საქმე №ას-1287-2024 15 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ხ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ხ–ვის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან გარდაბანის რაიონის სოფელ ....... მდებარე 1375 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (კოდი №.......) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხება სადავო უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა საჯარო აუქციონზე. მოპასუხე ქონების თავდაპირველი მესაკუთრეა, რომელიც ამჟამად უკანონოდ ფლობს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2 წლის ვადაში, თანხის პერიოდულად გადახდით, მოსარჩელისაგან ქონებას გამოისყიდდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულების გამო, გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობაც, რის გამოც მოსარჩელეს კრედიტი სრულად ვერ დაუბრუნა. ამ დროისათვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ოჯახს გაუჩნდა თანხის გადახდის შესაძლებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთი შეიძინა 2022 წლის 23 მარტს აუქციონზე. ამჟამად იგი მოპასუხის მფლობელობაშია. მოპასუხე ქონებას ფლობს მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე.
7. 2022 წლის 30 მარტს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 23 მარტის NA 21082185-022/001 განკარგულების საფუძველზე. აუქციონის შედეგები არ გასაჩივრებულა.
8. თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებაში მითითებულია, რომ აღსრულება განხორციელდა უზრუნველოფილი კრედიტორის - მოსარჩელის სასარგებლოდ, რომელმაც ქონება შეიძინა 66 000 ლარად. მოვალის - მოპასუხის უძრავი ნივთი აუქციონზე გასხვისდა, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი საკრედიტო ვალდებულების გადახდევინების მიზნით.
9. სააპელაციო პალატამ შეაფასა, რამდენად არსებობს უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის საფუძვლები და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტმა სადავოდ გახადა სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია და არც სასამართლო სხდომაზე ყოფილა მიწვეული. საქმის განხილვის მომენტისათვის მოპასუხე იმყოფებოდა საავადმყოფოში.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძრვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხე მას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა და მოპასუხე მას ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში. სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარადგინა 2022 წლის 30 მარტს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა. მოპასუხეს/აპელანტს აღნიშნული ამონაწერის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად. მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლება, მოსარჩელე მოპასუხესთან მიმართებით შეზღუდულიყო. საქმეზე მესაკუთრის არც კანონისმიერი ისეთი შებოჭვის საფუძველი დადასტურებულა, რაც შეზღუდავდა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილებას, მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე მესაკუთრის უფლებები სრულყოფილად განახორციელოს.
14. რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.
15. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს 2022 წლის 2 ივნისს პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 31), რის შემდგომაც 2022 წლის 13 ივნისს სასამართლოში წარადგინა შესაგებელი (ს.ფ. 32-40). რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიწვევას, დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, 2023 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2023 წლის 8 თებერვალს (ს.ფ. 52). ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 7 მარტს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი (ს.ფ. 53-57).
16. ამდენად, მოპასუხემ/აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, შესაბამისად, არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღოს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ განიხილა მოცემული დავა, რადგან მოპასუხეს სარჩელი თანდართული მასალებით არ ჩაბარებია და იგი საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა.
20. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე სადავო ქონებას ფლობდა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე.
21. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს თავის სამოქალაქო უფლებას, რადგან სადავო საცხოვრებელი ფართი ამჟამად არ ესაჭიროება. მოპასუხისათვის კი იგი ერთადერთი საცხოვრებელია.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
25. სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება, თუმცა მას ფლობს მოპასუხე - საცხოვრებელი ფართის თავდაპირველი მესაკუთრე, რომელმაც, მოპასუხის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გამო, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაკარგა. მოპასუხე ქონებას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
26. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სადავო ფართი მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელია, მოპასუხე კი ბოროტად იყენებს თავის უფლებას. ამასთან, მოპასუხეს სარჩელი, თანდართული მასალებით არ ჩაბარებია. იგი არც საქმის განხილვაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოწვეულა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს მას. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
31. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
33. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).
34. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141).
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).
36. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.).
37. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობს. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-759-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას-1578-2020, 26 იანვარი, 2023; №ას-1437-2020, 24 დეკემბერი, 2020წ., №ას-1274-2020, 31 თებერვალი, 2020წ.).
39. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ მოპასუხე სავინდიკაციო სარჩელის აღძვრით ბოროტად იყენებს უფლებას, რადგან მას მოცემულ ეტაპზე ფართი არ ესაჭიროება, ხოლო მოპასუხისათვის იგი ერთადერთი თავშესაფარია.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-606-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23.02.2023წ., №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).
41. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს, მით უფრო, იმის გამო, რომ მოსარჩელე იურიდიული პირია და ბინა უშუალოდ საცხოვრებლად არ სჭირდება. ამგვარი მიდგომა ლახავს საკუთრების უფლების არსს და მხარის კანონიერ უფლებას, კუთვნილი ქონებით ისარგებლოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
42. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია ვერც იმ ნაწილში, რომლითაც მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებული საპროცესო დარღვევების შეფასებას, კერძოდ, მოპასუხის მითითებით, მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია. ამავდროულად, არ ყოფილა მიწვეული სარჩელის განხილვაზე.
43. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტის სისწორე მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. მეტიც, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სარჩელი, თანდართული დოკუმენტებით, უშუალოდ ჩაბარდა მოპასუხეს. 2022 წლის 13 ივნისს მან წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინა შესაგებელი. იმავე წარმომადგენელს ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და იგი ესწრებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომას. აღნიშნული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია 2021 წლის 5 აპრილს მოპასუხის მიერ ხუთი წლით გაცემული, საქმეზე დართული რწმუნებულებით (ს.ფ 60).
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
45. შესაბამისად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის წარმომადგენლისათვის ჩაბარება თავად მხარისათვის მის გადაცემას უთანაბრდება, რაც მოწმობს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.კ–ძის მიერ 2024 წლის 22 ოქტომბერს №24279128254 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ხ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ.ხ–ვის (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.კ–ძის მიერ 2024 წლის 22 ოქტომბერს №24279128254 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი