Facebook Twitter

საქმე № ას-1095-2024 18 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ნ.გ–ია, ნ.დ–ი, ზ.დ–ი (აპელანტები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2024 წლის 15 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთები, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., 30 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №.........; თბილისი, ქუჩა ........, სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №.......... - რეგისტრირებულია მ.ი–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე) საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 15/05/2024 წელს.

2. მ.ი–ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ........., 30 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №.........; თბილისი, ქუჩა ........., №6, სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №.........., ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე მხარე - ნ.გ–ია, ზ.დ–ი და ნ.დ–ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ გ.დ–მა მეუღლისა და შვილების მიმართ ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ოჯახური ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი ან მეტი პირის მიმართ. განაჩენითვე დადგინდა, რომ მოსარჩელეთა ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ.გ–იას, ნ.დ–ისა და ზ.დ–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ.დ–ს მოსარჩელე ნ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით, უარი ეთქვა მოსარჩელეს დამატებით 8000 ლარის ანაზღაურებაზე; მოპასუხე გ.დ–ს მოსარჩელე ზ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, უარი ეთქვა მოსარჩელეს დამატებით 5000 ლარის ანაზღაურებაზე; მოპასუხე გ.დ–ს მოსარჩელე ნ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 8 000 ლარის ოდენობით, უარი ეთქვა მოსარჩელეს დამატებით 7000 ლარის ანაზღაურებაზე; მოსარჩელეების მოთხოვნა 2022 წლის 15 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი 15.07.2022 წლის ჩუქების ხელშეკრულება შემდეგ უძრავ ქონებებზე: - ქ. თბილისი, ქუჩა ........., ბინა N70, 30.00 კვ.მ ფართი ს/კ .........; - მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა .........., სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, ს/კ .......... არ დაკმაყოფილდა ნ. გ–ას მოთხოვნა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე უძრავი ქონებების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

5. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

6. ნოტარიუს მ.გ–ძის მიერ 2024 წლის 27 თებერვალს დადასტურებული N240234143 სანოტარო აქტის თანახმად, გ.დ–მა (დაბ. 24.04.1973წ. თბილისი, მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ........., ბინა 70, პ/ნ .........) ნოტარიუსის - მ.გ–ძის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „პროკრედიტ ბანკის“ კოდი: MIBGGE22, სადეპოზიტო ანგარიში №GE89PC0133600100058379) განახორციელა 30 000 ლარის ოდენობით თანხის დეპონირება: ა) ნ.დ–ის (დაბ. 13.12.1996წ. პ/ნ ......) - თანხა 8000 ლარი; ბ) ზ.დ–ის (დაბ. 17.10.1999წ. პ/ნ ........) - თანხა 10000 ლარი; გ) ნ.გ–იას (დაბ. 22.10.2970წ. პ/ნ .......) - თანხა 12000 ლარი, სასარგებლოდ.

7. ამავე სანოტარო აქტის თანახმად, შესრულების საგნის: ა) 8000 ლარის გადარიცხვა მოხდა ნოტარიუს მ. გ–ძის მიერ, ნ. დ–ის (დაბ. 13.12.1996წ. პ/ნ .......) განცხადების საფუძველზე, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - GE81BG0000000565516239. ბ) 10000 ლარის გადარიცხვა მოხდა ნოტარიუს მ.გ–ძის მიერ, ზ.დ–ის (დაბ. 17.10.1999წ. პ/ნ .......) განცხადების საფუძველზე, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - GE35BG0000000538912586.

8. ნოტარიუს მ.გ–ძის მიერ 2024 წლის 26 თებერვალს დადასტურებული N240229895 სანოტარო აქტის თანახმად, გ.დ–მა (დაბ. 24.04.1973წ. თბილისი, მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ......., ბინა 70, პ/ნ .......) ნოტარიუსის - მ.გ–ძის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „პროკრედიტ ბანკის“ კოდი: MIBGGE22, სადეპოზიტო ანგარიში №GE89PC0133600100058379) განახორციელა 30 000 ლარის ოდენობით თანხის დეპონირება: ა) ნ.დ–ის (დაბ. 13.12.1996წ. პ/ნ ......) - თანხა 8000 ლარი; ბ) ზ.დ–ის (დაბ. 17.10.1999წ. პ/ნ .......) - თანხა 10000 ლარი; გ) ნ.გ–იას (დაბ. 22.10.2970წ. პ/ნ .....) - თანხა 12000 ლარი, სასარგებლოდ. ამავე სანოტარო აქტის თანახმად, შესრულების საგნის: ა) 12000 ლარის გადარიცხვა მოხდა ნოტარიუს მ.გ–ძის მიერ, ნ. გ–ას (დაბ. 22.10.1970წ. პ/ნ .......) განცხადების საფუძველზე, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - GE14BG0000000162043617.

9. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხეების - ნ.გ–იას, ზ.დ–ისა და ნ.დ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონებები, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., 30 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №......; თბილისი, ქუჩა .........., სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მ.ი–ძეს.

10. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ი–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - ნ.გ–იას, ზ.დ–ისა და ნ.დ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონებები, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ....., ბინა №70, 30 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №.......; თბილისი, ქუჩა ...........№6, სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ.ი–ძეს; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2 კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია არსებითი გარემოებები სათანადოდ. კერძოდ, მხარეებს შორის არსებული სხვა სასამართლო დავის მიხედვით, მოპასუხეთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაბათილდა მ.ი–ძის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონებაა კვლად აღირიცხა გ.დ–ის სახელზე. აქედან გამომდინარე, წარმოიშვა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობა - საკუთრების უფლების არარსებობა აღარ დასტურდება.

14.3 ამასთან, სააპელაციო პალატამ პროცესუალური ნორმების დარღვევით მიიღო გ.დ–სა და მ.ი–ძეს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულების მტკიცებულება, მაშინ, როდესაც, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმავე გარემოებების ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამ უკანასკნელმა იმსჯელა.

14.4 კასატორის მტკიცებით, რადგან ბათილად ცნობილია ხელშეკრულება მისი დადების მომენტიდანვე, გამოდის რომ მ.ი–ძის ვინდიკაციური მოთხოვნა დაკმაყოფილდა ისე, რომ მას არ ჰქონდა საკუთრების უფლება.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

22. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

24. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

25. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

26. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას-707-677-2016.) იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა სარჩელი საფუძვლიანია.

27. საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ასევე დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება საქმეზე ას-453-435-2016).

28. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსკ-ის 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც ასკვნის, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში განთავსებული ინფორმაციით, რომლის მიმართაც, თავის მხრივ, არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მანამ, სანამ საპირისპირო არ დასაბუთდება.

29. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ასევე, დადასტურებულია, რომ მესაკუთრე პირდაპირი მფლობელობით ვერ სარგებლობს ნივთით, რადგან აღნიშნული ნივთი მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლით არ ფლობს აღნიშნულ ქონებას, შესაბამისად, ისაა არამართლმზომიერი მფლობელი, ხოლო საპირისრპირო მოსაზრების დადასტურების მტკიცების ტვირთი მან ვერ დაძლია.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, კასაციის შედავების ფარგლებში მიუთითებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით სადავო ქონების მესაკუთრე მ.ი–ძეა, რომლის მესაკუთრეობაც დასტურდება 2024 წლის 15 მაისის ჩუქების ხელშეკრულებით, რომლითაც გ.დ–მა ხელახლა განკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ ვერ დაადგინა მოპასუხის მხრიდან სადავო ქონების მესაკუთრეობის ფაქტი. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.გ–იას, ნ.დ–ისა და ზ.დ–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ.დ–ს მოსარჩელე ნ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით; ზ.დ–ის სასარგებლოდ - 10 000 ლარის ოდენობით; ხოლო, ნ.დ–ის სასარგებლოდ - 8 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელეების მოთხოვნა 2022 წლის 15 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად ბათილად იქნას ცნობილი 15.07.2022 წლის ჩუქების ხელშეკრულება შემდეგ უძრავ ქონებებზე: ქ. თბილისი, ქუჩა ........., 30.00 კვ.მ ფართი ს/კ ......; მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ........., სხვენი, 59.65 კვ.მ ფართი, ს/კ ......... თუმცა, არ დაკმაყოფილდა ნ.გ–ას მოთხოვნა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე უძრავი ქონებების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

31. დამატებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გ.დ–მა მის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, აანაზღაურა მორალური ზიანის ფარგლებში სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, ამავდროულად, ამავე გადაწყვეტილებით მის საკუთრებად დარეგისტრირდა სადავო ქონება, შესაბამისად, საკუთრებითი უფლების ხასიათიდან გამომდინარე, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის მესაკუთრეს ქონებაზე ზემოქმედების ყველანირი ბერკეტი აქვს, იქნება ეს ფლობა, სარგებლობა თუ განკარგვა. განსახილველ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ მესაკუთრეს სამივე კრიტერიუმის განხორციელებაში ხელი ეშლება მოპასუხის მხრიდან ქონების ფლობის კანონიერი საფუძვლის არარსებობის პირობებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას გამორიცხავს.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ., ას-1259-2022, 09.12.2022 წ; N ას-271-2023, 20.04.2023წ., N ას-769-2023, 21.07.2023წ., Nას-789-2023, 29.09.2023წ.; N ას-1166-2023, 17.11.2023წ.; Nას-1083-2023, 26.01.2024წ.).

33. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–იას, ნ.დ–ისა და ზ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.გ–იას (პ.ნ. .......), ნ.დ–სა (პ.ნ. ........) და ზ.დ–ს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ნ.გ–იას (პ.ნ. .......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №24022258246, გადახდის თარიღი 04.10.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი