Facebook Twitter

№ას-61-2024

15 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „რ.ქ.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე–ის“ (სახელის შეცვლის შემდეგ შპს „რ.ქ–ი“) (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 80979.51 ლარის დაკისრება (სარჩელი, ს.ფ. 2-13).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „რ.ქ.მ–ს“ შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 80979.51 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. შპს „ე–ის“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „რ.ქ.მ–ი“.

5.2. მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით და სასაქონლო ზედნადებით დგინდება, რომ 2019 წლის 18 იანვარს შპს „ბ–მა“ შპს „ე–სს“ მიაწოდა 80797.51 ლარის ღირებულების არმატურა. მიწოდება განხორციელდა ქ.თბილისში, .........

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.12. პალატამ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა. მხარეებმა შესაძლოა ხელშეკრულებით არ განსაზღვრონ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის წესი და საშუალება, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას, გამყიდველმა გადასცეს, ხოლო მყიდველმა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

5.13. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ანგარიშფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

5.14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, ხოლო, მოპასუხემ მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას, ვერ დაადასტურა. აღნიშნული გარემოება კი, პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარრის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, შპს „რ.ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 8. კასატორი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტს და რომლის წარმოდგენაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა. ფულადი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას კი არ წარმოადგენს ზედნადები და ანგარიშფაქტურა, ვინაიდან, ისინი გამოიყენება მზოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის და ანგარიშფაქტურით არ შეიძლება დადასტურდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი და სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა.

15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით კასატორის შედავებას, რომელიც ფაქტობრივად შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილების არასწორ სტანდარტს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სწორად არის გადანაწილებული.

16. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

17. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტების ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, ანიჭებს ხელშეკრულების ორივე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და აკისრებს გარკვეულ მოვალეობებს. ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას გააჩნია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროცესუალური მნიშვნელობა, რამდენადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სწორედ მისი წილი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე (მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით), ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადავოობისას, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების დადასტურება, ხოლო მოპასუხეს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არსებობის გამომრიცხველი ან მისი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (საპროცესო-სამართლებრივი კუთხით).

18. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვდა, მას, როგორც გამყიდველს, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების - მყიდველისთვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემის დადასტურება ევალებოდა, ხოლო, მოპასუხეს იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომელიც მისი მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.

19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ხელშეკრულების საგნის მიწოდებისა და აქედან გამომდინარე მოპასუხის დავალიანების არსებობის დადასტურება, ხოლო, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერების გამორიცხვა.

20 საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომელიც ადასტურებს, შპს „ბ–ის“ მიერ შპს „ე–ისათვის“ 2019 წლის 18 იანვარს 80797.51 ლარის ღირებულების არმატურის მიწოდების ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი შებრუნდა და საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, მოპასუხეს (კასატორს), მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინა საპირისპირო, იმ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, რომ მას ნასყიდობის საგანი არ გადასცემია. თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი/სარწმუნო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხემ ვერ შეძლო. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შესაგებელი წარმოდგენილი აქვს, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე. შესაგებლით მოპასუხე მიუთითებდა მხოლოდ იმაზე, რომ არ ცნობდა სარჩელს და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ წარმოადგენდა დაზუსტებულ შესაგებელს. მას დაზუსტებული შესაგებლით სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არათუ დასაშვები მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის, არამედ, ისეთ გარემოებაზეც არ მიუთითებია, რაც მისი პოზიციის სისწორეს დაადასტურებდა და სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მოპასუხის არაკვალიფიციური შედავების შედეგად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების - მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საგნის მიწოდების დადასტურებულად მიჩნევას.

21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა, რადგან, ზედნადები და ანგარიშფაქტურა, გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის და ანგარიშფაქტურით არ შეიძლება დადასტურდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარე მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ არ ცნობდა სარჩელს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულება კი, თავისი პასიური მოქმედებით, პრაქტიკულად სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო და შემდგომ უკვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ დაკარგა სარჩელზე დართულ მტკიცებულებებზე შედავების საპროცესო უფლება, რის გამოც ვერ აბათილებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინეული პროდუქტი. ამდენად, იმ გარემოებასთან ერთობლიობაში შეფასებით, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიერ დადასტურებული, მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ადასტურებს, ხელშეკრულების საგნის მიწოდების ფაქტს.

22. მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისა და მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის მიწოდების დადასტურების შედეგად კი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა ფულადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოტანილი დასკვნების სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხემ ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4048.98 ლარის 70% – 2834.28 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ.ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „რ.ქ.მ–ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4048.98 ლარის (საგადახდო დავალება N1707917691, გადახდის თარიღი 15.02.2024) 70% – 2834.28 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე