საქმე №ას-1422-2024 16 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ.ი–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე.კ.ი–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი მერიის მიმართ დაკმაყოფილდა; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2190 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ლ.ა–ძესა და მ.ნ–აზე გაიცა რეცეპტები №2213760 და №2215918. რეცეპტების მოქმედების ვადა იყო 2023 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;
2.2. 2023 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელე კომპანიამ ლ.ა–ძეს მიაწოდა 730 ლარის ღირებულების მედიკამენტი, ხოლო მ.ნ–ას კი - 1460 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომლის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ მერიას მიმართა 2023 წლის 16 ნოემბერს;
2.3. მოპასუხემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629.1 მუხლით და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ანგარიშგებისას რეესტრში წარდგენილ თითოეულ შემთხვევაზე სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის წარდგენა ის ფორმალური მოთხოვნაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მიმწოდებელი შესრულებული სამუშაოს წარდგენის დროს. ამგვარი ვალდებულება დადგენილია საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მენარდემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას და, ამასთან, შესრულებული ვალდებულების მოთხოვნა წარადგინა ვადაში, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმგვარი შედავება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რეესტრის წარუდგენლობის გამო მოთხოვნის უსაფუძვლობაში, მით უფრო, როდესაც საუბარია სოციალურ პროექტზე, რომლის უპირატესობაც სწორედ აღნიშნული პროექტის მიზნის განხორციელებაა ბენეფიციარის სასარგებლოდ. შესაბამისად, შემთხვევათა ელექტრონულ რეესტრში დაშვებული ტექნიკური შეცდომა არ წარმოადგენს იმ სახის დარღვევას, რომელიც გადაწონიდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მისაღებ სოციალურ სარგებელს. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემთხვევათა რეესტრის წარუდგენლობა არ იყო მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ის შემთხვევა, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის დოკუმენტური ინსპექტირების შემდგომ ხორციელდება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ წერილის მომზადება, მიმწოდებლისათვის თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით;
6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №15-0123320980 წერილით დგინდება შემდეგი: სასაქონლო ზედნადების ასლები და ელ.ფორმის „შემთხვევათა რეესტრი“ არ იყო თანხვედრაში ერთმანეთთან. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებში მითითებულია, რომ მოქალაქე მ.ნ–აზე გაიცა მედიკამენტი ორი ერთეული, ხოლო „შემთხვევათა რეესტრში“ დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი. შესაბამისად, გამოკვეთილი იყო უზუსტობა, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებსა და „შემთხვევათა რეესტრში“ გაცემული მედიკამენტების რაოდენობა არ ემთხვეოდა ერთმანეთს; შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა ანაზღაურდება ნაწილობრივ - „შემთხვევათა რეესტრში“ დაფიქსირებული ოდენობების მიხედვით. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა 10/01233112610-15 შესრულებულ სამუშაოზე დამატებით წარმოედგინა დაზუსტებული ინვოისი, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა შემთხვევათა რეესტრთან, თუმცა მოსარჩელის მხრიდან დამატებით დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა;
6.3. „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ გათვალისწინებული მოსარგებლეების განცხადებების განხილვა სამედიცინო მომსახურების/სხვა სამედიცინო საჭიროების დაფინანსების თაობაზე კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, მერია ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ ანგარიშსწორებისას რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე დადგენილი ფორმის შესაბამისად შემთხვევათა რეესტრის წარდგენა თითქოს ფორმალური მოთხოვნაა და ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენდა. იმ პირობებში, როდესაც მხარეს გაეგზავნა 2023 წლის 16 ნოემბრის №15-0123320980 წერილი, რომლითაც მოსარჩელე კომპანიას ეცნობა დამატებით წარმოედგინა დაზუსტებული ინვოისი, რომელიც არ წარმოადგინა, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი დადგენილების ფარგლებში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს მხარე სარჩელის დაკმაყოფილებას;
6.4. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მხარეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების (მედიკამენტების მიწოდების) ანაზღაურების მართლზომიერების საკითხს და ვალდებულების არარსებობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა სამუშაოს სათანადო წესით წარდგენის ვალდებულება.
12. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესით“. ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას (მუხლი 3.1). საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე; გ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში (8.3 მუხლი). საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას (8.4 მუხლი).
13. დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ლ.ა–ძესა და მ.ნ–აზე გაიცა რეცეპტები №2213760 და №2215918 (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი). მ.ნ–აზე გაიცა რეცეპტი N2215918 მედიკამენტზე ბიოლევოქსი, 2 ერთეული, ერთეულის ფასი 730 ლარი, ჯამში დამტკიცებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1460 ლარი (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 79). მოსარჩელე კომპანიამ ლ.ა–ძეს მიაწოდა 730 ლარის ღირებულების მედიკამენტი, ხოლო მ.ნ–ას კი - 1460 ლარის ღირებულების მედიკამენტი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი). სულ მოსარჩელის მიერ ლ.ა–ძესა და მ.ნ–აზე გაიცა ჯამში 2190 ლარის ოდენობის მედიკამენტი ბიოლევოქსი, ჯამში სამი ერთეული (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 80).
14. კასატორი მიუთითებს მერიის 2023 წლის 16 ნოემბრის N15-0123320980 წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ სასაქონლო ზედნადებსა და „შემთხვევათა რეესტრში“ მითითებული მონაცემები არ არის თანხვედრაში. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებში მითითებულია, რომ მ.ნ–აზე გაიცა მედიკამენტის ორი ერთეული, ხოლო „შემთხვევათა რეესტრში“ კი დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი. შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ შემთხვევათა რეესტრში დაფიქსირებული რაოდენობების მიხედვით. ამასთან, მოეთხოვა შემთხვევათა რეესტრში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მყოფი დაზუსტებული ინვოისის წარმოდგენა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 79; მერიის წერილი, ს.ფ. 20). საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელე კომპანიამ არ წარმოადგინა დაზუსტებული ინვოისი, რაც გახდა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი დადგენილების ფარგლებში მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს მხარე სარჩელის დაკმაყოფილებას.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მერიის 2023 წლის 16 ნოემბრის N15-0123320980 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნა ანაზღაურდებოდა მხოლოდ ნაწილობრივ - შემთხვევათა რეესტრში დაფიქსირებული რაოდენობების მიხედვით და მოეთხოვა შემთხვევათა რეესტრთან თანხვედრაში მყოფი დაზუსტებული ინვოისის წარდგენა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მომსახურების მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიამ მ.ნ–ას მიაწოდა 1460 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებითა და ანგარიშფაქტურით, შემთხვევათა რეესტრში დაშვებული ტექნიკური შეცდომა ვერ გახდება ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე