საქმე №ას-371-2024
13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა.კ–ძე, ნ.ს–ძე, მ.თ–ძე, ა.ბ–ძე, ს.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.კ–ძე, ი.ო–ი, დ.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.კ–ძემ, ნ.ს–ძემ, მ.თ–ძემ, ა.ბ–ძემ და ს.კ–ძემ (შემდგომში ერთობლივად – „განმცხადებლები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) 2023 წლის 07 ივნისს განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმავე სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (აღნიშნული გადაწყვეტილებით ზ.კ–ძის, ი.ო–ისა და დ.კ–ძის სარჩელი ა.კ–ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
3. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებლებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს. განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს, სასამართლოს შეფასება მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე მათი მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერებისათვის.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (განჩინების 1.1 პუნქტი); ამასთან, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლების შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე (განჩინების მე-2 პუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი განცხადებით ასევე მოთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, ვინაიდან კერძო საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილი იყო აღნიშნული საკითხის შეფასებაც, სააპელაციო პალატამ შუამდგომლობაზე მსჯელობა მიზანშეწონილად მიიჩნია.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლით და ვინაიდან უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინება (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), მიიჩნია, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებლებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვეს.
9. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით დაყენებული ჰქონდათ მოთხოვნა და არა შუამდგომლობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა მათ მოთხოვნაზე და არა შუამდგომლობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი განმცხადებლების მოთხოვნა განიხილა, როგორც შუამდგომლობა, არარსებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად კერძო საჩივრის მოთხოვნა - სასამართლოს შეფასება მიეცა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერებისათვის, რეაგირების გარეშე დატოვა; სასამართლომ ასევე რეაგირების გარეშე დატოვა განმცხადებლების მოთხოვნა მათ მერ გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე (შენიშვნა: საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინებაში არ მიუთითებს კერძო საჩივარში აღნიშნულ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მიემართება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერებას, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის) იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. თუმცა, სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
15. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად დაშვების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ბედს. დასახელებული ნორმით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს განცხადების საფუძვლიანობით, ანუ სასამართლო აფასებს განცხადების დასაბუთებულობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობით შეილახება მხარის პატივსადები ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე ნორმით დადგენილია ისიც, რომ საქმის წარმოების შეჩერების მომთხოვნმა პირმა შუამდგომლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენით უნდა გაამყაროს, რითაც დაცული იქნება იმ მხარის ინტერესი, რომლის სასარგებლოდაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე Nას-261-252-2012, 19 მარტი, 2012 წელი). კანონის მითითებული დანაწესი გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპს ემსახურება და მიზნად ისახავს წაგებული მხარის მხრიდან საპროცესო წესების ბოროტად გამოყენების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას (იხ. სუსგ საქმე Nას-ა-5075-ბ-10-2017, 25 დეკემბერი, 2017 წელი).
16. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში, ამ განჩინების ბედი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებაზე. კერძოდ, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველია.
17. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინება იმავე სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
18. შესაბამისად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორების განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
20. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებს უარი ეთქვათ, როგორც მათ მიერ წადგენილი განცხადების, ისე კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, არ არსებობს მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.კ–ძის, ნ.ს–ძის, მ.თ–ძის, ა.ბ–ძისა და ს.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების მე-2 პუნქტი დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე