საქმე №ას-725-2024 8 ნოემბერი 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), სადაზღვევო პრემიის დავალიანების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.მ–მა („მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ა–ის“ („მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 18,000.00 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით (2021 წლის 1-ელი ივლისიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით) 109.5 აშშ დოლარისა და 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1.82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 1-ელ დეკემბერს სს „ს.კ.ა–სა“ და ლ.მ–ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაიცა დაზღვევის პოლისი №MO/R-057184/20, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: მარკა/მოდელი-„MERSCEDES BENZ CLS 550“, სახელმწიფო ნომრით - ...........
2.2. 2021 წლის 17 იანვარს მოსარჩელე მოძრაობდა ქ. მცხეთაში, სოფელ ......, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომობილით გადავარდა თხრილში. ამ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის მიერ გაფორმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა №000179620 ოქმი. მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ გზის სისველემ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა , მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ჩავარდა თხრილში.
2.3. მოსარჩელე, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ, მყისიერად დაუკავშირდა მოპასუხეს და მოითხოვა დახმარება, პირველმა ევაკუატორმა ამოყვანისას უფრო მეტად დააზიანა ავტომობილი, კერძოდ, ევაკუატორზე ატანის დროს მოეშვა სამაგრი და კვლავ გადავარდა სხვა მხარეს, ამის შემდგომ მოპასუხემ ორი ევაკუატორი გამოაგზავნა და სწორედ ამ ორმა ევაკუატორმა ამოიყვანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი თხრილიდან.
2.4. მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი განთავსდა მოპასუხის ავტოსადგომზე, ქალაქ თბილისში მუხათგვერდის დასახლებაში.
2.5. 2021 წლის 17 იანვარს მოსარჩელემ შეატყობინა ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მოპასუხეს და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის 2021 წლის 15 თებერვლის დასკვნის თანახმად, დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 59000 ლარს.
2.6. 2021 წლის 25 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს უარი განუცხადა სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის აზრით, ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა დამზღვევის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, არასწორი/ყალბი ინფორმაციის მიწოდება სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობის ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
4. შეგებებული სარჩელი და მისი საფუძვლები:
4.1. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია, ლ.მ–ს სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო პრემიის დავალიანება – 574.6 აშშ დოლარი.
4.2. სს „ს.კ.ა–ისა“ და ლ.მ–ს შორის 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი MO/R-057184/20, სადაზღვევო პერიოდი 01/12/2020-01/12/2021 წ. ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისის ფარგლებში, დამზღვევი ვალდებული იყო, სადაზღვევო პრემია გადაეხადა პოლისით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ოთხ ტრანშად 211.72 აშშ დოლარი, სულ – 846.88 აშშ დოლარი. ლ.მ–მა გადაიხადა სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანი 211.72 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ, დამზღვევს გრაფიკის შესაბამისად დარჩენილი სადაზღვევო პრემია არ გადაუხდია.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.კ.ა–ს“ ლ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ლ.მ–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სს „ს.კ.ა–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.მ–ს სს „ს.კ.ა–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 574.6 აშშ დოლარის გადახდა.
5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას მისი ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა. სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემის, საპატრულო პოლიციისათვის მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის №004073221 დასკვნის საფუძველზე, პალატამ დაასკვნა, რომ 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, მცხეთის რაიონში, წყლულეთ-ნახშირგორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ლ.მ–ი მოძრაობდა დაზღვეული ავტომობილით, როდესაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და გადავარდა გზის გვერდით მდებარე თხრილში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 23.03.2022 წლის №141/22/2-დ დასკვნა იმის შესახებ, რომ გზაზე მოძრაობის წესების დაცვის მიუხედავად, მძღოლი ლ.მ–ი ვერ მოახერხებდა დაზღვეული ავტომობილის საჭის დამორჩილებას და, შესაბამისად, საგზაო მოძრაობის წესებიც არ დაურღვევია. ამ მტკიცებულებასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ დასკვნის გაცემისას ექსპერტი გ.დ–ი დაეყრდნო საავტომობილო გზის მოყინვის საკითხს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით გზის მოყინვის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, საავტომობილო გზის მოყინვის შესახებ არც მოსარჩელე არ უთითებდა თავის ახსნა-განმარტებაში. დასკვნის გაცემისას ექსპერტს არ გამოუკვლევია და შეუფასებია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და მანევრირება, რაც საფუძველს ქმნიდა დასკვნისთვის, რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო დაუსაბუთებელი.
6.3. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში მოსარჩელე არ მოძრაობდა 90 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით, არ იყო ნასვამი, არ მანევრირებდა ისე, რომ წინდახედულობის ნორმების უხეშ უგულებელყოფად შეფასებულიყო, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობა, რაც შეიძლებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო.
6.4. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, ვინაიდან უდავო იყო დაზღვეული ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, ხოლო მოპასუხე მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებლად მზღვევლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საგამონაკლისო გარემოების არსებობაზე მიუთითებდა, წარმოშობილი მოთხოვნის შემწყვეტი გარემოებების არსებობის დამტკიცების ვალდებულება სწორედ მას ეკისრებოდა, კერძოდ, იმის მტკიცების ტვირთი, რომ დამზღვევის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყო წინასწარ შეცნობით არაზუსტი ან ყალბი, სადაზღვევო კომპანიას უნდა დაედასტურებინა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთებოდა.
6.5. საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე ვლინდებოდა მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობა, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის გამოვლენის თაობაზე მოპასუხის შედავება, რომელიც ემყარებოდა ავტოსაგზაო შემთხვევაზე სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითარსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004073221 დასკვნას, სადაც მითითებული იყო, რომ მძღოლის, ლ.მ–ის, მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე მიუთითებდა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან მოძრაობისათვის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების თაობაზე მტკიცება დაუსაბუთებელი იყო და მძღოლს უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეერაცხებოდა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნდა, ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობების მე-4 ნაწილის 1.1.7. პუნქტსა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე მითითებით, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
6.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დარღვევით. მხარე უთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დათქმებს, რომელთა წარმოშობა განაპირობებს მზღვევლის ვალდებულებას, აანაზღაუროს ზიანი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი უნდა დგინდებოდეს უტყუარად. შესაბამისად, ხელშეკრულება დაზღვეულს ავალდებულებს, სადაზღვევო კომპანიას მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რაც არ იკვეთება. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ორივე ექსპერტიზის დასკვნა, პირდაპირ უთითებს, რომ ის დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა დაზღვეულ ავტომანქანას, ვერ იქნებოდა გამოწვეული იმ შემთხვევის შედეგად, რომლის შესახებ ინფორმაციაც მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას მიაწოდა. კასატორი აცხადებს, რომ სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის ხელშეკრულების დადებიდან საეჭვოდ მალევე მოხდა, რაც მხარეს უქმნის ეჭვს, რომ მხარემ ავტომანქანა სწორედ შემდგომ სადაზღვევო შემთხვევის ინსცენირებისთვის, სოლიდური ანაზღაურების მიზნით დააზღვია.
7.2. კასატორის აზრით, გამოიკვეთა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, ვინაიდან ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ადგილზე მოძრაობა დასაშვები იყო 90 კმ/სთ სიჩქარით, არ ნიშნავდა გზის ყველა მონაკვეთზე ამ სიჩქარით მოძრაობას. კასატორი ამტკიცებს, რომ მძღოლი ვალდებულია, გზაზე დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ფარგლებში იმგვარად გადაადგილდეს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლოს მისი სრული ფლობა. კასატორის აზრით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ავტოსატრანსპორტო საშუალების - როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მართვის თავისებურებები, ასევე – არასრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც მოსარჩელის ქმედებებს სამართლებრივად არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა. ამასთან, კასატორი დასძენს, რომ მოსარჩელემ არ გაასაჩივრა და გადაიხადა მის სახელზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმა, რაც გულისხმობს მოსარჩელის მიერ ბრალის აღიარებას.
7.3. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენდა ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ანაზღაურებას უნდა დაქვემდებარებოდა ავტომობილის საბაზრო ღირებულება არაუმეტეს სადაზღვევო თანხისა, რომელსაც უნდა გამოჰკლებოდა ფრანშიზა, ევაკუაციის თანხა და სადაზღვევო პრემიის დავალიანება.
7.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2020 წლის 1-ელ დეკემბერს სს „ს.კ.ა–სა“ და ლ.მ–ს შორის დაიდო ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნულოვანი ფრანშიზით დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „MERCEDES-BENZ CLS 550“ , სახელმწიფო ნომრით - ...... სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 18 000 აშშ დოლარით, ხოლო სადაზღვევო პერიოდი - 01/12/2020 წლიდან 01/12/2021 წლამდე. ჯამური სადაზღვევო პრემია დადგინდა 846.88 აშშ დოლარი, რაც უნდა გადახდილიყო შემდეგი გრაფიკით: 01/12/2020 წელს - 211.72 აშშ დოლარი; 02/03/2021 წელს - 211.72 აშშ დოლარი; 02/06/2021 წელს - 211.72 აშშ დოლარი; 02/09/2021 წელს - 211.72 აშშ დოლარი. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა MO/R-057184/20 სადაზღვევო პოლისი;
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების (დაზღვევის ხელშეკრულების) პირველი ნაწილის 1.3. პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა განადგურებულად, თუ მისი აღდგენითი ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს ან, თუ განადგურებულია ავტომობილის 70%, ან მეტი, ან, თუ არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომ დაზღვეული ავტომობილი აღდგენას არ ექვემდებარება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდში დაზღვეული ავტოტრანსპორტის გარეგანი ზემოქმედების შედეგად ნაწილობრივი დაზიანება ან მთლიანი განადგურება, მათ შორის – ავტოსაგზაო შემთხვევით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ავტოტრანსპორტის სრული დაზიანებისას ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო თანხისა, ფრანშიზის, ევაკუაციის ხარჯებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დარჩენილი გადაუხდელი პრემიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება ავტოტრანსპორტის სრული განადგურებისას, საკუთრების უფლება ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ისევე, როგორც ნაწილობრივი დაზიანებისას ავტოტრანსპორტის დაზიანებულ ნაწილებზე, გადაეცემა მზღვეველს. ხელშეკრულების 9.1.3. პუნქტის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია, სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ პოლისში მითითებულ ნომერზე, ხოლო 3 დღის განმავლობაში მიაწოდოს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი შეტყობინება;
- სადაზღვევო პირობების მე-4 ნაწილის 1.1.7. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებს და შესაბამისად, ზარალი არ ანაზღაურდება, თუ გამოიკვეთა ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. სადაზღვევო პირობების 11.1.3. პუნქტის მიხედვით, მზღვეველი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, თუ მისთვის დამზღვევის მიერ წარდგენილი რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები) არის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი;
- 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ..........., დაზღვეული ავტომობილი გადავარდა თხრილში და დაზიანდა. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მოსარჩელე ცნობილია ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც 250 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ოქმი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია;
- 2021 წლის 17 იანვარს მოსარჩელემ სს „ს.კ.ა–ს“ პოლისში მითითებულ სატელეფონო ნომერზე აცნობა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზარალის ანაზღაურება;
- 2021 წლის 25 ივნისს სს „ს.კ.ა–მა“ ლ.მ–ს წერილობით უარი განუცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ, 2021 წლის 17 იანვრის ახსნა-განმარტებით, მზღვეველს წინასწარი შეცნობით მიაწოდა რისკის შეფასების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო, არაზუსტი და ყალბი ინფორმაცია. გარდა ამისა, ავტო-საგზაო შემთხვევა მოსარჩელემ გამოიწვია უხეში გაუფრთხილებლობით, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა აუცილებელი წინდახედულების ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევა;
- დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 59 000 ლარს (იხ. სარჩელისა და შესაგებლის მე-7 ფაქტობრივი გარემოება);
- 01/12/2020 წელს მოსარჩელემ პირველად გადაიხადა სადაზღვევო პრემია 211.72 აშშ დოლარი, შემდეგ კი აღარ შეუტანია;
- ხელშეკრულების პირობების თანახმად, ლ.მ–ის სადაზღვევო პრემიის დავალიანება შეადგენს 574.6 აშშ დოლარს. დავალიანების აღნიშნული ოდენობა სადავო არ არის;
- მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა.ლ–ის“ დასკვნის თანახმად, დაზღვეული ავტომობილის აღდგენა, ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია; - დაზიანებული დაზღვეული ავტომობილი განთავსდა მოპასუხის კუთვნილ ავტოსადგომზე;
- 2021 წლის 17 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოსარჩელემ საპატრულო პოლიციას მისცა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მან სველ გზაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და გადავარდა გზის სავალი ნაწილის გვერდით არსებულ თხრილში;
- მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, თუ გავითვალისწინებთ ავტომობილზე ფაქტობრივად არსებულ დაზიანებებს, დაზიანების წარმოქმნის მექანიზმს და მძღოლის მიერ გადმოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს, დადგენა იმისა, თუ როგორ განვითარდა კონკრეტული შემთხვევის მექანიზმი, შეუძლებელია; შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გასვლის დროს, გზის გრძივი ღერძის მიმართ დახრილი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 40-50-გრადუსიანი კუთხით; კონკრეტულ შემთხვევაში, თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი განვითარდა ისე, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის ახსნა-განმარტებაშია მოცემული, ასეთ პირობებში ავტომობილის MERCEDEZ-BENZ სახელმწიფო ნომრით ......... მძღოლის, ლ.მ–ის, მოქმედებები არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმის გათვალისწინებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს უშუალოდ საავტომობილო გზიდან გასვლის პროცესში არ გააჩნდა მაღალი კინეტიკური ენერგია, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ავტომობილის გზიდან გასვლის შემდეგ დაზიანდა მხოლოდ ავტომობილის სავალი ნაწილისა და ძალური აგრეგატების ქვედა ნაწილები და არა ავტომობილის ძარის შემოფარგლულობის მაკომპლექტებელი დეტალები, რომელთა დაზიანებაც მაღალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში გარდაუვალი იქნებოდა;
- გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 23.03.2022 წლის №141/22/2-დ დასკვნის თანახმად, არსებულ ბუნებრივ პირობებში, გზის სავალი ნაწილის მდგომარეობიდან გამომდინარე, გზაზე მოძრაობის წესების დაცვის მიუხედავად, მძღოლი ლ.მ–ი ვერ მოახერხებდა დაზღვეული ავტომობილის საჭის დამორჩილებას და, შესაბამისად, მის ქმედებაში არ აღინიშნება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა;
- 2021 წლის 21 ივნისის შპს „ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გზის კონფიგურაციის შემთხვევის ადგილის, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მდებარეობის და ავტომობილის კლასის გათვალისწინებით, თუ ვლინდებოდა დოკუმენტში აღწერილი, მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაძლოა, გამოწვეულიყო მოძრაობის სიჩქარის მნიშვნელოვანი გადაჭარბების გამო (90 კმ/სთ და მეტი სიჩქარით მოძრაობა). ავტომობილის მართვისას მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა, შემთხვევა წარმოიშვა მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შედეგად. ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე, თუ რა დაზიანებები უნდა მიეღო ავტომობილს მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექსპერტმა უპასუხა: „დეფორმირებული უნდა იყო წინა ლანჟერები, დაზიანებული უნდა ჰქონდეს გაგრილების სისტემის და კონდიციონერის რადიატორები ფრონტალური მხრიდან, ქვემოდან უნდა ჰქონდეს მრავლობითი გრძივი ნაკაწრები და შეღუნულობები, დაზიანებული უნდა იყო ძრავის ალუმინის კრატერი, გახსნილი უნდა იყოს აირბალიშები, ავარიულ რეჟიმში უნდა იყოს ღვედების ჩამკეტები“. დასკვნის თანახმად, ავტომობილის დაზიანებები არ შეესაბამება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდო დაზიანებებს;
12. სარჩელის მიზანი მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
17. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე – თუ სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირს ზიანი მიადგა.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ დაზღვეულმა პირმა კომპანიას მიაწოდა წინასწარი შეცნობით არასწორი, ყალბი ინფორმაცია, რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას გამორიცხავდა. კასატორი ყოველივე ამას შემდეგი გარემოებით ადასტურებს, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ერთ შემთხვევაში, დადგინდა, რომ სადავო შემთხვევას, არ შეიძლებოდა სატრანსპორტო საშუალებაზე ისეთი დაზიანებები გამოეწვია, რომელზეც დაზღვეული პირი უთითებდა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ექსპერტმა შემთხვევის მექანიზმის დადგენა შეუძლებლად მიიჩნია. გარდა ამისა, კასატორი გამოთქვამს ეჭვს, რომ მოსარჩელემ მანქანა სწორედ იმ მიზნით დააზღვია, რომ შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოეწყო და სადაზღვევო ანაზღაურება მიეღო.
20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ივნისის დასკვნა, რომელსაც კასატორი ეყრდნობა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების არსებობის სამტკიცებლად არ გამოდგება, ვინაიდან ამ მტკიცებულებით საერთოდ ვერ დადგინდა კონკრეტული შემთხვევის განვითარების მექანიზმი, შესაბამისად, ის, რომ ექსპერტმა ვერ დაადგინა ავტოსაგზაო შემთხვევის წარმოშობის პროცესუალური ასპექტი, თავისთავად არ ნიშნავს, ავტოსაგზაო შემთხვევა არ არსებობდა ან იმ სცენარისგან განსხვავებულად წარმოიშვა, რაც სარჩელშია აღნიშნული. რაც შეეხება 2021 წლის 21 ივნისის შპს „ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც კასატორი ეყრდნობა, მართალია, მასში აღნიშნულია, რომ ავტომობილზე არსებული დაზიანებები არ შეესაბამება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდო დაზიანებებს, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არაგანკუთვნად მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მასში ასახული დასკვნა არ არის თანხვდენილი მის მეთოდთან და აღწერილობით ნაწილში მოყვანილ ფაქტებთან. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზა გაიმართა 2021 წლის 17 ივნისის მიმართვის საფუძველზე 17 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ექსპერტს რეალურად არ დაუთვალიერებია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მასზე არსებული დაზიანებები, მაშინ, როდესაც მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განთავსდა მოპასუხის ავტოსადგომზე და ადგილზე დათვალიერების ხელშემშლელი გარემოებები არ არსებობდა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში დასაწყისში მითითებულია, რომ არსებული დაზიანებები არ შეესაბამება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდო დაზიანებებს, ხოლო დოკუმენტის დასასრულს აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევისას, მისი მართვისას მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, გულგრილობა და მეტისმეტი დაუდევრობა, რის შედეგადაც დაარღვია მოძრაობის წესები. ამგვარად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულება, თავისი შინაარსით (არ არის იმპერატიული) არ წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების დასადასტურებლად განკუთვნად მტკიცებულებას.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უადგილოა კასატორის ის შედავებაც, რომ ავარია სადავო ადგილას არ მომხდარა და მოსარჩელემ მისი ინსცენირება მოაწყო. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის ისეთი ყალბი ინფორმაციის მიწოდება, როგორზეც მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, არა მხოლოდ სამოქალაქო დავის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადასაწყვეტად, არამედ სისხლის სამართლის ნორმებით დასჯადი ქმედების შემადგენლობას ქმნის, რის გამოც ხელშეკრულების ძლიერ მხარეს - სადაზღვევო კომპანიას, ასეთი ბრალდების განსაკუთრებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია. როგორც ეს სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განმარტა, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, მეტიც ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც კასატორი თავის არგუმენტებს აყრდნობს, არაიმპერატიულია. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი სათუო, საორჭოფო და არამყარი მოსაზრებები არ შეიძლება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედოს საფუძვლად.
22. საკასაციო საჩივრის მეორე ძირითადი არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევაში მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი კანონისმიერი საფუძველია. კასატორი მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა გამოიხატა მძღოლის მიერ ისეთი სიჩქარით გადაადგილებით, რომელმაც მომეტებული საფრთხის წყაროზე სრული კონტროლის ქონის შესაძლებლობა დააკარგვინა. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნებისა და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, გაითვალისწინება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებებიც, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა აშკარაა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იმავე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს აშკარა უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობისა და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვევლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღვევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტირებაა (იხ., სუსგ №ას-საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი).
23. ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად მიიჩნევა პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ქმედებაც, როდესაც პირი ითვალისწინებს საკუთარი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ მიიჩნევა განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
24. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში მოსარჩელე არ მოძრაობდა გადამეტებული სიჩქარით და, შესაბამისად, არ მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უშუალოდ საავტომობილო გზიდან გასვლის პროცესში ავტომობილს არ გააჩნდა მაღალი კინეტიკური ენერგია, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ავტომობილის გზიდან გადასვლის შემდეგ დაუზიანდა მხოლოდ ავტომობილის სავალი ნაწილისა და ძალური აგრეგატების ქვედა ნაწილები და არა ძარის შემოფარგლულობის მაკომპლექტებელი დეტალები, რომელთა დაზიანებაც მაღალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში გარდაუვალი იქნებოდა. შპს „ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზღვეულ ავტომანქანას 90 კმ/სთ, ან მეტი სიჩქარით რომ ემოძრავა, მას უფრო მეტად დაუზიანდებოდა ძრავის კარტერი და ძარის ღრეჩოები, რა დაზიანებები და დეფორმაციებიც ავტომანქანას თხრილში გადავარდნის შემდეგ არ მიუღია. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ექსპერტი - დავით გველესიანი, რომელმაც განმარტა, თხრილში გადავარდნის მომენტში დაზღვეული ავტომობილის სიჩქარე დაახლოებით 40-50 კმ/სთ-ს შეადგენდა. ნიშანდობლივია, რომ კასატორს მოხმობილი დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ამგვარ შედავებად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება განხილული კასატორის ის დაშვება, რომ, მართალია, კონკრეტულ ადგილზე მოძრაობა დასაშვები იყო 90 კვ/მ/ სიჩქარით, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მძღოლს გზის ყველა მონაკვეთზე ამ სიჩქარით მოძრაობა შეეძლო. კასატორი აღნიშნავს, რომ მძღოლი ვალდებულია, გზაზე დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ფარგლებში იმგვარად გადაადგილოს ავტომობილი, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლოს მისი სრული ფლობა. პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მსჯელობა იქნებოდა გაზიარებული, გამოვიტანდით დასკვნას, რომ კანონით დადგენილი სიჩქარის ფარგლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით წარმოშობილი საგზაო შემთხვევა, მაღალი ალბათობით დაკვალიფიცირდებოდა, როგორც მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა და გამოირიცხებოდა სადაზღვევო ანაზღაურება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ანაზღაურების საგამონაკლისო ნორმების ამგვარი გაფართოების პერსპექტივა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, რადგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია შესაძლებელი. საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ ამტკიცოს, მზღვეველმა კი, უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.) ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სიჩქარის შემცირების მოთხოვნის გარდა, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი პრეტენზია ვერ წარმოადგინა. ამრიგად, მტკიცების ტვირთის იმგვარი განაწილების პირობებში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავებისთვის არის დადგენილი, მოპასუხემ საპროცესო ვალდებულება, დაედასტურებინა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, ვერ შეასრულა.
25. რაც შეეხება კასატორის შედავებას მისთვის დაკისრებულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა 18 000 აშშ დოლარს შეადგენდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და კასატორს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, რომ ხელშეკრულებით სადაზღვევო თანხა 18 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ, 59 000 ლარს შეადგენდა. ამასთან, ხელშეკრულებით შეთანხმდა ნულოვანი ფრანჩიზა, რაც სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის სწორედ 18 000 აშშ დოლარით განსაზღვრის შესაძლებლობას იძლეოდა (59 000 ლარი = 21 691.17 აშშ დოლარს).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის/მოპასუხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი გარემოებანი. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/კ: .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 14.06.2024წ. №e93 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2582,37 ლარის, 70% - 1807,65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი