საქმე № ას-481-2024 4 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.ს.უ.ლ–ი“, შპს „პ.კ.ა.ქ.ზ.ი–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე) გ.ბ–ძე, თ.წ–ვა, მ.ხ–ძე, ს.ბ––ძე, ხ.მ–ი, ე.გ–ძე, ნ.გ–ძე, ტ.ა–ძე, ს.დ–ძე, შ.პ–უ
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ნატურით გაყოფა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. ქუთაისში, ......... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (№1-N6) (ს/კ N........, ნაკვეთის წინა ნომერი: ..........; დაზუსტებული ფართობით: 2802.00 კვ.მ) (შემდგომში სადავო ქონება ან სადავო უძრავი ქონება) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „ქ.ს.უ.ლ–ის“, შპს „პ.კ.ა.ქ.ზ.ი–ის“ (შემდგომში მოსარჩელეები) და ფიზიკური პირების – გ.ბ–ძის, თ.წ–ვას, მ.ხ–ძის, ს.ბ––ძის, ხ.მ–ის, ე.გ–ძის, ნ.გ–ძის, ტ.ა–ძის, ს.დ–ძის, შ.პ–უსა (შემდგომში მოპასუხეები) და ქ.მ–ის (შემდგომში, მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სახელზე (კერძოდ, შპს „ქ.ს.უ.ლ–ის“ საკუთრებაშია: სამეურნეო ფართი - 297,50 კვ.მ და 931,60 კვ.მ ფართი, ასევე 55,32 კვ.მ და 8,75 კვ.მ ფართები; შპს „პ.კ.ა.ქ.ზ.ი–ის“ საკუთრებაშია 218,58 კვ.მ და 616,59 კვ.მ., სამეურნეო ფართი - 228,65 კვ.მ; ს.დ–ძის საკუთრებაშია - 65,35 კვ.მ; ნ.გ–ძისა და ე.გ–ძის თანასაკუთრებაშია ფართი - სართული 1, 61,03 კვ.მ (2/3 ნაწილი ნანა გოგაძე, 1/3 ნაწილი ელენე გოგაძე); შორენა კალოგეროპულუს საკუთრებაშია: ფართი №1, 142,03 კვ.მ.; ტ.ა–ძის საკუთრებაშია - ფართი №2, 139,96 კვ.მ.; მ.ხ–ძის და თ.წ–ვას თანასაკუთრებაშია ფართი სართული 2, ბინა N5, 21.00 კვ.მ. (½ ნაწილი მ.ხ–ძე, ½ ნაწილი თ.წ–ვა); ქ.მ–ის საკუთრებაშია ფართი - 102.41 კვ.მ.; ს.ბ–ძის, ხ.მ–ისა და გ.ბ–ძის თანასაკუთრებაშია ფართი - სართული 2, 24.14 კვ.მ);
2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 დეკემბრის №008475719 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და მისი ნატურით გაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, წარდგენილი ნახაზების საფუძველზე, ტექნიკურად შეუძლებელია. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ მიწის ნაკვეთის გაყოფის საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არ არის მითითებული გამოსაყოფი მიწის ნაკვეთების საზღვრების ზომები. უძრავი ქონების შესასვლელი აღმოსავლეთით (როძევიჩის ქუჩის მხარეს) გაყოფილია ორ ნაწილად. მითითებული კონფიგურაციით გამიჯვნა გამოიწვევს აღნიშნული შესასვლელის დღეისათვის არსებული ფუნქციონალური მნიშვნელობის შემცირებას. გაყოფის ვარიანტის წარმოდგენილ ნახაზებში არ არის დაცული, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, N02 შენობის სამხრეთ მხარეს არსებული ღიობებიდან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთამდე მანძილი (3 მეტრი);
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივლისის №004906621 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, მოქმედი სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით, 2802.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან სასწავლო დაწესებულებას შესაძლებელია გამოეყოს 1703 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დანარჩენ თანამესაკუთრეებს შესაძლებელია გამოეყოს 1017 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 82 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შესაძლებელია დარჩეს თანასაკუთრებაში. აღნიშნული გაყოფის ვარიანტის შესაბამისად, N3 შენობის ჩრდილოეთ მხარეს და №4 შენობის სამხრეთ მხარეს არსებულ კედლებზე არ უნდა იყოს მოწყობილი ღიობები;
4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 დეკემბრის №10/5476 წერილის თანახმად, სადავო შენობას არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ქონების ძეგლის სტატუსი, თუმცა ვინაიდან იგი განთავსებულია ძეგლის საკადასტრო ერთეულში, მასზე ვრცელდება ძეგლის მიმმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ.ს.უ.ლ–ის“ და შპს „პ.კ.ა.ქ.ზ.ი–ის“ სარჩელი მოპასუხეების: ე.ზ–ძის, ვ.შ–ის, მ.ს–ვას, მ.ს–ძის, ს.დ–ძის, ტ.ა–ძისა და ქ.მ–ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
6. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 სექტემბრის №006640723 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების გაყოფა შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილი ნახაზების (დანართების №1, №2 და №3) მიხედვით. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების გაყოფა შესაძლებელია ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ნაკვეთის სამხრეთით ნაწილში, ფართით 1741 კვ.მ (დანართი N2) და მეორე ნაწილი - ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფართით 1061 კვ.მ (დანართი N3).
7. მოსარჩელის მოთხოვნა
მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეს სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით (2021 წლის 14 ივლისის №004906621 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად) იმგვარად, რომ მოსარჩელეებისთვის გამოყოფილიყო 1703 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მოპასუხეებისთვის – 1017 კვ.მ, ხოლო 82 კვ. მ დარჩენილიყო თანასაკუთრებაში.
8. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა თ.წ–ვამ, გ.ბ–ძემ, ს.ბ––ძემ, მ.ხ–ძემ და ხ.მ–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნეს და დაეთანხმნენ საზიარო უფლების გაუქმებას მოსარჩელეთა მითითებული საექსპერტო დასკვნის შესაბამისად. მოპასუხე ქ.მ–მა კი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, აღნიშნა, რომ სადავო ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, ამასთან, ეს შენობა მისი წინაპრების საკუთრებაა, რომელიც ჩამოართვეს უკანონოდ.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 სექტემბრის №006640723 დასკვნის შესაბამისად დადგინდა საზიარო უფლების გაუქმება და სადავო უძრავი ქონებიდან მოსარჩელეებისთვის 1703 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 961-ე, 963-ე მუხლებით და განმარტა, რომ საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.
12.3. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 სექტემბრის #006640723 დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მითითებული დასკვნით უდავოდ დასტურდებოდა სადავო უძრავი ქონების ორ ნაწილად – 1741 კვ.მ და 1061 კვ.მ გაყოფის შესაძლებლობა, რაც დასკვნაზე დართული ნახაზის შესაბამისად იძლეოდა საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას. მხარეთა საკუთრებაში რეგისტრირებული ფართების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა სადავო ქონებიდან მოსარჩელეებისთვის 1703 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნატურით გამოყოფა.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქ.მ–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა საზიარო უფლების გაუქმებისა და სადავო ქონების ნატურით გაყოფის საფუძველი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მოპასუხის წინაპართა საკუთრებას, რომელიც უკანონოდ ჩამოერთვა მათ.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი საგნები შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. განსახილველი დავის მონაწილე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ №ას-602-2019, 22 თებერვალი, 2022 წელი).
18. სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.173, ველი 1).
19. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თავის მხრივ, სსკ-ის 963-ე მუხლის დისპოზიციური ანალიზი საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელ წინაპირობად ითვალისწინებს საგნის გაყოფას მხოლოდ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებებია: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. ორივე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად და ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს წილების შესაბამისად ნატურით გაყოფით, თუ შესაძლებელია მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. წილთა ერთგვაროვნება გულისხმობს მათ სამეურნეო დანიშნულებას (იხ. Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §752, Rn. 1,2,3).
20. საზიარო უფლების მქონეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. შეზღუდვა, რომელსაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, იმაში მდგომარეობს, რომ ამით არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარდგენილი 2023 წლის 19 სექტემბრის N006640723 საექსპერტო დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შესაძლებელია (იხ. ტ. 2. ს.ფ 210-220).
22. საკასაციო პალატა დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს მოპასუხის (კასატორის) განცხადებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის წინაპირობა.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სწორად განკარგა საპროცესო საშუალებები და მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფის შესაძლებლობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა - სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობით შედეგი, რაც შეეხება მოპასუხეს, მას ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის პრეტენზიას. მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. ამდენად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე