Facebook Twitter

საქმე №ას-1395-2024 9 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ბ–ძე (მოსარჩელე), მ.ჯ–ი (მოპასუხე)

მესამე პირები - არასრულწლოვანი დ.ჯ–ი; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმება განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმისა და ადვოკატის სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზნით სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ

დავის საგანი – მამობის დადგენა, გვარის შეცვლა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ბ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.გ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) და მ.ჯ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, პირველი მოპასუხე ცნობილი იქნეს დ.ჯ–ის (დაბადების თარიღი: 2017 წლის 15 ნოემბერი, პ.ნ:01450156854) (შემდეგში - ბავშვი ან არასრულწლოვანი შვილი) მამად, ცვლილება შევიდეს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მამის გრაფაში მიეთითოს პირველი მოპასუხე; ასევე, პირველ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 500 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა ბავშვის მამად და ცვლილება შევიდა მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში მიეთითა პირველი მოპასუხე; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 18 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით. ამავე განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 მოსარჩელე და მეორე მოპასუხე 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 27 ივლისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი - 2010 წლის 25 იანვარს დაბადებული ნ.ჯ–ი. მოსარჩელე და მეორე მოპასუხე 2016 წლის ბოლოდან გარკვეული პერიოდი ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ.

3.2 მოსარჩელეს 2017 წლის 15 ნოემბერს შეეძინა შვილი - დ.ჯ–ი. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია მეორე მოპასუხე.

3.3 სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 30 ივნისის გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენილია, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამაა პირველი მოპასუხე.

3.4 არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მასზე მოსარჩელე ზრუნავს.

3.5 არასრულწლოვანს ესაჭიროება, როგორც საკვები პროდუქტები, ასევე, ტანსაცმელი, გადაადგილება, ხოლო ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით - სხვადასხვა სახის სპორტულ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი თანხა. მიუხედავად იმისა, საქმის განხილვის მომენტში არასრულწლოვანი იღებს თუ არა მონაწილეობას მსგავსი სახის რომელიმე აქტივობაში, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია კანონმდებლობით.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1190.2 და 1190.3 მუხლების საფუძველზე, ასევე, კვლევის გენეტიკურ მეთოდზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია ბავშვის და პირველი მოპასუხის თითქმის 100%-იანი ბიოლოგიური კავშირი, რომლის საწინააღმდეგოს დამტკიცება, პირველმა მოპასუხემ ვერ შეძლო.

5. ალტერნატიული ექსპერტიზის წარსადგენად საპროცესო ვადის მიცემასთან დაკავშირებით წარდგენილ აპელანტის (პირველი მოპასუხე) პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრულია 2020 წლის 18 თებერვალს; 2021 წლის 23 დეკემბრის სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ესწრებოდა პირველი მოპასუხის წარმომადგენელი; სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა 2022 წლის 30 ივნისს და იმავე წლის 15 ივლისს წარედგინა სასამართლოს; თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 2022 წლის 19 დეკემბერს გამოიტანა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გასულია 2 წელი და 10 თვე, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის შედგენიდან სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე გასულია 5 თვეზე მეტი. ეს გარემოებები კი, იმაზე მეტყველებს, რომ პირველ მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე, საწინააღმდეგო მტკიცებულება წარედგინა სასამართლოსთვის. ხოლო აპელანტის არგუმენტი, რომ მისთვის ექსპერტიზის შედეგი მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა შეჯიბრებითობის პრინციპის შეზღუდვად, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 83-ე მუხლის საფუძველზე აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნას გასცნობოდა. მით უმეტეს, ექსპერტიზის დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისს წარედგინა, ხოლო სასამართლოს სხდომა იმავე წლის 7 დეკემბერს დაინიშნა.

6. აპელანტის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნის სისწორესთან შეუსაბამობის თაობაზე უარყოფილი იქნა იმ საფუძვლით, რომ ექსპერტის დასკვნის გაყალბების დასადასტურებლად სპეციალური მტკიცებულება - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

7. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. ამავე საფუძვლით უარყოფილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის განჩინება).

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, დადგენილი იქნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სხდომის თაობაზე ეცნობა პირველი მოპასუხის წარმომადგენელს ა.კ–ს, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალიზაცია ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით; თავის მხრივ, ა.კ–მა სასამართლო სხდომის დღის თაობაზე თავის მარწმუნებელს - პირველ მოპასუხეს აცნობა; ეს გარემოება იმით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. სხდომის გადადებას აპელანტი (პირველი მოპასუხე) ადვოკატ დ.დ–ძის გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზით მოითხოვდა, რასაც სარწმუნოდ ვერ ასაბუთებდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ აპელანტი (პირველი მოპასუხე) სხდომის გადადებას, ძირითადად, იმ მიზნით ითხოვდა, რომ მას ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების და მისი შედეგების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. ასეთი საპროცესო უფლების რეალიზება (ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე) კი, აპელანტს (პირველი მოპასუხე) შეეძლო სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც, თუმცა, ამის ნაცვლად, აპელანტი ზოგადი ხასიათის შუამდგომლობას აყენებდა, კერძოდ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, აზრებაიჯანის რესპუბლიკაში ექსპერტიზის დანიშვნას, რაც დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობდა არც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიაც და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე (დედა) არასრულწლოვანი შვილის მოვლა-აღზრდას დამოუკიდებლად ახორციელებს, რაც მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს. სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის მიხედვით სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა 2022 წლის დეკემბრის თვისთვის - 253,5 ლარს <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/791/saarsebo>. შეადგენდა. საარსებო მინიმუმის გარდა, რომელიც პირის საარსებო მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს, არასრულწლოვანს ესაჭიროება ტანსაცმელი, გადაადგილება, ხოლო ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით - სხვადასხვა სახის სპორტულ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი თანხა, იმის მიუხედავად, საქმის განხილვის მომენტში არასრულწლოვანი იღებს თუ არა მონაწილეობას მსგავსი სახის რომელიმე აქტივობაში. აღნიშნული უფლება, როგორც ბავშვის უფლება, გარანტირებულია კანონმდებლობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტი იმ ოდენობით განისაზღვრა, რომ არასრულწლოვანისთვის ნორმალური პირობები შეიქმნას.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ განიხილა სსკ-ის 268.1.„ა“, 12 მუხლის საფუძველზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (პირველი მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

12. კასატორი ბავშვის ბიოლოგიურ მამად თავს არ მიიჩნევს (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 150).

13. კასატორის პრეტენზია მიემართება სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმისა და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების კანონიერებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნდა იურიდიული ცოდნა, რომ დაეცვა საკუთარი ინტერესები, ხოლო ადვოკატთან დაკავშირება სხდომის დღის თაობაზე ინფორმირების მიზნით, ვერ შეძლო; ამასთან, არ იცნობდა ექსპერტიზის დასკვნას და მხოლოდ საქმის განხილვისას შეიტყო მისი შინაარსი, სურვილი გამოთქვა ექსპერტიზის ჩასატარებლად მისცემოდა დრო, რაც არ იქნა მხედეველობაში მიღებული და მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში.

14. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

15. კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია ალიმენტის განსაზღვრის ნაწილშიც. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები მოპასუხის შემოსავლების დადასტურების მიზნით. სასამართლომ, მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხის შემოსავალი თვეში 700 ლარია. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მოპასუხე ქორწინებაშია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილები რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ ბავშვის ბიოლოგიურ მამას კასატორი არ წარმოადგენს, თუმცა, ამ გარემოების დასადასტურებლად, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის ანდა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პროცესუალური შესაძლებლობა, პირველ მოპასუხეს არ მიეცა.

21. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ (სუსგ №ას-682-2021, 28.12..2021წ.).

22. საკასაციო პალატა მსჯელობას განავითარებს მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე; ამასთანავე, განიხილავს იმ პროცესუალურ შედავებას, რომელიც მოპასუხის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე კვალიფიციური შედავების (ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ან ექსპერტიზის დანიშვნის) შეუძლებლობას მიემართება.

23. განსახილველ დავაზე, დასადგენია ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობა, რაც სსკ-ის 1190.2 (მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ) და 1190.3 (ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს) მუხლებით წესრიგდება. მითითებული მატერიალური ნორმა თავად განსაზღვრავს მტკიცების სტანდარტს - ადგენს რომ ასეთ შემთხვევაში, ბიოლოგიური მამობის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად.

24. დავის საგნის თავისებურებიან გამომდინარე, საკასაციო პალატა უწინარესად, მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 20.11.1989წ.-ის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 02.07.1994წ.-დან) 7.1 მუხლით გარანტირებულ უფლებაზე იცნობდეს თავის მშობლებს, და ისარგებლოს მათი მხრიდან ზრუნვის უფლებით.

25. სადავო შემთხვევაში, ნიშანდობლივია ყურადღება გამახვილდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) ცენტრალურ როლზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ევროპულ სისტემაში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ყურადღებაა გამახვილებული ეროვნულ დონეზე, ინდივიდის მიერ კონკრეტული უფლებით შეუფერხებელი სარგებლობისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის არარსებობაზე. აღნიშნული პრობლემა საფუძვლად დაედო საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარს საქმეში „მაია ოყროშიძე და გიორგი ოყროშიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Maya Okroshidze and Giorgi Okroshidze vs. Georgia (N60596/09, 11.12.2012), რომელიც ეხებოდა მომჩივნების მიერ ეროვნულ დონეზე მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების საკითხებს. მითითებული საქმის ეროვნული სასამართლოს მიერ განხილვისას, სადავო საკითხი იმის შესახებ თუ როგორ უნდა დადგენილიყო ბავშვის მამობა, წესრიგდებოოდა სსკ-ის 1190.3 მუხლით, რომლის იმდროინდელი რედაქცია შემდეგი შინაარსის იყო: „მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას“. ნორმის დანაწესი ძირეულად შეიცვალა 2011 წლის 20 დეკემბერს სსკ-ში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რომლითაც მამობის დადგენის უწინარეს საფუძვლად დნმ-ტესტი ჩამოყალიბდა. შედეგად, სადავო საკითხი სსკ-ის 1190.3 მუხლის რედაქტირებული ვერსიის შესაბამისად მოწესრიგდა, რომლის თანახმად: „ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.“

26. მსგავს საკითხზე საინტერესოა სხვა საქმეც „ფარღალავა საქართველოს წინააღმდეგ“ (Parghalava v Georgia (N3980/06, 04.03.2014), რომელიც ეხებოდა მარტოხელა დედის საჩივარს მისი არასრულწლოვანი შვილის მამად მოპასუხის ცნობას, ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნებასა და მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას. მითითებული საქმის ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვისას, სასამართლოებმა მომჩივნის მოთხოვნა, ჩატარებულიყო დნმ-ის ტესტი, არ დააკმაყოფილეს. ეროვნულ დონეზე წარუმატებელი სამართალწარმოების შემდეგ, მომჩივანმა საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცის) მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლები. ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ სსკ-ში იყო ნაკლოვანებები, რამაც ხელი შეუშალა მომჩივანს სრულად ესარგებლა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

27. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1190.3 მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის მამობის სადავო საკითხის გადაწყვეტისას რელევატურ მტკიცებულებას ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები წარმოადგენს, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.

28. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სსსკ-ის მიხედვით ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულების ერთ-ერთ საპროცესო სახე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად, კერძოდ, სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო აფასებს მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს განსახილველ საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებას და მისი შეფასების შედეგებს:

30. 24.02.2020წ.-ს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში, მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნა იმ საკითხის გადასაწყვეტად, არის თუ არა პირველი მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.12.2021წ.-ის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა (დისტანციურად) პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმ საკითხების გასარკვევად არსებობს თუ არა 15.11.2017წ.-ს დაბადებულ ბავშვს და პირველ მოპასუხეს შორის გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის და არის თუ არა პირელი მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამა. საქმეზე წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად ექსპერტიზის დასრულებამდე. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნიმუში ჩააბარეს მოსარჩელემ, არასრულწლოვანმა და პირველმა მოპასუხემ. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.06.2022წ.-ს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პირველი მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის ბიოლოგიური შვილის 15.11.2017წ.-ს დაბადებული ბავშვის ბიოლოგიურ მამას. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ, გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით, ბავშვისა და პირველი მოპასუხის გენეტიკური პროფილების შედარებით, იდენტური ალელების გამოყენებით გამოითვალა ბიოლოგიური მამობის ინდექსი. პირველი მოპასუხის ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა ბავშვის მიმართ, გამოითვალა ფორმულით: PP=(1 – CPI) X 100% და 99.999999% შეადგინა.

31. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კვლევის გენეტიკურ მეთოდზე დაყრდნობით იქნა დადგენილი ბავშვისა და პირველი მოპასუხის თითქმის 100%-იანი ბიოლოგიური კავშირი, რაც სარწმუნო და გასაზიარებელია (იხ., სუსგ-ები №ას-1606-2023, 10.04.2024წ. პ.82; Nას-461-2019, 16.07.2019წ. პ.1.5). აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება, პირველ მოპასუხეს არ წარუდგენია, მაშინ როდესაც შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა. ამ საპროცესო უფლების რეალიზება კი, პირველ მოპასუხეს შეეძლო საქმის მიმდინარეობის შესაბამის საპროცესო ეტაპზე (სსსკ-ის მე-4, 102-ე, 201-ე, 219-ე, 380-ე, 215-ე მუხ.).

32. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია, რომ მას არ მიეცა ალტერნატიული საექსპერტო დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა, კერძოდ, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 7 დეკემბრს ჩანიშნული საქმის განხილვა არ გადაიდო სხვა დროისათვის, იმისათვის, რომ პირველ მოპასუხეს მისცემოდა საპროცესო ვადა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ.7, 8-ში.

33. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არ არსებობდა სასამართლოს ინიციატივით არც დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველიც, კერძოდ, სსსკ-ის 173-ე მუხლი განსაზღვრავს როგორც დამატებითი, ასევე, განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის წესს. ნორმის დანაწესით, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით, დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.06.2022წ.-ს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სრული, გარკვეული, სარწმუნო და დასაბუთებულია (შდრ.: სუსგ №ას-461-2019, 26.07.2019წ.)

34. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე კი, პირველ მოპასუხეს (აპელანტი) შეეძლო საქმის მიმდინარეობის შესაბამის საპროცესო ეტაპზე სსსკ-ის მე-4, 102-ე, 201-ე, 219-ე, 380-ე, 215.3 მუხლების საფუძველზე ჯეროვნად განეკარგა მოპასუხის კუთვნილი საპროცესო ინსტრუმენტები, რაც მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის უფლებასაც მოიცავს. თუმცა, როგორც ამ განჩინების პ.8-შია დადგენილი ასეთი საპროცესო უფლების რეალიზება აპელანტს არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ჯეროვნად არ მოუხდენია; როგორც დადგენილია, ამის ნაცვლად, აპელანტი ზოგადი ხასიათის შუამდგომლობას აყენებდა, კერძოდ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, აზრებაიჯანის რესპუბლიკაში ექსპერტიზის დანიშვნას, რაც დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

35. კასატორის პრეტენზია არ არის დასაშვები არც ადვოკატის სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სხდომის გადადების თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების ნაწილშიც, კერძოდ, ამ განჩინების პ.8-ში დადგენილია, რომ 2022 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელს ა.კ–ს ეცნობა, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალიზაცია ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომის თაობაზე აცნობა თავის მარწმუნებელს - პირველ მოპასუხეს, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. ამასთან, 2022 წლის 7 დეკემბრის სხდომის გადადებას პირველი მოპასუხე (აპელანტი) მოითხოვდა ადვოკატ დ.დ–ძის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის გამო, რასაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, პირველი მოპასუხე სარწმუნოდ ვერ ასაბუთებდა.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 93.2 მუხლი (მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში) არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს უფლებით აღჭურავს თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. ამასთან, საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის გახანგრძლივებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს პროცესუალური ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით (იხ.სუსგ №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021წ.). დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი მოპასუხე სხდომის გადადებას, ძირითადად, იმ მიზნით ითხოვდა, რომ მას მოცემულ საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე კი პირველი მოპასუხის პრეტენზიის დაუსაბუთებლობაზე მითითებულია ამ განჩინების პპ.5, 7-ში.

37. ამდენად, ზემოთმითითებული მსჯელობების გათვალისწინებით კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მიზნით სხდომის გადადების თაობაზე უარისა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობაში (იხ., კასატორის მოთხოვნები - ტ.2. ს.ფ. 149).

38. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ვერც კასატორის პრეტენზია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც.

39. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებიდან გამომდინარეობს.

40. ზემოთმოხმობილი საკანონმდებლო ნორმები ადგენს მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერ მოვალეობას, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს. ალიმენტის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (სუსგ-ები: №ას-878-2021, 27 ოქტომბერი, 2021წ. პ.20; №ას-1606-2023, 10 აპრილი, 2024 პ.91).

42. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 3.1 (ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას), 18.1 (მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია), 27.2 (მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფნ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები) მუხლებით დადგენილ ვალდებულებაზე, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად (ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად) ორივე მშობლის თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპს ეფუძნება.

43. ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რომელიც უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Krasicki v. Poland, (N17254/11, 15.04.2014, §83); Sahin v. Germany [GC] (N30943/96, 08.07.2003, §66). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. ევროპული და ეროვნული სტანდარტებიდან გამომდინარეობს, რომ ალიმენტი ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს (სუსგ-ები №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021წ., პ.24-26; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020წ, პ.28).

44. არასრულწლოვანის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

45. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (სუსგ №ას-829-2019, 11.07. 2019წ.).

46. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

47. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განიმარტა: „ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა იყოს სიმბოლური და გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები <http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo> გამოხმობის თარიღი: 09.01.2024წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში შესაბამისად, 256.9, 256.4, 256.0, 251.8, 253.7, 254.5, 249.8, 253.5, 250.9, 252.1, 252.3, და 249.7 ლარს“ (იხ., სუსგ №ას-1007-2024, 8.11.2024წ. პ.21).

48. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ დადგენილი ალიმენტი - 200 ლარის ოდენობით, არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს და კასატორი ვერ ასაბუთებს, ამ ნაწილში, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობას.

49. კასატორის პრეტენზია დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილშიც, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულება სსსკ-ის 268.1.„ა“ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა (სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების შესახებ). ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესაძლებლობა ემყარება არა მოთხოვნის დასაბუთებულობის ხარისხს, არამედ გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.

50. პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვას სამივე ინსტანციის სასამართლოში გარკვეული დრო სჭირდება, ალიმენტის ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსრულება კი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნის საჭიროებების დროულ უზრუნველყოფას. შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების რისკებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება არასრულწლოვნის კანონიერი უფლებების დაცვას (იხ., სუსგ №ას-697-2023, 27.06.2023წ. პპ:15-19).

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ (N7932/03); Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

53. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.გ–ს (პ.ნ: ...........) დაუბრუნდეს დ.დ–ძის მიერ 7.11.2024წ.-ს №1730980743 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 420 ლარის 70% – 294 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე