საქმე №ას-1284-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.უ.ქ.ფ.“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს.უ.ქ.ფ.“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ. თბილისში, ....... ქუჩა №59-ში მდებარე, საკადასტრო კოდი №…….., უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ქონება იყიდა 2018 წლის 11 დეკემბერს გამართულ აუქციონზე და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ. უძრავ ნივთს, მოსარჩელის სურვილის გარეშე, ფლობს მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელემ დაისაკუთრა მოპასუხის ერთადერთი უძრავი ქონება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში ქონების მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, ფიქსირდება მოსარჩელე, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის როგორც უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლის, ასევე, სადავო ქონების აუქციონზე გასხვისების მართლზომიერებას. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს დამატებით ახსნა-განმარტებას უშუალოდ წარუდგენს მოპასუხე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით შეწყდა წარმოება სარჩელზე მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, დავის საგნის არარსებობის გამო. ასევე, შეწყდა წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებებზე მოსამართლის აცილებაზე მოპასუხისათვის უარის თქმისა და მოპასუხის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე, დავის საგნის არარსებობის გამო. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. განუხილველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულებებზე წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ, უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის 300 ლარითა და დამატებით 200 ლარით დაჯარიმების შესახებ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო. აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარი. მხარეებს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. 2024 წლის 16 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც იგი სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა.
8. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულების სახით №...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2024 წლის 4 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის დართვის შესახებ. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ქ.თბილისში, ........ მდებარე უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრედ აღირიცხა ე.გ–ძე (შემდგომ - აპელანტის დედა) პ.ნ. ......
9. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიაწოდა აღნიშნულ ინფორმაცია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, ვინაიდან მოცემულ დავაზე აღარ არსებობს დავის საგანი. ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარს არ ამბობდა სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომლითაც გასაჩივრებულია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება მოპასუხის წარმომადგენლისთვის მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ; 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება მოპასუხის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულება წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის 300 ლარით დაჯარიმების შესახებ; მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულება, წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის დამატებით 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი დაერთო საქმეს. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს.
11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ არსებობდა საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით და ასევე სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილის განუხილველად დატოვების საფუძველი, რომელიც წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულებაზე, წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის 300 ლარით დაჯარიმების შესახებ და ამავე სასამართლოს მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულებაზე, წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის დამატებით 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლით, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებითა და მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების ს/კ №........ გამოთხოვა წარმოადგენდა. საქმეზე დართული 2024 წლის 4 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცა მოპასუხის დედას. შესაბამისად, წინამდებარე დავაზე დავის საგანი აღარ არსებობს და მხარეებს შორის დავა რეალურად შეწყვეტილია შეთანხმების გზით. ამდენად, ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ეცლება მხარის სასარჩელო მოთხოვნასაც და, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასაც. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს საქმეზე (სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე) წარმოების შეწყვეტის, ასევე, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები.
13. სსსკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე გასაჩივრებული იყო ამავე სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება მოპასუხის წარმომადგენლისთვის მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება მოპასუხის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ. სარჩელზე წარმოების შეწყვეტა იწვევს სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტასაც, აღნიშნული კი ნიშნავს, რომ წარმოება წყდება ყველა იმ საკითხზეც, რაც სააპელაციო საჩივარში იყო დასმული/გასაჩივრებული.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულებით ადვოკატის დაჯარიმების შესახებ განისაზღვრა განკარგულების გასაჩვრების წესი: „განკარგულება საჩივრდება დაჯარიმებული პირის მიერ განკარგულების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.“
16. აღნიშნული განკარგულება ადვოკატ ა.კ–ს ჩაბარდა 2023 წლის პირველ ივნისს და მან განკარგულების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი ამავე სასამართლოში 2 ივნისს წარადგინა. დგინდება, რომ აღნიშნული საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს 2023 წლის 28 ივლისს გადაეცა.
17. საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 ივლისის №2ბ/სპ-06-23 განჩინება, რომლითაც ა.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულება ა.კ–ის 500 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 374-ე მუხლით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადვოკატის დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულების გასაჩივრების უფლებით მხარემ ისარგებლა და მის მიერ რეალიზებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების ის კომპონენტი, რაც მხარის წინააღმდეგ მიღებული განკარგულების მინიმუმ დამატებით ერთ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას გულისხმობს.
19. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში №2/2/558 ვრცლად იმსჯელა და ძალადაკარგულად ცნო სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხება სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას.
20. სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს (ადგენდა), რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.
21. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირის გაძევების/დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლება ვერ გამოიწვევს საქმეზე ძირითადი პროცესის გაჭიანურებას, ვერ შექმნის დაბრკოლებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.
22. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში. ამდენად, პირისათვის პროცესუალური დაცვის შესაძლებლობების მინიჭება უარყოფითად ვერ აისახება თავად გამოყენებული ღონისძიების მიზნებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება პროცესის მონაწილისა და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობას, ლოგიკურად არ უკავშირდება არც მოპასუხის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებს.
23. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოებაში მიეღო სააპელაციო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ადვოკატის დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულებების გასაჩივრებას და კიდევ ერთხელ შეემოწმებინა საქმის მასალები, მოესმინა მხარეთა პოზიციებისათვის და ემსჯელა, თავსდებოდა თუ არა აღნიშნული საოქმოდ მიღებული განკარგულებები სსსკ-ისის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში, თუმცა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მოსმენის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ იმთავითვე არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განსახილველად მიღების წინაპირობები. როგორც უკვე აღინიშნა, ადვოკატის დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულებების კანონიერება შემოწმებულია ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ. ამდენად, მხარეს რეალიზებული აქვს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების/განკარგულების გასაჩივრების უფლება, ხოლო, თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიმართ ინსტანციურად იმავე საფეხურზეა (მეორე, სააპელაციო ინსტანცია), რაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ან გადასინჯოს ამავე თბილისის სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის/თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც ზემოთაც აღნიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განჩინება მოსამართლის განკარგულების ძალაში დატოვების შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ამდენად, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, მიზანშეწონილია მისი განუხილველად დატოვება.
24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე განჩინება, როგორც საქმეზე წარმოების შეწყვეტის, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, საჩივრდება კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებებზე მოსამართლის აცილებაზე მოპასუხისათვის უარის თქმისა და მოპასუხის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე, დავის საგნის არარსებობის გამო, ასევე, წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ, უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის 300 ლარითა და დამატებით 200 ლარით დაჯარიმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2023 წლის 27 აპრილის განკარგულებებზე შეტანილი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე შემდეგი საფუძვლებით:
26. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, 3911 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
27. კერძო საჩივრის ავტორისათვის განსახილველი საკითხი ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებას და საქმის მიუკერძოებელ განხილვას, მოსამართლის აცილების წინაპირობების კვლევას და, დასაბუთებული მიკერძოების პირობებში, შედეგზე გავლენას, საქმის სამართლიანი განხილვის უგულებელყოფას, ადვოკატის პროფესიაში და დაცვის სტრატეგიაში სასამართლოს არამართლზომიერ და უხეშ ჩარევას, ადვოკატის პროფესიული ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას არამართლზომიერი და არათანაბარი დასჯის ბერკეტის გამოყენების გზით.
28. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა მოსამართლემ 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე სამაგალითოდ დასაჯა მოპასუხის ადვოკატი, რაც უკავშირდებოდა სხვა საქმეში იმავე მოსამართლისა და ადვოკატის მონაწილეობის დეტალებს.
29. მხარემ მიუთითა სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველ, მესამე ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტა განმარტა გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებზე წარმოების შეწყვეტის ერთობლივ პროცესად, რაც დაუშვებელია. მართალია, დავის საგნის არარსებობის მოტივით, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა და საქალაქო სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა, თუმცა საოქმო განჩინებებთან მიმართებით, წარმოების ავტომატურად შეწყვეტის ნაცვლად, ამ კუთხით გასაჩივრებულ საკითხებზე უნდა ემსჯელა. ზემოთ დასახელებული დანაწესის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, საოქმო განჩინებები გამოტანილი უნდა იყოს საქმის განხილვის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი გასაჩივრება, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად, დამოკიდებულია საოქმო განჩინებებით მოწესრიგებული საკითხების შინაარსზე და მხარის იურიდიულ ინტერსზე. შესაძლებელია, ეს დავის საგნის მიღმა არსებული საკითხებიც იყოს, ვინაიდან საოქმო განჩინებები, რიგ შემთხვევაში, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოწმის ან სპეციალისტის გამოკითხვაზე მოწვევა ან უარი, ქმედების დავალება, წესრიგის უზრუნველყოფის საკითხები, მოსამართლის აცილება და სხვა. ამდენად, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი გასაჩივრების ინტერესი დამოკიდებულია თავად საოქმო განჩინების შინაარსზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა როგორც მოსამართლის აცილების, ისე წარმომადგენლის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებზე.
30. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოპასუხის წარმომადგენლის დაჯარიმების თაობაზე განკარგულებების შეფასებისას ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა ადვოკატის არამართლზომიერი ქცევა, რაც მის მიმართ ხსენებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, განჩინების პროექტი მიღებულია 2023 წლის 28 ივლისს, შაბლონის გამოყენებით.
31. მხარემ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის მითითებაზე, რომ წარმომადგენლის დაჯარიმების შესახებ განკარგულებებზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად წარმოებაში იქნა მიღებული. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა სადავო საკითხის კიდევ ერთხელ შესწავლა და შეფასება, თუმცა სასამართლოს არ დაუფიქსირებია აღნიშნულის შედეგი, იმსახურებდა თუ არა ადვოკატი დაჯარიმებას. აქცენტი გაკეთდა სამართალშეფარდების ინსტიტუციურ შეუძლებლობაზე, რაც მიუღებელია.
32. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაინახა, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს არ გაუცია პასუხი, თუ რომელი ქმედება ან გამონათქვამი იმსახურებდა ადვოკატის დაჯარიმებას, შესაბამისად, გასაჩივრების უფლებით სარგებლობა ავტომატურად არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას. მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ვერ გადასინჯავდა. სააპელაციო პალატას, როგორც ფაქტების დამდგენ ინსტანციას, უნდა გამოეკვლია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ ამის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში, განუხილველად დაეტოვებინა საოქმო განჩინებები. ამ დროს კერძო საჩივრის ავტორისათვის დამდგარი შედეგი შეიძლება ყოფილიყო იმ ფაქტობრივი გარემოებების კონსტატირება, რომ მას დარღვევა არ ჩაუდენია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც მხარის, ისე ადვოკატისათვის. ასეთ შემთხვევაში იგი განიხილავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განჩინების ბათილად ცნობისა და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
34. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოში იხილებოდა რა სასარჩელო განცხადება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, სასამართლო კოლეგიამ 2023 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომაზე მიიღო განჩინებები მოსამართლის აცილების შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე უარის თქმისა და მოპასუხის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების ფარგლებში პოზიციის დაფიქსირების გაგრძელების უფლების ჩამორთმევის შესახებ. ასევე, იმავე სასამართლო სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულებები წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ, უპატივცემულობის გამო, მოპასუხის ადვოკატის - 300 ლარით, შემდგომ კი, 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
35. საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო სანქციების გამოყენების შესახებ განკარგულებები მოპასუხის წარმომადგენელმა გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
36. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული (საოქმო) განჩინებები მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა მხარეებმა მიმართეს სააპელაციო პალატას, დავის საგნის არარსებობის მოტივით, და მოითხოვეს სარჩელზე წარმოების შეწყვეტა, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა არა მოსარჩელე, როგორც ეს სარჩელის აღძვრის დროს იყო, არამედ მოპასუხის დედა.
37. წინამდებარე კერძო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სარჩელზე წარმოების შეწყვეტა სააპელაციო პალატას არ ათავისუფლებდა საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიღებული (საოქმო) განჩინებებისა და განკარგულებების კანონიერების შეფასებისაგან.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებების სამართლებრივად შეფასება უნდა მოხდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
39. შესაბამისად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-773-730-2015, 8.09.2015წ.; №ას-155-2024, 13.05.2024 წ.).
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვითარება, კერძოდ, მხარეებს შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია.
41. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის თანმდევი სამართლებრივი შედეგია მოცემულ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმება, რომელიც კონკრეტული წარმოების (მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით) მიმართ რაიმე სამართლებრივ შედეგს ადგენს ან საქმის წარმოებისას წამოჭრილ პროცესუალურ საკითხზე იურიდიულ დებულებას შეიცავს.
42. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სარჩელზე წარმოების შეწყვეტასთან ერთად სააპელაციო პალატამ სწორად შეწყვიტა წარმოება სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზეც, რომელიც საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიღებული (საოქმო) განჩინებების კანონიერებას შეეხებოდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის საწინააღმდეგო შინაარსის მსჯელობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირის უფლება, დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, უზრუნველყოფილია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ისე საერთაშორისო ნორმატიული აქტებით, თუმცა, სხვა სამოქალაქო უფლებათა მსგავსად, აღნიშნული უფლებაც ექცევა კანონისმიერი შეზღუდვების ფარგლებში.
44. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე (სუსგ №ას-692-2022, 17 ივნისი, 2022 წელი).
45. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
46. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესებს მხარის მატერიალურ-სამართლებრივი პრეტენზიის განხილვის პროცედურას, რა დროსაც იმპერატიულად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების წესს, ადგენს სასამართლოს განჩინებისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და პირობებს. რიგ შემთხვევებში კანონმდებელი უზრუნველყოფს მხარის მოთხოვნის განხილვას სასამართლოს სამი ინსტანციით, თუმცა ვხვდებით ისეთ რეგულაციასაც, რომლის ძალითაც მხარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტის კანონიერების გადასინჯვა შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოში, როგორც ეს, მაგალითად, კერძო საჩივრის შემთხვევაშია.
47. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს.
48. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
49. სასამართლო დარბაზში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა სასამართლოს ავტორიტეტი. მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, სასამართლოს ავტორიტეტის დაუსაბუთებელი და უხამსი ბრალდებებისაგან დასაცავად და პროცესის ჯეროვანი მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ პირის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას ემსახურება.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიც არის მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მიმდინარეობისას წესრიგის, პროცესის მონაწილეთა ღირსებისა და დადგენილი ეტიკეტის დაცვა.
51. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ გაძევების ან/და დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულებაზე არ დაიშვება არც კერძო საჩივრის შეტანა და არც მისი გასაჩივრება, საქმეზე გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, კერძოდ, სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემდგომ ინსტანციებში სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლებელია იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების ან/და, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სადავო ნორმა აწესებს რა სასამართლოსადმი უპატივცემულობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ განკარგულების და არა განჩინების გამოტანას და გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების პირდაპირ აკრძალვას, გამორიცხავს კანონმდებლობის ნებისმიერ ფართო, იმგვარ განმარტებას, რაც პირს შესაძლებლობას მისცემდა, მოეთხოვა აღნიშნული განკარგულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადასინჯვა. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება).
52. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ წარმომადგენლის დაჯარიმების შესახებ განკარგულებების გასაჩივრების კანონით დადგენილი შესაძლებლობით ისარგებლა, რა დროსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ამომწურავად შეაფასა ადვოკატისათვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობების არსებობა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განკარგულებით გამოყენებული ჯარიმა მართლზომიერად შეაფასა.
53. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნული განკარგულებების ხელახლა გადასინჯვის ვალდებულება არ გააჩნდა. მეტიც, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა მითითებულ საკითხზე, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 ივლისის განჩინების გასაჩივრების მექანიზმს კანონმდებელი არ ადგენს, რის გამოც ამ ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
54. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას მოცემული კერძო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე, რადგან წინამდებარე საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას არ შეიცავს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.
55. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი