Facebook Twitter

საქმე № ას-236-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.წ–ი (მოპასუხე, ნ.ბ–ძის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ "თ.ჟ.ს–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაადწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2010 წლის 7 სექტემბერს, ა(ა)იპ „თ.ჟ.ს–სა“ (შემდგომში მოიჯარე ან მოსარჩელე) და ნ.ბ–ძეს (შემდგომში მეიჯარე ან მოპასუხე) შორის, 3 წლის ვადით (2013 წლის 7 სექტემბრამდე) დაიდო იჯარის ხელშეკრულება (შემდგომში, ხელშეკრულება), რომლითაც, ქ. ბათუმში, საბაჟოს შესახვევი, .......... მდებარე მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #.......) დროებით სარგებლობაში გადაეცა მოიჯარეს.

2. საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო თანხის გადახდა დაიწყებოდა, მის მიერ საიჯარო ფართის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული დანახარჯების სრულად ამოღების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 2012 წლის სექტემბრისა.

4. საბანკო გადარიცხვის ქვითრების მიხედვით, 2012 წლის 5 მარტიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, მეიჯარის ანგარიშზე მოიჯარე ყოველთვიურად რიცხავდა თანხებს, რამაც ჯამურად შეადგინა 4 510,75 ლარი. თანხის გადახდის დანიშნულებაში მითითებულია არენდის/იჯარის ქირა.

5. მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის 7 სეტემბერს.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. 2019 წლის 1 მარტს მოიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მეიჯარის მიმართ და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის, 4510,75 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

7. საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამონაცვლეობის შესახებ

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განჩინებით მოპასუხის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ.წ–ი (შემდგომში ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლე, მეიჯარის უფლებამონაცვლე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი).

8. მოპასუხის უფლებამონაცვლის პოზიცია

7.1. მოპასუხის უფლებამონაცვლემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობა სადავო თანხა მოსარჩელეს მოპასუხისთვის სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებში აქვს გადახდილი;

7.2. მოპასუხის უფლებამონაცვლემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4510, 75 ლარის გადახდა

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დაადგინა, რომ მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 7 სექტემბერს, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 1 მარტს, მოთხოვნის წარმოშობიდან 5 წლის, 5 თვისა და 26 დღის გასვლის შემდეგ.

10.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327.1-ე 979.1-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და დაასკვნა, რომ 2012 წლის 3 მარტიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მოიჯარის მიერ მეიჯარის ანგარიშზე 4510,75 ლარი გადარიცხულია ვალდებულების გარეშე, რაც კონდიქციური სამართლის ნორმებით უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა და შესაბამისად, ქმნიდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

11. მოპასუხის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის უფლებამონაცვლემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

11.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და არასწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მატერიალური სამართლის ნორმები და პირველ რიგში უნდა ემსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლომ თავადვე დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, ხოლო სარჩელი აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან 5 წლის, 5 თვისა და 26 დღის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულად არ ცნო მოთხოვნა და არსებითად იმსჯელა მის საფუძვლიანობაზე. ამასთან, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დააკმაყოფილა წარდგენილი მოთხოვნა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის უფლებამონაცვლის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

15. საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ძირითადად სადავოდ ხდის მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, და აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა ხანდაზმული მოთხოვნა. კასატორი, ასევე, არსებითად მსჯელობს წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობაზეც და აცხადებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის ვალდებულების გარეშე რაიმე თანხის გადარიცხვის ფაქტი და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.

17. უფლების წარმოშობა, ისევე როგორც მისი შეწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრულ დროსთან. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამცნობს უფლების სუბიექტს მისი დარღვეული უფლების სასამართლოს გზით განხორციელების ვადის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).

18. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი).

19. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).

20. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

21. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020წ).

23. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

24. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, ასევე, მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ. კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).

26. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: იხ. სუსგ საქმე №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; საქმე №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; საქმე №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; საქმე №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).

29. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.)

31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ეხება. კასატორის (მოპასუხის) განცხადებით, სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც წარდგენილია 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელე დავობს 2012 წელს მოპასუხისთვის გადარიცხული თანხების მიზნობრიობაზე, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილი აქვს 2019 წელს, რაც ხანდაზმულობის მოტივით მისი უარყოფის შესაძლებლობას ქმნის.

32. უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ № ას-1529-1443- 2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017წელი, §187).

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის სწორად განხილვის მიზნით, აუცილებელია მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება, რადგან სწორედ მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სახე განსაზღვრავს სამართლებრივი შედეგის ბედს, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში იმსჯელოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ, სასამართლო შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობის შესახებ კასატორის პრეტენზიას.

34. ამ მიზნით, საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) 2010 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 3 წლით, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხემ მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადასცა უძრავი ქონება; ბ) ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა, რომელიც მოიჯარეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მეიჯარისთვის; გ) 2012 წლის 5 მარტიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მოიჯარეს მეიჯარისთვის ჯამურად გადარიცხული აქვს 4510,75 ლარი, ხოლო გადარიცხვის დანიშნულებად მითითებულია „იჯარის ქირა“; გ) საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 7 სექტემბერს; დ) 2019 წლის 1 მარტს მოიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მეიჯარის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 5 მარტიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მის მიერ მეიჯარისთვის გადარიცხული თანხის 4510,75 ლარის, როგორც ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის, უკან დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით; ე) მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითა როგორც მოთხოვნის სამართლებრივ უსაფუძვლობაზე, ასევე მის ხანდაზმულობაზე.

35. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) პოზიციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილია უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრება, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ უნდა შეფასდეს სახელშეკრულებო ურთიერთობად და მასზე არ უნდა გავრცელდეს მსგავს მოთხოვნებზე კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

36. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ მან მეიჯარისთვის საიჯარო ქირის გადახდა დაიწყო ვადაზე ადრე და მეიჯარეს ზედმეტად გადაუხადა სადავო თნხა (4510.75 ლარი), რომლის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის, უკან დაბრუნებასაც ითხოვს წინამდებარე სარჩელით (იხ. ტ. 1. ს.ფ 4). ამავე პოზიციას ავითარებს მოსარჩელე მის მიერ საკასაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელშიც (იხ. ტ. 2. ს.ფ 196). ამრიგად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დავა წარმოშობილია საიჯაროსამართლებრივი ურთიერთობიდან (სსკ-ის 581-ე მუხლი: იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებშია შესაფასებელი კასატორის მოთხოვნის (სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე) საფუძვლიანობა.

37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

38. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა პერიოდულად (ყოველთვიურად) შესასარულებელი საიჯაროსამართლებრივი ურთიერთობა (მოიჯარეს ევალებოდა მეიჯარისთვის საიჯარო ქირის ყოველთვიურად გადახდა) და სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ზედმეტად გადახდილი თანხის (ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის) მოპასუხისთვის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე, აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული საპროცესოსამართლებრივი უფლება – შესაგებელში მიუთითა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის სასამართლოში წარდგენის შესახებ, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 სექტემბერს, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 1 მარტს (5 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდგომ), რაც ნიშნავს იმას, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ხოლო წარდგენილი მოთხოვნა განუხორციელებადი, ხანდაზმულობის საფუძვლით.

39. ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სარჩელის საფუძვლიანობაზე (სადავო თანხის გადარიცხვის სისწორე) მსჯელობას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომმ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

43. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის [მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს] თანახმად, განსახილველი დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (300 ლარი), იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 226 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიერ ზედმეტად გადახდილი 76 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199​1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

46. განსახილველ შემთხვევაში, რადგან წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, შედეგად კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება უნდა გაუქმდეს, რადგან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით აღარ არსებობს მისი ძალაში დატოვების საფუძველი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით (№2- 594/2019წ.) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ........, ს/კ #...........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ.წ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ა(ა)იპ "თ.ჟ.ს–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ა(ა)იპ "თ.ჟ.ს–ს“ (ს.კ. .......) ლ.წ–ის (პ.ნ. .......) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის - 150 ლარის გადახდა;

5. ლ.წ–ს (პ.ნ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ყ–ის (პ.ნ. .......) მიერ ზედმეტად გადახდილი (საგადახდო დავალება №639, გადახდის თარიღი 07.02.2024) 76 ლარი;

6. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განჩინებით №2- 594/2019წ. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც მოპასუხე ნ.ბ–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა მასზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ........, ს/კ #........, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე