Facebook Twitter

საქმე № ას-1015-2024 16 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ც–ი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ნი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ.ც–ი, გ.ც–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ც–ის (შემდეგში მოპასუხე, მსესხებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.კ–ნის (შემდეგში მოსარჩელე ან გამსესხებელი) სარჩელი მსესხებლის, მ.ც–ისა და გ.ც–ის მიმართ და მაყვალა და გ.ც–ები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ვ.ც–ის სახელზე რიცხული ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ........, #26, ს/კ: .......) მესაკუთრედ, ხოლო მსესხებელს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, 15000 ლარისა და პირგასამტეხლოს, 1000 ლარის გადახდა; დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ......., #26, ს/კ: ........) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის თანხა. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმის სახით თავად მოსარჩელის (გამსესხებლის) დაკითხვის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მოპასუხისგან სესხის თანხა არ მიუღია. სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები (სსსკ-ის 148.6 მუხლი), როდესაც საქმეზე დისტანციური წესით დაკითხა მოწმე.

3. კასატორის მოსაზრებით, ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან მოპასუხე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირი, შესაბამისად, მისთვის ამ რაოდენობის თანხის დაკისრება არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. 2017 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელეს (როგორც გამსესხებელს), მოპასუხესა (როგორც მსესხებელს) და ვ.ც–ს (როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებლის სასარგებლოდა გასცა სესხი, 15 000 ლარი, სამი თვით, საპროცენტო სარგებლის გარეშე და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ.ც–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (მდებარე, ქალაქი თბილისი, .......... (საკადასტრო კოდი N ........);

8.2. ხელშეკრულების მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ გამსესხებელმა (იპოთეკარმა) მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო იგი;

8.3. სესხის თანხა მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 7 დეკემბერს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

8.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებელს არ შეუსრულებია;

8.5. იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ვ.ც–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მ.ც–ი და გ.ც–ი, რომლებმაც გარდაცვლილის ქონება (მდებარე, ქალაქი თბილისი,......... (საკადასტრო კოდი N ........), მიიღეს ფაქტობრივი ფლობით. მოპასუხე არის გარდაცვლილი ვ.ც–ის შვილი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

11. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

12. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

13. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

14. წინამდებარე საკასაციო საჩივრით კასატორი ძირითადად სადავოდ ხდის მის მიერ სესხის თანხის მიღებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს.

15. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია სანოტარო წესით და მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ფაქტი.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი; ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

18. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.

19. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, გარიგების მხარეებს ეცნობათ გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, რაც მათ ხელმოწერით დაადასტურეს [ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ხმამაღლა წაუკითხა მხარეებს და განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი; ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შინაარსი, რის შემდეგაც მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება დანართებითურთ და ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-23)]; ხელშეკრულება საჯარო აქტის ფორმით დაიდო, ხოლო მოსარჩელეებს ხელმოწერების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ, ამასთან, ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ „იპოთეკარმა“ (გამსესხებელმა) სესხის თანხა, 15 000 ლარი, მსესხებელს სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო იგი (იხ. ტ. 1. ს.ფ 17-23).

20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპალაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სწორედ მსესხებელს ეკისრებოდა ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულებით პრეზუმირებული ფაქტის - ხელშეკრულების ხელმოწერამდე სესხის თანხის მიღების - გაქარწყლების ვალდებულება, რასაც მან სათანადოდ ვერ გაართვა თავი. კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი იმის შესახებ, რომ სადავო თანხა მას გამსესხებლისგან არ მიუღია, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

21. უსაფუძვლოა, ასევე, კასატორის მითითება მოწმის დისტანციური წესით დაკითხვასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან საპროცესოსამართლებრივი ნორმების უხეშად დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე სრულად შეესაბამება სსსკ-ის 148-ე მუხლის მოთხოვნებს, ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს აღნიშნული ნორმით დადგენილი წესისგან განსხვავებულ ისეთ გარემოებაზე, რაც მოწმის დისტანციური წესით დაკითხვის შეუძლებლობას დაადასტურებდა.

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე № ას 848-814-2016, 28.12.2016; საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015; საქმე №ას-953-918-2016, 22.11.2016).

23. ამასთან, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021წელი). ამასთან, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას თანაბრად უნდა იქნეს დაცული როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. არ შეიძლება კრედიტორის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე, მოვალის უფლებებისა და ინტერესების გადაჭარბებული დაცვა.

25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ საქმის კონკრეტულ გარემოებების, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის, ვალდებულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა და თავად დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა სასამართლომ 1000 ლარამდე. მსესხებლის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევისათვის წარმოშობილი პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ან მოვალის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების საფუძველს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სასესხოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური და საპროცესო ნორმები, ასევე სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები (ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობები) და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე