Facebook Twitter

საქმე №ას-519-2021 30 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ა–ძე, მ.ჩ–ი, რ.ვ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საოქმო განჩინებების გაუქმება

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ა–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულებებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმება.

სარჩელის საფუძვლები

2. 2013 წლის 20 ივნისს მხარეებმა დადეს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ბანკი თანხმობას აცხადებდა, გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ლიმიტით. ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები. 2013 წლის 21 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI037928, რომლის თანახმად კრედიტის თანხა 133 000 აშშ დოლარი იყო. 2014 წლის 28 მარტს მხარეებს შორის არასანოტარო ფორმით დაიდო №GAUI1037890 საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა 148 800 აშშ დოლარი იყო. ამავე დღეს გაფორმდა სანოტარო აქტის სახით იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკარის სასარგებლოდ მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის ქონება. 2015 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის მესამედ გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხამ შეადგინა 135 340 აშშ დოლარი, გარიგება სანოტარო წესით არ გაფორმებულა. ამ თანხით სრულად დაიფარა წინა ვალდებულება და გაფორმდა დამოუკიდებელი გრაფიკი, რომელიც დაირღვა და გადახდილ იქნა მხოლოდ 44 607 აშშ დოლარი.

3. 2017 წლის 22 ნოემბერს კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცლები, აღსასრულებელი დოკუმენტებია: 2014 წელს სანოტარო აქტის სახით დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები: №SAI1046465, №SAI046464, №SAI046468, ჯამური დავალიანება 141 061 აშშ დოლარი კი, 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. საკრედიტო ლიმიტი, რომელსაც უზრუნველყოფდა სხვადასხვა ქონება, თითქმის ამოიწურა პირველი ორი სესხის გაცემის დროს. ბოლო სესხის თანხა, რომელიც გაიცა 2015 წელს და გადაფარა მანამდე არსებული დავალიანებები, 134 340 აშშ დოლარი იყო. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიღებული საკრედიტო თანხების გათვალისწინებით მხარეებმა გადააჭარბეს გენერალური ხელშეკრულებით შეთანხმებულ 300 000-აშშ დოლარიან ლიმიტს. შესაბამისად, ბოლო სესხი ვერ იქნება საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული და მასზე ვერ გავრცელდება საკრედიტო ხაზისთვის განკუთვნილი ვერცერთი უზრუნველყოფა, მათ შორის – ვერც იპოთეკები.

4. მხარეებს შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებულ გენერალური ხელშეკრულება და არც მას შემდეგ დადებული სესხის ხელშეკრულებები არ შეიცავს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება ექნებოდა ნოტარიუსს. ასეთი ჩანაწერის შემთხვევაშიც ისინი სანოტარო წესით დამოწმებული არ ყოფილა. შესაბამისად, ნოტარიუსი მაინც არ იყო უფლებამოსილი, გაეცა სააღსრულებო ფურცელი. საგულისხმოა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ განსაზღვრას მოთხოვნას და იგი წარმოადგენს მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

მოპასუხის შესაგებელი

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნები: №140303475, №140303796, №140303705 სარეგისტრაციო ნომრით აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარებისა და №171366282, №171366321, №171366275 სარეგისტრაციო ნომრით აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №......... იპოთეკის შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში გ.ა–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჩ–ი, ხოლო უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №......, მესაკუთრე რ.ვ–ი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქმეში ჩაება სათანადო მოსარჩელედ იპოთეკის შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა 2014 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებები, სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომრით №140303475, №140303796, №140303705 და იპოთეკისაგან გათავისუფლდა შემდეგი უძრავი ქონება: საკადასტრო კოდით №........., საკადასტრო კოდით №........., საკადასტრო კოდით №.........; გაუქმდა ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები სანოტარო რეგისტრაციის ნომრებით №171366282, №171366321, №171366275. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 5200 ლარი; მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 2800 ლარი.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ძირითადმა მოვალემ 2013 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტიდან აითვისა 133 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულად დაფარა 2014 წლის 28 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის თანხით - 140 000 აშშ დოლარით. მოპასუხე მხარემ ასევე დაადასტურა გარემოება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხით სრულად გადაფარა 2014 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც. ამრიგად, მოსარჩელემ პირველი ორი საკრედიტო ხელშეკრულებით, ჯამურად, 281 800 აშშ დოლარი აითვისა, რაც ორჯერ სრულად გადაფარა. მხარეთა შორის სადავოა, მხოლოდ, 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის საკითხი იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული სესხის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება - 135 340 აშშ დოლარი ვერ თავსდება საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ 300 000 აშშ-დოლარიან საკრედიტო ლიმიტში.

11. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2013 წლის 21 ივნისისა და 2014 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, გაუქმდა მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის უძრავი ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ტვირთიც, ვინაიდან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (იპოთეკა) კონკრეტულად 2013 წლის 20 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 000 აშშ დოლარის შესრულებისთვის იქნა გამოყენებული და მისი 300 000 აშშ დოლარის ზემოთ ნაკისრ ვალდებულებაზე (2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრ 135 340 აშშ დოლარის სასესხო ვალდებულებაზე) გავრცელება სცილდება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ფარგლებს. იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების საკუთარი ქონებით უზრუნველყოფის ნება არ გამოუვლენიათ, რაც გამორიცხავს 2014 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებების გავრცელებას 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეებმა ხელშეკრულებით მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები 300 000 აშშ დოლარით განსაზღვრეს. ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და ფორმის დაცვა (286-ე მუხლის მესამე ნაწილი), რაც განსახილველ შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა ჩართულობით არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 28 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების მოქმედების გავრცელება 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილი იპოთეკის უფლების წარმოშობის კანონისმიერ საფუძვლებს.

12. ამდენად, სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 2013 წლის 20 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება – 300 000 აშშ დოლარი და მოსარჩელეთა იპოთეკური ვალდებულება გრძელდებოდა სწორედ ამ ლიმიტის ფარგლებში მის სრულ დაფარვამდე. საკრედიტო ლიმიტის დავალიანების სრულად გასტუმრებით, ძირითადი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტასთან ერთად, შეწყდა მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის უძრავი ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ტვირთიც. შესაბამისად, ვლინდებოდა 2014 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველი.

13. ნოტარიუსი მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი, გასცეს საღსრულებო ფურცელი, თუკი ამგვარი რეალიზაციის წესზე შეთანხმება გაფორმებულია მესაკუთრესა და კრედიტორს შორის. პალატამ დაადგინა, რომ არც 2015 წლის 18 ივნისის და არც 2013 წლის 20 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებაში მხარეები არ შეთანხმებულან, რომ აღსრულების დაწყება შესაძლებელია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მაშასადამე, სააღსრულებო ფურცლების გაცემისას დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები. შესაბამისად, საღსრულებო ფურცლის გაცემას არ ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ის მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ბათილია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

15. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლისა და იპოთეკების გაუქმება იმ ფონზე, როდესაც ვალდებულების არსებობა მოვალის მიერ დადასტურებულია, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს არ შეესაბამება. ამასთან, ხელშეკრულების იმდაგვარად განმარტება, რომ ბანკმა 135 340-აშშ დოლარიანი კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე გასცა და ეს იყო ორივე მხარის განზრახვა, ეწინააღმდეგება საღ აზრსაც, რამდენადაც ბანკი ფაქტობრივად არ გასცემს სესხს, თუკი ის სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის.

16. ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში, როგორც სახელწოდებაში, ისე 2.1 პუნქტში დაფიქსირებულია, ხელშეკრულება წარმოადგენს 2013 წელს დადებული გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და დადებულია მისი 4.1. პუნქტით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით; 2013 წელს დადებული ხელშეკრულების 4.1.6.პუნქტის თანახმად, 2015 წლის ხელშეკრულება აღარ აწესრიგებს იმ პირობებს, რაც მოცემულია 2013 წლის ხელშეკრულებაში. 2015 საკრედიტო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად კი, კლიენტის მიერ 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია 2013 წლის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის 4.1.13 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან, ეს უკანასკნელი პუნქტი უთითებს რა უზრუნველყოფის საშუალებებზე ცალსახად სავალდებულოდ მიიჩნევს იპოთეკური კრედიტის დამტკიცებამდე მის წინასწარ უზრუნველყოფას. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ 2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულება ცალკე განყენებულად არ არსებობს და ვერ განიხილება ძირითადი ხელშეკრულების გარეშე.

17. თავის მხრივ, მსესხებელი 2015 წლის კრედიტით რეფინანსირებისას თანახმა იყო სესხის გენერალური ლიმიტით გაცემაზე და ამის წინააღმდეგ პრეტენზია არ განუცხადებია. იცოდა ისიც, რომ უზრუნველყოფილ კრედიტს იღებდა, რამდენადაც თავად ჰქონდა ხელი მოწერილი იპოთეკაზეც. ხოლო, როცა ვერ შეძლო კრედიტის დაფარვა, პრეტენზია გაუჩნდა თავისსავე ხელმოწერილ უზრუნველყოფებთან დაკავშირებით, რითაც ცდილობს ნაკისრი ვალდებულებისაგან თავის დაღწევას.

18. იმ შემთხვევაშიც, თუკი მივიჩნევთ, რომ გენერალური ხელშეკრულების ლიმიტის მიზნებიდან გამომდინარე, ლიმიტი გადაჭარბებულია, უნდა გავითვალისწინოთ ის მოქმედებები, რომლითაც მხარეებმა აშკარად გამოხატეს ლიმიტის გაზრდის გეგმა: 2015 წლის კრედიტის გაფორმება გენერალური ლიმიტის ფარგლებში, რომლებზეც ხელს აწერს ბანკი და იპოთეკის 2 საგნის მესაკუთრე; 2014 წელს იპოთეკის ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება 300 000 - აშშ დოლარიანი ლიმიტით; 2015 წელს გაცემული იპოთეკური კრედიტის გადახდის დაწყება; 2015 წლის კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მსესხებლის მიერ აღიარება.

19. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირველი და მეორე კრედიტის ფარგლებში გაცემულმა თანხამ შეადგინა 281 000 აშშ დოლარი, მესამე საკრედიტო ხელშეკრულებიდან 19 000 აშშ დოლარი კვლავ რჩება გენერალური კრედიტის ხელშეკრულების ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ნაწილში მაინც უნდა გავრცელდეს იპოთეკის ხელშეკრულებები.

20. არ არსებობდა არც სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც სსკ-ის 302.31 მუხლში მითითებული გარიგება გულისხმობს არა კრედიტის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. მოსარჩელე სადავო იპოთეკის ხელშეკრულებათა გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ბანკისგან აღებული სამი სესხიდან, მოსარჩელეს პირველი ორი სესხი სრულად აქვს დაფარული, შესასრულებელ ვალდებულებად დარჩენილია მხოლოდ ბოლო სესხით მიღებული 134 340 აშშ დოლარი. თუმცა, რაკი ბოლო სესხით მხარეებმა გადააჭარბეს გენერალური ხელშეკრულებით შეთანხმებულ 300 000 აშშ დოლარიან ლიმიტს, იგი ვერ განიხილება საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემულ სესხად და მასზე ვერ გავრცელდება საკრედიტო ხაზისთვის განკუთვნილი უზრუნველყოფა. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების - იპოთეკის ფარგლებია სადავო.

24. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ სსკ-ის) 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 60-61. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674) (იხ.: სუსგ №ას-475-2019, 15.04.2021წ.; №ას-749-2021, 30.01.2024წ.). სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა. იპოთეკის აქცესორული ბუნება მოცემულია სსკ-ის 288-ე და 295-ე მუხლებში, რომელთა თანახმადაც, იპოთეკის წარმოშობა, გადაცემა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე (თოთლაძე ლევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, მუხლი 153).

25. უდავოდაა დადგენილი, რომ 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GAI037890 ხელშეკრულებით მხარეებმა საკრედიტო ლიმიტი 300 000 აშშ დოლარით განსაზღვრეს. 2014 წლის 28 მარტის სადავო იპოთეკის ხელშეკრულებებით კი, უზრუნველყოფილ იქნა მხარეებს შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 300 000-აშშ დოლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მოსარჩელემ 2013 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტიდან აითვისა 133 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულად დაფარა 2014 წლის 28 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის თანხით – 140 000 აშშ დოლარით. მოსარჩელემ 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხით სრულად გადაფარა 2014 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც. ამრიგად, მოსარჩელემ პირველი ორი საკრედიტო ხელშეკრულებით, ჯამურად, 281 800 აშშ დოლარი აითვისა, რაც ორჯერ სრულად გადაფარა. 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება კი - 135 340 აშშ დოლარია.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მხარეთა ნებისა და საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „საკრედიტო ლიმიტთან“ დაკავშირებით, კერძოდ, სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, საკრედიტო ლიმიტის - 300 000 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ, გულისხმობს ბანკის უფლებამოსილებას, მრავალჯერადად გასცეს საბანკო კრედიტი იმ დათქმით, რომ გაცემული საკრედიტო რესურსის ჯამი არ აღემატოს საკრედიტო ლიმიტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 300 000 აშშ დოლარს. ამავდროულად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც კონკრეტულად ამ ვალდებულების - 300 000 აშშ დოლარის შესრულებას მიემართება და მისი სხვა ვალდებულებაზე გავრცელება სცდება მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს.

27. ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება - 135 340 აშშ დოლარი სრულად ვერ თავსდება საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ 300 000-აშშ დოლარიან საკრედიტო ლიმიტში, თუმცა, რაკი პირველი და მეორე სესხის გაცემით არ იყო ამოწურული 300 000-დოლარიანი ლიმიტი, რამდენადაც მოსარჩელემ აითვისა 281 800 დოლარი, ნაშთი დარჩა 18 200 დოლარი, შესაბამისად, 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება არ შეიძლება მივიჩნიოთ სრულად არაუზრუნველყოფილ სესხად.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მიუხედავად იმ განმარტებისა, რომ 300 000 აშშ დოლარის ზემოთ ნაკისრ ვალდებულებაზე იპოთეკის გავრცელება სცილდება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ფარგლებს, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც მოსარჩელის მიერ 2013 წლის 21 ივნისისა და 2014 წლის 28 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, არ გაუქმებულა მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის უძრავი ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ტვირთი, ვინაიდან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (იპოთეკა) 2013 წლის 20 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 000 აშშ დოლარის შესრულებისთვის იქნა გამოყენებული და 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილი მის ფარგლებში ჯდებოდა.

29. ამდენად, იპოთეკის საგნის მესაკუთრეებმა გამოხატეს რა 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულების საკუთარი ქონებით უზრუნველყოფის ნება, ხოლო 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება ნაწილობრივ ამ ლიმიტში თავსდება, 2014 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებები ვრცელდება 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილზე - 18 200 აშშ დოლარზე.

30. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა, 2014 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელთა ბათილობა იყო, ვინაიდან 2013 წლის 20 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და არც 2015 წლის 18 ივნისის სესხის ხელშეკრულება არ შეიცავს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების დაწყების შესახებ შეთანხმებას.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ არის დარღვეული სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა (კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით) და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის (ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე, დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები) მოთხოვნები. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის წინაპირობებია: იპოთეკარისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის პირდაპირი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის ამ ფორმაზე; ნოტარიუსის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების დადასტურება; იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებულ სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ წერილობითი განმარტება სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებზე (შდრ. ჭეჭელაშვილი ზურაბ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, მუხლი 302).

32. მსგავსად არის გადაწყვეტილი საკითხი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც, ერთ-ერთ საქმეში, სადაც ვალდებულებითი ურთიერთობის წარმომშობი სესხის ხელშეკრულებები ბანკსა და კრედიტს შორის დადებული იყო მარტივი წერილობითი ფორმით და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არ შეიცავდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე შეთანხმებას, ხოლო ამ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებული სანივთო გარიგება კრედიტორსა და მესაკუთრეს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმდა, რომელიც შეესაბამებოდა სააღსრულებო ფურცლის ნოტარიუსის მიერ გაცემის საკითხზე შეთანხმების სტანდარტს, პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებაში შეთანხმების არარსებობა ვერ გახდებოდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი (იხ.: სუსგ №ას-798-747-2017, 05.07.2018წ.; სხვა საქმეები №ას-1145-1077-2015, 29.01.2016წ.).

33. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რაკი, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი რეალიზაციის წესზე შეთანხმება გაფორმებულია მესაკუთრესა და კრედიტორს შორის, ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო, გაეცა საღსრულებო ფურცელი და არ არსებობს მათი სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობა.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

35. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის ანაზღაურება, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 2 800 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ა–ძის, მ.ჩ–ისა და რ.ვ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ.ა–ძეს, მ.ჩ–სა და რ.ვ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარი;

5. გ.ა–ძეს, მ.ჩ–სა და რ.ვ–ს დაეკისროთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბერის გადაწყვეტილებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 2 800 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე