საქმე № ას-1076-2024 18 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.კ.ა–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ." (სახელის ცვლილებამდე შპს "ჯ.ე–ი) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ვ–ის“ (სახელწოდების ცვლილებამდე შპს „ჯ.ე–ი“, შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია ან ექსპედიტორი,) სარჩელი სადაზღვევო კომპანიის მიმართ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1571,07 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ზიანის ანაზღაურების წესზე და ზიანის თანხა დაიანგარიშა არასწორად, ტვირთის საინვოისო ღირებულების შესაბამისად მაშინ, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ზიანის ოდენობის დაანგარიშების წესზე, რომელიც ეფუძნება 1956 წლის 19 მაისის კონვენციას „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“. ამ კონვენციის მიხედვით, კი მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება გადამზიდავს დაეკისროს, არის ერთ კილოგრამ ბრუტო წონის დანაკლისზე 8.33 საანგარიშო ერთეული.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
4. მოსარჩელის საკასაციო შესაგებელი
4.1. საკასაციო საჩივარზე საკასაციო შესაგებელი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც არ დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებებს, ასევე იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე, მის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის კასატორისთვის (მოპასუხისთვის) დაკისრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. 2019 წლის 1 ოქტომბერს ექსპედიტორსა და შპს „ნ–უს“, როგორც დამკვეთს შორის გაფორმდა ტვირთების გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული პროვიზიის (გასამრჯელოს) მიღების პირობით და დამკვეთის სახელითა და დავალებით შემსრულებლის მიერ ტვირთების მულტიმოდალურ საკონტეინერო, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა გადაზიდვების განხორციელება. ხელშეკრულების 4.1.5 ქვეპუნქტის თანახმად, ექსპედიტორის ბრალეულობით გამოწვეული ტვირთის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპედიტორი იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი 1956 წლის 19 მაისის კონვენციის საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც გულისხმობდა ზარალის ანაზღაურებას არაუმეტეს 8,33 საანგარიშო ერთეულისა (SDR) 1 კგ ბრუტო წონაზე;
8.2. 2021 წლის 9 მარტს იტალიიდან საქართველოში ჩამოსული დამკვეთის ტვირთის ქ. თბილისში, „გ–ოს“ საბაჟო ტერმინალში გადმოტვირთვისას გამოვლინდა 5 ყუთის დანაკლისი. დანაკლისის საინვოისო ღირებულება შეადგენდა 2 560,7 ევროს;
8.3. ექსპედიტორის ბრალეულობით ტვირთის დაკარგვა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის;
8.4. დამზღვევს და მზღვეველს შორის შეთანხმებული ტვირთისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების ფარგლებში, 05/11/2020 წელს გაცემული დაზღვევის პოლისის №FFL/C – 000079/20 თანახმად, პოლისის ლიმიტი განისაზღვრა- 25 000,00 აშშ დოლარით, ხოლო ფრანშიზა - 1 000,00 აშშ დოლარით; პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა - 750,00 აშშ დოლარით, ოთხჯერადად გადახდით; დაზღვეულ საქმიანობას წარმოადგენდა საგზაო გადამზიდველი, საზღვაო/საჰაერო ექსპედიტორი. დაზღვეულ გეოგრაფიულ არეალში შედიოდა საქართველოც. პოლისის თანახმად, დაზღვევა ძალაში იყო 2020 წლის 5 ნოემბრიდან 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
9. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი). მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
11. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს.
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახეზეა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა, თუმცა მხარეთა შორის სადავოა ზიანის ანაზღაურების ოდენობა და მისი დაანგარიშების წესი. კასატორი (მოპასუხე) აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა ზიანის ოდენობა და არ გამოიყენა დამზღვევსა და მესამე პირს შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესი, რომლის მიხედვით, ექსპედიტორის ბრალეულობით გამოწვეული ტვირთის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ექსპედიტორი იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი 1956 წლის 19 მაისის კონვენციის (საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების) ფარგლებში, რაც გულისხმობდა ზარალის ანაზღაურებას არაუმეტეს 8.33 საანგარიშო ერთეულისა (SDR) 1 კგ ბრუტო წონაზე.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთმითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დამზღვევსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ გარიგების არსებით პირობებზე - სადაზღვევო პრემიის გადახდისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის დაანგარიშების წესზე, ამასთან, სადავო არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა (საბაჟო ტერმინალში ჩამოსული საქონლის გადმოტვირთვისას გამოვლინდა 5 ყუთის დანაკლისი), ხოლო ამ შემთხვევის დადგომაში ექსპედიტორის ბრალეულობა არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით და არც მოპასუხეს მიუთითებია დაზღვევის ანაზღაურების გამომრიცხავ რაიმე გარემოებაზე (დაზღვევის შეთანხმებული პირობების მე-7 მუხლის მიხედვით, დაზღვევა არ ვრცელდებოდა ნებისმიერ ფაქტობრივ ან შესაძლო პასუხისმგებლობაზე ან მოთხოვნაზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეული იყო დამზღვევის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ოპერაციებით, თაღლითობით, მოტყუებით ან გაყალბებით (მათ შორის, სუბკონტრაქტორის), ფარული გარიგებით, განზრახვით ჩადენილი ქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად, რისი მაგალითი შეიძლება ყოფილიყო სათანადო კონტროლის მექანიზმების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა), საფუძველი ეცლება კასატორის პრეტენზიას ექსპედიტორის ბრალეულობით გამოწვეული ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში მიყენებული ზარალის 1956 წლის 19 მაისის კონვენციის შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მართებულად გამოიანგარიშა დანაკლისის საინვოისო ღირებულებიდან (2560,7 ლარიდან). კასატორი კი ვერ მიუთითებს იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაზე, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი;
18. საკასაციო სასამართლო, ასევე, შეაფასებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის, მოსარჩელის შუამდგომლობას, მის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის კასატორისთვის დაკისრების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა,რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
19. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება (იხ. ტ. 2. ს.ფ 99-102). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების, დავის საგნის, წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის, 900 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №991, გადახდის თარიღი 19.09.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. სს „ს.კ.ა–ს“ (ს.კ. .......) შპს „ვ–ის" (ს.კ. .........) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი - 900 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი