Facebook Twitter

საქმე №ას-1454-2023 13 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჩ.თ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.შ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჩ.თ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს ,,მ.შ–ის“ მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოპასუხე შპს ,,მ.შ–ს" დაეკისროს მოსარჩელე ჩ.თ–ის სასარგებლოდ 2020 წლის 23 იანვრიდან - 2020 წლის 10 ოქტომბრამდე, ანუ 8 თვის და 17 დღის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაბეგრილი 12850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ, ასევე, მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე შპს „მ.შ–ს“ დაეკისრა მოსარჩელე ჩ.თ–ის სასარგებლოდ 23.01.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების დარიცხული 9920 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „მ.შ–ს“ დაეკისრა მოსარჩელე ჩ.თ–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 396.80 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე შპს „მ.შ–ს“ დაეკისრა სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 297.60 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ჩ.თ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ასევე კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

6.2. კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებას, და მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება, რომ მართალია მოსარჩელე ჩ.თ–ი და მოპასუხე შპს ,,მ.შ–ი", 23.01.2020 წლიდან 10.10.2020 წლამდე პერიოდში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ჩ.თ–ი შპს ,,მ.შ–ში" დასაქმებული იყო ბარმენის პოზიციაზე და არა მენეჯერის პოზიციაზე;

6.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩ.თ–ის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1 500 აშშ დოლარს - ხელზე ასაღებს და არა 1 200 ლარს; დადგენილია, რომ ჩ.ო., როგორც კვალიფიციური სპეციალისტი საგანგებოდ იყო მოწვეული თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დამსაქმებელთან სათანადო და წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების შეთავაზებით და რომ მისი შრომითი ანაზღაურება არ იყო ისეთივე, როგორიც საქართველოს მოქალაქეების, არამედ მეტი. საქართველოში ჩამოსვლით მოსარჩელე მოსწყდა ოჯახს, სახლს, თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ სამსახურს და სწორედაც რომ ნორმალური ანაზღაურების მიღების გამო ჩამოვიდა საქართველოში; მოსარჩელისათვის შედარებით მაღალი ანაზღაურების შეთავაზება არ გამომდინარეობდა მისი მოქალაქეობის ან ეროვნული კუთვნილებიდან.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს.

12. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 41.1 (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) და 13. (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

14.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჩ.თ–ი 23.01.2020 წლიდან 10.10.2020 წლამდე პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში.

14.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელფასის სახით თანხა არ გადაუცია.

14.3. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 01.06.2020 წლით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულების პროექტით, რომელიც ხელმოწერილია დამსაქმებლის მხრიდან, ხოლო ხელმოწერილი არ არის დასაქმებულის მიერ, დამსაქმებელი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს დასაქმებული ბარმენის პოზიციაზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების პროექტის 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

14.4. შპს ,,მ.შ–ში" ბარმენის პოზიციაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1200 ლარს.

14.5. მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელით სასამართლოს მომართა 11.05.2022 წელს.

14.6. მოსარჩელე წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს.

14.7. მოსარჩელე და მოპასუხის ყოფილი დირექტორი მესუთ აიდემირი არიან ახლო ნათესავები.

14.8. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 23.01.2020-05.10.2020წ. პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ არის ხანდაზმული. სასარჩელო მოთხოვნა 05.10.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 6.02.2023წ.-ის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კასატორის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო მენეჯერის პოზიციაზე და არა ბარმენის პოზიციაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი იყო 1500 აშშ დოლარი.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 23.01.2020 წლიდან

10.10.2020 წლამდე პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. უდავოა, რომ სარჩელი აღძრულია 11.05.2022 წელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა 23.01.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების დაკისრება, რომელიც იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსის 31.2 მუხლით „შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ“ მხარეთა შეთანხმების მიუხედავად თუ იგი ეწინააღმდეგება ამ დებულებას და ამძიმებს დასაქმებულის მდგომარეობას წარმოადგენს პერიოდულად (ყოველთვიურად) შესასრულებელ ვალდებულებას და აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან ნაწილობრივ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 05.10.2020 წლამდე, როდესაც ცვლილებები ამოქმედდა შრომის კოდექსში და რაზეც უკუქცევითი ძალა არ გაავრცელა კანონმდებელმა. იმ მოთხოვნებზე რომლებიც 05.10.2020 წლის მერე წარმოიშვება გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის ხანდაზმულობის მარეგულირებელი სპეციალური დებულება 74-ე მუხლი, რომელზეც სახელფასო დავალიანების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის 1 წლიან ვადას ადგენს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან

17. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოეშვა და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო პირველ თვის და ყველაზე ძველ სახელფასო დავალიანებაზე 2020 წლის 5 თებერვლიდან, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 2023 წელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 11.05.2022 წელს, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში. შესაბამისად 23.01.2020 წლიდან 05.10.2020 წლამდე პერიოდის სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იგი ხანდაზმული არ არის და მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება 05.10.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ამ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის 74-ე მუხლის რეგულაციიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ამოქმედდა ხანდაზმულობის სპეციალური 1 წლიანი ვადა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში სარჩელის შეტანის დროისათვის გასული იყო, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 14.1.-14.8-ში და რომლის თანახმად, დადგენილია და საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანიზაციაში მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან სარჩელში ჯერ მითითებულია მენეჯერის პოზიცია, ხოლო საქმის განხილვის პროცესში ხდებოდა დაზუსტება ჯერ ბარის მენეჯერის პოზიციად, მერე გიტარისტის პოზიციად, შემდეგ მოლარის პოზიციად, ხოლო ბოლოს ბარმენის პოზიციად. საქმეში დაკითხულ მოწმეთა, წარმოდგენილ ფოტოსურათებზე და ვიდეო ჩანაწერზე, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შრომის ხელშეკრულების პროექტზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული იყო ბარმენის პოზიციაზე. რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას მოწმეთა ჩვენებით და მოპასუხე მხარის პოზიციით მოპასუხესთან ბარმენის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა საქართველოს მოქალაქეებს შრომის ანაზღაურების სახით ეძლეოდათ თვეში დარიცხული 1200 ლარი, ხოლო თუ სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობის დარიცხული 1500 აშშ დოლარის არსებობის შესახებ, გამოვა, რომ დადგინდება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოქალაქეობის და ეროვნული კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტობრივი გარემოება, სადავო პერიოდში, ბარმენებად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან და ქართველებთან მიმართებით, რომლებსაც აყენებდა არათანაბარ მდგომარეობაში, ვინაიდან ყოველთვიური ხელფასის სახით უხდიდა დარიცხულ 1200 ლარს, ხოლო თურქეთის მოქალაქისათვის იმავე პოზიციაზე დასაქმებისათვის უნდა გადაეხადა თვეში დარიცხული 1500 აშშ დოლარი ან თუნდაც 750 აშშ დოლარი იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ორგანიზაციას როგორც პარტნიორები ასევე დირექტორები არა ქართველი, არა საქართველოს მოქალაქეები ჰყავთ. დამატებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმურობას დაასაბუთებდა, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელეს მართლაც, სხვა ბარმენებთან შედარებით მაღალი ხელფასი ჰქონდა, რა მოცემულობით იყო განპირობებული ამგვარი პრივილეგია.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი - მოპასუხემ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).

23. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მის მიერ სარჩელში მითითებული ხელფასის ოდენობა 1500 აშშ დოლარის არსებობა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება კი წარმოადგენს მხოლოდ პროექტს და ამასთან არ მოიცავს სრულად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ბარმენის პოზიციაზე დასაქმების გამო სადავო პერიოდში გადაუხდიდა იმდენივე ხელფასს ყოველთვიურად შრომის ანაზღაურების სახით, რამდენსაც იგი უხდიდა ბარმენის პოზიციაზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს დარიცხული 1200 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ და მართებულად დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად დარიცხულ 1200 ლარს, ამასთან ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ 05.10.2020-10.10.2020 წლამდე პერიოდის გათვალისწინებით, აღნიშნული შეადგენს საერთო ჯამში დარიცხულ 9920 ლარს. ამდენად, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჩ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი