Facebook Twitter

საქმე №ას-1053-2023 22 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ძე, გ.ო–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ჯ–ძემ და გ.ო–მა (შემდეგში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის - თითოეულისთვის 776.5 აშშ დოლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. თ.ჯ–ძე და გ.ო–ი თანასაკუთრების უფლებით ფლობდნენ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი ........ 6000 კვ.მ; მიწის ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობის განსახორციელებლად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მოხდა მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის - 216 კვ.მ-ის ექსპროპრიაცია და აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში.

2.3. საკომპენსაციო თანხად თითოეულ მესაკუთრეს ჩაერიცხა 594 ლარი, რასაც ქონების საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამობის მოტივით, მხარეები არ დაეთანხმნენ.

2.4. ექსპროპრიაციის განხორციელების შემდეგ, ფაქტობრივად მთელს მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა, რადგან საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი მთლიანად ზღუდავს მოსარჩელეთა საკუთრებაში დარჩენილ მიწის ნაკვეთზე მოპასუხესთან შეუთანხმებლად რაიმე საქმიანობას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. აღნიშნული გეგმა შედგენილია ტენდერში გამარჯვებული, დამოუკიდებელი კომპანიის მიერ, რომლის ქვეკონტრაქტორს წარმოადგენს შპს „თ. ა–ი“, შესაბამისად მოსარჩელეებისთვის ჩარიცხული კომპენსაცია კანონიერია და არ არსებობს მისი გაზრდის წინაპირობები.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში დარჩენილია მიწის ნაკვეთის უდიდესი ნაწილი, რომელიც პროექტისათვის არ არის საჭირო, შესაბამისად მისი გამოსყიდვა არ მომხდარა. მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით განახორციელა 216 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია, შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელეებს თანხა ჩაერიცხათ სრულად, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეების სარჩელი მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.

4.2. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 776.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა (თითოეულისთვის ცალ-ცალკე);

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში სადავო გარემოებას მხოლოდ მოსარჩელეებისთვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენდა, რის გამოც სათანადოდ უნდა მომხდარიყო საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასება.

5.3. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ 2022 წლის 14 მარტის უძრავი ქონების შეფასების N14/03/22-01 დასკვნა, რომლის თანახმად: მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ........ საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 372 ლარს, რაც შეფასების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (3.2308) შეადგენდა 1 972 აშშ დოლარს. ამავე დასკვნით 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 29.50 ლარით, რაც შეფასების დღისათვის შეადგენდა 9.13 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია აუდიტორული კომპანია შპს „თ. ა–ის“ 2021 წლის 8 თებერვლის შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დამრგვალებით ღირებულებად აუდიტორმა დაადგინა - 5.5 ლარი.

5.4. სააპელაციო პალატამ, აღნიშნა, რომ შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ დასკვნის მიხედვით, შემფასებელმა ღირებულების შეფასებისათვის აუცილებელი შედარების პროცესისათვის გამოიყენა საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაცია და ბაზარზე არსებული შეთავაზებებისა და გაყიდვის მონაცემები. ამავე დასკვნაში ასახულია შესაფასებელი ობიექტებისა და ანალოგიების განლაგება. N1 და N2 ანალოგი მდებარეობს შესადარებელი ობიექტიდან ერთი მიწის ნაკვეთის შემდეგ, იმავე ზოლში, ხოლო N3 შესადარებელი ობიექტი განთავსებულია, არამეზობლად, უშუალოდ კახეთის გზატკეცილის მომიჯნავედ. დასკვნის მიხედვით შესადარებელი ობიექტისა და ანალოგებს აქვთ იდენტური მაჩვენებლები შემდეგ მახასიათებლებში: 1. მისამართი - გარდაბანი, სოფელი ........, 2. გაუმჯობესების ფართი კვ.მ2 - არ აქვთ, 3. ქონების ტიპი- მიწა, 4. დანიშნულება- სასოფლო-სამეურნეო, 5. საკუთრების უფლება სრული, 6. ფინანსირების პირობები - საბაზრო, 7. დამატებითი ფართი - არა, 8. გაყიდვის არაუძრავი კომპონენტები - არა, 9. მისადგომი - თბილისი- ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალიდან მეორეხარისხოვანი გზით.

5.5. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ამავე დასკვნაში ექსპერტს ნათლად აქვს აღწერილი და მასზე თანდართული ფოტოებით (რომლითაც ანალოგების ადგილმდებარეობა დგინდება) ცხრილებით დგინდება, თუ რამდენად შესადარისია ადგილმდებარეობის მიხედვით შერჩეული ანალოგები შესაფასებელ ქონებასთან, რასაც ამყარებს ანალოგების მდებარეობას, რომელიც მოქცეულია ერთ სივრცეში. ამასთან, აუდიტორული დასკვნა მომზადებულია საბაზრო, იგივე გაყიდვების შედარებითი ანალიზის მეთოდის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის შეფასებისას მოხდა შედარება, როგორც სხვადასხვა საიტებზე არსებული შეთავაზებების, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. დასკვნა შეიცავს დეტალურ არგუმენტაციას, თან ახლავს სრულყოფილი კორექტირება და ინფორმაცია ანალოგების შესახებ. დასკვნაში ასევე მითითებულია ინფორმაცია, შეფასების მეთოდოლოგიის, საბაზრო მიდგომისა და შედარების ელემენტების თაობაზე.

5.6. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 8 თებერვლის შპს „თ. ა–ის“ შეფასების ანგარიშზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისათვის ასევე გამოყენებულ იქნა გაყიდვების შედარების მეთოდი. დასკვნის მიხედვით, მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები დაანგარიშდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე პერიოდისათვის (2021 წლის 28 თებერვალი) გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით - 1$ -3.31 ლარი.

5.7. სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი ხსენებული ორი დასკვნა, საჯარო რეესტრის ამონაწერები და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, აღსრულების ეროვნული ბიუროს 22.06.2021 წლის #01/90-0685 დასკვნა და მათი შეჯერების საფუძველზე აღნიშნა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ 2022 წლის 14 მარტის დასკვნა, როგორც უფრო დეტალური, კონკრეტული და განკუთვნადი მტკიცებულება.

5.8. შედეგად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ.ჯ–ძისა და გ.ო–ის საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ......) ღირებულება ექსპროპრიაციის დროისათვის შეადგენდა 1972 ლარს, ანუ 1 კვ.მ.-ს ღირებულება შეადგენდა - 29.50 ლარს, რაც დასკვნის შედგენის მომენტისათვის 9.13 აშშ დოლარი იყო (საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი ლარის დოლართან მიმართებით 3.2308).

5.9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით გამოიკვლია საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულება და არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ არასწორად მოხდა სადავო უძრავი ქონების ექსპროპრიაციის გამო მისანიჭებელი კომპენსაციის გამოთვლა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს თუ რატომ იყო მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება უპირატესი ძალის და რატომ უნდა დაფუძნებოდა კომპენსაციის ოდენობის გამოთვლა სწორედ ამ მტკციებულებას, მაშინ როდესაც მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა საპირწონე და მეტად რელევანტური მტკიცებულება.

6.3. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ დასკვნის შემდგენი პირი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას არ გამოუკვლევია და არც ევალებოდა გამოეკვლია განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების სანდოობა. ასევე, მას არ განუმარტავს, რატომ მიუთითა დასკვნაში ანალოგი N1 შესახებ, როდესაც იგი ფუნქციურად აშკარად განსხვავებულ უძრავ ქონებას წარმოადგენდა და სამეწარმეო პერსპექტივა გააჩნდა.

6.4. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიეღო ორი გარემოება, კერძოდ ვინ იყო კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი და რამდენად კატეგორიული იყო დასკვნა გამოსაკვლევი საკითხის მიმართ, თუმცა არცერთი მათგანი სასამართლოს არ დაუდგენია.

6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ დასკვნა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა, არაგანკუთვნადი მტკიცებულებაა, რადგან მისი კვლევითი ნაწილი არ ეხმიანება დასკვნით ნაწილს, მითითებულია კვლევის წარმოების რამდენიმე მეთოდი, თუმცა მასში მხოლოდ შედარების მეთოდია გამოყენებული, მაშინ როდესაც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ასახავდა საექსპროპრიაციო ქონებების ზუსტ, დეტალურ და რეალურ შეფასებას.

6.6. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებული უძრავი ქონებების ღირებულება არ შეესაბამება საბაზრო ფასს რადგან იგი ეფუძნება ონლაინ საიტზე მესაკუთრეთა მიერ განთავსებული უძრავი ქონების გასაყიდ ფასებს, თუმცა როგორც ეს მოწმე მ.ტ–ამ აღნიშნა, კერძო პირები ხშირად ცდილობენ ხელოვნურად გაზარდონ მათი უძრავი ქონების ფასი, შესაბამისად ამგვარი დასკვნის გაზიარება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო პალატას მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება თუ როდის და რა ფასად შეიძინეს მოსარჩელეებმა უძრავი ქონება, კერძოდ, თ.ჯ–ძემ გ.ო–ისგან სადავო ქონება დასკვნის მომზადებამდე დაახლოებით 3 თვით ადრე 5 000 ლარად შეიძინა, ხოლო 3 თვის შემდეგ ამტკიცებს, რომ მისი ღირებულება 90000 ლარია, რაც მოწმობს, რომ საექსპროპრიაციო ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

- უძრავი ქონება მდებარე მისამართზე მუნიციპალიტეტი გარდაბანი, სოფელი ........, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 6000 კვ.მ. საკადასტრო კოდი ........ თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელეების გ.ო–ისა და თ.ჯ–ძის სახელზე;

- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო მონაკვეთის (ლოტი1) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, აუცილებელი გახდა თ.ჯ–ძისა და გ.ო–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება;

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N3/318-21 გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენჭა ექსპროპრიაციის უფლება თ.ჯ–ძისა და გ.ო–ის თანასაკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ........ში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი .....) მთლიანი ფართობის 6000 კვ.მ.-ის ნაწილზე 216 კვ.მ-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2021 წლის 30 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 216 კვ.მ-ის მესაკუთრედ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, საკადასტრო კოდი ........ აღირიცხა სახელმწიფო, ხოლო მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში დარჩა 5 784 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე მისამართზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........ი, საკადასტრო კოდი ......;

- 2022 წლის 6 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა მოსარჩელეებს, რათა საკომპენსაციო თანხის გადარიცხვის მიზნით წარედგინათ საბანკო რეკვიზიტები. მოსარჩელეთა საბანკო ანგარიშებზე 2022 წლის 27 იანვარს მოპასუხემ ჩარიცხა საკომპენსაციო თანხა თითოეულისათვის 594 ლარის ოდენობით.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ფიზიკური პირებისთვის ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა.

13. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოცემული დავის სპეციფიკურ სამართლებრივ ასპექტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ სფეროს განეკუთვნება.

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული კანონმდებლობის სხვა დანაწესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს რა საკუთრების უფლებას, იგი აბსოლუტურ უფლებათა რანგში არ არის აყვანილი და თავადვე განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის წინაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წინაპირობები არ არის უცხო თანამედროვე სამართლებრივი სისტემებისათვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლისათვის, რომელიც ასევე დასაშვებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კანონიერება პროპორციულობის ტესტით (ჩარევა უნდა იყოს განსაზღვრული კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას; იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი/პროპორციული საშუალება _ ამ მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა შეიძლებოდეს) უნდა შეფასდეს (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-592-2019, 2021 წლის 21 ივნისი).

16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების საკუთრების უფლებაში ჩარევის წინაპირობები სადავო არაა, არამედ სადავოა მოპასუხისათვის დაკისრებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა. სახელდობრ, უდავოა, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო მონაკვეთის (ლოტი1) მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ამასთან უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 216 კვ.მ-ის მესაკუთრედ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, საკადასტრო კოდი ....... აღირიცხა სახელმწიფო, ხოლო მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში დარჩა 5 784 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე მისამართზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........ი, საკადასტრო კოდი ......;

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას შემდეგნაირად განმარტავს: ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).

18. ამასთან, საყურადღებოა, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

19. სპეციალური კანონით აკრძალულია საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ.

20. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

21. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სწორედ სპეციალური კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დაწყებული დავა ჩამორთმეული ქონების ყოფილ მესაკუთრეებსა და ექსპროპრიატორს შორის. საკასაციო საჩივრით კი სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის - 776,5 აშშ დოლარის (თითოეული მოსარჩელისთვის ცალ-ცალკე) დაკისრება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი ფასი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რომელიც საექსპერტო კვლევასთან ერთად მხედველობაში იღებს მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არაგანკუთვნადია, მის კვლევით ნაწილში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება დასკვნით ნაწილს, არ არის გამოკვლეული ანალოგი N1 მიწის ნაკვეთის რელევანტურობა ასევე, ექსპერტს არ შეუსწავლია ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სისწორე და არ გამოუკვლევია თუ რა ფასად მოხდა უძრავი ქონების შეძენა კვლევის ჩატარებამდე 3 თვით ადრე. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არცერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება.

25. კასატორის მიერ მოხმობილი შედავებების საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, რომლის თანახმადაც, შპს „შ.ა. და ა.ც–ის 2022 წლის 14 მარტის N14/03/22-01 დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესი მოიცავდა ობიექტის დათვალიერებას, პირველადი ინფორმაციის შეფასებას ობიექტის სიდიდის, ტექნიკური მდგომარეობის, გამოყენებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ, ქონების მფლობელის გამოკითხვას შეფასებული უძრავი ქონების ისტორიის, მდგომარეობისა და საექსპლუატაციო მახასიათებლებზე, ღირებულების დადგენასა და შეფასების დასკვნისა და ანგარიშის მომზადებას. ექსპერტის მიერ შეფასების პროცესში გამოყენებულია გაყიდვების შედარების მიხედვითა და შემოსავლის კაპიტალიზაციის მიხედვით მიდგომა. ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი წარმოადგენს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ შედეგს და არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ბაზარზე შეიძლება არსებობდეს სხვა შეთავაზებები ან გარიგების ფაქტები, რომლებიც განსხვავდებიან თანხობრივი მაჩვენებლებით. საყურადღებოა, რომ დასკვნის თანახმად, ანალოგებზე ინფორმაცია მოპოვებული საჯარო რეესტრიდან, ინტერნეტიდან და საგაზეთო გამოცემებიდან, უძრავი ქონების ბროკერებისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემფასებელმა ღირებულების შეფასებისათვის აუცილებელი შედარების პროცესისათვის გამოიყენა საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაცია და ბაზარზე არსებული შეთავაზებებისა და გაყიდვის მონაცემები. ამავე დასკვნაში დეტალურადაა ასახული (დასკვნა ასევე მოიცავს ფოტოილუსტრაციასაც) შესაფასებელი ობიექტებისა და ანალოგიების განლაგება. კერძოდ, დასკვნა თვალნათლივ ასახავს, რომ N1 და N2 ანალოგი მდებარეობს შესადარებელი ობიექტიდან ერთი მიწის ნაკვეთის შემდეგ, იმავე ზოლში, ხოლო N3 შესადარებელი ობიექტი განთავსებულია, არამეზობლად, უშუალოდ კახეთის გზატკეცილის მომიჯნავედ. დასკვნის მიხედვით შესადარებელი ობიექტისა და ანალოგებს აქვთ იდენტური მაჩვენებლები უმეტეს მახასიათებლებში (მაგ. 1. მისამართი - გარდაბანი, სოფელი ........ი, 2. გაუმჯობესების ფართი კვ.მ2 - არ აქვთ, 3. ქონების ტიპი- მიწა, 4. დანიშნულება- სასოფლო-სამეურნეო, 5. საკუთრების უფლება სრული, 6. ფინანსირების პირობები - საბაზრო, 7. დამატებითი ფართი - არა, 8. გაყიდვის არაუძრავი კომპონენტები - არა, 9. მისადგომი - თბილისი- ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალიდან მეორეხარისხოვანი გზით). ამავე დასკვნაში ექსპერტს ნათლად აქვს აღწერილი და მასზე თანდართული ფოტოებით (რომლითაც ანალოგების ადგილმდებარეობა დგინდება) ცხრილებით დგინდება, თუ რამდენად შესადარისია ადგილმდებარეობის მიხედვით შერჩეული ანალოგები შესაფასებელ ქონებასთან, რასაც ამყარებს ანალოგების მდებარეობას, რომელიც მოქცეულია ერთ სივრცეში. ამასთან, აუდიტორული დასკვნა მომზადებულია საბაზრო, იგივე გაყიდვების შედარებითი ანალიზის მეთოდის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის შეფასებისას მოხდა შედარება, როგორც სხვადასხვა საიტებზე არსებული შეთავაზებების, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. დასკვნა შეიცავს დეტალურ არგუმენტაციას, თან ახლავს სრულყოფილი კორექტირება და ინფორმაცია ანალოგების შესახებ. დასკვნაში ასევე მითითებულია ინფორმაცია, შეფასების მეთოდოლოგიის, საბაზრო მიდგომისა და შედარების ელემენტების თაობაზე.

26. მოხმობილი მტკიცებულების სამართლებრივი ძალის გასაქარწყლებლად არ გამოდგება კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შპს „თ. ა–ის“ შეფასების ანგარიში არ ასახავს კონკრეტულად მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ანალოგების კვლევას, მართალია მასში მოხსენიებულია ანალოგები, თუმცა მას არ ახლავს ფოტოილუსტრაცია, შესაბამისად შეუძლებელია მისი ადგილმდებარეობის დადგენა. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს სპეციალური ცოდნა სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, ამიტომ შეუძლებელია კასატორის იმ არგუმენტის გაზიარებაც, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დასკვნის ჩასატარებელი მეთოდები არ მიემართება მის დასკვნით ნაწილში ასახულ შედეგს. ამ გარემოების სამტკიცებლად, კასატორს უნდა წარმოედგინა თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი ძალის მტკიცებულება რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება. იგივე შეიძლება ითქვას კასატორის იმ შედავებაზეც, რომ ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ქონების გაყიდვის განცხადება შეიძლება მესაკუთრეების მიერ ხელოვნურად ზრდიდეს ქონების ფასებს. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ასეთი ჰიპოთეტური შედავება კონსტიტუციით განმტკიცებული უფლების შეზღუდვისთვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობის სასამართლოსგან განსხვავებული ოდენობით განსაზღვრისთვის არავარგისი შედავებაა და მას სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-742-742-2018, 5 მარტი 2021 წელი; სუსგ საქმე №ას-804-2019, 26 ივნისი 2020 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი