Facebook Twitter

საქმე № ას-803-2024 21 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი, მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, მიმწოდებელი, შემსრულებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოპასუხისთვის პირგასამტებლოს დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი ფოთის მინიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოსარჩელე, შემსყიდველი ან მერია) სარჩელის უარყოფის შესახებ და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, ჯამურად, 3620.67 ლარის გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არასწორად დაასკვნა, რომ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოები იყო ნაკლიანი. რეალურად კი, არ არსებობდა შემსრულებლის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა ის გარემოებაც, რომ N55 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 401-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2019 წლის 4 მარტს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N41 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქალაქ ფოთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა (........ ქუჩა N15 და N17; ....... ქუჩა N7, N9 და N11; ....... ქუჩა 5; ....... ქუჩა 99; ....... 4; ....... ქუჩა 3). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 289 097,57 ლარით, ხოლო სამუშაოთა შესრულების ვადა - 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით, რაც, საბოლოოდ, შეთანხმდა 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა;

7.2. 2019 წლის 4 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N42 ხელშეკრულება, რომლითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქალაქ ფოთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 471 899,68 ლარით, ხოლო სამუშაოთა შესრულების ვადა - 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით, რაც, საბოლოოდ, შეთანხმდა 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა;

7.3. 2019 წლის 19 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შემსყიდველს უნდა შეესრულებულებინა ქალაქ ფოთში, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის, ....ქუჩის ნაწილის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 343 238,35 ლარით, ხოლო სამუშაოთა შესრულების ვადა - 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა;

7.4. სამივე ხელშეკრულების (N41, N42 და N55 ხელშეკრულებების) მე-11 პუნქტებით დაწესდა სამუშაოთა შესრულებაზე კონტროლის (ინსპექტირების) წესი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირება) მიზნით შერჩეული სხვა პირების მონაწილეობით ფორმდებოდა შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად აღიწერებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზები... სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, თავისი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოეფხვრა დეფექტები;

7.5. ხელშეკრულებების 5.3 პუნქტების თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შპს ,,თ.ა“-ს (შემდგომში ინსპექტირების ორგანო, ზედამხედველი ან ზედამხედველი კომპანია) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო ზედამხედველის მიერ, ფორმა 2-ზე ხელმოწერით;

7.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის, დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა და უზრუნველეყო დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება;

7.7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%;

7.8. შემსყიდელის 2019 წლის 15 აგვისტოს N02/3146 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 4 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N41 და N42 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამუშაოები ბოლომდე არ იყო დასრულებული. ასევე, ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სანქციების შესახებ;

7.9. აღნიშნული წერილის პასუხად, შემსრულებელმა 2019 წლის 16 აგვისტოს N63 წერილით განმარტა, რომ სამუშაოები დასრულდებოდა 2019 წლის 16 აგვისტოს და იმავე დღეს იქნებოდა წარდგენილი სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები;

7.10. 2019 წლის 16 აგვისტოს შემსრულებელმა მიმწოდებელს წარუდგინა 2019 წლის 4 მარტის ხელშეკრულებების ფარგლებში საბოლოო შესრულების აქტები (ფორმა N2);

7.11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 აგვისტოს წერილით, ზედამხედველ კომპანიას შესამოწმებლად გადაეცა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფორმა N2 და აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტირების ორგანომ 2019 წლის 23 აგვისტოს შეამოწმა ობიექტი, რაზედაც შედგა შეუსაბამობის აქტი N1 და 2019 წლის 26 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოების ნაკლოვანებების თაობაზე;

7.12. 2019 წლის 29 აგვისტოს შემსყიდველმა მიმწოდებელს წარუდგინა ზედამხედველი კომპანიის 2019 წლის 26 აგვისტოს წერილი შეუსაბამობის №1 აქტთან ერთად და სთხოვა, უმოკლეს ვადაში გამოესწორებინა აქტში მითითებული შესყიდვების შესახებ N42 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარვეზი;

7.13. შემსყიდველის 2019 წლის 19 სექტემბრის N02/3687 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, N42 ხელშეკრულებით გათალისწინებული სამუშაოებიდან, შეუსრულებელი იყო 5110,86 ლარის სამუშაოები და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2019 წლის 16 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მიმწოდებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რაც 33 დღეზე შეადგენდა 15 572,37 ლარს. ასევე, მას ერიცხებოდა შეუსრულებელი ვალდებულების, 5 110,86 ლარის 5%-255,54 ლარი და ვალდებული იყო ჯამურად 15 827,91 ლარი ჩაერიცხა მერიის ანგარიშზე;

7.14. შემსყიდველის 2019 წლის 20 სექტემბრის N02/3705 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, N41 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან შეუსრულებელი იყო 9998,38 ლარის სამუშაოები და, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2019 წლის 16 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მიმწოდებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რაც 33 დღეზე შეადგენდა 9 537 ლარს. ასევე, მას ერიცხებოდა შეუსრულებელი ვალდებულების, 9998,38 ლარის 5%, 499,91 ლარი და მოპასუხე ვალდებული იყო ჯამურად 10 036,91 ლარი ჩაერიცხა მერიის ანგარიშზე;

7.15. შემსყიდველის 2019 წლის 26 სექტემბრის N02/3798 წერილით მიმწოდებელს განმეორებით ეცნობა N41 და N42 ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ;

7.16. 2019 წლის 1 ოქტომბერს, ზედამხედველი კომპანიის მიერ წარდგენილი 2019 წლის 30 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შესაბამისად, შემსრულებელს აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, N41 ხელშეკრულების ფარგლებში – 261 691,67 ლარი, ხოლო N42 ხელშეკრულების ფარგლებში – 442 127,89 ლარი;

7.17. ინსპექტირების ორგანოს 2019 წლის 3 ოქტომბრის წერილით, შემსყიდველს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთში, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის, კოსტავას ქუჩის ნაწილის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებიდან (ხელშეკრულება N55) მიმდინარე წლის 3 ოქტომბრისათვის, მიმწოდებელს შეუსრულებელი ჰქონდა 57 304,52 ლარის სამუშაოები;

7.18. შემსყიდველის 2019 წლის 9 ოქტომბრის №02/4028 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 2019 წლის 19 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, შეუსრულებელი იყო 57 304,52 ლარის სამუშაოები და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2019 წლის 15 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რაც 18 დღეზე შეადგენდა 6 149,52 ლარს. ასევე, ერიცხებოდა შეუსრულებელი ვალდებულების, 57 304,52 ლარის 5% – 2 865,22 ლარი და იგი ვალდებული იყო, აღნიშნული თანხები ჩაერიცხა მერიის ანგარიშზე;

7.19. შემსყიდველის 2019 წლის 5 დეკემბრის № 02/4963 წერილით მიმწოდებელს განმეორებით ეცნობა, რომ N55 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ფატობრივად დასრულდა 2019 წლის 29 ოქტომბერს და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით ერიცხებოდა პირგასამტეხლო 43 დღის ვადაგადაცილებისათვის – 14 690,52 ლარი, რაც უნდა ჩაერიცხა მერიის ანგარიშზე;

7.20. 2019 წლის 19 მარტის N55 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 9 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ზედამხედველი კომპანიის მიერ წარდგენილი 2019 წლის 29 ნოემბრის ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, N55 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს აუნაზღაურდა 329 102,39 ლარი;

7.21. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს შემსყიდველისთვის პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

8. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით. ამასთან, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნარდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა. კასატორი (მოპასუხე) აცხადებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა მიმწოდებლის მხრიდან ნაკლიანი შესრულების ფაქტი და ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოებაც, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალით, რაც გამორიცხავდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

9. კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

10. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

11. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ იმაზე, რომ N41 და N42 ხელშეკრულებების თანახმად, სამუშაოთა დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2019 წლის 16 აგვისტო, ხოლო N55 ხელშეკრულებით - 2019 წლის 15 სექტემბერი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ N41 და N42 ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში (2019 წლის 16 აგვისტოს) მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა სამუშაოების საბოლოოდ შესრულების აქტი, თუმცა სამუშაოები შესრულებული იყო გარკვეული ხარვეზებით (რაც დასტურდებოდა ზედამხედველი კომპანიის ანგარიშით), რის გამოც, შემსყიდველმა 2019 წლის 29 აგვისტოს წერილით მიმწოდებელს მოსთხოვა უმოკლეს ვადაში გამოესწორებინა ეს ხარვეზი. საბოლოოდ კი, აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 1 ოქტომბერს. რაც შეეხება N55 ხელშეკრულების მიმწოდებლის მხრიდან შესრულებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებშიც ჩატარდა ინსპექტირება და მიეთითა, რომ მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არა 2019 წლის 15 სექტემბერს (როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო მითითებული), არამედ იმავე წლის 29 ნოემბერს, ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2019 წლის 9 დეკემბერს.

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ვადა, ამასთან, სამუშაოები შეასრულა გაკვეული ხარვეზებით, რაც დამრღვევი მხარისთვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

14. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საჩივრის ავტორს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მხარის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება კი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად, რაც მითითებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

16. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

18. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

19. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმწოდებლის მხრიდან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი (სამუშაოთა ნაკლიანი შესრულება, და ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით), მართებულია სასამართლოს დასკნა ამ საფუძვლით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება ზემოაღნიშნულ განმარტებებს, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ტ–ს“ (ს.კ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №22249607652, გადახდის თარიღი 10.06.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე