საქმე № ას-669-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი
საქმე № ას-669-2024 შურღაია თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ი.ვ.გ.ც–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.შ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხისათვის 39 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში
დავის საგანი – უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ი.ვ.გ.ც–ის“ (შემდგომში მოსარჩელე, დამკვეთი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი რ.შ–ას (შემდგომში მოპასუხე ან შემსრულებელი) მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 39 000 ლარისა და ხელშეკრულების ფარგლებში უსაფუძვლოდ მიღებული 2000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ თანხის უსაფუძვლოდ მიღების ფაქტი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხისთვის გადასახდელი იყო 7000 ლარი, ხოლო მოსარჩელემ მას გადაუხადა 46 000 ლარი, საიდანაც 24 000 ლარი - ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შესაბამის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, მომსახურება ჩაითვლება შესრულებულად, მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებზე დამკვეთის ხელმოწერის საფუძველზე. საქმეზე წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოპასუხეს იმაზე მეტი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ხელშეკრულებაში იყო მითითებული. ამასთან, სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო თანხის გადახდის დანიშნულებაში მითითებულ ჩანაწერს - „სამედიცინო სტანდარტების შემუშავება“ და აღნიშნული ჩანაწერი არასწორად დაუდო საფუძვლად სარჩელის უარყოფას. ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე და მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორი ახლო მეგობრები იყვნენ და შეთანხმებულად მოქმედებდნენ გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
4. მოპასუხის საკასაციო შესაგებელი
4.1. საკასაციო საჩივარზე საკასაციო შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც არ დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებებს, ასევე იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე, მის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. 2021 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობით გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით: ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის შეკვეთით შემსრულებლის მიერ სამედიცინო სტანდარტის შემუშავება; მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 4 000 ლარით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ორ ტრანშად - ავანსი 2500 ლარი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. მეორე ტრანში - 1 500 ლარი – მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მხარეები უფლებამოსილი იყვნენ შესაბამისი პირობების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ხელშეკრულება;
8.2. 2021 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანი იყო: 1.1.1. სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება; 1.1.2. სადაზღვევო კომპანიებთან სამედიცინო მომსახურების ტარიფების განსაზღვრა; 1.1.3. სადაზღვევო კომპანიებთან თანხების კალკულაცია სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აღნიშნული აისახებოდა შესაბამისი წესით გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში. დამკვეთს ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თანხის შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების უკანასკნელ დღედ განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი;
8.3. 2021 წლის 14 სექტემბრის, 2021 წლის 28 სექტემბრის, 2021 წლის 4 ოქტომბრის, 2021 წლის 15 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, შემსრულებელმა შეასრულა, ხოლო დამკვეთმა მიიღო მხარეთა შორის 2021 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საზღაური შეადგენდა, შესაბამისად: 1 500 ლარს, 3 000 ლარს, 3 000 ლარს, 4 000 ლარს;
8.4. 2021 წლის 23 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი იმავე მხარეებს შორის შედგა 2021 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს საფასური შეადგენს 3 000 ლარს. ყველა აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა გადაეხადა 14 500 ლარი;
8.5. 2021 წლის 12 აგვისტოს, 2021 წლის 19 აგვისტოს, 2021 წლის 16 სექტემბერს, 2021 წლის 28 სექტემბერს, 2021 წლის 4 ოქტომბერს, 2021 წლის 15 ოქტომბერს, 2021 წლის 19 ოქტომბერს, 2021 წლის 29 ოქტომბერს, 2021 წლის 15 ნოემბერს, 2021 წლის 22 ნოემბერს, 2021 წლის 1 დეკემბერს, 2021 წლის 15 დეკემბერს, 2021 წლის 23 დეკემბერს და 2021 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად გადაურიცხა 46 000 ლარი და გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითა „სამედიცინო სტანდარტების შემუშავება. მომსახურება“ ან „სამედიცინო სტანდარტების შემუშავება-მომსახურება, ხელფასთან გათანაბრებული განაცემი“;
8.6. 2022 წლის 18 აპრილის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით, მის მიერ სამუშაოს შესრულებისათვის ანაზღაურება განისაზღვრა 4 000 ლარით. 2 500 ლარი ავანსის სახით 12 აგვისტოსვე ჩაირიცხა, რაც შეეხება დარჩენილ 1500 ლარს, ჩარიცხულია შესრულებული სამუშაოს აქტის შედგენამდე თითქმის ერთი თვით ადრე. ამის მიუხედავად, მოპასუხეს სრულად არ წარუდგენია ცენტრის საქმიანობის სამედიცინო სტანდარტები. ამასთან, 2021 წლის 20 სექტემბერს მოპასუხესთან გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამუშაოების შესრულების თაობაზე 2021 წლის 23 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2021 წლის 28 სექტემბერს მოპასუხეს ჩაერიცხა 3 000 ლარი. ამ თანხის გარდა მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა: 2021 წლის 16 სექტემბერს – 3 000 ლარი, 2021 წლის 4 ოქტომბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 15 ოქტომბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 19 ოქტომბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 29 ოქტომბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 15 ნოემბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 22 ნოემბერს – 3 000 ლარი, 2021 წლის 1 დეკემბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 15 დეკემბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 23 დეკემბერს – 4 000 ლარი, 2021 წლის 30 დეკემბერს – 2 000 ლარი. ამდენად, ხელშეკრულებებით განსაზღვრული 7 000 ლარის გარდა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და დამკვეთის დავალების გარეშე, მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად ჩაურიცხა 43 000 ლარი, რაც, როგორც ზედმეტად გადახდილი, მოპასუხეს უკან უნდა დაებრუნებინა;
8.7. მოპასუხეს მოთხოვნილი თანხა არ აუნაზღაურებია.
9. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) მუხლიდან გამომდინარეობს.
10. უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების მთავარი არსი ისაა, რომ ერთი პირი მეორის ხარჯზე არ გამდიდრდეს. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
11. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო თანხა მოპასუხეს მიღებული აქვს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითიც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
13. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
14. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
16. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
19. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
20. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, შემსრულებელს ევალებოდა დამკვეთისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა (სამედიცინო სტანდარტების შემუშავება; სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება; სადაზღვევო კომპანიებთან სამედიცინო მომსახურების ტარიფების განსაზღვრა; სადაზღვევო კომპანიებთან თანხების კალკულაცია სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებით), ხოლო ამ მომსახურების ღირებულება, 2021 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით, განსაზღვრული იყო 4000 ლარით, 2021 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით კი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (იხ. ტ. 1. ს.ფ 19-228). სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში, რომელთა შესაბამისადაც, მოსარჩელე მოპასუხეს ურიცხავდა სხვადასხვა რაოდენობის თანხებს, თანხის ანაზღაურების საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება - სამედიცინო სტანდარტების შემუშავება, სადაზღვევო კომპანიებთან სამედიცინო მომსახურების ტარიფების განსაზღვრა (იხ. ტ. 1. ს.ფ 29-33). სადავო არ არის ისიც, რომ გარდა მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული თანხებისა, მოპასუხის ანგარიშზე მოსარჩელეს ჯამურად გადარიცხული აქვს 45 000 ლარი, ხოლო გადახდის დანიშნულებაში მითითებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სახეობა - „სამედიცინო სტანდარტების შემუშავება, მომსახურება, ხელფასთან გათანაბრებული განაცემი“ (იხ. ტ. 1. ს. ფ 34-47).
22. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებითა და წინამდებარე განჩინების 9-11, 14-20 პუნქტებში ასახული სამართლებრივი განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რომ მოპასუხისთვის გადარიცხული სადავო თანხა არ გამომდინარეობდა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და იგი, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული, ექვემდებარებოდა დაბრუნებას, თუმცა მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია. კასატორის ზოგადი სახის განმარტება იმის შესახებ, რომ მხოლოდ გადახდის დანიშნულებაში მითითებული სიტყვები - „სამედიცინო სტანდარტების შემუშავება, მომსახურება, ხელფასთან გათანაბრებული განაცემი“ - არ შეიძლება ადასტურებდეს მოპასუხისთვის სადავო თანხის შესაბამისი დანიშნულებით გადარიცხვას, საწინააღმდეგო მტკიცებულებით შეუდავებლობის პირობებში, ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად. უსაფუძვლოა ასევე, მიღება-ჩაბარების აქტებზე აპელირება და მისი გაუფორმებლობის გამო, გადარიცხული თანხების სათანადო საფუძვლით მიღების ეჭვქვეშ დაყენება (უზენაესი სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის მიხედვით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით (იხ. სუსგ საქმე №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-306-293-2015, 30 ივნისი, 2015 წელი)). დაუსაბუთებელია, ასევე, და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის საკასაციო საჩივრის ავტორის ის პოზიციაც, რომ ვინაიდან მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორი და მოპასუხე ახლო მეგობრები იყვნენ, ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, რაც ადასტურებდა მოპასუხის მიერ სადავო თანხების ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებას.
23. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, და იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 976-ე, 979.1-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1950 ლარის 70% - 1365 ლარი;
27. საკასაციო სასამართლო, ასევე, შეაფასებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის, მოპასუხის შუამდგომლობას, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის კასატორისთვის დაკისრების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა,რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
28. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება (იხ. ტ. 2. ს.ფ 81-82). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების, დავის საგნისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - 1560 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.ვ.გ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ი.ვ.გ.ც–ს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1716360629,გადახდის თარიღი 22.0752024) 1950 ლარის 70%-1365 ლარი;
3. შპს „ი.ვ.გ.ც–ს“ (ს.კ. .......) რ.შ–ას (პ.ნ. .....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი -1560 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე