საქმე №ას-1065-2024 27 ნოემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.მ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ხ.ჯ–ი, ე.შ–ძე, მ.ჩ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა (მოსარჩელე) გ.მ–ძემ, რომელმაც უარი თქვა სარჩელზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით აპელანტ გ.მ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, გ.მ–ძის სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა. მისი მტკიცებით, მის წარმომადგენელს არ ჰქონდა პროცესუალური უფლებამოსილება წარედგინა სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობა. მას, როგორც მხარეს, აქვს საქმის განხილვის ინტერესი, შესაბამისად, გასაუქმებელია საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის დასაბუთება მიმართულია მხარის საპროცესო წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება წარედგინა სარჩელზე უარის თქმის შუამდგომლობა.
9. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
10. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პრიველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
11. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
12. განსახილველ შემთხვევაში, რადგან კერძო საჩივრის შედავება მხოლოდ წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილშია შედავებული, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს სააპელაციო პალატის იმ დასაბუთებაზე, რაც შეეხება სარჩელზე უარის თქმისა და განუხილველად დატოვების შესახებ შეუამდგომლობებს შორის არსებულ განსხვავებებსა და სამართლებრივ შედეგებზე არსებულ მსჯელობებს.
13. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე (ტ.2, ს.ფ. 80), რომლის თანახმად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ „ვინაიდან მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, აღარ არსებობს დავის საფუძველი და სააპელაციო საჩივარი მსურს დარჩეს განუხილველი. სასარჩელო მოთხოვნაზე ვაცხადებ უარს“. აღნიშნულ განცხადებას თან ახლავს გ.მ–ძის ხელმოწერა, ასევე, განმცხადებლად მითითებულია მხოლოდ გ.მ–ძე და არა ვინმე სხვა, თუნდაც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, სასამართლოსთვის ცალსახაა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მოსარჩელის არა წარმომადგენლის, არამედ უშუალოდ თავად გ.მ–ძის მიერ იქნა წარდგენილი, რაც გამორიცხავს ადვოკატის უფლებამოსილების ფარგლებზე მსჯელობის შესაძლებლობას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი