Facebook Twitter

საქმე №ას-774-2024 6 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ს–ძე, ვ.დ–ძე, თ.დ–ძე, თ.დ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.დ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ძის, ვ., თ. და თ.დ–ძეების (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. ბათუმში, ........ მდებარე, ს/კ №........, უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 22 აპრილს შეიძინა სადავო უძრავი ქონება, სადაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში ცხოვრობდნენ მოპასუხეები. მოსარჩელემ მათ ნება დართოთ, ერთი წლის განმავლობაში გაეგრძელებინათ ფართის ფლობა, თუმცა აღნიშნული ვადა გავიდა. მოპასუხეები კატეგორიულად უარს აცხადებენ ქონების გამოთავისუფლებაზე, უკანონოდ სარგებლობენ მოსარჩელის საკუთრებით, რითაც ირღვევა მესაკუთრის საკუთრების უფლება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ქონება სხვა პირს საკუთრებაში გადაუფორმეს სესხის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ აღნიშნული ქონება გამოისყიდა. მხარეთა შეთანხმებით, ფულადი ვალდებულების შესრულების შემდეგ, ფართი მოპასუხეებს უნდა დაბრუნებოდათ.

4. 2020 წლის ივლისში მოსარჩელემ კატეგორიულად მოითხოვა 32000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა.

5. მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს, რომ გეგმავდნენ შეგებებული სარჩელის აღძვრას ნასყიდობის ბათილობის, სესხისა და იპოთეკის გარიგების დადების ფაქტის დადასტურების შესახებ. მათ ქონების გასხვისების ნება არ გამოუხატავთ და მამა-პაპისეულ ქონებას დღემდე ფლობენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და დადგინდა მისი მოსარჩელისათვის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილოდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება.

10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება, აპელანტებს გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

11. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით. ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე; უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 30 აპრილიდან სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

13. სადავო საცხოვრებელ ბინას ფლობენ მოპასუხეები. მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მიერ შეცილებული არ არის, უფლების დამდგენი საბუთების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოპასუხეებს სარჩელი არ აღუძრავთ.

14. მოპასუხეთა მხრიდან სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასევე, არ არის წარმოდგენილი მოპასუხეების მიერ მოსარჩელისთვის ქონების გამოსასყიდად რაიმე თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

15. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები ფართს არ ათავისუფლებენ, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფლობის უფლება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტმა მიუთითა სადავო უძრავ ნივთზე დადებული უკანონო გარიგებების თაობაზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ წარდგენილა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოებები სრულიად წინააღმდეგობივია, რაც მათი გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უპირველესად, მიუთითა იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხეთა მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი, წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მათი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება - უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი და სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძვლების არაკანონიერება. აპელანტი მართალია მიუთითებს, რომ მათი საკუთრებიდან უძრავი ნივთის გასვლა მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, თუმცა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს საეჭვოდ გახდიდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტები, ვინაიდან რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებებით შეუძლებელია დადასტურდეს. უფლების ნამდვილობის ხარვეზის დადასტურება შესაძლებელია თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (http://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი; სუსგ, ას-1719-2019, 22.01.2020).

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებას ბოროტად არ იყენებს, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა, და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სასარგებლო, რაც განსახილველ შემთხვევას არ შეესაბამება. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, აპელანტი/მოპასუხე არ წარმოადგენს ამავე კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. მოსარჩელე კი უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. აპელანტებს მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მათ მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტის დამადასტურებელი დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენიათ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით

21. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი და საფუძვლები. მოცემულ საქმეზე დავის საგანია მოსარჩელე მხარის სახელზე დე-იურედ რიცხული უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლება.

22. სადავო ქონება სხვა პირს საკუთრებაში გადაუფორმეს სესხის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ აღნიშნული ქონება გამოისყიდა. მხარეთა შეთანხმებით, ფულადი ვალდებულების შესრულების შემდეგ, ფართი მოპასუხეებს უნდა დაბრუნებოდათ. 2020 წლის ივლისში მოსარჩელემ კატეგორიულად მოითხოვა 32000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა.

23. კასატორთა განმარტებით, ქონების გასხვისებზე ნება არ გამოუხატავთ.

24. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ 2019 წლის 22 აპრილს მოსარჩელეს რეალურად სადავო უძრავი ნივთი არ შეუძენია. მოპასუხესთან ახლო ნათესაური ურთიერთობიდან გამომდინარე, მან გამოისყიდა 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება 21000 აშშ დოლარად. ამ შეთანხმების თანახმად, აპელანტის უძრავი ქონება - 1200 კვ.მ და 216 კვ.მ მიწის ნაკვეთები, ასევე, მათზე განთავსებული 171,10 კვ.მ შენობა-ნაგებობა აღირიცხა მის საკუთრებაში წინასწარ შეთანხმებული ვალის - 21000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, თანხის დაბრუნებამდე.

25. კასატორები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მითითებას, რომ მოსარჩელემ ნება დართოთ, ერთი წელი ეცხოვრათ მათ მამისეულ სამკვიდრო ქონებაში.

26. სადავო ქონება მოსარჩელემ თვალთმაქცურად გაასხვა სხვა პირზე და შემდეგ კვლავ გამოისყიდა იგი, რათა მოპასუხეთათვის ხარჯი გაეზარდა.

27. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ამავე საცხოვრებელ სახლში, მოპასუხეებთან ერთად, ცხოვრობს სხვა პირიც, ოჯახთან ერთად, რომლის წინააღმდეგაც მოსარჩელეს სარჩელი არ წარუდგენია.

28. კასატორებმა განმარტეს, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა დაჩქარებული წესით, მოპასუხების დასწრების გარეშე. სადავო სახლი წარმოადგენს ნ.ს–ძის დანატოვარ ქონებას, იგი საკომლო ქონებას მიეკუთვნება. კომლის წევრები არიან როგორც მოპასუხეები, ასევე, გ.დ–ძე, რასაც ადასტურებს საარქივო ცნობაც. სასამართლომ არ შეაფასა წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

29. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

30. მოცემულ საქმეზე სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, არასწორად მოახდინა სამართლებივი შეფასებები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გაარკვია, რას ეფუძნებოდა მოსარჩელის მოთხოვნა. არ იქნა გამოკვლეული სათანადო მოპასუხის საკითხი. ამ საქმეზე ვერ იქნა შეფასებული მოთხოვნის საფუძველი და მისი წინაპირობები (ფაქტობრივი გარემოებები). მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად, არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას, ანუ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ.ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.). კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოცემული საქმე ერთ-ერთ კლასიკურ დავას შეეხებ, სადაც მატერიალური ნორმის განმარტება უნდა მოხდეს სწორად. პირველ რიგში, სასამართლოს უნდა გაეცხრილა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ ემსჯელა ფაქტების სამართლებივ კვალიფიკაციაზე.

31. საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე უნდა განმარტოს მატერიალური სამართლის გავლენა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტაზე, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება.

32. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა და შეაფასა მოთხოვნის საფუძველი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.) სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

37. 2019 წლის 30 აპრილიდან სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

38. სადავო საცხოვრებელ ბინას ფლობენ მოპასუხეები. მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მიერ შეცილებული არ არის, უფლების დამდგენი საბუთების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოპასუხეებს სარჩელი არ აღუძრავთ.

39. მოპასუხეთა მხრიდან სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასევე, არ არის წარმოდგენილი მოპასუხეების მიერ მოსარჩელისთვის ქონების გამოსასყიდად რაიმე თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

40. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები ფართს არ ათავისუფლებენ, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს მას. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

43. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

44. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

46. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).

47. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141).

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

49. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.).

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი მხარე სადავო უძრავ ქონებას ფლობს. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

51. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-759-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას-1578-2020, 26 იანვარი, 2023; №ას-1437-2020, 24 დეკემბერი, 2020წ., №ას-1274-2020, 31 თებერვალი, 2020წ.).

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, გამოითხოვოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან. საქმის მასალებიდან არ დასტურდება არც მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება.

53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-17-2024, 07 მარტი, 2024 წ; №ას-606-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23.02.2023წ., №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

54. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, რომ სადავო ბინაში მათთან ერთად ცხოვრობენ სხვა პირებიც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ განსახილველ საქმეში მოპასუხეებად მიუთითა მხოლოდ კასატორები. მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხეების მიმართ სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა- მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორებმა კი ვერ დაადასტურეს სადავო უძრავ ქონებაზე მათი მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობა (შდრ: სუსგ №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წ., საქმე №ას-1474-2023, 10 იანვარი, 2024 წელი, საქმე №ას-329-2024 , 12 აპრილი, 2024 წელი).

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

56. მოცემულ საქმეზე კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ უარი ეთქვა იმგვარი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე, რომელიც წინამდებარე დავის განსხვავებულად შეფასებას გამოიწვევდა. ასევე, ვერ მიუთითა, რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულებანი კანონით დადგენილი წესით.

57. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

58. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

59. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“

60. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.).

61. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-1083-2021, 19 ნოემბერი, 2021 წელი).

62. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

65. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.დ–ძის მიერ 09.08.2024 წელს №23244725734 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ს–ძის, ვ.დ–ძის, თ.დ–ძისა და თ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.ს–ძეს (პირადი №........), თ.დ–ძეს (პირადი №.........), თ.დ–ძესა (პირადი №.......) და ვ.დ–ძეს (პირადი №........), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.დ–ძის მიერ 09.08.2024 წელს №23244725734 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი