საქმე №ას-1592-2022 29 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.თ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ–ლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.01.2022 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 1476 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N.......) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.
2.2. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად.
2.3. მხარეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით: N........ და N........, ერთმანეთის მომიჯნავეა.
2.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2020 წლის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტის წინაშე დაისვა ორი კითხვა: ა) მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ N.....) აქვს თუ არა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი საავტომობილო გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი დაკავშირება საჭირო გზასთან; ბ) შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N........) მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო გზა მოეწყოს მის მეზობლად მდებარე (მოპასუხის კუთვნილ) მიწის ნაკვეთზე, ჩრდილოეთის მხრიდან 56 მეტრის, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან 4 მეტრი სიგანის ფართობის გამოყენებით. ექსპერტის დასკვნით დადგენილია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან ნაკვეთის ირგვლივ მდებარე სხვა რეგისტრირებულ ნაკვეთებზე გავლის გარეშე. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ განმცხადებლის მიერ დასმული კითხვიდან გამომდინარე, შესწავლილ იქნა N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწყობა შესაძლებელია N........მიწის ნაკვეთის გავლით, N1 დანართის შესაბამისად. დასკვნის თანახმად, N1 დანართის შესაბამისად საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწყობის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საპროექტო სამსახურის მიერ გზის მოწყობის პროექტის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
2.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.01.2021 წლის დასკვნით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწყობა ისე, რომ მოსაწყობმა გზამ არ გაიაროს მოპასუხის კუთვნილი N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ტექნიკურად შესაძლებელია როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით, ასევე - სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით.
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 180-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია სარჩელში მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ საჯარო გზიდან მოსარჩელის ნაკვეთამდე ავტომანქანითა და ფეხით მისვლა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული გზით. დავის განხილვისას მოსარჩელე დაეთანხმა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარდა სადავო გზისა, მოსარჩელის ნაკვეთს საჯარო გზასთან დასაკავშირებლად სხვა ალტერნატიული, სულ მცირე, ორი გზა აქვს (იხ: 18.11.2021 წლის სხდომის ოქმი, მტკიცებულებათა გამოკვლევა). ამავე სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან გზით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით მოსარჩელე საუბარს ერიდება, რომ არ მოხდეს მეზობელთან არასასიამოვნო დაპირისპირება. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის აღნიშნული პოზიცია ადასტურებს არა ობიექტური ფაქტორის არსებობას, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჯეროვან გამოყენებას მოპასუხის მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე, არამედ მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაყენება განპირობებულია მოსარჩელის სუბიექტური მიზანშეწონილობით, თავის ნაკვეთთან მისასვლელად ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებით. მოსარჩელის ეს სუბიექტური არჩევანი არ ქმნის მოპასუხის საკუთრების კანონისმიერი ბოჭვისა და მასზე სამეზობლო თმენის ვალდებულების დაკისრების საფუძველს. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ საფეხმავლო და სატრანსპორტო გზების არსებული ვარიანტებიდან მოპასუხის საკუთრების გამოყენება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხის საკუთრება გამოუსადეგარი გახდება, რადგან, სხვა მეზობელი ნაკვეთებისგან განსხავებით, მოპასუხის კუთვნილი 500მ² მიწის ნაკვეთის 60% მოსარჩელის სარგებლობაში გადავა. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა ერთადერთი ოპტიმალური და გარდაუვალი აუცილებლობაა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იკვეთება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
4.2. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.
4.3. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან სათანადო კავშირი არ გააჩნია. მხარეთა შორის სადავოა, არის თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აუცილებელი გზის მოწყობისთვის ერთადერთი პროპორციული საშუალება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 04.08.2020 წლის ექსპერტის დასკვნის თანახმად, კასპის რაიონის სოფელ ........ მდებარე N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. ამავე დასკვნით, მითითებულ მიწის ნაკვეთთან საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია, მოეწყოს N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 14.01.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწყობა ისე, რომ მოსაწყობმა გზამ არ გაიაროს N........მიწის ნაკვეთი, ტექნიკურად შესაძლებელია როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით, ასევე - სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით.
4.4. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი) და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების პროცესში დადგინდება, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება N....... და N......... საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უფლება-მოვალეობებზე ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიმართ გავლენას მოახდენს, პროცესში ამ პირების ჩართვის საკითხის გადაწყვეტა გახდება აუცილებელი, რაც სააპელაციო სასამართლოში წარმოების ეტაპზე სსსკ-ის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, პროცესუალურად შეზღუდულია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია (25.10.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:01:05 წუთიდან) იმის თაობაზე, რომ მითითებულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, რომლებიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან (სსსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით), ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეიძლება გახდეს მოსარჩელის მიერ ამჯერად მათ მიმართ სარჩელის აღძვრის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი უპირველესად არის საკითხი - სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (შდრ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; სუსგ Nას-151-147-2016 , 19.04.2016წ.; სუსგ Nას-1167-2019, 22.07.2020წ.).
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (სუსგ №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; Nას-1167-2019, 22.07.2020 წ.).
9. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (სუსგ Nას-1167-2019, 22.07.2020წ.).
10. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეს არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლო არაა შეზღუდული, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში, შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სსსკ-ის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (სუსგ Nას-657-618-2012, 10.12.2012წ.; სუსგ Nას-151-147-2016 , 19.04.2016წ.; სუსგ Nას- 973-922-2015, 16.02.2016წ.; სუსგ Nას-1147-2021, 31.03.2023წ.).
11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოც გამართლებული და მართლზომიერი იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, კერძოდ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, რომლებიც არიან მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სსსკ-ის 203-ე მუხლის საფუძველზე საქმის მომზადებაზე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინების მე-13 პუნქტი), უთითებს სსსკ-ის 90-ე მუხლზე (მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით) და განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეიძლება გახდეს მოსარჩელის მიერ სარჩელის მათ მიმართ აღძვრის საფუძველი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინების მე-15 პუნქტი).
12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სხვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების მესამე პირად ჩართვის მოტივით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 89-90 მუხლებით დადგენილ წესებს (შდრ. სუსგ Nას-973-922-2015წ. 16.02.2016წ., პუნქტი 13.2).
13. პალატა მიუთითებს, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არის პირი, რომელიც საქმის განხილვაში ერთვება საკუთარი ან მხარეთა ინიციატივით, მოსარჩელის, მოპასუხის ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის მხარეზე საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, თუ მის უფლებებზე ან მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ შესაძლოა საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს (ნინო ხარიტონაშვილი, მესამე პირები სამოქალაქო პროცესში, დისერტაცია, თბილისი 2017, გვ.109).
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 89-ე და 90-ე მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩართვის წესს (სსკ-ის 89-ე მუხლით ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით). კანონის დასახელებული დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩართვა დასაშვებია ორი გზით: 1. საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით და 2. თავად იმ პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც სურს მესამე პირად საქმეში ჩართვა (სუსგ Nას-1017-978-2016, 25.01.2017წ., პუნქტები 53-59). სასამართლოს არა აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ინიციატივით ჩააბას მესამე პირი საქმეში. საქმის მასალებით კი არ დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, რომელიმე მხარემ ან თვით დაინტერესებულმა პირმა გამოიყენა აღნიშნული ნორმებით მინიჭებული საპროცესო უფლება (შდრ. სუსგ Nას-973-922-2015წ. 16.02.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.). დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3.1. მუხლი), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში (შდრ. სუსგ №ას-395-374-2013, 23.09.2013წ; №ას-1851-2018, 02.05.2019წ.).
16. საკასაციო პალატა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მიზანშეწონილობის და მართებულობის შეფასებით მიზნით განმარტავს, რომ რომელიმე მხარის ან თვით დაინტერესებულმა პირის მიერ სსსკ-ის 88-89-ე მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაციის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში (სსსკ-ის 380-ე, 215-ე მუხლები) თავად იმსჯელოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე (შდრ. ი. პერანიძე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1 (28), 2011წ, გვ.35; ნინო ხარიტონაშვილი, მესამე პირები სამოქალაქო პროცესში, დისერტაცია, თბილისი 2017წ., გვ.127). უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მესამე პირის საქმეში ჩაბმა მხარეთა ინტერესებს ემსახურება, ხოლო ამ საპროცესო მოვალეობის განუხორციელებლობით ირღვევა სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.11.2017წ. განჩინება საქმეზე Nას-921-861-2017, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში, საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად).
17. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაბრუნების შესახებ მიღებული განჩინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული იქნებოდა, თუ იარსებებდა სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. სააპელაციო პალატამ ისე დააბრუნა პირველ ინსტანციაში საქმე განსახილველად, რომ სათანადოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლებდა გადაწყვეტილების მიღებას. პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 377-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავად გამოეკვლია მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, გაენალიზებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე გამოეტანა დასკვნა სარჩელი იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას და განხორციელებული იყო თუ არა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა (შდრ. სუსგ Nას-973-922-2015წ. 16.02.2016წ.).
18. პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
19. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. ამასთან, რადგან სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა), ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა (მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა) შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, კასატორს სახელწიფო ბაჟის სახით თავისი ინიციატივით გადახდილი 300 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჯ–ლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2022 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. ნ.ჯ–ლს (პ/ნ: ..........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 05.12.2022წ.) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია