საქმე №ას-696-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - გ.გ–ლი, მ.გ–ი, ნ.ბ–ია, ა.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–ლი (შემდეგ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), მ.გ–ი (შემდეგ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), ნ.ბ–ია (შემდეგ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) და ა.გ–ი (შემდეგ - მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მეოთხე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ს.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხეების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების (მათ შორის, მოპასუხე ა.გ–ის (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე), რომლის საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმისწარმოება) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისში, .......... №136-ში მდებარე უძრავი ქონება (კერძოდ, სართული 1, ფართი 38.84 კვ.მ, საკადასტრო კოდი №........; სართული 1, ფართი 44.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი №........; სართული 1, ფართი 67.34 კვ.მ, საკადასტრო კოდი №.........) და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; პირველ-მესამე და მეხუთე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის 16 თებერვლამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 28 000 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა მეოთხე მოპასუხის მიმართ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორები სადავოდ ხდიან მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებას (რომლითაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან ერთად მოთხოვნილ იქნა ზიანის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრება) და განმარტავენ, რომ არ იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამარლოს პრაქტიკა, სადაც ნათლად და გარკვევით არის აღწერილი, თუ რა დროს არ უნდა იქნეს წარმოებაში მიღებული დაზუსტებული სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 170-ე, 172-ე და 168-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
8. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებას, პალატის მითითებით, დაზუსტებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა, რაზეც დასაბუთებული მსჯელობა ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაშიც.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხეთა მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მათთვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
11. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
12. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-852-796-2017, 22.09.2017წ.; Nას-1399-2020, 08.04.2021წ.; №ას-369-2023, 13.06.2023წ.; №ას-312-2023, 24.01.2024წ.).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ლის, მ.გ–ის, ნ.ბ–იას და ა.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე