Facebook Twitter

საქმე №ას-1042-2023

13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ბ–ძე, ა.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „პირველი კასატორი“) და ა.ბ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს: სესხის ძირითადი თანხის - 8 651 აშშ დოლარის, 2017 წლის 04 დეკემბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის - 4 196 აშშ დოლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს - 333 აშშ დოლარის გადახდა; ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 8 651 აშშ დოლარის 3%-ის - 259,53 აშშ დოლარის გადახდა, 04.12.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 8 651 აშშ დოლარის 0,07%-ის, 06 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; თანხების ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ........., ს.კ. N......, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის - 3 836 აშშ დოლარის, სესხის გატანიდან 04.12.2017 წლამდე პროგრამულად დარიცხული საპროცენტო სარგებლის - 4 196 აშშ დოლარისა და სესხის გატანიდან 04.12.2017 წლამდე პროგრამულად დარიცხული პირგასამტეხლოს - 514 აშშ დოლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცენტო სარგებლის გადახდა 2017 წლის 04 დეკემბრიდან 2022 წლის 19 თებერვლამდე ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 8 651 აშშ დოლარის 3%-ის - 259,53 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 19.02.2022 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე საპროცენტო სარგებლის გადახდა ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის - 3 836 აშშ დოლარის 3%-ის, 115,08 აშშ დოლარის ოდენობით; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 8 651 აშშ დოლარის 0,007%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 0,6 აშშ დოლარს, 04.12.2017 წლიდან 2022 წლის 19 თებერვლამდე, ხოლო 19.02.2022 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის - 3 836 აშშ დოლარის 0,007%-ის, 0,26 აშშ დოლარის ოდენობით; პირველ მოპასუხეზე დაკისრებული თანხის ნებაყოფილობით გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით, დადგინდა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ს.კ. N......., იძულებითი რეალიზაცია, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში ასევე დადგინდა აღსრულების პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან გაგრძელება.

4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 27 მაისსა და 24 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის N1163-13 და N1299-13 ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, პირველ მოპასუხეს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი 9 000 აშშ დოლარზე.

6.2. აღნიშნული ხელშეკრულებების 4.1.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი სესხის ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო ვალდებულია, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 4% და პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%-ის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-26).

6.3. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 28 მაისსა და იმავე წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა N40829 და N42783 სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, პირველ მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 9 000 აშშ დოლარი. სესხის სრულად დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 27 მაისი (2.5 პუნქტი); საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 3% (2.8 პუნქტი), პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2.11 პუნქტი). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა დაიწყებოდა სესხის აღების მომენტიდან და გაგრძელდებოდა სესხის ძირი თანხის მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მოსარჩელის მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე) (2.9 პუნქტი). სესხი უნდა დაფარულიყო შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირგასამტეხლო; ბ) დარიცხული სარგებელი; გ) სესხის ძირითადი თანხა (2.22 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-41).

6.4. პირველი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 27 მაისსა და 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა N1163 და N1299 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, …….., ს.კ. N…….. (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42-55).

6.5. იპოთეკის ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იპოთეკის საგანი ვერ ფარავს გაცემულ სესხს ... [მოსარჩელე] უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე დარჩენილი, უკვე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42-55).

6.6. საქმეში არსებული პირველი მოპასუხის გადახდების ისტორიით, სალაროს შემოსავლის ორდერებით (სადაც კონკრეტულად არის დაფიქსირებული ხელშეკრულების ნომერი, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა გადახდა) და კლიენტის სესხებიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ მსესხებლის, პირველი მოპასუხის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბრისა და 28 მაისის სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული შენატანებით გამსესხებელმა მოახდინა მხოლოდ ძირი თანხისა და პროცენტის დაფარვა. ამასთან, ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველ მოპასუხეს გადახდები ნაწარმოები აქვს 2016 წლის 08 ნოემბრამდე.

6.7. მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით - აუდიტორული გაანგარიშებით, სასამართლო სხდომაზე მისი შემდგენი აუდიტორის - ვ. ა–ძის გამოკითხვით, ასევე, თავად აპელანტის განმარტებითა და კლიენტის სესხებიდან ამონაწერით ირკვევა, რომ 2013 წლის 28 მაისს სესხად მიღებული 6 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხა - 6 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 7 007,87 აშშ დოლარი, სულ 13 007,87 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-34). მითითებული თანხიდან პირველ მოპასუხეს, 2016 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით, შეტანილი აქვს მხოლოდ 6 270 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხის სახით დაფარულია 272 აშშ დოლარი და პროცენტი - 5 998 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 193).

6.8. რაც შეეხება 2013 წლის 25 ოქტომბერს სესხად მიღებულ 3 000 აშშ დოლარს, პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხა - 3 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 3 503,94 აშშ დოლარი, სულ 6 503,94 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან პირველი მოპასუხის მიერ შეტანილია მხოლოდ 3 304 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხის სახით დაფარულია 77 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 3 227 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 201).

6.9. ამდენად, სარჩელის წარდგენის დროისათვის მოსარჩელის მიერ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დავალიანება განსაზღვრულია - 8 651 აშშ დოლარით.

6.10. სესხის დაფარვის გრაფიკისა და გადახდების ისტორიის თანახმად, 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, პირველი მოპასუხისათვის N40829 სესხის ხელშეკრულების ფარგლებში პროგრამულად დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 3 528,54 აშშ დოლარს, ხოლო N42783 სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 1 050,77 აშშ დოლარს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელის მიერ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანება განსაზღვრულია 4 196 აშშ დოლარით.

6.11. სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2022 წლის 19 თებერვალს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე შეიტანა 4 815 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დანიშნულებაში კი მიუთითა სესხის ძირი თანხა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 250).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულებების 2.22 პუნქტის შესაბამისად გადახდების დაანგარიშების შემთხვევაში, სადავოდ არ ხდიდნენ სარჩელით მოთხოვნილი თანხების ოდენობას, თუმცა არ იზიარებდნენ ხელშეკრულებების 2.22 პუნქტის მიხედვით დადგენილ რიგითობას და მიიჩნევდნენ, რომ ასეთი წესი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მოთხოვნებს.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები დაიდო წერილობით, მსესხებელი გაეცნო და დაეთანხმა ხელშეკრულებების პირობებს (სესხისა და სარგებლის ოდენობას, გადახდის ვადას, პირგასამტეხლოს, სესხის დაფარვის რიგითობას და სხვა), რის შემდეგაც მიიღო სესხის თანხები. დადგენილია ასევე, რომ მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის ვადაში გადახდის ვალდებულება, რამაც წარმოშვა მოსარჩელის მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 316-317-ე, 624-625-ე და 361-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდევინების თაობაზე დასაბუთებულია.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებებით დასტურდება ვალდებულების შესრულების რიგითობაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, ამასთან, სალაროს შემოსავლის ორდერებში, რომლითაც მოვალე (მოპასუხე) ახდენდა სესხის დაფარვის მიზნით თანხის გადახდას, დაფიქსირებულია კონკრეტული ხელშეკრულების ნომერი, რომლისთვისაც ხდებოდა გადახდა, ასევე, გადახდილი თანხის ოდენობა, ხოლო გადახდილი თანხის დანიშნულება არ შეიცავს დეტალურ ჩანაწერს მიზნობრიობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.22 პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებით კანონშესაბამისად განახორციელა ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა, რაც ამ საკითხზე აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

10. ვინაიდან აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გაანგარიშება ისეთი შემთხვევისათვის, თუკი მოსარჩელე პირველი მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებით სესხის დაფარვას განახორციელებდა ხელშეკრულებების 2.22 პუნქტით დადგენილი წესით, ამასთან, სარჩელის წარდგენის შემდეგ მოპასუხის მიერ განხორციელებული შენატანი სასამართლომ ძირი თანხის ანგარიშში ჩათვალა, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის სახით - 3 836 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის სახით - 4 196 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9 პუნქტზე და განმარტა, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდაზე ასეთი შეთანხმება სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 403.1 მუხლის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის 2017 წლის 04 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით დაკისრების თაობაზე.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით და იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ძირითადი თანხა და მასზედ დარიცხული პროცენტი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა, დასაბუთებულად მიიჩნია. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 10-ჯერ, რაც, მისი მოსაზრებით, გონივრულ ოდენობას წარმოადგენს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს.

13. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1, 301.1, 3011 მუხლებით და მხარეთა წინამდებარე განჩინების 6.5 პუნქტში აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის, ხოლო ამონაგები თანხით დავალიანების სრულად ვერდაფარვის შემთხვევაში, მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის საფუძველი.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, 2018 წლის 24 ოქტომბრამდე. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და 2016 წლის 08 ნოემბრის შემდეგ არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 10.01.2018 წელს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გასული არ არის სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. შესაბამისად, არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

15. მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

16. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, ძირი თანხის რაოდენობიდან განისაზღვრება როგორც სარგებლის (3%), ისე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობაც (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნარჩენი ძირითადი თანხის 0,07%). ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სესხის ძირითადი თანხის სწორად ჩათვლის საკითხს, კერძოდ, რაც მეტია ძირითადი თანხა, მით მეტია პირგასამტეხლოც. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა უფრო მძიმე გადასახდელია მოვალისათვის ვიდრე სარგებელი და პირგასამტეხლო, რის გამოც, სესხის ძირითადი თანხის სწორად ჩათვლა იწვევს შემდგომი გადახდების სწორად განვითარებას;

16.2. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 28.05.2013წ. და 25.10.2013წ. დადებული ხელშეკრულებების 2.19 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი მსესხებელი გადაიხდის გრაფიკით დადგენილ გადასახადზე მეტს, თანხის ნამეტით დაიფარება სესხის ძირითადი თანხის შესაბამისი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში პირველ მოპასუხეს რამდენიმე თვის განმავლობაში გადახდილი აქვს გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი, თუმცა ნამეტის შეტანით ძირითადი თანხის შესაბამისი ნაწილი არ დაფარულა. მაგალითად, მოვალეს N40829 სესხზე 2014 წლის 27 აგვისტოს 180 აშშ დოლარის ნაცვლად, გადახდილი აქვს 203 აშშ დოლარი; 30 დეკემბერს ნაცვლად 180 აშშ დოლარისა, 358 აშშ დოლარი; 2015 წლის 26 ნოემბერს 180 აშშ დოლარის ნაცვლად 1 000 აშშ დოლარი; 2016 წლის 08 ნოემბერს 180 აშშ დოლარის ნაცვლად 700 აშშ დოლარი. ხოლო, N42783 სესხზე 2014 წლის 30 დეკემბერს 90 აშშ დოლარის ნაცვლად გადახდილი აქვს 182 დოლარი; 2015 წლის 25 დეკემბერს 300 აშშ დოლარი; 2016 წლის 08 ნოემბერს 1 300 აშშ დოლარი და 2017 წლის 10 აპრილს 1 050 აშშ დოლარი. ნამეტი თანხებით მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხა არ დაფარულა, მოვალის მიერ გადახდილი 1 574 აშშ დოლარიდან სესხის ძირ თანხაში ჩაითვალა მხოლოდ 341 დოლარი (ორივე სესხზე);

16.3. მოსარჩელე კლიენტის მიერ შეტანილი თანხების ჩათვლისას არღვევდა საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც აწესრიგებს ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობას. მითითებული სამართლებრივი ნორმა არ ითვალისწინებს კანონის სხვაგვარ გამოყენებას, იმ თვალსაზრისით, რომ კანონის ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდ მხარეთა დათქმის პირობებში. პირიქით, უკანონოა ის, რომ საბანკო სისტემაში გაბატონებულია სახელშეკრულებო ფორმა, რომლის თანახმად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოვალემ ჯერ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო (ჯარიმა), შემდეგ სარგებელი (პროცენტი) და შემდეგ ძირი თანხა;

16.4. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, საკრედიტო დაწესებულება ვალდებული იყო, შეტანილი თანხებით დაეფარა ადრე დამდგარი, გასული თვეების ვალდებულებები და თანაც ის ვალდებულებები, რომლებიც მოვალისათვის ყველაზე მძიმეა, ე.ი. ძირი თანხები;

16.5. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ დასახელებული ნორმა ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის ალტერნატიულ მოწესრიგებასაც შეიცავს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მოვალე კანონით მინიჭებულ უფლებას შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თაობაზე არ გამოიყენებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არც მხარეები შეთანხმებულან. სასამართლოს ამ განმარტებით მთლიანად იცვლება სსკ-ის 387-ე მუხლის არსი და კანონის ასეთი გაგებით ეს მუხლი კარგავს თავის შინაარს - თანაბრად დაიცვას მოვალისა და კრედიტორის უფლებები;

16.6. კასატორის აზრით, კანონი აწესებს, რომ: თუ მოვალე არ ამოირჩევს დაფარვის რიგითობას, მაშინ დაიფარება ის ვალი, როლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ე.ი. კანონი მიუთითებს, რომ საკრედიტო დაწესებულება ვალდებული იყო, მოვალის მიერ შეტანილი თანხებით პირველად დაეფარა წინა, გასული თვეების ვალდებულებები;

16.7. სესხის ხელშეკრულების 2.22 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის თანმიმდევრობაა შემდეგი: ა) პირგასამტეხლო; ბ) დარიცხული სარგებელი; გ) სესხის ძირითადი თანხა. მითითებული შეთანხმება გათვალისწინებულია (ისიც კანონსაწინააღმდეგოდ) მიმდინარე, ახლად ვადადამდგარი დავალიანების დროისათვის, კონკრეტული თვისათვის და არა ძველი, დარჩენილი დავალიანების დაფარვისათვის და ლოგიკურადაც ასეა - პირველად უნდა დაიფაროს ძველი, ადრე დამდგარი დავალიანება, რასაც კანონი გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება კანონთან შეუსაბამო და ბათილია, რაც არავითარ ვალდებულებას არ წარმოშობს (სსკ 54-ე მუხლი);

16.8. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 873-ე, 624-ე, 415-ზე მუხლებზე და განმარტა, რომ საკრედიტო დაწესებულებას შეეძლო თავიდან აეცილებინა ზიანი და მოპასუხის მიერ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ შეუსრულებლობის გამო, შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურება, აღარ გაეცა მეორე კრედიტი, თუმცა მან ეს არ გააკეთა და წლების განმავლობაში მოპასუხეს არიცხავდა პირგასამტეხლოსა და პროცენტს. კრედიტორის მხრიდან მოვალისადმი ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში მხარეთა ურთიერთობის მთავარ - კეთილსინდისიერების პრინციპს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საკითხის გადაწყვეტისას.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა. კერძოდ, კასატორის პრეტენზია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის არასწორ განმარტებაში მდგომარეობს. მისი მტკიცებით, აღნიშნულ სამართლებრივ ნორმას ეწინააღმდეგება მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებებში არსებული დათქმა სესხის დაფარვის რიგითობის შესახებ, კრედიტორი/მოსარჩელე ვალდებული იყო მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით უპირველესად სესხის ძირითადი თანხა დაეფარა.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა; იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა; ხოლო, თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.

21. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოვალის უფლებების დაცვას ემსახურება და ითვალისწინებს ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესს ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება აკისრია (იხ. სუსგ საქმე Nას-1232-1155-2015, 27 იანვარი, 2016 წელი). კერძოდ, სსკ-ის 387-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შემდეგი წინაპირობები: 1. მოვალეს კრედიტორის მიმართ რამდენიმე ვალდებულება აქვს; 2. ვალდებულებათა შესრულების საგანი იდენტურია; 3. ვალდებულებების წარმოშობის წყარო ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობაა; 4. მოვალის მიერ განხორციელებული შესრულება ყველა ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ არის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა დისპოზიციურია და ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმებას უშვებს. შესაბამისად, ვალდებულებათა სიმრავლის პირობებში შესრულების არასაკმარისობის დროს მხარეები ვადამოსულ ვალდებულებებს ურთიერთშეთანხმებით დადგენილი რიგითობით ფარავენ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 387-ე მუხლის კომენტარი, გვ. 540-541).

22. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო საკითხი შეეხება არა რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულების შესრულებას, არამედ ერთი ძირითადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ, მსესხებლის მიერ 28.05.2013წ. და 25.10.2013წ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხებიდან როგორი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო თითოეულ მათგანზე ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების დაფარვა. თუმცა, აღნიშნული გავლენას არ ახდენს წინამდებარე დავის სამართლებრივ შედეგზე.

23. კერძოდ, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობის საკითხი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.

24. დასახელებული სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობებია: ვადამოსული ვალდებულების არსებობა, შესასრულებელ ვალდებულებათა არაერთგვაროვნება – სხვადასხვა „რანგი“ და შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის თაობაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობა. შესაბამისად, ნორმა აწესრიგებს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევამდე შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობას, ასევე, დარღვევის შემდგომ განხორციელებულ შესრულებათა რიგითობასაც. მთავარია, რომ შესასრულებელი ვალდებულებები ვადამოსული იყოს და არ არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ვადამოსულ ვალდებულებათა შესრულების რიგითობის შესახებ. სასამართლოს ხარჯებში იგულისხმება როგორც სასამართლოს ხარჯები, ასევე, სააღსრულებო ხარჯები, ძირითადი ვალი ნიშნავს ძირითადი ფულადი ვალდებულების მთელ თანხას, ხოლო პროცენტებში იგულისხმება როგორც ძირითად ვალზე ვალდებულების შესრულების დასარიცხი პროცენტები, ისე მისი ვადის გადაცილების გამო წარმოშობილი პროცენტები (პირგასამტეხლო) (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 388-ე მუხლის კომენტარი, გვ. 545-546).

25. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. ამასთან, მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამ წარმოების დაწყების შემდეგ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის შეცვლა დაუშვებელია (იხ. სუსგ საქმე Nას-984-2018, 01 აპრილი, 2020 წელი; ასევე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 388-ე მუხლის კომენტარი, გვ. 547).

26. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 28.05.2013წ. და 25.10.2013წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების 2.22 პუნქტით განისაზღვრა ძირითად და დამატებით ვალდებულებათა შესრულების რიგითობა. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, სესხი უნდა დაფარულიყო შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირგასამტეხლო; ბ) დარიცხული სარგებელი; გ) სესხის ძირითადი თანხა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა წერილობითი შეთანხმება ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მსესხებლის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხებით უპირველესად სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თაობაზე.

28. კასატორი აგრეთვე დავობს, რომ 28.05.2013წ. და 25.10.2013წ. სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს მის მიერ გადახდილია გრაფიკით დადგენილ გადასახადზე მეტი თანხა, რომლებითაც აღნიშნული ხელშეკრულებების 2.19 პუნქტის საწინააღმდეგოდ, სესხის ძირითადი თანხა არ დაფარულა.

29. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ხელშეკრულებების 2.19 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი გადაიხდის გრაფიკით დადგენილ გადასახადზე მეტს, თანხის ნამეტით დაიფარება სესხის ძირი თანხის შესაბამისი ნაწილი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სესხის ხელშეკრულებების 2.22 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაფარვის თანმიმდევრობაზე, კერძოდ, მსეხებლის მიერ გადახდილი თანხებიდან უპირველესად უნდა დაფარულიყო სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, შემდგომ დარიცხული სარგებელი და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულებების დასახელებული პუნქტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ 2.19 პუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მსესხებელს არ ერიცხება დავალიანება და მის მიერ სრულად და ჯეროვნად არის გადახდილი გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ადგილი არ ჰქონია. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება. საქმეში წარდგენილი მსესხებლის გადახდის ისტორიიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58-65) ირკვევა, რომ კასატორის მიერ მითითებულ პერიოდში (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 16.2 პუნქტი) მსესხებელს ორივე სესხზე ერიცხებოდა დავალიანება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მის მიერ გადახდილი ნამეტი თანხით გამსესხებელს სესხის ძირი თანხის დაფარვა უნდა მოეხდინა.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტასთან და მხარეთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია ზოგადი და დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმჯელოს მის მართებულობაზე.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

34. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან მათი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 927,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. მ.ბ–ძესა (პ.ნ. ......) და ა.ბ–ძეს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 927,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე