Facebook Twitter

საქმე №ას-1184-2023 15 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ლ.....“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ს.კ.უ–ფა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა–გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი– თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს „ლ–ას“ (შემდეგში - მიმწოდებელი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი შპს „ს.კ.უ–ფის“(შემდეგში - შემსყიდველი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 35310 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად, 2020 წლის 24 თებერვალს, მხარეთა შორის დაიდო N2402/03 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა ამავე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე გაყინული ღორის ხორცი (შემდეგში - ხელშეკრულების საგანი), 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.2. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

2.3. 31.03.2020წ.-ს შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა სატენდერო კომისიას და სთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 02.04.2020წ.-სა. ამასთან, ხელშეკრულების საგნის მიწოდების შესაძლებლობის შემთხვევაში, მიწოდების კონკრეტული თარიღის მითითება სთხოვა.

2.4. 02.04.2020წ. წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ ხელშეკრულების საგანი ურუგვაიში შეისყიდა და ტვირთი ადგილიდან გამოვიდა 2.03.2020წ.ს; მხარეთა აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ, ხელშეკრულების საგანზე ინფორმაცია შემსყიდველს არ მიუღია.

2.5. მიმწოდებელმა შემსყიდველს ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე შესთავაზა იმ პროდუქტის მიწოდება, რომლის შეძენაც შესაძლებელი იყო საქართველოში.

2.6. შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული პროდუქციის მიღებაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ პროდუქციას არ გააჩნდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სერტიფიკატი.

2.7. 28.05.2020წ. სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების 2019-2020 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით, შემსყიდველის (მოპასუხის) მიმართვის საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა.

2.8. 9.07.2020წ.-ს სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების 2019-2020 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია. სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 9 ოქტომბრის N4056 განკარგულებით, მოსარჩელე შავ სიაში არ დარეგისტრირდა.

2.9. 5.06.2020წ.-ს შემსყიდველმა ბანკისაგან გამოითხოვა საბანკო გარანტიის თანხა - 35 310 ლარი, რაც ბანკმა გადაურიცხა და საპირისპირო მოთხოვნა მიმწოდებლის ანგარიშიდან იგივე ოდენობის თანხის ჩამოჭრით დაიკმაყოფილა.

2.10. 35 310 ლარის გადახდას მოსარჩელე მოპასუხეს იმ საფუძვლით სთხოვს, რომ მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის ვალდებულების შეუსრულებლობაში (ფორს-მაჟორული გარემოებების გამო), რაც კრედიტორის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლებით სარგებლობის მართლზომიერებას გამორიცხავდა და მოპასუხეს, ამ თანხის, როგორც უსაფუძლოდ მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოუშობდა.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის წარმატება, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა მიმწოდებელი შემსყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობის ფაქტის დამტკიცებას, რაც თავის მხრივ, შემსყიდველის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვას არამართლზომიერს გახდის და წარმოუშობს ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

4. განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე მიუთითებდა და განმარტავდა, რომ მისი ძალისხმევის მიუხედავად, შეკვეთილი პროდუქცია ვერ ჩამოვიდა საქართველოში, რის გამოც, შემსყიდველს შესთავაზა ადგილობრივ ბაზარზე არსებული ღორის ხორცი, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

5. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მიწოდებას შპს „გ.ფ.ს–ი“ ახორციელებდა, რომლისგანაც ხელშეკრულების საგანი მიმწოდებელს უნდა მიეღო (მოსარჩელე). საქმეში წარმოდგენილ შპს „გ.ფ.ს–ის“ წერილში მითითებულია: „ურუგვაის ტერიტორიიდან გამოგზავნილი ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადეს კანადისა და ჰოლანდიის პორტებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.“

6. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N4056 განკარგულებით მიმწოდებელი (მოსარჩელე) არ დარეგისტრირდა შავ სიაში; სააგენტოს მითითებით: „დგინდება ვალდებულებების შესრულების დაწყება, ხოლო მათ შეუსრულებლობას საფუძვლად დაედო მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზები, რომელთა გამოც, ხელშეკრულება დარჩა ფაქტობრივად შეუსრულებელი, სახეზეა მიმწოდებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები და არ არსებობს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი“.

7. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ განჩინების პ.6-ში მითითებული გარემოება ვალდებულების დარღვევაში მოსარჩელის არაბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან შავი სია წარმოადგენს ბაზას არაკეთილსაიმედო პარტნიორთა შესახებ; მისი მიზანია ერთგვარი ინფორმაციის მიწოდება სხვა დაინტერესებული პირებისთვის და მიმწოდებლისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას განაპირობებს გარკვეული ვადით; შავ სიაში მოხვედრა ზემოქმედებას ახდენს საწარმოს საქმიან რეპუტაციაზე.

8. დადგენილია, რომ მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივების პირობებში, ხელშეკრულების საგანი უნდა მიეწოდებინა 2021 წლის არაუგვიანეს 20 მარტისა. თავის მხრივ, მოპასუხე, ვალდებული იყო საქონლით მოემარაგებინა სხვა უწყება (განკუთვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებისათვის).

9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ბრუნვაში მონაწილე გულმოდგინე მეწარმის ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მის მიერ არამყისიერ რეაგირებაში, კერძოდ, დადგენილია, რომ მიმწოდებელმა კომუნიკაცია ვალდებულების შესრულების გართულებასთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ აცნობა შემსყიდველს, რაც ამ უკანასკნელმა შეატყობინა, რომ სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

10. ხელშეკრულების 5.1. მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებდა საქონლის მიწოდებას დროულად, გულისყურით ეთანამშრომლა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ეცნობებინა მისთვის შეფერხების მიზეზი და შექმნილი პრობლემის აღმოფხვრის საბოლოო ვადა. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო, ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

11. განსახილველ შემთხვევაში, მოვალეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე უნდა მოეხდინა კრედიტორის ინფორმირება შესრულების დაყოვნებასა თუ შესრულების შეუძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოვალის სწორედ ამგვარი ქცევა იქნებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სხვისი უფლებისადმი სათანადო გულისხმიერებით მიდგომის ვალდებულების განხორციელების გამოხატულება, ხოლო თავის მხრივ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძველი მოვალის მიერ როგორც ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, ასევე, კეთილსინდისიერების პრინციპისა და გულისხმიერების ვალდებულების სახელშეკრულებო პირობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც თვით დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა დადგინდებოდა, მათ შორის, იმ პერიოდის განმავლობაში სანამ შეწყდებოდა ხელშეკრულება. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიჩნეული იქნებოდა, რომ მოვლენა რომლის გამოც, ტვირთის მიწოდება ვერ მოხდა, წარმოადგენდა გაუთვალისწინებელსა და დაუძლეველს, ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2020 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 28 მაისამდე) პერიოდში მოვალეს ინფორმაციაც კი არ გააჩნდა ტვირთის თაობაზე და არც ვალდებულების შესრულების სავარაუდო დრო იყო ცნობილი მისთვის.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 20 თებერვლის საბანკო გარანტია, თავისი ბუნებით, ხელშეკრულების შესრულების გარანტიაა, რომელიც პრინციპალის მიერ ნაკისრი ძირითადი ვალდებულების ჯეროვან, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას უზრუნველყოფს. ამ გარანტიის ბუნებას ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობიდან მის შეწყვეტამდე. შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელი საშუალებაა. სადავო შემთხვევაში, შემსყიდველმა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გამოითხოვა საბანკო გარანტია, რაც შეესაბამებოდა, როგორც მხარეთა შეთანხმებას, ასევე, კანონით დადგენილ წესს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

15. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეს ვალდებულების დარღვევაში ბრალი არ მიუძღვის - მან ვალდებულება საპატიო მიზეზით ვერ შეასრულა. სსკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე მიმწოდებელმა შემსყიდველს შესთავაზა ანალოგიური პროდუქციის მიწოდებით ვალდებულების შესრულება, თუმცა, შემსყიდველმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ხელშეკრულება შეწყვიტა. შეთავაზებული საქონელი მართალია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს, თუმცა, ბაზარზე დაშვებული და უვნებელი იყო. შესაბამისად, შეცვლილ გარემოებებში შესაძლებელი იყო აღნიშნულზე მოლაპარაკება.

16. ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია შემსყიდველმა რა ფულადი ვალდებულება დაიკმაყოფილა უპირობო საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლების რეალიზებით. შემსყიდველს რაიმე საფუძველი საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვაზე არ გააჩნდა და ამ თანხით ის უსაფუძლოდ გამდიდრდა, რაც უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრგებელი ნორმებით ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. ამ განჩინების პ.2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

21. წარმოდგენილ საკასაციო განაცხადში კასატორის ძირითადი პრეტენზია ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის არარსებობას, შეცვლილ გარემოებებში მხარეთა გულისხმიერად მოქმედების აუცილებლობასა და საბანკო გარანტიის გამოთხოვის არამართლზომიერებას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგი მოსაზრებების გამო:

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო ნასყიდობა - მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მიმწოდებელს ავალდებულებდა შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე გაყინული ღორის ხორცი 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (სსკ-ის 327-ე, 477-ე და მომდევნო მუხლები).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ეფუძნება “pacta sunt servanda-ს“(ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამ პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს - კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს.

24. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს 1) ფორს-მაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და 2) შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციები, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

25. შესრულების გართულება, გულისხმობს, ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა (სსკ-ის 398-ე მუხლ.). ფორს-მაჟორი კი, განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას მოიაზრებს.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულების დარღვევაში მისი ბრალის არარსებობას (vis major) მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე აფუძნებს და მიუთითებს, რომ მისი ძალისხმევის მიუხედავად, შეკვეთილი პროდუქცია ვერ ჩამოვიდა საქართველოში (ამ განჩინების პ.5).

27. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (იხ., სუსგ Nას-950-2022, 05 დეკემბერი, 2023წ.). თუმცა, პანდემიის არსებობა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც პანდემიის პერიოდში წარმოიშვა ან რომლის შესრულების დრო იმ პერიოდში დადგა, უპირობოდ ათავისუფლებს მოვალეს ვალდებულების შესრულებისგან. მოვალემ, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ., სუსგ-ები Nას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022წ.; Nას-1585-2022, 12 ივნისი, 2023წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების პ.12-ში დადგენილია, რომ მტკიცებულება, რომლითაც მოვალე დაადასტურებდა, რომ ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან სწორედ დაუძლეველი ძალის გამო (vis major) ვერ შესრულდა, საქმეში არ მოიპოვება. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მოვალის მხარეზეა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხ.). შესაბამისად, მსოფლიოში გავრცელებულ COVID პანდემიასა და მიმწოდებლის მხრიდან საქონლის მიწოდების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების დარღვევას შორის პირდაპირიმიზეზობრივი კავშირის დაუდასტურებლობის პირობებში, მოვალის არაბრალეულობაზე მოსარჩელის მითითება, გასაზიარებელი არაა.

29. კასატორის მეორე პრეტენზია შეეხება შესრულების გართულებას, რაც შემსყიდველს გულისხმიერად ქცევის ვალდებულებას აკისრებდა, კერძოდ, მიმწოდებელმა შემსყიდველს შესთავაზა ანალოგიური პროდუქციის მიწოდებით ვალდებულების შესრულება, თუმცა შეთავაზებაზე შემსყიდველმა უარი განაცხადა და ხელშეკრულება შეწყვიტა.

30. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა“ (იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი, 2014, 16, 17).

31. ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიური წინაპირობები შემდეგია: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - სსკ-ის 398.1 მუხ.) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სსკ-ის 398.2 მუხ.); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით; 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, 213).

32. ამ განჩინების პ.2-ში დადგენილია, რომ 31.03.2020წ. წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა სატენდერო კომისიას და კონტრაქტორისაგან ითხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 02.04.2020წ.-სა. ამასთან, ხელშეკრულების საგნის მიწოდების შესაძლებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორს სთხოვა მიწოდების კონკრეტული თარიღის მითითება. 02.04.2020წ. საპასუხო წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ ხელშეკრულების საგანი ურუგვაიში შეისყიდა და ტვირთი ადგილიდან გამოვიდა 2.03.2020წ.ს. აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ, ხელშეკრულების საგანზე რაიმე ინფორმაცია შემსყიდველს მიმწოდებლისაგან არ მიუღია.

33. მოგვიანებით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე შესთავაზა იმ პროდუქტის მიწოდება, რომლის შეძენაც შესაძლებელი იყო საქართველოში. შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული პროდუქციის მიღებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ პროდუქციას არ გააჩნდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სერტიფიკატი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე თავის მხრივ, ვალდებული იყო ჯეროვნად შესრულებინა სხვა ვალდებულება - მიღებული პროდუქციით მოემარაგებინა საქართველოს შეიარაღებული ძალები (პროდუქცია განკუთვნილი იყო მათი კვებისთვის).

34. ამდენად, მიმწოდებელმა ვალდებულების შესრულების გართულების თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ აცნობა შემსყიდველს, რაც ამ უკანასკნელმა შეატყობინა, რომ სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, მაშინ, როდესაც გულმოდგინე მეწარმეს მოეთხოვებოდა შემსყიდველისათვის გონივრულ ვადაში ეცნობებინა ვალდებულების შეფერხების მიზეზები და შესრულების ხელშეწყობის შესაძლებლობები. მით უმეტეს, რომ ასეთი ქცევის ვალდებულება მიმწოდებელს ხელშეკრულების 5.1. პუნქტით ჰქონდა ნაკისრი (იხ., ამ განჩინების პ. 10).

35. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც მოვალე ვერ ადასტურებს, რომ მან დროულად მოახდინა შემსყიდველის ინფორმირება შეფერხების მიზეზების შესახებ და შესთავაზა მას მისაღები გამოსავალი, ვერ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესაძლებლობა, მოვალეს კრედიტორის ბრალით წაერთვა.

36. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ შემსყიდველი მზად იყო ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებაზე, კერძოდ, მიეღო საქართველოში ხელმისაწვდომი პროდუქცია, თუმცა, ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შეთავაზებულ პროდუქციას არ გააჩნდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სერტიფიკატი.

37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 398-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტორის სურვილი, გადახედოს პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედებით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების ადაპტაციის შეუძლებლობისას, უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების რეალიზება.

38. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ შემსყიდველმა არამართლზომიერად ისარგებლა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით.

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს საბანკო გარანტიის გამოთხოვის უსაფუძვლობასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ საქართველოში საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს სსკ-ის 879-ე მუხლი (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით, კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

40. სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით. საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების პრაქტიკული ახსნა კი, მის ეკონომიკურ დანიშნულებაშია. სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშესაწყობად, კანონმდებელმა საბანკო გარანტიის სახით შექმნა მოთხოვნის უზრუნველყოფის იმგვარი მექანიზმი, რომელიც კრედიტორის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და დავის წარმოების გარეშე უზრუნველყოფს მის მყისიერ დაკმაყოფილებას მაღალი რეპუტაციის, გადამხდელუნარიანი მეწარმე სუბიექტის (ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის) უშუალო ჩართულობით. საბანკო გარანტიის სიმყარე და ეფექტურობა ხელს უწყობს მრავალი ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა გარანტის სახით ბანკის ურთიერთობაში მონაწილეობა, რაც მესამე პირის ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ვალდებულების აღებასა და მისი შესაგებლების გამოყენების გარეშე საბანკო გარანტიის მოსარგებლის ფინანსურ დაკმაყოფილებაში გამოიხატება (იხ., სუსგ №ას-1356-2023, 13 დეკემბერი, 2023წ. პ.30). საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვითონ ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს მკაფიო დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ.

41. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს (იხ., სუსგ №ას-978-2020, 18 აპრილი, 2022წ., პ.44).

42. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, როგორც მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძვლით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე საბანკო გარანტიის თანხის მიღების ფაქტობრივი გარემოებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ საბანკო გარანტიის თანხის უკან გამოთხოვის თაობაზე აღძრული სარჩელის უარყოფის საფუძვლად სწორად იქნა მიჩნეული.

43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ლ.....“ -ის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ლ.....“ -ს (ს/კ: .........) დაუბრუნდეს ნ–ძე ბ. მიერ 19.10.2023წ-ს №19021108813 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1765.5 ლარის 70% – 1235.85 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციოსასამართლოსგანჩინებასაბოლოოადაარგასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე