Facebook Twitter

ბს-1043-997(კ-07) 1 მაისი, 2008წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მიხეილ ჩინჩალაძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ჩ-ე, ს. ჩ-ე, მ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური

მესამე პირი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რ-ა”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული ორგანოსათვის ოთხ სართულზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის აშენების, შესასვლელების, აივნების და ფანჯრების მოწყობის არ დაშვებაზე ზედამხედველობის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ჩ-ემ, ს. ჩ-ემ და მ. ჯ-ემ 10.12.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურული დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ში სამშენებლო ფირმის მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სამშენებლო ფირმამ ...... ¹1-3-ში თვითნებურად დაანგრია მეპატრონე ოჯახის პროექტით გათვალისწინებული ნახევრად აშენებული ორსართულიანი ახალი სახლი და დაიწყო 14 სართულიანი 52 _ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. სადარბაზოს, ოფისებისა და მაღაზიის შესასვლელს აწყობდნენ, ისედაც მეპატრონის მიერ დავიწროვებული ..... ქუჩის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მოსარჩელეებისთვის, ...... და ფ-ის ქუჩების მცხოვრებლებისთვის. ...... ქუჩის დასაწყისი მთლიანად ..... და ფ-ის ქუჩების ერთადერთი ვიწრო დამაკავშირებელი გზაა. უკანონო მრავალსართულიან სახლს სადარბაზოს, ოფისებისა და მაღაზიის შესასვლელის დავიწროვებული ქუჩის მხრიდან მოწყობა, საერთოდ ჩაუხერგავდა გზას მობინადრეებს, მათთან მისული სტუმრების, ოფისებსა და მაღაზიებში მისული ავტომანქანებით. ამასთან, ორსართულიანი სახლის ნაცვლად 14 _ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შესაძლებელია ორივე მხრიდან ქუჩის გაფართოების შემთხვევაში, გამოყოფილი უნდა იქნეს სავალი გზები ფეხით მოსიარულეთათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული აგრეთვე სანიტარული, სახანძრო, მიწისძვრის, ინსოლაციისა და მრავალსართულიანობის შეზღუდვის კოეფიციენტებით განსაზრვრული ნორმები. მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ 10.10.03წ. პროექტი შეუთანხმებიათ 14 _ სართლიანი სახლის 52 ოჯახისათვის. ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტმა და პირადად მთავარმა არქიტექტორმა, არაერთი ზეპირი და წერილობითი თხოვნის მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ საწყისშივე აღეკვეთათ უკანონო მშენებლობა, ისარგებლეს გასული წლების უკონტროლობით, მიიღეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და 10.10.03წ. შეათანხმეს სამშენებლო პროექტი. ამასთან, მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 _ სართულიანი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო და მშენებლობა მიმდინარეობდა სამშენებლო ნორმების დარღვევით.

მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ში ამხანაგობა “რ-ის” მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩინებით ვ. ჩ-ის, ს. ჩ-ის და მ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. თბილისში, ....... ქ. ¹1-ში ამხანაგობა “რ-ის” მიერ წარმოებული მშენებლობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.05.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. განჩინება.

მოსარჩელეებმა რამოდენიმეჯერ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹..... ბრძანებულების გაუქმება, მერიისათვის უკანონო მშენებლობაზე ზედამხედველობის გაწევის დავალება, რათა არ აშენდეს ოთხ სართულზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, მოიშალოს აივნები და ამოშენდეს ფანჯრები ...... ქუჩის მხარეს, სადარბაზოს, მაღაზიების, ოფისების და ავტოტექმომსახურების შესასვლელები არ გაუკეთდეს აღნიშნული ქუჩის მხრიდან.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹..... ბრძანება, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით; ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ გაეცა ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ-ის” ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14 _ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა, რომლის სარდაფი და სამი სართული უკვე აშენებული იყო; ქ. თბილისის მერიას მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით დაევალა ზედამხედველობის განხორციელება, რათა სამომავლოდ, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულიყო, ამ შენობას ...... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელები არ გაკეთებოდა, არ გაეცა უფლება ქ. თბილისში, ....... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა “რ-ის” წარმომადგენელმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით ვ. ჩ-ის, ს. ჩ-ისა და მ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.10.04წ. განჩინებით ამხანაგობა “რ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, იმ მოტივით, რომ “რ-ა” საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა “რ-ამ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.11.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმე ინდივიდუალური ბინამშენებლობის ამხანაგობა “რ-ის” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და დაევალა ქ. თბილისის მერიას კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაეწყვიტა საკითხები ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1 ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, ...... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ..... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹..... ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...... ქუჩის ¹1-ში არსებული 2 _ სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, დაგეგმარების მიხედვით, ახალი 14 _ სართულიანი 52 _ ბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი. სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 21.01.04წ. კრების და ამავე ექსპერტიზის 19.02.04წ. საპროექტო დასკვნებით აღნიშნული საცხოვრებელი სახლის პროექტს მიეცა უარყოფით შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹..... ბრძანების, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით, ბათილად ცნობის ნაწილში. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის მერიისათვის მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ზედამხედველობის განხორციელების დავალების ნაწილში, რათა სამომავლოდ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულიყო, ამ შენობას ....... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელები არ გაკეთებოდა, არ გაეცა უფლება ქ. თბილისში, ....... ქ. ¹1-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების შესაბამისად, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამი სტადიით: ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა. თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, თუ რა პირობების არსებობის შემთხვევაში უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა და რა წესით, რეგულირდება სათანადო ნორმატიული აქტებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო ჩაერია თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილებაში და აუკრძალა მერიას თავისი ფუნქციის განხორციელება სამომავლოდ, ყველანაირი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, “ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანებით განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მესაკუთრე უფლებამოსილია, ქუჩის მხარეს გაჭრას ფანჯრები, მიაშენოს აივნები და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი უნდა გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: დაევალოს ქ. თბილისის მერიას კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაწყვიტოს საკითხები ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1 ტერიტორიაზე 4 სართულიანზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, მისთვის ...... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ....... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ჩ-ემ, მ. ჯ-ემ და ვ. ჩ-ემ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს. კასატორები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია თუ რის საფუძველზე ავალებს სასამართლო მერიას ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით საკითხების გადაწყვეტას მაშინ, როდესაც ქ. თბილისში, ...... ქუჩის ¹1-ში უკვე წელიწად-ნახევარია აშენდა 15 _ სართულიანი, ორჯერ მეტი გაბარიტების და თითქმის 4-ჯერ მეტი სიმაღლის, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული, სადავო კორპუსი, ხოლო ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული იყო მხოლოდ 4 _ სართულიანი სახლის პროექტი, რომელიც თვითნებურად დაარღვია სამშენებლო ფირმამ და იმ მცირე მოცულობის ნაკვეთში, სადაც, ექსპერტების მტკიცებით, შეუძლებელი და დაუშვებელი იყო მრავალსართულიანი დიდი მოცულობის კორპუსის აშენება, 4-ის ნაცვლად სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენდა 15 _ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამხანაგობა “რ-ის” ხელმძღვანელებმა არაფრად ჩააგდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დაემორჩილნენ სასამართლო აღმასრულებლების პრინციპულ მოთხოვნებს და გაფრთხილებებს და აგრძელებდნენ უნებართვო და უამრავი დარღვევებით უკანონო მშენებლობას. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით და ამხანაგობა “რ-ის” წარმომადგენლის განცხადებებით იცოდნენ, რომ ...... ქუჩის ¹1-ში შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენდა 15 სართული. კასატორები აღნიშნავენ, რომ არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს არ შეუთანხმებია 15-სართულიანი კორპუსის პროექტი და 2007 წელშიც კი არ გაუცია აუცილებელი მშენებლობის ნებართვა. შეუძლებელი და უკანონოა უამრავი დარღვევებით, უნებართვოდ, წელიწადნახევრის წინ აშენებული 15-სართულან საცხოვრებელ კორპუსზე სადღეისოდ პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ...... ქუჩის .¹1-ში უამრავი დარღვევებით აშენებული კორპუსის აშენების გამო უკიდურესად დავიწროვდა ერთადერთი ქუჩის ორი დამაკავშირებელი დასაწყისი, შეიქმნა საცობი, შეუძლებელია როგორც მანქანებისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება. უკიდურესად შეილახა საცხოვრებელი პირობები, დარღვეულია ყველა სამშენებლო, უსაფრთხოების, სანიტარული და სხვადასხვა ნორმები. ქ. თბილისის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს არ შეუთანხმებია 15 _ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და 2007 წელსაც კი არ გაუცია აუცილებელი მშენებლობის ნებართვა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების სააღსრულებლო ფურცელი ამხანაგობა “რ-ის” მშენებლებმა მიიჩნიეს ფარატინა ქაღალდად.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ ასაჩივრებდნენ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო საჩივარის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით გაუქმდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მიუხედავად კასატორებმა კვლავინდებურად დაადასტურეს, რომ არ ცვლიდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სრულად იყო დაკმაყოფილებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილებით.

მოპასუხეების და მესამე პირის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ გაიზიარეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, იგი არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა 10.10.03წ. გამოსცა ¹...... ბრძანება ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...... ქ. ¹1-ში არსებული 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად დაგეგმარების მიხედვით ახალი 14-სართულიანი 52 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის შეთანხმების შესახებ. საპროექტო დოკუმენტაციამ ვერ გაიარა სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა (21.01.04წ., 19.02.04წ.) შესაბამისად არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებით მშენებლობის შეჩერების მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი და სამი სართული უკვე აშენებული იყო. ამჟამად საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებულია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის, ს. ჩ-ის, მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სხვა მოთხოვნათა შორის დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიას მასზე დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით განეხორციელებია ზედამხედველობა, რათა სამომავლოდ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1-ის ტერიტორიაზე არ აშენებულიყო 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი, ამ შენობას არ ჰქონოდა ....... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურეობის შესასვლელები, არ გაცემულიყო უფლება ქ. თბილისში, ...... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ აივნების და ფანჯრების მოწყობა-გახსნაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი სააპელაციო პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რ-ა” სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად, გაუქმდა და ქ. თბილისის მერიას დაევალა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაეწყვიტა საკითხები ქ. თბილისში, ...... ქ. ¹1 ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, მისთვის ...... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ....... ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება პროცესუალურ კანონმდებლობას, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ¹...... ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა არ გაეცა ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რ-ის” სახელზე ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი სადღეისოდ ძალაშია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ბათილად ცნობილი პროექტის და მშენებლობის ნებართვის გაცემის აკრძალვის უზრუნველყოფის ზომების გატარებას, ადმინისტრაციული მოქმედების განხორციელებას (ზედამხედველობის განხორციელება, რათა სამომავლოდ არ აშენებულიყო 4 სართულზე მეტი სიმაღლის კორპუსი, არ მომხდარიყო შენობისათვის ..... ქუჩის მხრიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, შესასვლელების, აივნების და ფანჯრების მოწყობა) და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დაავალა მერიას ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად საკითხების გადაწყვეტა ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული არ თავსდება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ფარგლებში, ვინაიდან მოთხოვნის ხსენებული ნორმის საფუძველზე შესაძლებელია დავის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და არა ადმინისტრაციული მოქმედების განხორციელების დავალება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მეშვეობით, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას მიმართულს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, მერიისათვის რიგი საკითხების (4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენება, ...... ქუჩიდან სადარბაზოების, აივნების და ფანჯრების მოწყობის) გადაწყვეტის ანუ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მოსარჩელეები არ ითხოვდნენ, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ წარმოადგენს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას (საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 12.07.07წ. გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მითითებას სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე), იგი სცილდება სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, ფაქტობრივად სასამართლომ დააკმაყოფილა ის, რაც მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე, სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს იგი მთლიანად ან ნაწილობრივ, მაგრამ მას სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად არ აქვს უფლება მიაკუთვნოს მოსარჩელეს ის, რაც მას არ უთხოვია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის უცვლელად დატოვება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ ¹...... ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს აეკრძალა ბათილად ცნობილი პროექტით გათვალისწინებული 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა თავისთავად გამორიცხავდა მერიისათვის ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით ოთხ სართულზე მეტი სიმაღლის კორპუსის აშენების, შესასვლელის, აივნების და ფანჯრების მოწყობის საკითხის გადაწყვეტის დავალებას.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ეტაპებად არის დაყოფილი, ,,ლიცენზიების და ნებართვების შესახებ” კანონის მე-3 მუხზლის ,,გ” ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვა იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად (ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება); არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება; მშენებლობის ნებართვის გაცემა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლოა შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი არქიტექტორის 10.10.03წ. ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც დამტკიცებული იყო საცხოვრებელი კორპუსის პროექტი, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მერიისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მეშვეობით ოთხსართულიანზე მეტი სიმაღლის კორპუსის აშენების, მშენებლობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტის დავალება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებული უნდა იქნეს, რადგან სახეზეა როგორც სსკ-ის 393-ე მუხლში გათვალისწინებული სამართლის ნორმების დარღვევა, ასევე საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი _ გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არის შეუძლებელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ჩ-ის, ს. ჩ-ის, მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.07წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.07.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ქ. თბილისის მერიას დაევალა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით გადაწყვიტოს საკითხები ქ. თბილისში, ..... ქ. ¹1 ტერიტორიაზე 4 სართულზე მეტი სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსის აშენების, მისთვის ...... ქუჩიდან მაღაზიების, სადარბაზოების, ოფისების, ავტომომსახურების შესასვლელების მოწყობის, ........ ქ. ¹10-ში მდებარე სახლის საპირისპიროდ აივნებისა და ფანჯრების მოწყობა-გახსნის შესაძლებლობის თაობაზე. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.