Facebook Twitter

საქმე №ას-751-2021 28 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ლ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2021 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: 10.07.2008 წლის №3 ხელშეკრულებიდან გასვლა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 150000 ევროს ეკვივალენტი ლარის, გადახდის დროს არსებული კურსით, დაკისრება; მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 24000 ევროს ეკვივალენტი ლარის, გადახდის დროს არსებული კურსით, დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.04.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 10.07.2008 წელს დადებული №3 ხელშეკრულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150000 ევროს ეკვივალენტი ლარი, გადახდის დროს არსებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 24000 ევროს ეკვივალენტი ლარი, გადახდის დროს არსებული კურსის შესაბამისად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 10.07.2008 წელს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა („დამკვეთი“) და, მეორე მხრივ, მოპასუხის („შემსრულებელი“) დირექტორს ზ. დ–ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება №3, რომლის მიხედვით, „დამკვეთი“ უკვეთავს, ხოლო „შემსრულებელი“ თავის თავზე იღებს ააშენოს და სათანადო წესით ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დამკვეთს გადასცეს შეკვეთილი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ........., 150 კვ.მ, მე-5 სართული, ბინა №10.

4.2. ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად, „შემსრულებელი“ „დამკვეთს“ ბინას გადასცემს არაუგვიანეს 2009 წლის დეკემბრისა. მხარეთა შორის 19.11.2008 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 10.07.2008 წლის ხელშეკრულების 1.5 პუნქტში მითითებული მშენებლობის დასრულების ვადა - 2009 წლის დეკემბერი, შეიცვალა 2014 წლის დეკემბრით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 150 000 ევროს, რომელიც ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შესაბამისად, „დამკვეთმა“ გადაიხადა სრულად. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირობების შეუსრულებლობის ან არასრულად შესრულების შემთხვევაში „შემსრულებელის“ მიერ „დამკვეთისათვის“ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს/ჯარიმის გადახდაზე.

4.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე, განსხვავებით მოთხოვნის უფლებებისაგან, არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმაა და იგი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა.

4.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როდესაც მოპასუხეს ბინის ჩაბარების ვალდებულება ეკისრებოდა. დადგენილია, რომ 10.07.2008 წლის ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად, „შემსრულებელი“ „დამკვეთს“ ბინას გადასცემს არაუგვიანეს 2009 წლის დეკემბრისა. მხარეთა შორის 19.11.2008 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 10.07.2008 წლის ხელშეკრულების 1.5 პუნქტში მითითებული მშენებლობის დასრულების ვადა - 2009 წლის დეკემბერი, შეიცვალა 2014 წლის დეკემბრით. სარჩელი აღძრულია 24.11.2017 წელს, შესაბამისად, გადასახდელი პირგასამტეხლოს მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ იქნება მიჩნეული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

4.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 10.07.2008 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული №3 ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება, რაც შეადგენდა 150 000 ევროს, მოსარჩელის მიერ გადახდილია სრულად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, მოსარჩელეს ეკისრებოდა. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატამ აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 150000 ევრო, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების - 150000 ევროს გადახდის დასადგენად.

4.6. რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოში მოსარჩელისა და შპს „ი.ს–ის“ დირექტორის გ.გ–ძის დაკითხვის ოქმებში მოცემულ განმარტებებს, რომ 10.07.2008 წლის ხელშეკრულებით რეალურად მოხდა იმ ბინების „დახურდავება“, რაც გამომდინარეობდა გ.გ–ძესთან არსებული ურთიერთობიდან, სააპელაციო პალატამ მიუთითა №ას-788-748-2013 საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: „გაუგებარია, სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულების რომელ პროცესუალურ საშუალებად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ. თუ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმის ჩვენების ინსტიტუტის თავისებურებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140–ე, 148–ე მუხლები). დაუშვებელია პროცესის მონაწილის (მაგალითად, მხარის) და მოწმის აღრევა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილ მასალებში დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილეებს (მოსარჩელეებს, მოპასუხეებს, მესამე პირებს)... შესაბამისად, ამ პირების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებები ის ახსნა–განმარტებებია, რომელიც მოცემულია განსახილველ სამოქალაქო საქმეზე, რაც მოითხოვს საერთო წესით შეფასებას და ყოვლად დაუშვებელია პროცესის მონაწილეები, თავიანთ პოზიციებში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად, ერთდროულად გამოდიოდნენ ამავე პროცესში მოწმეებად. თუ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები შეაფასა, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ჩვენებები წარმოადგენენ იმ პირთა ახსნა–განმარტებებს, რომლებიც კონკრეტულ სამოქალაქო საქმეში წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს და ამავე ახსნა–განმარტებებს აკეთებენ სამოქალაქო პროცესში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული მოწმეთა ჩვენებები შეფასდეს, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ, ამ შემთხვევაში პროცესუალურსამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურსამართლებრივი მხარე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე“.

4.7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დროს, 01.06.2009 წლის მოწმის გამოკითხვის ოქმში, სადაც მოსარჩელე დაკითხულია მოწმის სტატუსით, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ „რეალურად აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა გ–თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც მოხდა ..... ქუჩა 35/37-ში შეკვეთილი ბინების „დახურდავება“ - ვერ გახდება ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებისა და თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების გაბათილებისათვის საკმარისი არგუმენტი. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ 10.07.2008 წლის №3 ხელშეკრულება გაფორმებულია მოსარჩელესა და მოპასუხის დირექტორს ზ. დ–ას შორის. შესაბამისად, მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ კომპანიამ იკისრა მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ვალდებულება, ვერ აქარწყლებს მხარეთა შორის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ფაქტს თანხის გადახდის თაობაზე.

4.8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2008 წლის ივლისის ხელშეკრულება თავისი შინაარსით ნარდობაა და სწორედ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობა. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან, 352.1-ე მუხლიდან და 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს.

4.9. სააპელაციო პალატის მითითებით, კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.

4.10. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს. ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.

4.11. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 10.07.2008 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას მოპასუხე დღემდე არ ასრულებს, რაც მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია. უფრო მეტიც, იგი არ ეთანხმება მოსარჩელეს, რომ მის მიმართ ვალდებულება აქვს შესასრულებელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამატებითი ვადის დაწესება აუცილებელი არ არის, ვინაიდან, აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება (სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის (მენარდის) მიერ დარღვეულია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც არსებობს მოსარჩელის (დამკვეთის) ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობები.

4.12. დადგენილია, რომ 10.07.2008 წლის შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაემზადებინა (აეშენებინა) და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა შეკვეთილი ბინა, ინდივიდუალურად განსაზღვრული საგანი. თავის მხრივ, მოსარჩელემ გადაიხადა ნარდობის საზღაური (დამზადებული ნივთის ღირებულება) 150 000 ევრო, ანუ მხარეთა შორის შეთანხმება აკმაყოფილებდა ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს. დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია წარდგენილი მეორადი მოთხოვნის (ხელშეკრულებიდან გასვლის) წინაპირობების განხორციელება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს მოსთხოვოს გადაცემულის უკან დაბრუნება. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი როგორც გადახდილი თანხის დაბრუნების, ისე ვალდებულების შეუსრულებლობის/ხელშეკრულებიდან გასვლის დროს გადასახდელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

5.1. სსკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, ორმხრივი რესტიტუციის შედეგად მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება. ამრიგად, უნდა დადგინდეს, თუ რა გადასცეს მხარეებმა ერთმანეთს. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადაცემის ფაქტი.

5.2. მოსარჩელეს მოპასუხისთვის 10.07.2008 წლის ხელშეკრულების ფარგლებში არცერთი თეთრი არ გადაუხდია. კომპანიის სალაროში თანხის შესვლის ფაქტი არ დასტურდება. არც მოსარჩელეს წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საბანკო გადარიცხვის ან სალაროს ქვითრის სახით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის კონტრაჰენტებმა, სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-240-2023, 21.03.2023 წ. პუნ.10; №ას-1142-2021, 10.11.2022 წ; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.08.2019წ.). ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან, შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი, მოცემულ შემთხვევაში - ააშენოს და სათანადო წესით ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დამკვეთს გადასცეს შეკვეთილი ბინა. სსკ-ის 648-ე მუხლით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამდენად, ხელშეკრულებით მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საზღაურის წინასწარ ან ნაწილ-ნაწილ გადახდაზე.

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არ გადაუხდია. საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა მიერ ხელმოწერილ 10.07.2008 წლის ხელშეკრულებაზე, რომლის 2.1. პუნქტის შესაბამისად, შეკვეთილი ბინის ღირებულება შეადგენს 150 000 ევროს ეკვივალენტ ლარს; 2.2 პუნქტში კი მითითებულია, რომ დამკვეთმა ბინის ღირებულება სრულად გადაიხადა (ტ.1, ს.ფ. 284-288). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ აღნიშნული საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების - ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის დასადგენად (შდრ. სუსგ №ას-194-2019, 27.05.2019წ., პუნ. 13.3). ხელშეკრულების დათქმა, რომ თანხა გადახდილია მტკიცებულებას ქმნის ხელშემკვრელ მხარეებს შორის გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების შესახებ, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც გარიგებას სადავოდ ხდის მესამე პირი მოჩვენებითობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-1021-982-2016, 17.05.2018წ., პუნ.26). ამრიგად, მოსარჩელემ თანხის გადახდის ფაქტი დაადასტურა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის მხარეს იყო, რაც ამ უკანასკნელმა ვერ გასწია და თავისი პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა.

11. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ამ დროს სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონებრივ ასპექტში უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ხდება შესრულებისა და სარგებლის უკუქცევა. ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტი იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა ნების თავისუფლება (ავტონომია) არ მთავრდება ხელშეკრულების დადებით და იგი ბოლომდე თან სდევს მის შესრულებას. ისევე, როგორც ხელშეკრულების დადება იყო მხარეთა ნებაზე დამოკიდებული, ასევე მისი შემდგომი არსებობაც მათ ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მხარე ხელშეკრულებით შებოჭილია და იგი უნდა შესრულდეს, მაგრამ ხელშეკრულების მონაწილე ვერ შეიბოჭება მეორე მხარის ისეთი მოქმედებით, რაც მისთვის ზიანის მომტანია. დაუშვებელია ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ერთი მხარისათვის თავისუფლება იქნება და მეორისათვის კი ამ თავისუფლების შეზღუდვა (ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, 2005, გვ. 266). ამდენად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებული არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.). ვალდებულების დარღვევა იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ; №ას-832-2021, 13.12.2022წ.).

13. ხელშეკრულებიდან გასვლით მხარეები წყვეტენ სახელშეკრულებო ურთიერთობას რეტროაქტიული ეფექტით, რის შედეგადაც ორივე მხარეს წარმოეშობა შესრულებისა და მისგან მიღებული სარგებლის უკუქცევის ვალდებულება (სსკ-ის 352 I მუხლი) (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 405, ველი 3).

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ბინა უნდა გადასცემოდა არაუგვიანეს 2009 წლის დეკემბრისა. მხარეთა შორის 19.11.2008 წელს გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობის დასრულების ვადა შეიცვალა 2014 წლის დეკემბრით. ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია. იგი არ ეთანხმება მოსარჩელეს, რომ მის მიმართ ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ამ პირობებში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ დამატებითი ვადის დაწესება აუცილებელი არ არის, ვინაიდან, აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება (სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) (შდრ. სუსგ №ას- 1361-2020, 11.03.2021წ., პუნ. 38). საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობები. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ლ.ს–ის“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს დ.მ–ის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 09.08.2021წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

თეა ძიმისტარაშვილი