საქმე №ას-1120-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – იჯარის საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 14116,67 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3231,95 ლარის გადახდის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 662,4 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელესა და მ.ს–ძეს შორის 13.08.2019 წელს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანია, რუსთავში, ........, შპს „ე–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 80 კვ.მ ფართის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: ......) სარგებლობაში გადაცემა. იჯარის ვადაა 5 წელი, საიჯარო ქირად განისაზღვრა წელიწადში 66 000 ლარი. ყოველწლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. იჯარის საფასურის გადახდა გათვალისწინებულია ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია იჯარის თანხის გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%. ხელშეკრულებაში 19.09.2019 წელს შევიდა ცვლილება და მოიჯარე მ.ს–ძეს სრულად ჩაენაცვლა მოპასუხე.
2.2. მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს იჯარის საფასური 05.02.2020 წლის ჩათვლით, სულ - 33 000 ლარი, ასევე, გადახდილი აქვს პირგასამტეხლო 20.11.2019 წელს 104,5 ლარი და 28.09.2020 წელს - 5 ლარი. იჯარის საფასური გადახდილია შემდეგი პერიოდულობით: 19.09.2019 წელი - 5500 ლარი, 22.10.2019 წელი - 3300 ლარი, 20.11.2019 წელი - 7700 ლარი, 09.12.2019 წელი - 5500 ლარი, 06.01.2020 წელი - 5500 ლარი, 05.02.2020 წელი - 5500 ლარი. მოპასუხეს იჯარის საფასური არ გადაუხდია 05.02.2020 წლის შემდეგ.
2.3. მოსარჩელის 30.04.2021 წლის №1/6-68 ბრძანებით შეწყდა 13.08.2019 წელს მოპასუხესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა იჯარის საფასურისა და პირგასამტეხლოს გადახდა. 18.05.2021 წლის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა და მოითხოვა იჯარის საფასურის - 77 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 17 311,80 ლარის გადახდა. იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ქონების მესაკუთრის ინიციატივით იმის გამო, რომ მოიჯარემ არ შეასრულა იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.4. „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.10.2021 წლის №507 დადგენილების თანახმად, 1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლის მხარეც არის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ 21.03.2020 წლიდან 21.03.2021 წლამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან. 2. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასური ან/და პირგასამტეხლო, გადახდილი საფასური და პირგასამტეხლო ჩაეთვალოს გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის საფასურის ანგარიშში. 3. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ გადახდილი, ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის საფასური და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას.
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოვლენილია ვალის პატიების ნება, რადგან სახელმწიფო ქონების მოიჯარეები გათავისუფლდნენ 21.03.2020 წლიდან 21.03.2021 წლამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის დავალიანებისა და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
2.6. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხეს არ გადაუხდია 2020 წლის თებერვლის (5500 ლარი) და მარტის (3850 ლარი), ასევე 2021 წლის მარტის (1833,33 ლარი) და 2021 წლის აპრილის (5500 ლარი) ქირა, სულ 16 683,33 ლარი. ცხრილის მიხედვით, იჯარის საფასურის თანხაა 14 116,67 ლარი, რომლის გადახდას სარჩელით მოითხოვს მოსარჩელე. შესაბამისად, იჯარის საფასურის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები). ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო იჯარის საფასურის ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადაუხდელი საიჯარო ქირის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.8. საქართველოს მთავრობის 15.10.2021 წლის №507 დადგენილებით სახელმწიფო ქონების მოიჯარეები გათავისუფლდნენ 21.03.2020 წლიდან 21.03.2021 წლამდე პერიოდში იჯარის საფასურის დავალიანების, ასევე საფასურის გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, ვალის პატიების გამო საფუძვლიანი არ არის მოსარჩელის მოთხოვნა ამ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2.9. სასამართლოს გაანგარიშებით, იჯარის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს საერთო თანხაა 655,23 ლარი, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 109,5 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს 545,73 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდა ნაწილობრივ. საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მოსარჩელე კი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რადგან მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და შეესაბამება სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შესაფასებლად, პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მოიჯარეს საიჯარო ქონებით ფაქტობრივად არ უსარგებლია; მისი ბიზნესსაქმიანობის განხორცილებას ხელი შეუშალა პანდემიამ (COVID 19) და მისმა განგრძობადმა შედეგებმა. ამ გარემოების მიუხედავად, ირკვევა, რომ მოიჯარემ, საიჯარო ქირის სახით, 33 000 ლარი გადაუხადა მეიჯარეს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების (14 166.67 ლარი), დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, ასევე, მოიჯარის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანია, შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. კასატორი (მოსარჩელე) არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
14. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის შინაარსის, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია