საქმე № ას-1623-2023 2 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მ" (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ფ–ძე (მოსარჩელე აპელანტი)
მეორე კასატორი - ნ.ფ–ძე (მოსარჩელე აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მ" (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დასაქმებულისათვის შენიშვნის და გაფრთხილების გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი) რეგისტრირებულია 2011 წლის 28 ივნისს წელს. აღნიშნული გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალია ქ.ქ.ბ.ბ.
2. 2019 წლის 8 მაისიდან გაერთიანებას აქვს ახალი შინაგანაწესი, ცალკე შინაგანაწესი გააჩნია მის ფილიალს - ქ.ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს.
3. ნ.ფ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დასაქმებული) 2013 წლის 30 მაისიდან გათავისუფლებამდე უწყვეტ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან და ითვლებოდა უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულად.
4. 2018 წლის 14 მარტიდან მუშაობდა ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ქ.ქ.ბ.ბს საქმის მწარმოებლის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 700 ლარს.
5. ქ.ბ.ბს პერსონალს წარმოადგენს საშტატო განრიგით განსაზღვრული ყველა მუშაკი, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შინაგანაწესით.
6. ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად:
7. შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესრულება სავალდებულო იყო გაერთიანებაში მომუშავე ყველა პერსონალისა და მოსწავლეებისათვის. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისას შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი (29.5. პუნქტი)
8. ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ბოტანიკური ბაღის შინაგანაწესის შესაბამისად: შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულო იყო ბოტანიკური ბაღის ყველა თანამშრომლისათვის (1.2. პუნქტი). თანამშრომელს შეეძლო სამუშაო დღის განმავლობაში 14:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის პერიოდში გამოეყენებინა ერთსაათიანი შესვენება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ან მისი არ ყოფნისას ხელმძღვანელის მოადგილის შეტყობინებით, თანამშრომელს შეეძლო შესვენება გამოეყენებინა სამუშაო დღის დროის სხვა მონაკვეთში (მე-8 პუნქტი).
9. თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ შრომის დისციპლინა, შინაგანაწესი და სხვა შიდასამართლებრივი აქტები, გამოეჩინათ ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა, დაეცვათ ეთიკის ნორმები (10 პუნქტი).
10. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2019 წლის 23 აპრილის N1041 ბრძანებით, ბოტანიკური ბაღის საქმის მწარმოებელ ნ.ფ–ძეს, დაკავებული თანამდებობის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისათვის, შინაგანაწესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა - შენიშვნა. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებულია ამავე გაერთიანების შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 11 აპრილის N01/9036 მიმართვა და N4399-01 შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა.
11. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ნ.ფ–ძის დისციპლინური წარმოებას საფუძვლად დაედო - ქ.ბ.ბ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტის სამსახურებრივ კომპეტენციაში უხეშად ჩარევა და დისკრედიტაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2019 წლის 18 მარტს, ნ.ფ–ძემ, ხელმძღვანელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან კომუნიკაციის გარეშე, მოახდინა ჟურნალისტებთან შეთანხმება ბოტანიკურ ბაღში სატელევიზიო ჩაწერასთან დაკავშირებით, რითაც უხეშად ჩაერია სხვა მუშაკის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, ამასთან, გამოიწვია გაუგებრობა და დაძაბულობა თანამშრომლებს შორის.
12. საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათებით, განცხადებებითა და სატელეფონო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 მარტს, ნ.ფ–ძე, ოჯახური პირობების გამო, გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მიუხედავად ამისა, ბოტანიკური ბაღში სატელევიზიო ჩაწერასთან დაკავშირებით მასთან ჟურნალისტების სატელეფონო კომუნიკაციის თაობაზე შეატყობინა ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეს და ბაღის გიდს.
13. ნ.ფ–ძემ, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შენიშვნის გამოყენების შესახებ 2019 წლის 23 აპრილის N1041 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 2019 წლის 20 მაისს, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, სარჩელი გამოიხმო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი.
14. აღნიშნულის შემდგომ, იმავე მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 10 სექტემბერს. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2019 წლის 27 ნოემბრის N3429 ბრძანებით, ბოტანიკური ბაღის საქმის მწარმოებელ ნ.ფ–ძის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სამუშაო საათების არასაპატიო გაცდენისათვის, გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.
15. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დისციპლინური გადაცდომის შემსწავლელი კომისიის N31 დასკვნის თანახმად, ნ.ფ–ძის დისციპლინურ წარმოებას საფუძვლად დაედო - 2019 წლის 29 ოქტომბერს, 16:04 საათზე სამსახურის თვითნებურად დატოვება, ასევე ,,წასვლა- მოსვლის“ ჟურნალში ხელმოუწერლობა, კერძოდ, ამავე წლის 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით.
16. საქმეში წარმოდგენილი ქ.ბ.ბს თანამშრომლების 2019 წლის 11 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნ.ფ–ძე არის კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მუშაკი, გულმოდგინედ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დროულად ცხადდებოდა სამსახურში.
17. ქ.ბ.ბს დირექტორის 2019 წლის 08 აპრილის ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 10 აპრილიდან ამოქმედდა ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ახალი სატაბელო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე კონტროლი დაევალა საქმის მწარმოებელ ნ.ფ–ძეს.
18. ნ.ფ–ძის განცხადების საფუძველზე, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში 2019 წლის 24 ოქტომბერს და 7 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ,,წასვლა-წამოსვლის" აღრიცხვის ჟურნალის ქურდობის და ნ.ფ–ძის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ამჟამად პასუხისგებაში მიცემული არავინ არის, ხოლო ნ.ფ–ძის მიერ მოძალადედ დასახელებული პირი დაკითხულია მოწმის სახით. საქმეზე ნ.ფ–ძე ცნობილია დაზარალებულად.
19. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2020 წლის 24 იანვრის N42 ბრძანებით, ბოტანიკური ბაღის საქმის მწარმოებელ ნ.ფ–ძესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვრიდან.
20. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ამავე გაერთიანების დისციპლინური გადაცდომის შემსწავლელი კომისიის და ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის N01/1857 მიმართვა. გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლად - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ პუნქტები.
21. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დისციპლინური გადაცდომის შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, ნ.ფ–ძის დისციპლინურ წარმოებას საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტები - სამსახურში თვითნებური გამოუცხადებლობა, მხოლოდ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის მოადგილესთან და არა ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რაც საკმარისი არ იყო; ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე აღრიცხვის ჟურნალის წაღება, მისი ასლის განცხადებაზე დართვის მიზნით; 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ,,წასვლა-მოსვლის“ აღრიცხვის ჟურნალზე ხელმოუწერლობა; ხელმძღვანელი პირისა და მთავარი სპეციალისტის მიმართ ცრუ ბრალდებები; ჟურნალის მოპარვის დაბრალება, რაზეც დაიწყო გამოძიება; მასთან შენახული ბრძანების დედნის დაკარგვა; თანამშრომლებისადმი ცუდი დამოკიდებულება, მათ მიმართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა.
22. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოქმედი შრომის შინაგანაწესი, 2019 წლის 8 მაისიდან, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების ჩამონათვალში აღარ ითვალისწინებს „შენიშვნას“.
23. 2019 წლის 08 ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ნ.ფ–ძე გადიოდა მკურნალობას, ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკის ამბულატორიულ განყოფილებაში (კრიზისული ინტერვეცია) დიაგნოზით: დეპრესიული ეპიზოდი (F32).
24. სასარჩელო მოთხოვნა და ფაქტობრივი საფუძვლები
ნ.ფ–ძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმე აღძრა ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წინააღმდეგ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2019 წლის 23 აპრილის №1041 ბრძანება, მის მიმართ შენიშვნის გამოცხადების შესახებ; 2. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2019 წლის 27 ნოემბრის №3429 ბრძანება, მის მიმართ გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; 3. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2020 წლის 24 იანვრის №42 ბრძანება, მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 4. აღდგეს ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის - ქ.ბ.ბს საქმის მწარმოებლის პოზიციაზე; 5. მოპასუხე ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, მის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 24 იანვრიდან, ყოველთვიურად დასარიცხი 700 ლარის და ხელზე ასაღები 560 ლარის ოდენობით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე; 6. სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის და არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში, გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 7. მოპასუხე ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას დაეკისროს, მის სასარგებლოდ, დამსაქმებლის ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალადობითა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებით გამოწვეული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
25. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასარჩელი არ ცნო.
26. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: 1. ნ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის 2019 წლის 27 ნოემბრის №3429 ბრძანება, ნ.ფ–ძის მიმართ გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; 2. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის 2020 წლის 24 იანვრის №42 ბრძანება, ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - „ქ.ბ.ბს“ საქმის მწარმოებლის ნ.ფ–ძის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 3. ნ.ფ–ძე აღდგენილ იქნა დათხოვნამდელ თანამდებობაზე - ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის „ქ.ბ.ბს“ საქმის მწარმოებლად; 4. მოპასუხე ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“ დაეკისრა მოსარჩელე ნ.ფ–ძის სასარგებლოდ იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 24 იანვრიდან, ყოველთვიურად დასარიცხი 700 ლარის და ხელზე ასაღები 560 ლარის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე; 5. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის და არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 6. მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
27. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
28. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
29.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ.ფ–ძე აღდგენილი იქნა დათხოვნამდელ თანამდებობაზე - ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ქ.ბ.ბს საქმისმწარმოებლად (გადაწყვეტილების 1.3. პუნქტი) და რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება (გადაწყვეტილების 1.4.პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. "ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა - 2022 წლის 24 იანვრიდან, ყოველთვიურად 750 ლარის (დარიცხული) ოდენობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩ აუცვლელად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეა (დამსაქმებელი) ვალდებული, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები.
29.2. პალატამ განმარტა, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესით დისციპლინური ზემოქმედების ზომა ,,შენიშვნა" აღარ არსებობდა, შესაბამისად, ის გათვალისწინებული არ იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას. მას რაიმე შედეგი არ გამოუწვევია და ვერც მომავალში გამოიწვევს, მოსარჩელეს მოთხოვნილი არ აქვს რაიმეს მიკუთვნება. ასეთი გარემოებების არსებობისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ფ–ძეს არ აქვს შენიშვნის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისადმი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, რადგან, ითვლება, რომ მას არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური ზემოქმედების ზომა ,,შენიშვნა". აღნიშნული გარემოება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
29.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს 2019 წლის 27 ნოემბრის N3429 ბრძანებაზე, რომლითაც ბოტანიკური ბაღის საქმის მწარმოებელ ნ.ფ–ძის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სამუშაო საათების არასაპატიო გაცდენისათვის გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ვერ მიიჩნია იმ გარემოება, რომ ,,წასვლა-მოსვლის“ ჟურნალში, 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ნ.ფ–ძის ხელმოუწერლობა გამოწვეული იყო მისი ბრალით. აღსანიშნავია ისიც, რომ დამსაქმებელი სადავოდ არ ხდის ამ პერიოდში ნ.ფ–ძის სამსახურში გამოუცხადებლობას, იგი დავობს მხოლოდ აღრიცხვის ჟურნალში ხელმოუწერლობაზე, რაც, თავისთავად, არ წარმოადგენს უხეშ/მძიმე დარღვევას.
29.4. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, დამსაქმებელმა სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს, 16:04 საათზე ნ.ფ–ძემ სამსახური თვითნებურად დატოვა. ნ.ფ–ძის მტკიცებით, მან სამსახური დატოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო. აღნიშნულის თაობაზე მან გააფრთხილა მმართველის მოადგილე, ხოლო სადავო დროის მონაკვეთში უშუალოდ მმართველის სამსახურში ყოფნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. 1 საათიანი შესვენების (14:00-15:00სთ.) დროის სხვა პერიოდში გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებდა დამსაქმებლის შინაგანაწესიც, უშუალო ხელმძღვანელის ან, მისი არ ყოფნისას, ხელმძღვანელის მოადგილის შეტყობინებით. საქმეში წარმოდგენილი ქ.ბ.ბს თანამშრომლების 2019 წლის 11 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად კი, ნ.ფ–ძე გულმოდგინედ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დროულად ცხადდებოდა, მთელ სამუშაო დროს სამსახურს ახმარდა. ასევე, სარჩელში აღნიშნული ბრძანებების გამოცემამდე, ნ.ფ–ძის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
29.5. ამ ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა ნ.ფ–ძისათვის გაფრთხილების გამოცხადების საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა, რის გამოც გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო, რაც, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას გამორიცხავს.
2.6. პალატამ მიუთითა, რომ ნ.ფ–ძის გათავისუფლებას და მის მიმართ წინა დისციპლინური სახდელების დადებას საფუძვლად დაედო თითქმის ერთიდაიგივე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ - სამსახურში თვითნებური გამოუცხადებლობა; 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, აღრიცხვის ჟურნალზე ხელმოუწერლობა; თანამშრომლებისადმი ცუდი დამოკიდებულება, მათ მიმართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა. აღნიშნული კი დაუშვებელია როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ისე (ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შინაგანაწესის 29.5 მუხლით, სადაც მითითებულია, რომ შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისას შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
29.7. ნ.ფ–ძის მიერ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რადგან ნ.ფ–ძის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის მიმდინარეობაც არ დასრულებულა, წინასწარ შეუძლებელია ითქვას, რომ ნ.ფ–ძე ცრუ ბრალდებას ავრცელებდა. ნ.ფ–ძის მიერ აღრიცხვის ჟურნალის წაღება, მისი ასლის განცხადებაზე დართვის მიზნით, კი არ წარმოადგენს იმგვარ მძიმე დარღვევას, რაც გამორიცხავდა მის მიმართ უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას.
29.8. სააპელაციო პალატამ საბოლოოდ მიიჩნია, რომ ზემოთ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამე სახის უხეშ დარღვევას, რაც გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებლის მოქმედება, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულება, არამართლზომიერია - სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54- ე მუხლის თანახმად, ამ საფუძვლით სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
30. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
30.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
30.2. კასატორის მტკიცებით, ის, რომ შენიშვნის, როგორც პასუხისმგებლობის ზომას გაერთიანების მოქმედი შინაგანაწესი აღარ ითვალისწინებს არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს უკარგავს იურიდიულ ინტერესს. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე განხორციელებული არაკეთილსინდისიერი მოქმედების საფუძვლის, როგორც შენიშვნის მიცემის არსებობის შემთხვევის კვლევა. ასეთი სახის ინტერესი დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც განსხვავებულად განსაზღვრა სააპელაციო პალატამ.
30.3. მართალია, სამართლებრივად არარსებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას შრომით ურთიერთობაში ვერავინ გამოიყენებს, მაგრამ არჩადენილ დარღვევებს ხელოვნურად და უფლებამოსილების გადამეტებით შერაცხავდა ბრალად დამსაქმებელი დასაქმებულს. დასაქმებულს აქვს ლეგიტიმური უფლება, მართლმსაჯულებისგან მოითხოვოს შესაბამისი კანონსაწინააღმდეგო აქტების ბათილად ცნობა და ამით ბოლომდე აღიდგინოს თავისი დარღვეული უფლებები. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიზნების რეალურ მისაღწევად და არ წარმოადგენს მისი დარღვეული უფლების ეფექტურ აღდგენას. სხვაგვარად, თუ კი ბრძანება ძალაში დარჩება, ნ.ფ–ძის წინააღმდეგ მიმავალ შრომით ურთიერთობებში შესაძლოა ყოველთვის იქნეს გამოყენებული, რადგან ასეთი სახის ინფორმაცია თანამშრომლის ისტორიაში რჩება.
30.4. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რადგან რეალურად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ თითქოს პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს არ შეესაბამება სინამდვილეს.
30.5. პირველმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს რომ თითქოს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილი არ არის ბრალეული პირი, ასევე პალატამ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს დაუდგენელია დაზიანება ნ.ფ–ძემ დამსაქმებლის ტერიტორიაზე მიიღო თუ არა. ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს დასაქმებულის უსაფრთხო გარემოში მუშაობის ვალდებულებას, რაც დაარღვია დამსაქმებელმა. 07.11.2019 წელს მოწინააღმდეგე მხარის ხელმძღვანელის მოადგილის გია ხუციბერიძის სამუშაო კაბინეტში გამოძახებულ ნ.ფ–ძის მიმართ შელაპარაკების ნიადაგზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც მოსარჩელემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მსუბუქი ხარისხისაა. სწორედ ამ პერიოდში, დამსაქებლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მოსარჩელეს მოუწია ამბულატორიული კურსის გავლა შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ ქუთაისის კლინიკაში. სწორედ აქედან გამომდინარე, გამართლებულია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში განგრძობითად მოსარჩელე იმყოფებოდა მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში.
30.6. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი, რადგან არა თუ მოსარჩელე, არამედ მოპასუხე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ მის ტერიტორიაზე არ მომხდარა მოსარჩელის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, რადგან მოპასუხე ვერ დაადასტურებდა საწინააღმდეგოს, სასარჩელო მოთხოვნაც დაკმაყოფილდებოდა. სასამართლომ კი აღნიშნა, რომ თითქოს არ დგინდება მოსარჩელის ფიზიკური დაზიანების მიღების ფაქტი დამსაქმებლის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს ვარაუდს და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
31. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
31.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
31.2. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რადგან არ გაიზიარა ის მტკიცებულებები და ბრძანებები, სადაც კონკრეტულადაა დასაბუთებული მოსარჩელის მიმართ გამოტანილი როგორც გაფრთხილების ისე გათავისუფლების საფუძვლები. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. ამავდროულად, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა კომპენსაციის დაკისრებაზე, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ის არ იყო, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოთხოვნის ფარგლებს გასცდა. ასევე დაუსაბუთებელია კომპენსაციის ოდენობაც თუ რა წესით გამოთვალა ის სასამართლომ. თავის მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე კომპენსაციის ყოველთვიური ოდენობის განსაზღვრა არ არის სამართლიანი, რადგან 2022 წლის დან მოყოლებული თავად სასამართლომ გააჭიანურა საქმის განხილვა.
32. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
32.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის, ასევე 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებებით ორივე საკასაციო საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
32.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
36. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით განხილვამდე, სასამართლო განსაზღვრავს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობების სისტემურობას, კერძოდ, რადგან მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა მოიცავს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნულს განიხილავს, ხოლო შემდგომ შეეხება სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც ორივე მხარის მიერ გასაჩივრდა და ერთმანეთთანაა კორელაციაში.
37. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელე უთითებს, რომ დამსაქმებლის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა შეუქმნა ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც დასჭირდა შესაბამისი მკურნალობა. ამიტომ ითხოვს მორალური ზიანის კომპენსირებას.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება, სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა).
39. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხი, რისი დასაბუთების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ამისთვის, უნდა დადგინდეს ზიანის, მართლსაწინააღმდეგოობის, ბრალეული ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის კუმულაციური ბმა მოსარჩლის სხეულის დაზიანების ან ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებასთან. სწორედ ამის შემდეგ შეეძლება დაზარალებულს მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. „სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველს მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874- 2014); მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას. მორალური ზიანის ანაზღაურებისას შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის წარმომშობი გარემოების (შედეგის) დარღვევამდე არსებულ პირობებში ჩააყენებდა პირს. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზანს ემსახურება. მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. ამდენად, მორალურ ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული. მორალური ზიანის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროში ნეგატიური შედეგების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც თავისმხრივ კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა.
40. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნ.ფ–ძის განცხადების საფუძველზე, შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუმცა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ამჟამად პასუხისგებაში მიცემული არავინ არ არის, ხოლო ნ.ფ–ძის მიერ მოძალადედ დასახელებული პირი დაკითხულია მხოლოდ მოწმის სახით და საგამოძიებო ორგანოს მიმართვიდან ირკვევა, რომ მისი ბრალეულობის გადასაწყვეტად საკმარისი მტკიცებულებები არ მოპოვებულა.
41. მოსარჩელემ წარმოადგინა ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის 08 ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადიოდა მკურნალობას ფსიქიატრიული კლინიკის ამბულატორიულ განყოფილებაში, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტი, თუ ის არ იქნება დასახელებულ კუმულაციურ წინაპირობათა ლოგიკურ ბმაში არგუმენტირებულად, შინაარსობრივად მითითებული, განყენებულად ვერ შექმნის შესაბამისი ნორმის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. რადგან მისი წარდგენით მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ მისი მკურნალობა უშუალოდ, მიზეზობრივად განპირობებული იყო სწორედ რომ თანამშრომლის ბრალეული ქმედებით, ან, დამსაქმებლის ტერიტორიაზე, საკასაციო პალატა იზიარებს მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ზემოაღნიშნული კუმულაციური პირობებიდან ვერც ერთის დადასტურება ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
42. რაც შეეხება სამსახურში აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე კომპენსაციის დაკისრების ნაწილში წარდგენილ ორივე საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნები ერთიანად უნდა იქნეს განხილული, რადგან სამსახურში აღდგენა თავისთავად გამორიცხავს კომპენსაციის დაკისრებას.
43. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთის მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე რომ, აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია გამართლებული იყოს, როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
44. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
45. რადგან მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
46. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრების შემდგომ უცვლელად დატოვა სააპელაციო პალატამ, ხოლო საკასაციო ეტაპზე აღარ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეფასების საგანია მხოლოდ დასაქმებულის სამსახურში აღდგენის, ასევე კომპენსაციის დაკისრების მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
47. იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიცია ისევ იყოს ვაკანტური ან შესაძლებელი იყოს ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენა. ამიტომ, მხარეები ვალდებული არიან სწორედ ამ ნაწილში შეძლონ თავიანთი პოზიციის დადასტურება. ამ მიზნით, მოპასუხე მხარემ სააპელაციო ეტაპზე წარადგინა მტკიცებულება, სადაც სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თანამდებობა, რომლიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა, ასევე მისი ტოლფასი სამუშაო პოზიცია, აღარ არსებობს.
48. სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. (შდრ: №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49).
49. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო ეტაპზე მოპასუხის მიერ წარდგენილი ახალი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს საპატიოობის იმ სტანდარტს, რაც ზემოაღნიშნულ ნორმით არის განსაზღვრული. მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა ისეთი სახის ობიექტურ გარემოებებზე, რომლებიც გაამართლებდა ახალი გარემოების პირველ ინსტანციაში წარდგენის შეუძლებლობას, შესაბამისად, ამ გაგებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება დაეშვა აღნიშნული მტკიცებულება და ამის საფუძველზე დაედგინა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სამუშაო პოზიცია, როგორც არარსებული. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ნ.ფ–ძის სამსახურში აღდგენას, ხოლო, მეორე მხრივ, აღდგენის ნაცვლად სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული კომპენსაციის გაუქმებას.
50. აქვე, კომპენსაციის სასამართლოს ინიციატივით დანიშვნის შესახებ კასატორის მიერ წარდგენილ პრეტენზიაზე საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების 43-ე აბზაცში მითითებულ ნორმაზე, რომელიც ზოგადად დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს ინიციატივით კომპენსაციის დაკისრებას თუ არ იქნება შესაძლებელი სამსახურში აღდგენის ან სხვა ალტერნატივების გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
51. რაც შეეხება განაცდურის დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
52. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
53. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასევე არსებობს განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობაც, რის გამოც, ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე ნ.ფ–ძის სასარგებლოდ იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 24 იანვრიდან, ყოველთვიურად დასარიცხი 700 ლარის და ხელზე ასაღები 560 ლარის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3, და მე-4 პუნქტები, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის (უსწორობის გასწორების შესახებ) განჩინების პირველი პუნქტი;
4. ნ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1. ნ.ფ–ძე აღდგეს ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ საქმისმწარმოებლის პოზიციაზე;
4.2. ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ დაეკისროს მოსარჩელე ნ.ფ–ძის სასარგებლოდ იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 24 იანვრიდან, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 560 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით) ოდენობით წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების მომენტამდე;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. ნ.ფ–ძეს (პ.ნ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №19757008418, გადახდის თარიღი 12.12.2023) 500 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 200 ლარი;
7. ა(ა)იპ „ქ.ბ.ბ-მს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი - 1050 ლარი;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე