Facebook Twitter

საქმე №ას-1372-2024 9 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ტ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ჯ.ტ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9981.67 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2022 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელეს („შემსყიდველს“) და მოპასუხეს („მიმწოდებელს“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-250, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ნავთობის, ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების (სხვადასხვა დასახელების საპოხი მასალა, CPV კოდი 09200000) შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45 430 ლარს;

2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დეტალურად იქნა გაწერილი: მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე ფულადი სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისათვის;

2.3. ხელშეკრულების დანართის თანახმად, მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა: საავიაციო ზეთი, რუსეთი/ ООО КВАЛИТЕТ АВИА ВО-12, 162 ლიტრი, ღირებულებით 34 830 ლარი, საავიაციო ზეთი, კანადა/АЕROSHELL OIL 100 ლიტრი, ღირებულებით 5500 ლარი და ჰიდრავლიკის სითხე, საფრანგეთი/NYCO/NYCO HYDRAUNYCOIL FH 51, 100 ლიტრი, ღირებულებით 5100 ლარი. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში - 2022 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;

2.4. 2022 წლის 02 დეკემბერს მოპასუხემ შემსყიდველს ვადაში მიაწოდა 5100 ლარის ღირებულების ჰიდრავლიკის სითხე, NYCO HYDRAUNYCOIL FH51 (20 L) 100 ლიტრი, ხოლო 2023 წლის 15 მარტს (99 დღის დაგვიანებით) - საავიაციო ზეთი, AEROSHELL OIL 100 (1QT), 100 ერთეული, 5500 ლარის ღირებულებით და საავიაციო ზეთი, OIL BO-12, 162 ლიტრი, ღირებულებით 34 830 ლარი;

2.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით;

2.6. ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე (45 430 ლარი), შემსყიდველმა მიმწოდებელს საქონლის 99 დღის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო დააკისრა ჯარიმა, ჯამში 11 243.93 ლარის ოდენობით;

2.7. მოპასუხის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელემ აღძრა სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში, მიმწოდებელი მხარე - მოპასუხე, მართალია, ადასტურებს და არ უარყოფს საქონლის დაგვიანებით მიწოდების ფაქტს და პრეტენზია არც ვადაგადაცილების დღეებთან დაკავშირებით გააჩნია, თუმცა სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაში საკუთარი ბრალეულობის გამორიცხვის დასადასტურებლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტები - საავიაციო ზეთი, ООО КВАЛИТЕТ АВИА ВО-12 და საავიაციო ზეთი, АЕROSHELL OIL 100, უნდა მიეღო რუსეთის ფედერაციიდან შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მდებარეობს ბულგარეთში, თუმცა საერთაშორისო სანქციებმა, რაც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, გამოიწვია დაბრკოლება და შესაბამისად, სახელშეკრულებო ვადების დარღვევა. ამდენად, სახეზეა ფორსმაჟორულ გარემოებათა გამო მიმწოდებლის არაბრალეულობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვადის ფორსმაჟორულ გარემოებათა არსებობის გამო ვადაგადაცილების თაობაზე და, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის თაობაზე მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დაასკვნა, რომ სახეზე იყო შემსყიდველის სასარგებლოდ მიმწოდებლისათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-250 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა კანონისმიერი წინაპირობა, რაც სრულად გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, „ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან“.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სიტუაციის ფორსმაჟორად შეფასება უნდა მოხდეს ფაქტების კონსტანტაციის საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც გულისხმობს გარკვეული წინაპირობების კუმულაციურად არსებობას: გარემოება წარმოშობილი უნდა იყოს მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ასევე მხარეებს არ უნდა შეეძლოთ მისი გათვალისწინება ხელშეკრულების დადებისას, გარემოება უნდა იყოს მხარის კონტროლის სფეროს მიღმა და ეს უკანასკნელი შეუძლებელს უნდა ხდიდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ასევე უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი წარმოშობილ გარემოებასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის.

7. პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში განვითარებული მსჯელობა ცხადყოფს, რომ სასამართლომ მართებულად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, დეტალურად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა პოზიცია, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მართებულად დაასკვნა: ხელშეკრულება გაფორმებულია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დაახლოებით 7 თვის შემდეგ. მოპასუხე, მიუთითებს რა ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილების მიზეზად რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე, ვერ ადასტურებს, კონკრეტულად როგორ შეეხება ეს სანქციები მოსარჩელის მიმართ მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. მოპასუხის მხრიდან შუამავალი კომპანიისათვის პროდუქციის შესაძენად თანხის ჩარიცხვა არ ადასტურდებს მის მიერ მითითებულ გარემოებას ვალდებულების დარღვევაში მისი ბრალის გამოსარიცხად. მხოლოდ მხარის განმარტება საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო ტვირთის გადაზიდვის ლოჯისტიკის გართულებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლიდან საავიაციო ზეთის AEROSHELL OIL 100 მწარმოებელ ქვეყნად მითითებულია კანადა. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ამ საქონლის მიწოდების ვადაგადაცილების მიზეზად რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების თაობაზე აპელირება.

8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე კომპანიამ 2022 წლის 20 დეკემბერს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის ამოწურვიდან ორი კვირის შემდგომ მიმართა შემსყიდველს წერილობით აღნიშნული ვადის 2023 წლის 25 იანვრამდე გაგრძელების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ ვერც მის მიერ მითითებულ ვადებში - 2023 წლის 15-20 იანვრის პერიოდში ვერ უზრუნველყო პროდუქციის მიწოდება. შემსყიდველს მხოლოდ 2023 წლის 15 მარტს (99 დღის დაგვიანებით) მიეწოდა საავიაციო ზეთი, AEROSHELL OIL 100 (1QT), 100 ერთეული, 5500 ლარის ღირებულებით და საავიაციო ზეთი, OIL BO-12, 162 ლიტრი, ღირებულებით 34 830 ლარი.

9. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო შემსყიდველისათვის და ასევე სასამართლოსათვის წარედგინა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებების არსებობის თაობაზე სათანადო მტკიცებულებები.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც შესრულების ვადაგადაცილების ფაქტი უდავოა, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ ობიექტურ გარემოებათა არსებობა და ამ გარემოებათა არსებობის თაობაზე კონტრაჰენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმირება კი საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის აპელირება შემსყიდველი მხარის მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ხელშეკრულებაში თუნდაც ერთი მხარის სასარგებლოდ არსებული ჩანაწერი პირგასამტეხლოს შესახებ არ არღვევს არც საკანონმდებლო და არც მორალურ პრინციპებს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი ფინანსურად უკეთეს პირობებში აღმოჩნდებოდა, რამდენადაც როგორც კანონი (სსკ-ის 352-ე მუხლი, 407- ე), ასევე „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 11.3 პუნქტი, ხელშეკრულების შეწყვეტისას მეორე მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით.

11. სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებისა და მისი შემცირების კუთხით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის, რომელიც მეწარმე სუბიექტია, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული 9981.67 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მიმწოდებლისათვის დაკისრება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაანგარიშებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), მაგრამ არა ხელშეკრულების, არამედ ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან, სრულად უზრუნველყოფდა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობდა მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

13. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, რაც 455 ლარს შეადგენს. ამავე ხელშეკრულების 10.6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც 2271 ლარს შეადგენს, ხოლო ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ვადების გადაცილებისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო 0,25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე უსამართლოდ (11 243,93 ლარი) 99 დღეზე და რაც შეუსაბამოდ მაღალია;

13.2. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია რამდენიმე ჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და ამაზე მოსარჩელეც თანახმა იყო, მოსარჩელემ ფორმალურად მაინც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც ბიზნესს სერიოზულ დარტყმას აყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე შეწყვეტდა ხელშეკრულებას და ამაზე გაცილებით ნაკლები თანხა გახდებოდა სადავო;

13.3. ეს კონკრეტული მიწოდება მოპასუხისთვისაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან მოდიოდა თავად ეს თხოვნა და ამ შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე მოგებაზე კი არ იყო მიმართული, არამედ მხოლოდ ერთი მიზანი არსებობდა, რომ ბოლომდე მიწოდებულიყო საქონელი და ზიანი არ მიდგომოდა მოსარჩელე მხარეს, რაც შესრულდა კიდეც იმ ვადაში, რისი შესაძლებლობაც იყო;

13.4. საკასაციო პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების დროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014), რომლის თანახმად, ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის;

13.5. მოპასუხემ 2022 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელეს მიაწოდა ჰიდრავლიკის სითხე, ხოლო დანარჩენი პროდუქცია ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი - საავიაციო ზეთი, ООО КВАЛИТЕТ АВИА/ВО-12 მოპასუხეს უნდა მიეღო რუსეთის ფედერაციიდან საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც მდებარეობს ბულგარეთში. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიმართ განხორციელებულმა საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია დიდი ლოჯისტიკური დაბრკოლება და, შესაბამისად, მიწოდების ვადების დარღვევაც. აღნიშნული ფაქტები ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. სასამართლომ კი არ იმსჯელა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტები, რაც იყო წარმოდგენილი მოპასუხის მიერ, თუ რამ გამოიწვია მიწოდებული საქონლის დაგვიანება, რომ მოპასუხეს შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება, მაგრამ, პირიქით, მოსარჩელის თხოვნა იყო, რომ საქონელი მიწოდებულიყო, რის გამოც, პირიქით, მოპასუხეს დაეკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

13.6. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ კეთილსინდისიერად და დროულად აანაზღაურა პროდუქციის პროფორმა ინვოისი შუამავალ კომპანიასთან (იხ. დანართი, საბანკო ამონაწერი), შექმნილმა გარემოებამ მაინც არაპროგნოზირებადი გახადა პროდუქციის მიწოდების ვადების განსაზღვრა. 2022 წლის 20 დეკემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს (იხ. დანართი, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის წერილი), სადაც აღწერილია შექმნილი ფორს-მაჟორული გარემოებები და მოპასუხე ასევე მუდმივად იყო კონტაქტზე ტელეფონის მეშვეობით. მოპასუხეს სასაზღვრო პოლიციაში, პირიქით, უთხრეს, რომ გაეგრძელებინა მიწოდება, ვინაიდან ახალი ტენდერის გამოცხადება მეტ დროსთან იყო დაკავშირებული და არ იყო იმის გარანტია, რომ ვინმე მოპასუხეზე სწრაფად მიაწვდიდა საქონელს მოსარჩელეს ან საერთოდ მიაწვდიდა თუ არა;

13.7. მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 45430 ლარს, ხოლო მისი 5% გამოდიოდა 2271 ლარი, პირგასამტეხლომდე საქმე არ მივიდოდა, მოპასუხე გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას და გააგრძელებდა ჩვეულებრივად საქმიანობას, მაგრამ მოპასუხეს ეს არ გაუკეთებია ზუსტად იმის გამო, რომ თავად მოსარჩელე მხარეს აწყობდა პროდუქციის მიწოდება მიუხედავად დაგვიანებისა და გამოვიდა ისე, რომ მოპასუხე ამისათვის დაისაჯა და მოსარჩელე სთხოვს შეუსაბამოდ მაღალი თანხის გადახდას, რაც ნამდვილად უსამართლოა და არანაირად არ ეკუთვნის მოპასუხეს მისი გადახდა;

13.8. რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებული სანქციების შემდეგ, მოპასუხისა და მისი შუამავალი ბულგარული კომპანიის დიდი მცდელობის შედეგად შესაძლებელი გახდა ორივე პროდუქტის გამოტანა რუსეთის ფედერაციიდან და ტვირთი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაწოდეს ბოლომდე მოსარჩელეს. მართალია, მოპასუხეს ეგონა, რომ უფრო ადრეც შეძლებდა მიწოდებას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ფორს-მაჟორზე და ცალსახად აღნიშნა, რომ მოპასუხეს უნდა მოეთხოვა წერილობითი დასტური მოსარჩელისგან, თუმცა მოპასუხეს მიაჩნია, რომ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გიცხადებს თუნდაც ზეპირად ასეთ თხოვნას და თან ისეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როგორც საზღვრის დაცვაა, არ გიჩნდება იმის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ამისთვის სასამართლოში აღმოჩნდე და მოგიწიოს დავა. კომპანიის დირექტორი პირადად შეეცადა და ყველა ღონე იხმარა, რომ თუნდაც მოგების მიღების გარეშე მიეწოდებინა აღნიშნული საქონელი, ხოლო იმ პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილ ტვირთებზე არავინ არანაირ საბუთს არ გასცემდა და ეს იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომელსაც საბუთი არ სჭირდება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია მოპასუხე კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

20. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

21. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

22. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

23. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

24. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.3. პუნქტით გათვალისწინებულია შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე (45 430 ლარი), შემსყიდველმა მიმწოდებელს საქონლის 99 დღის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო დააკისრა ჯარიმა, ჯამში 11 243.93 ლარის ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 და 2.6 ქვეპუნქტები). პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი განსაზღვრა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, კერძოდ, 40 330 ლარიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%, რაც გადაცილებულ 99 დღეზე შეადგენს 9 981.67 ლარს. აღნიშნული ოდენობა გონივრულად მიიჩნია სააპელაციო პალატამაც.

27. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ასევე უთითებს, რომ ვადის გადაცილება არ იყო მისი ბრალით გამოწვეული. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი მოპასუხეს უნდა მიეღო რუსეთის ფედერაციიდან საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც მდებარეობს ბულგარეთში. რუსეთის ფედერაციის მიმართ განხორციელებულმა საერთაშორისო სანქციებმა კი გამოიწვია დიდი ლოჯისტიკური დაბრკოლება და, შესაბამისად, მიწოდების ვადების დარღვევაც.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. „თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი“ (იხ. სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019 წელი, მუხლი 417, გვ. 789).

29. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას [სსკ-ის მე-400 მუხლი]. ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული [სსკ-ის 401-ე მუხლი].

30. ამდენად, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

31. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ აღსანიშნავია, რომ მოვალის პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებათა დადასტურება და კვლევა მოვალის მტკიცების საგანში შედის [სსსკ-ის 102.1 მუხლი: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს].

32. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებსა და მის მიერ შესრულების ვადის გადაცილებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა. რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით უნდა დაადასტუროს, რომ ამ სანქციების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესრულების ვადის გადაცილებასთან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებების არსებობის თაობაზე სათანადო მტკიცებულებები. შესაბამისად, მისი საკასაციო პრეტენზია ვადის გადაცილებაში მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე უსაფუძვლოა.

33. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხს, საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (იხ. სუსგ საქმე №ას-768-2024, 8 ნოემბერი, 2024 წელი). საკასაციო პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

34. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას. ამასთან, მოპასუხე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 9981.67 ლარი გონივრულია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ - ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, საქმის კონკრეტული გარემოებების და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობის მისი შემცირების ან გაუქმების საფუძველი.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ჯ.ტ–ს“ (საიდ. ნომერი: .....) დაუბრუნდეს თ.გ–ძის (პ/ნ: .........) მიერ 2024 წლის 4 ოქტომბერს №8254 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე