Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1046-1009(კ-08) 14 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ “ე. მ-ის” სარჩელი გამო თელავის რეგიონალური ცენტრის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 6 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1046-1009(კ-08) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 127-128).

2008 წლის 10 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 132-141).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს – თელავის რეგიონალურ ცენტრს ჩაჰბარდა 2008 წლის 24 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 130). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 3 ნოემბერს, კასატორმა კი ხარვეზის შევსების მიზნით, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2008 წლის 4 ნოემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით, რაც დასტურდება კონვერზე დასმული შტამპით (იხ. ს.ფ. 154).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.