Facebook Twitter

საქმე №ას-427-2023 13 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 4 508 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2020 წლის 17 აგვისტოს მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N365 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საწოლებისა და სტელაჟების შესყიდვა (მონტაჟით), ღირებულებით 196 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად, კომპანია შპს „ა-ეს“ საქონელი უნდა მოეწოდებინა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 01 დეკემბრისა.

2.2. შპს „ა-ემ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით - 23 დღის დაგვიანებით, 2020 წლის 24 დეკემბერს. შესაბამისად, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 196 ლარი) რაც შეადგენს 4 508 ლარს.

2.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 28 დეკემბრის N3016667 წერილით და სატელეფონო კომუნიკაციით შპს „ა-ეს“ ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს და გადახდის ერთთვიანი ვადის განსაზღვრის შესახებ, თუმცა მხარეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

3.2. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგებოდა ანალოგიური საქმეებზე არსებულ პრაქტიკას. მოპასუხის პოზიციით, პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე და განსაზღვრულიყო 0.01%-ით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ა-ეს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 901.60 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირებულიყო. პალატის აზრით, ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში, და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, გონივრული იყო, პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო 0,02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენდა (196 000*0.02%=39.2; 39.2*23=901.6) 901.6 ლარს.

5.3. სააპელაციო პალატა, პირგასამტეხლოს შემცირებისას დაეყრდნო მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს, ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ ასევე, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოვალის ძირითადი ვალდებულება - ნასყიდობის საგნის მიწოდება, სრულად შესრულდა, მიწოდებული ნასყიდობის საგნის ხარისხის და რაოდენობის შესახებ პრეტენზია კრედიტორს არ განუხორციელებია, რაც პალატის აზრით, შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონისმიერი საფუძველი იყო.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნდა დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი, დაკისრებული პირგასამტეხლოს სიმბოლურ ოდენობამდე შემცირებით კი, აზრი დაეკარგა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია, რომლის შემცირებაც სასამართლოს, მხოლოდ ობიექტური გარემოებების სათანადო კვლევის შედეგად შეუძლია. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაუსაბუთებლად შემცირება, ეწინააღმდეგება მხარეთა ნების ავტონომიას და ასევე ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს კანონისმიერ მიზანს - უზრუნველყოს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება.

6.4. კასატორი დასძენს, რომ მეწარმე სუბიექტები მუდმივად ამყარებენ სახელშეკრულებო ურთიერთობას სხვადასხვა სუბიექტებთან და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აქვთ მოლოდინი, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს მიუხედავად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მოხდება დარიცხული პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირება, რაც არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს საკანონმდებლო დანაწესის შინაარსიდან.

6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს 901,60 ლარამდე შემცირებამ, რაიმე სახის პრევენციული, ვალდებულების მასტიმულირებელი ანდა მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელი ეფექტი იქონიოს მოვალეზე, მით უფრო მაშინ, როდესაც შეუსრულებელი ვალდებულების სრული ოდენობა საკმაოდ სოლიდური იყო და 196000 ლარს შეადგენდა.

6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

10. დადგენილია, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და შპს „ა-ეს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N365 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საწოლებისა და სტელაჟების შესყიდვა (მონტაჟით), ღირებულებით 196 000 ლარი. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შპს „ა-ეს“ ხელშეკრულების საგანი უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს, - 2020 წლის 01 დეკემბრისა. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის ვადაგადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (ტომი I., ს.ფ. 18-24; 42-43; 28-32, 36; 40-41; 25-27; 33-35; 37-39). უდავოა, რომ შპს „ა-ემ“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, მან მიწოდება განახორციელა 23 დღის დაგვიანებით, 2020 წლის 24 დეკემბერს. პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ მოპასუხეს ეცნობა მოსარჩელის 28/12/2020 წ. N MIA 6 20 03016667 წერილით (ტომი I., ს.ფ. 42-43).

11. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

12. კასატორის უმთავრესი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 901,60 ლარამდე შემცირება არ გამომდინარეობდა საქმის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან არც ვადაგადაცილების თარიღი და არც შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა არ იყო ისეთი უმნიშვნელო, რაც სასამართლოს ამგვარი მინიმალური პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილებას მისცემდა. ამასთან კასატორი აცხადებს, რომ არაგონივრულია ქვეყანაში მეწარმე სუბიექტებისთვის არსებობდეს მოლოდინი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე შეთანხმებულ პირგასამტეხლოს შეამცირებს, ვინაიდან აღნიშნული მოლოდინი ქმნის ხელშეკრულების შესრულების პრევენციის შეუძლებლობას.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).

14. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).

16. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

17. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შპს „ა-ემ“ ხელშეკრულება არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაარღვია, კერძოდ, შეთანხმებული საქონელი შემსყიდველს 23 დღის დაგვიანებით მიაწოდა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ხსენებული სახელშეკრულებო დარღვევისთვის მას პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 4508 ლარი დაეკისრა, რომელიც მისაწოდებელი პროდუქციის სრულ ღირებულებასთან მიმართებით (196 000 ლარი) არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს სახით 4508 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით არ წარმოადგენს არაგონივრულს (აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 2.3%-ია, რაც არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციით (რომელიც განახლდა 2023 წლის 19 ივნისს და სავალდებულო ძალა არ გააჩნია) განსაზღვრული ოდენობის საზღვრებშია, არამედ მის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.

19. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ იმ პათოსსაც, რომ არაგონივრულია მეწარმე სუბიექტებისთვის არსებობდეს მოლოდინი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე შეთანხმებულ პირგასამტეხლოს შეამცირებს, ვინაიდან აღნიშნული მოლოდინი ქმნის ხელშეკრულების შესრულების პრევენციის შეუძლებლობას. პალატა დასძენს, რომ როგორც წინამდებარე განჩინებაში არაერთგზის მიეთითა, პირგასამტეხლოს მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების წახალისება/პრევენცია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებას არ უნდა მიეცეს იმგვარი ბლანკეტური ხასიათი, რომელიც მეწარმე სუბიექტებში შექმნის შეთანხმებული პირგასამტეხლოს უაპელაციოდ შემცირების მოლოდინს. ლოგიკურია, ასეთ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეწარმემ, რომელმაც იცის, რომ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობა, იყოს ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც სახელშეკრულებო დარღვევის მოცულობა მასშტაბურია (196 000 ლარი), ამასთან, როდესაც ხელშეკრულების შესრულება არაგონივრული ვადით იწელება და არ არსებობს ამგვარი დაგვიანების ლოგიკური/დასაბუთებული ახსნა, აგრეთვე, როდესაც შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო (4508 ლარი) გონივრულია და სამოქალაქო სამართალში ნაგულვები კეთილსინდისიერების პრინციპითაა დარიცხული, არ უნდა არსებობდეს მისი შაბლონურად შემცირების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს (4508 ლარი) დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია (იხ. შდრ. სუსგ. საქმეზე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი).

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 4508 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 459,81 ლარის (I ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის - 4508*3/100=135,24 ლარი; II ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 3606,4*4/100=144,25 ლარი; III ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 3606,4*5/100=180,32 ლარი) გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ა-ეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 4508 ლარის გადახდა;

5. შპს „ა-ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 459,81 ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი