით.
48. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების ,,შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით” (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).
49. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუალური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.
50. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
51. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. ,,გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას”, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის ,,საშუალო წარმომადგენლისათვის” დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
52. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც ჩვეულებრივ მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი”, №1, 2009, 150).
54. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ., ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.
56. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, ,,განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
57. დაზღვევის ხელშეკრულებით, შესაძლოა, მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას. თუმცა, მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება (საქმე №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
58. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე მოსარჩელეს გადაადგილების შემაფერხებელი გარემოებანი არ გააჩნდა. ასევე, დგინდება, რომ, აღნიშნულის მიუხედავად, იგი გადავიდა ორმხრივი გზის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას.
59. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საპირისპირო ზოლში გადასვლის მიზეზად დაასახელა გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტი.
60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
61. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება-გამართლების მიზნით. მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მაგრამ მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
62. მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
63. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“. ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64). ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.
64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
65. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს, ევალებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში მისი გადასვლა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია. ასეთად მხარემ მიუთითა გზაზე ძაღლის გადარბენა, თუმცა ხსენებული ფაქტი მოსარჩელემ მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას დააფუძნა.
66. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება დასტურდება საპატრულო პოლიციის საქმეში წარმოდგენილი პატაკით, რადგან დასახელებულ დოკუმენტში აისახა დამზღვევის მიერ მიცემული ჩვენება, ხოლო თავად საპატარულო პოლიციას შემთხვევის ადგილზე ძაღლის არსებობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ დაუფიქსირებია.
67. ასევე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის კონკრეტულ დეტალებზე ყურადღება არ გაამახვილა (ერთ-ერთ საქმეზე იმავე მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დასახასიათებლად მხარემ მიუთითა, რომ ავტომანქანით მოძრაობისას დაახლოებით 8-10 მეტრის მანძილიდან შენიშნა, რომ მისგან მარჯვნიდან მარცხნივ სავალი ნაწილის გადაკვეთა ძაღლმა დაიწყო, რომელიც დახლოებით 1.5 მეტრით მის სავალ ნაწილზე შევიდა და გაჩერდა (იხ. სუსგ საქმე №ას-795-2024 , 17 ოქტომბ–, 2024 წელი)). მართალია, აღნიშნული დეტალების მითითება დამზღვევის პოზიციის უპირობო გაზიარების წინაპირობას არ ქმნის, თუმცა სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთობრიობაში სასამართლოს შეფასების საგანი ხდება.
68. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დასახელებული მიზეზის კვლევისას საყურადღებოა ისიც, რომ საგზაო ნაწილზე ძაღლის გადარბენა არც მოსარჩელის საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუნახავს. ამასთან, მითითებული პირის მოწმის სახით დაკითხვა მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
69. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ზოლში სადავო ავტომანქანის გადასვლის გასამართლებლად რაიმე წონადი მტკიცლებულება ვერ წარმოადგინა.
70. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
71. შესაბამისად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელე სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედებდა უხეში გაუფრთიხლებლობით, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც შედეგად მისთვის და სხვა პირისათვის ზიანის მიყენება მოჰყვა.
72. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ პირობებში მოპასუხეს გააჩნდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
73. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
74. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
76. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
78. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02/08/2024 წელს №1722582101 საგადახდო დავალებით გადახდილი 1822 ლარის 70% – 1275,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ.ჩ–ძეს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02/08/2024 წელს №1722582101 საგადახდო დავალებით გადახდილი 1822 ლარის 70% – 1275,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი