საქმე №ას-1112-2023 8 ნოემბერი 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ნი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ც–ძემ („მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ნის“ („მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 38000 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 29 დეკემბერს მოპასუხემ გასცა სადაზღვევო პოლისი, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენს დამზღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებისა – „BMW, M 6 COUPE“, სახელმწიფო ნომრით - „.......“.
2.2. მოსარჩელე 2021 წლის 5 ივლისს დაზღვეული ავტომობილით მოძრაობდა გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე, როდესაც შემხვდური მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გადმოვიდა მის სავალ ზოლში. ავარიის თავიდან აცილების მიზნით, საჭე მიმართა მარჯვნივ, როდესაც გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას სავალ ნაწილზე დაყრილი ხრეშის გამო, მოცურდა და დაეჯახა სავალი ნაწილის მარჯვნივ არსებულ ბეტონის ჯებირს.
2.3. სადაზღვევო კომპანიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ავტომობილის წინა საბურავების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ასევე, თითქოს იგი მოძრაობდა სიჩქარის მნიშვნელოვანი გადაჭარბებით და მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის აზრით, ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობა და მანქანის ტექნიკური გაუმართაობა, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია. სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შემთხვევის ადგილზე შედგენილ ოქმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მითითებულია მხოლოდ ავტომობილის სავალ ნაწილზე დაყრილი ხრეში და არსად არსებობს სხვა მესამე ბრალეული პირის შესახებ მითითება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ც–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ.ც–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შედეგად, სს „ს.კ.უ–ნს“ ნ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 33 635.00 ლარი.
5.2. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში აშკარა იყო მძღოლის მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა. პალატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე მიუთითებდა, ამგვარ მითითებას არც სადაზღვევო კომპანიის 2021 წლის 9 სექტემბრის უარის წერილი და არც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავდა. ამიტომ, რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული მოსარჩელის მხრიდან მოძრაობისათვის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების თაობაზე მსჯელობა (რაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს ბრალეულობის უხეშად დაკვალიფიცირებას).
5.3. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მანქანის ტექნიკური გაუმართაობა (საბურავების შეუსაბამობა) სადავო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი წინაპირობა არ გამხდარა, რაც გამორიცხავდა სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერებას. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო, იმ გარემოებას, რომ საბურავების სიძველე, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზეზობრივად არ უკავშირდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.5 პუნქტით განისაზღვრა ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის კონკრეტული შემთხვევები, ეს ჩამონათვალი კი, არ შეიცავდა საბურავების შეუსაბამობის თაობაზე მითითებას.
5.4. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სადავო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის კონკრეტული ოდენობის დაანგარიშებისათვის, დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებას (53 500 ლარს) უნდა გამოჰკლებოდა ნარჩენი ღირებულება (15 500 ლარი), ასევე, ცვეთა (1% 7 თვეზე = 535 X 7 = 3 745 ლარი) და მოსარჩელისთვის ანაზღაურებული ზიანი - 620 ლარი. შესაბამისად, მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 33 635 ლარით (53 500-15 500-3 745-620=33 635 ლარი).
5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.უ–ნმა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დარღვევით. მხარე უთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დათქმებს, რომელიცც განაპირობებს მზღვევლის ვალდებულებას, აანაზღაუროს ზიანი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, წარმოშობილი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება გამოირიცხება მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შედეგად გამოწვეული ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა კი, ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებად ითვალისწინებს მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას.
6.2. კასატორის აზრით, ვლინდებოდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ადგილზე მოძრაობა დასაშვები იყო 90 კვ/მ/ სიჩქარით და, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლს გზის ყველა მონაკვეთზე ამ სიჩქარით მოძრაობა შეეძლო. კასატორი ამტკიცებს, რომ მძღოლი ვალდებული იყო, მოსახვევში შესულიყო იმ სიჩქარით, რაც ავტომობილის სრული ფლობის შესაძლებლობას მისცემდა. ამასთან, კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელე გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს არსებულ უწყვეტ ზოლზე, რის შედეგადაც მარჯვენა უკიდურეს მხარეს დაყრილ ქვის საფარზე მოცურდა. კასატორის აზრით, ვინაიდან საქმის მასალებში არ იკვეთება მესამე პირის რაიმე სახით ჩართულობა ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში, ამგვარი ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა და სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს. კასატორი დასძენს, თუ მძღოლი მოსახვევში შევიდოდა იმ სიჩქარით, რომელიც მოსახვევში შესასვლელადაა საჭირო, მაშინ არ წარმოიშობოდა შესაბამისი ზიანი, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საჯარიმო ქვითარში არ არის მითითებული სიჩქარის გადაჭარბების მასანქცირებელი ნორმა, არ გამორიცხავს მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას.
6.3. ს.კ.უ–ნი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ანაზღაურებას არა მხოლოდ მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობა, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობაც იწვევდა, კერძოდ, საქმის მასალებიდან უდავოდაა დადგენილი საბურავების წლოვანება არ შეესაბამებოდა ტექდათვალიერების რეგლამენტით გათვალისწინებულ ათწლიან დასაშვებ ვადას. კასატორის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი წლოვანების იქნებოდა, მისი დაცვითი ფუნქცია უზრუნველყოფდა მოსახვევში მეტ მოჭიდებას და, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევაც არ დადგებოდა.
6.4. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილას დასაშვები სიჩქარე იყო 90 კვ.მ. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ის დასკვნაც, რომლის თანახმადაც მძღოლი საგზაო შემთხვევის დროს მოძრაობდა დასაშვები სიჩქარის ფარგლებში.
6.5. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებისთვის უპირატესი ძალის მინიჭებას და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გახდა მოპასუხის მიერ წარდგენილი დეფექტური აქტის გაზიარებაზე უარის თქმისა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაზიარების საფუძველი.
6.6. კასატორის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდებოდა ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო წინაპირობები, ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო საქმეში წარდგენილი დეფექტური აქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ზიანი 29 908 ლარს შეადგენს და არა 33 635 ლარს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ განსაზღვრა.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2020 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება და, შესაბამისად, გაიცა სადაზღვევო პოლისი, რომლის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამზღვევს - მარკა/მოდელი - „BMW, M 6COUPE“, სახელმწიფო ნომრით - „....“,;
- სადაზღვევო პოლისის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით - 2021 წლის 29 დეკემბრამდე. მოსარჩელის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემია დადგინდა 1 157.15 აშშ დოლარით;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი მოიცავდა, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების 2.15 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება განადგურებულია (სრული დაზიანება), თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს, ან დაზიანებულია ავტომობილის 70%, ან მეტი, თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისით;
- ამავე პირობების 2.17 პუნქტის მიხედვით, ცვეთა გამოიყენება მხოლოდ სრული განადგურების შემთხვევაში და გულისხმობს ავტოტრანსპორტის ბუნებრივ გაუფასურებას, რომელიც ამ პირობების მიხედვით შეადგენს ავტოტრანსპორტის სადაზღვევო თანხის 1%-ს თვეში. სრული ზარალის არსებობის შემთხვევაში ასანაზღაურებელ თანხას აკლდება ცვეთა, არასრული ცვეთის კოეფიციენტი გამოანგარიშდება ისე, როგორც სრული ცვეთისთვის, თუ ასეთი გათვალისწინებულია პოლისით;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების 4.3.3 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ყველა აუცილებელი მასალის, დოკუმენტის მიღების, სადაზღვევო შემთხვევის დადგენის, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის სადაზღვევო შემთხვევის აქტში განსაზღვრიდან და სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ პირობებით დადგენილი წესით; ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების 7.5 პუნქტის თანახმად, მზღვევლის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით , მათ შორის, მუხრუჭების გაუმართაობით, ელექტრონული გაუმართაობით წარმოშობილი შემთხვევა, მოკლე ჩართვით გამოწვეული ხანძარი, საწვავის სისტემის გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება;
- ამავე პირობების 7.7 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ ავტოტრანსპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია: ავტოტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისას, ან იმ სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უკუჩვენებია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად ბრალეული მხარისა (დამზღვევის ან მესამე პირისა), ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე;
- 2021 წლის 5 ივლისს მოსარჩელე მოძრაობდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე, როდესაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის მარჯვენა გვერდზე არსებულ დამცავ ჯებირს;
- გზის იმ მონაკვეთში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვები იყო 90 კმ/სთ სიჩქარით;
- ავტოსაგზაო შემთხვევაზე სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით. მოსარჩელეს აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია;
- 2021 წლის 5 ივლისის ავტოსაგზაო შემთხვევის მოკვლევის ფარგლებში, სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მიუთითა ის ფაქტი, რომ გზის სავალ ნაწილზე ეყარა კენჭები, რის გამოც მან მოსახვევში შესვლის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ ბეტონის დამცავ ჯებირს;
- 2021 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა განაცხადი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიისთვის წარდგენილ განაცხადში ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მიუთითა ის ფაქტი, რომ გზის ასფალტის საფარზე ეყარა ხრეში, რის გამოც მან ავტომობილზე დაკარგა მართვა და შეეჯახა გზის მარჯვენა მხარეს მდებარე ბეტონის ჯებირს;
- მოპასუხის დაკვეთით შპს „პ.მ.ჯ–ის“ მიერ შედგენილი შეფასების აქტის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისის ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩასაბარებელი (სალიკვიდაციო) ღირებულება შეადგენს 15 600 ლარს, დაუზიანებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება კი – 49 600 ლარს. ამავე აქტის თანახმად, საბურავების მდგომარეობა არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;
- მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე შედგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 15 500 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ – 53 500 ლარს შეადგენდა;
- 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, 2020 წლის 29 დეკემბრის სადაზღვევო პოლისის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სადაზღვევო ანაზღაურება – 620 ლარი.
12. სარჩელის მიზანს მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მოიცავს მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებს, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
17. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც იზღვევა, ასევე, თუ აშკარაა სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი კანონისმიერი საფუძველია. კასატორი მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა გამოიხატა მძღოლის მიერ ისეთი სიჩქარით გადაადგილებაში, რომელმაც მომეტებული საფრთხის წყაროზე სრული კონტროლის ქონის შესაძლებლობა დააკარგვინა, სახელდობრ, მძღოლმა არ უზრუნველყო მოსახვევში ისეთი სიჩქარით შესვლა, რომ თავიდან აეცილებინა საგზაო შემთხვევა, მისივე მითითებით, მძღოლი გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს არსებულ უწყვეტ ხაზზე, რომლის მიღმაც იყო ქვიანი (ხრეში) ზედაპირი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და, უპირველესად, უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნებისა და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, გაითვალისწინება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, ასევე, მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებები, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა აშკარაა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იმავე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობისა და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვევლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღვევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტიაა (იხ. სუსგ №ას-საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი).
20. ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად მიიჩნევა პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობითაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ მიიჩნევა განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
21. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას , რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში მოსარჩელე არ მოძრაობდა გადამეტებული სიჩქარით და, შესაბამისად, არ მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. ამ თვალსაზრისით, უპირველესად, საყურადღებოა საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლის საფუძველზე და დაჯარიმდა 250 ლარით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6, 6 2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს 250 ლარით დაჯარიმებას. ცალსახაა, რომ მოხმობილი ნორმა არ წარმოადგენს სიჩქარის გადაჭარბებისათვის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას, ვინაიდან ამ კონკრეტული ქმედებისთვის სანქცია გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შეფასება არა სამართლის, არამედ, ფაქტების დადგენის სფეროს მიეკუთვნება, მის დასადასტურებლად მხოლოდ სადაზღვევო კომპანიის ზეპირი ახსნა-განმარტება ან მის მიერ განვითარებული სიტუაციის ანალიზი, სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული და ვერც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო პალატა დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მსჯელობა იქნებოდა გაზიარებული, დავასკვნიდით, რომ კანონით დადგენილი სიჩქარის ფარგლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით წარმოშობილი საგზაო შემთხვევა, მაღალი ალბათობით, ყველა შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა, როგორც მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა და გამოირიცხებოდა სადაზღვევო ანაზღაურება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ანაზღაურების საგამონაკლისო ნორმების ამგვარი გაფართოების პერსპექტივა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, რადგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია შესაძლებელი. როგორც ეს საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა: "დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს" (იხ: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან კასატორმა სიჩქარის შემცირების მოთხოვნის გარდა, მოსარჩელის მიმართ სხვა რელევანტური პრეტენზია ვერ წარმოადგინა, მტკიცების ტვირთის იმგვარი განაწილების პირობებში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავებისთვის არის დადგენილი, მიიჩნევა, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა საპროცესო ვალდებულება - დაედასტურებინა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი.
22. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცხადებულ მეორე პრეტენზიას, რომელიც ავტომანქანის გაუმართაობის გამო, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას მიემართება, ამ ნაწილშიც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას მასზედ, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით, ავტომობილის ღერძზე დამონტაჟებული საბურავების წლოვანება არ შეესაბამებოდა ტექდათვალიერების რეგლამენტით გათვალისწინებულ ათწლიან დასაშვებ ვადას, თუმცა ამავე დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნული გარემოება, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზეზობრივ კავშირში არ არის მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.5 პუნქტიც, რომელიც კონკრეტულად ჩამოთვლის ტექნიკური გაუმართაობის სახეებს, საბურავების წლოვანების გამო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დასძენს, რომ სადაზღვევო კომპანიას, დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუდასტურებია, რომ სადაზღვევო პოლისის გაცემის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეყენა სხვა საბურავები ან ის, რომ დამზღვევს პოლისის გაცემის წინაპირობად, მოეთხოვა ტექდათვალიერების რეგლამენტით გათვალისწინებული საბურავების დაყენება. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება საბურავების წლოვანებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ამგვარი კაუზალობა მხოლოდ კასატორის შეხედულებების საფუძველზე დაადგინოს და გაათავისუფლოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
23. რაც შეეხება კასატორის შედავებას ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშკერულების თანახმად, განსაზღვრულია, რომ სატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა განადგურებულად (სრული დაზიანება), თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს ან დაზიანებულია ავტომობილის 70% ან მეტი, თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისით. ხელშეკრულების თანახმად, ცვეთა გამოიყენება მხოლოდ სრული განადგურების შემთხვევაში და გულისხმობს ავტოტრანსპორტის ბუნებრივ გაუფასურებას, რომელიც ამ პირობების მიხედვით შეადგენს ავტოტრანსპორტის სადაზღვევო თანხის 1%-ს თვეში. სრული ზარალის არსებობის შემთხვევაში ასანაზღაურებელ თანხას აკლდება ცვეთა, არასრული ცვეთის კოეფიციენტი გამოანგარიშდება იმგვარად, როგორც სრული ცვეთისთვის, თუ ასეთი გათვალისწინებულია პოლისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ოდენობა განისაზღვრა ზუსტად ამ ფორმულით, კერძოდ: მოპასუხე სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით უთითებდა, როგორც ნარჩენი ღირებულების, ისე ცვეთისა და უკვე ანაზღაურებული ზარალის - 620 ლარის გამოქვითვის თაობაზე, ამიტომ ზიანის კონკრეტული ოდენობის დაანგარიშებისათვის, სასამართლომ ავტომანქანის დაზიანებამდე არსებულ საბაზრო ღირებულებას (53 500 ლარი) გამოაკლო მისი ნარჩენი ღირებულება (15 500 ლარი), ცვეთა (1% 7 თვეზე = 535 X 7 = 3 745 ლარი) და უკვე ანაზღაურებული ზიანი - 620 ლარი, რის შედეგადაც მოპასუხისთვის 33 635 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დადგინდა.
24. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ შედავებასაც, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და დაუსაბუთებლად უარყო მოპასუხის მიერ წარდგენილი დეფექტური აქტი. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა (შდრ. იხ. სუსგ Nას-865-2023, 2023-09-29). ექსპერტის დასკვნისა თუ დეფექტური აქტის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე – საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლივად. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს #007324021 დასკვნა (ტ.1., ს.ფ. 62-70) შედგენილია შვიდწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ და ეყრდნობა ავტომობილის დათვალიერებას, მისი საიდენტიფიკაციო ნომრის გაშიფვრის საფუძველზე დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს, საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტგვერდებზე გასაყიდად წარმოდგენილ მსგავსი კომპლექტაციის, ტექნიკურად გამართული ავტომობილების ფასს, ასევე, ექსპერტის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და ექსპერტიზის დროს ბაზარზე არსებულს ფასებს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დეფექტურ აქტს (ტ.1, ს.ფ. 102), მასში არ არის ასახული ავტომობილის ჩასაბარებელი ღირებულებისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმები, შესაბამისად, უცნობია, რას დაეყრდნო შპს „პ.მ.ჯ–ა“ დეფექტური აქტის შედგენისას. ხსენებული ორი მტკიცებულების შეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მტკიცებულებების იურიდიულ სანდოობა-დასაბუთებულობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას სწორად მიანიჭა უპირატესობა. ამ ნაწილში კასატორი ცდილობს, წარმოაჩინოს მის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის მტკიცებულებითი ძალის უპირატესობა, თუმცა, მისი მოსაზრებები არ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სარწმუნოობას.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის/მოპასუხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი გარემოებანი. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.უ–ნს“ (ს/კ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 8/8/2023წ. №5547473 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1868.98 ლარის, 70% - 1308.28 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი