¹ბს-1044-995(კ-06) M10 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ გ. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი მზია გ-ი
სარჩელზე მოპასუხე – მ. ბ-ე
მესამე პირი – ზესტაფონის რაიონის გამეგობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ყოფილი უფროსის _ გ. ყ-ისა და მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 §2 ბრძანების ბათილად ცნობა მ. ბ-ის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, აგრეთვე მოპასუხეებისათვის უკანონოდ გაცემული და უკანონოდ მიღებული თანხის _ 2344,60 ლარის ინსპექციის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ყოფილმა უფროსმა გ. ყ-მა 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 ბრძანების მე-2 პარაგრაფით მ. ბ-ე აღადგინა ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ........ ექიმ-ინსპექტორის თანაშემწედ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე და აუნაზღაურა იძულებითი განაცდური ხელფასი 2344,60 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მ. ბ-ე კონტრაქტის საფუძველზე გარკვეული ვადით მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში ........ ექიმ-ინსპექტორის თანაშემწედ, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატურად არაჯეროვნად შესრულების გამო, მის მიერ გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან 1999 წლის 20 ივლისის ბრძანებით. იმის გამო, რომ გათავისუფლება შეთანხმებული არ იყო პროფკავშირის ადგილკომთან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 77 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ხოლო ეს უკანასკნელი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 აპრილის განჩინებით.
მოსარჩელე მ. გ-ი მიუთითებდა, რომ რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹12 ბრძანებით მ. ბ-ე აღადგინა ......... ექიმ-ინსპექტორის თანაშემწედ 1999 წლის 21 ივლისიდან იმავე წლის 27 აგვისტომდე, ე.ი. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით, ამავე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებით.
მოსარჩელის აღნიშვნით, ბრძანების §2-ით მ. ბ-ე 1999 წლის 27 აგვისტოდან ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად კონტრაქტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით (აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა).
მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ იგი 2005 წლის 20 იანვრიდან 2005 წლის 13 ოქტომბრამდე უკანონოდ იყო გათავისუფლებული სამსახურიდან და აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფ გ. ყ-ს უფლება ჰქონდა მიეღო მ. ბ-ე ახალი ბრძანებით, მაგრამ არა ამ ფორმით და განაცდურის ანაზღაურებით, რადგან, ზემოაღნიშნულის გამო, მ. ბ-ე 2005 წლის თებერვალში არც აღდგენას ექვემდებარებოდა და მითUუმეტეს, არც განაცდურის გაცემა _ თანხით 2344,60 ლარი არ იყო კანონიერი, რამდენადაც უკვე აღსრულებული გადაწყვეტილება ხელმეორედ იქნა აღსრულებული გ. ყ-ის მიერ, რითაც, მოსარჩელის აზრით, ზარალი მიადგა სანინსპექციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მ. ბ-ის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 §2 ბრძანების ბათილად ცნობას და მოპასუხეებისათვის უკანონოდ გაცემული და უკანონოდ მიღებული თანხის _ 2344,60 ლარის ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზესტაფონის რაიონის გამგეობა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სანიტარული ინსპექციის ყოფილი უფროსის _ გ. ყ-ის 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 ბრძანების მე-2 პარაგრაფი. გ. ყ-ს ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა მ. ბ-ზე გაცემული 2344 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ყ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ე ზესტაფონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში მუშაობდა ....... ექიმ ინსპექტორის თანაშემწედ, ხელშეკრულების საფუძველზე. იგი სამუშაოზე აღდგენილ იქნა და აუნაზღაურდა განაცდური ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის განჩინებებით.
ზესტაფონის სანიტარული ინსპექციის 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹12 ბრძანებით, მ. ბ-ე აღდგენილ იქნა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე და აუნაზღაურდა ამავე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-2 პარაგრაფით მ. ბ-ე გათავისუფლდა კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გათავისუფლების შესახებ 1999 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება აღარ გასაჩივრებულა და შესაბამისად, უსაფუძვლოა გ. ყ-ის 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 ბრძანების მე-2 პარაგრაფი მ. ბ-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რადგან ამ ბრძანების საფუძველი ისევ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2005 წლის 1 თებერვლის ბრძანებით განმეორებით იქნა აღსრულებული გადაწყვეტილება, მაშინ როცა იგი უკვე აღსრულებული იყო, რამდენადაც 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹12 ბრძანების მე-2 პარაგრაფით მ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ეს ბრძანება არ გასაჩივრებულა. გ. ყ-ს შეეძლო, თუკი იქნებოდა მ. ბ-ის განცხადება, იგი მიეღო სამუშაოზე, სამუშაოზე აღდგენა კი უსაფუძვლოა, რადგან მ. ბ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹12 ბრძანების პირველი პარაგრაფით.
მ. ბ-ზე გაცემულია 2344 ლარისა და 60 თეთრის იძულებითი განაცდური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, 2005 წლის 1 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რის გამოც იგი უნდა იქნეს ანაზღაურებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე და 992-ე მუხლების თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ბრძანება ეხებოდა მ. ბ-ეს და მას ჰქონდა მისი გასაჩივრების უფლება. აღნიშნული ბრძანება მ. ბ-ის სასარგებლოდ იყო გამოცემული და იგი მას არასდროს გაასაჩივრებდა. 2005 წლის 1 თებერვლის ბრძანება, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ეხება მოსარჩელე ორგანიზაციას, რადგან ამ ბრძანებითY მას მიადგა ზიანი. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს აქვს ამ ბრძანების გასაჩივრების უფლება. ის გარემოება, რომ აქტის გამომცემ ორგანოს თავად შეუძლია ცნოს ეს აქტი ბათილად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ წარმოადგენს სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რადგან პირს არ ესპობა კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სარჩელით მიმართვის უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება, მაგრამ დავის საგანი არა მარტო ბრძანების ბათილად ცნობა, არამედ თანხების დაკისრება-დაბრუნებაა, რომელიც სარჩელის გარეშე ვერ გადაწყდება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის შესახებ, რადგან მ. გ-ი ინსპექციის უფროსად აღარ მუშაობდა 2005 წლის 20 იანვრიდან 2006 წლის 13 ოქტომბრამდე. სარჩელი მას შეტანილი აქვს 2005 წლის 22 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ყ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული მისი მოსაზრება სადავო ბრძანების ერთთვიანი ვადის დარღვევის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე _ მ. გ-ი ინსპექციის უფროსად აღარ მუშაობდა 2005 წლის 20 იანვრიდან 2006 წლის 13 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ. ბ-ე მუშაობდა ზესტაფონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში ......... ექიმ ინსპექტორის თანაშემწედ ხელშეკრულების საფუძველზე.
სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის 1999 წლის 20 ივლისის ¹10 ბრძანებით მ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან იმავე წლის 27 ივლისიდან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ე აღდგენილ იქნა სამსახურში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
ზესტაფონის სანიტარული ინსპექციის 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹12 ბრძანებით მ. ბ-ე ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღდგენილ იქნა სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური. იმავე ბრძანების მე-2 პუნქტით, მ. ბ-ე სამსახურიდან დაითხოვეს კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. მითითებული ბრძანება მ. ბ-ეს არ გაუსაჩივრებია.
ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის იმჟამინდელი უფროსის (კასატორის) 2005 წლის 1 თებერვლის ¹6 ბრძანებით მ. ბ-ე იმავე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კვლავ იქნა აღდგენილი ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ......... ექიმ ინსპექტორის თანაშემწედ.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულებას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ადგილი აქვს ერთხელ უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების ხელმეორედ აღსრულების ფაქტს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრინციპებს, მაგრამ იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სარჩელის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე მითითებით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაშვება ემყარება კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული წარმოების ძირითად პრინციპებს.
ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2005 წლის 1 თებერვლის სადავო ბრძანება ¹6 წარმოადგენს პირის შრომითი მოწყობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალურ დეფინიციას და განმარტავს: ზემოაღნიშნული სადავო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტს, სადაც აქტის გამომცემ ორგანოდ გვევლინება ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო და არა ინსპექციის უფროსი, რომელიც წარმოდგენილ შემთხვევაში ასრულებს ინსპექციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, აქტის კანონიერების ნაწილში ინსპექცია წარმოადგენს მოპასუხეს, წინამდებარე დავაში ინსპექცია იმავდროულად გვევლინება მოსარჩელე მხარედ. ამდენად, აქტის ბათილობის ნაწილში, ადგილი აქვს მოსარჩელისა და მოპასუხის თანხვედრას, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება სამართლწარმოების პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე და მიაჩნია, რომ იმავე საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საკითხი.
აქვე საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მე-2 მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტებას, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, დავის მითითებულ ნაწილში განსაზღვროს სათანადო მოპასუხე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე უნდა გაუქმდეს ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, ასევე გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.