საქმე №ას-1097-2024 18 ნოემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.მ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ზ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით: ე.მ–ის (პ/ნ ......) სარჩელი, მ.ზ–ის (პ/ნ .......) მიმართ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე.მ–ის სარჩელი მ.ზ–ის მიმართ, საჯარო რეესტრში მ.ზ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ #........, 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ე.მ–ის (პ/ნ .........) სარჩელი მ.ზ–ის (პ/ნ ..........) მიმართ, უძრავი ქონების მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი ........., ს/კ #......., ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ე.მ–ი ცნობილი იქნა საჯარო რეესტრში მ.ზ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი ........., ს/კ #.........½ ნაწილის მესაკუთრედ. მოპასუხე მ.ზ–ს ე.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 37,50 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, რომლითაც ე.მ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ.ზ–ს (პ/ნ ......) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ქუჩა ......., შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 188.12, საცხოვრებელი ფართი: 55.81, დამხმარე ფართი: 116.15, სხვა ფართი: საზაფხულო ფართი 16.16 კვ.მ, საკადასტრო კოდი N.........- 1/3 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ე.მ–მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე განჩინებით ე.მ–ს ხარვეზად დაუდგინდა სააპელაციო საჩივრის დაზუსტება, თუ კონკრეტულად რომელ ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას, მოთხოვნის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა.
4. 2023 წლის 08 ნოემბერს, ასევე 2023 წლის 09 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის წერილი სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების ნაწილში, ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზი ნაწილობრივ ჩაეთვალა შევსებულად და კვლავ გაუგრძელდა ვადა დარჩენილი ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მხარეს უნდა განესაზღვრა მოთხოვნის ღირებულება და
6. სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ან მტკიცებულება, რითაც გათავისუფლებული იყო მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. 2024 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ადვოკატის წერილი, რითაც იგი ითხოვდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს კვლავ იგივე ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 05 დღიანი ვადა განჩინების ჩაბარებიდან.
9. 2024 წლის 28 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ადვოკატის იმავე შინაარსის განცხადება, რითაც კვლავ მოითხოვა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე.მ–მა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა და წარმოებაში უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარი. აპელანტის მიერ ბაჟის გადახდის გადავადება დადასტურდა შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობით, სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი სიის ამონაწერით, ასევე უმუშევრობის ცნობით. ასევე, საჩივრის ავტორის მითითებით, ის იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.
13. სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად უთითებს, რომ მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები. საქმის განხილვის ეტაპზე საჩივრის ავტორმა წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისთვის.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
18. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
20. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
21. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
24. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ ჯამურად სამჯერ, სააპელაციო პალატამ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა. კერძოდ, პირველ ორ შემთხვევაში ათ-ათი დღით, ხოლო მესამედ - ხუთი დღით. სააპელაციო ეტაპზე საქმის ზემოაღნიშნული ვითარება გაგრძელდა დაახლოებით რვა თვის მანძილზე, თუმცა აპელანტმა ხარვეზის ბოლო განჩინებაზე წინა ანალოგიური შუამდგომლობით კვლავ მიმართა სასამართლოს, რაც ამჯერად, სააპელაციო პალატამ აღარ დააკმაყოფილა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული აღნიშნული ვადები გონივრული დრო და შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ან შეევსო ხარვეზი აპელანტს ან, მეორე მხრივ, წარედგინა შესაბამისი სახის ისეთი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებები ბაჟის გადახდის გადავადების ნაწილში აპელანტს უნდა წარედგინა იმ სტანდარტით, რაც ქონებრივი მდგომარეობის სირთულეს უტყუარად დაადასტურებდა. მსგავსი ტიპის მტკიცებულება სასამართლოში მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ კუთხითაც საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა თავისი შედავება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საჩივრის ავტორს 07.2022 წლიდან 07. 2023 წლამდე პერიოდში არ უფიქსირდებოდა შემოსავლები. აღნიშნული ცნობა არ არის საკმარისი ბაჟის გადახდის გათავისუფლების შესახებ, რადგან სრულად არ ასახავს თუნდაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლივი შეფასების ფონზე იმ გარემობას, რომ მხარეს რამე სახის შემოსავალი არ უფუქსირდებოდეს. ასევეა უმუშევრობის შესახებ ცნობასთან მიმართებითაც, აღნიშნული ვერ ჩაითვლება რელევანტურ მტკიცებულებად, რადგან არ გამორიცხავს სხვა გზით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
27. სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან წარმოდგენილია ამონაწერი, რომლის მიხედვითაც საჩივრის ავტორის ოჯახი რეგისტრირებულია სოცილურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თუმცა მათ არ უფიქსირდებათ საარსებო შემწეობის მიღების ფაქტი. აღნიშნული ცნობაც არასაკმარისია, რადგან ბაჟისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია, რომ პირს საარსებო შემწეობა უფიქსირდებოდეს.
28. სააპელაციო ეტაპზე ასევე წარდგენილი იყო 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების კრიტერიუმები კონკრეტულადაა განსაზღვრული, რომელშიც აღნიშნული სტატუსი არ არის გათვალისწინებული, ამიტომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ამ საფუძვლით გაეთავისუფლებინა აპელანტი ბაჟის გადახდისგან.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი