Facebook Twitter

28 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-578 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.კ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, მ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე და მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მაშინ როდესაც სასამართლოს არსებული პრაქტიკის შესაბამისად მისი რეალიზება ფორმალურ და უმნიშვნელო წვრილმანებზეა დამოკიდებული. აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და სამკვიდროს მიღების ნორმების განმარტება ახლებურად განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების ფაქტი და თუნდაც გაშვებული ვადის აღდგენაზე, არასწორად ეთქვა უარი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თამარა სლიუსარევა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის დედა ან მამკვიდრებელი) 2000 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის სამკვიდროს შეადგენდა - თბილისში, .......... მდებარე #11 ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, სადავო ქონება). უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით სადავო ქონებაზე საკუთრება რეგსტრირებული არ არის.

4.4. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, შვილები - მოსარჩელე და მოპასუხე.

4.5. მამკვიდრებელი და ი.კ–ვი 1962 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

4.6. 1970-იან წლებში გაცემული ორდერის მიხედვით, სადავო ქონების დამქირავებელი იყო მამკვიდრებელი, ხოლო ოჯახის შემადგენლობაში მოსარჩელე და მოპასუხე ირიცხებოდნენ.

4.7. 1996 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების თანახმად, მამკვიდრებელთან გაფორმდა ხელშეკრულება და უძრავი ქონება გადაეცა პირად საკუთრებაში.

ხელშეკრულება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დარეგისტრირდა.

4.8. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა სადავო ბინაში.

4.9. მოსარჩელე 1995 წლის 27 ივლისიდან 2011 წლის 25 მაისამდე თბილისში, ........, #9-ში ბინაში იყო რეგისტრირებული. მას სადავო ბინაში არც ფაქტობრივად არ უცხოვრია.

4.10. გარდაცვლილი დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მხარეებს სანოტარო ორგანოსთვის განცხადებით არ მიუმართავთ, შესაბამისად, არც სამკვიდრო მოწმობა არ აუღიათ.

4.11. 2020 წლის 14 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

4.11.1. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილებით, მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა იმ საფუძვლით, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელეს არც სანოტარო ორგანოში არ შეუტანია განცხადება და არც სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

4.12. 2022 წლის 18 ოქტომბრის მონაცემებით, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - ფილტვის ექინოკოკოზი. ამავე სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს 2000 წელს დიაგნოსტირებული აქვს ფილტვის ექინოკოკის დიაგნოზი, ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და ალბენდაზოლით მკურნალობის კურსები. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებია - კვლევის ამ ეტაპზე პაციენტს ექინოკოკური ინფექციის სარწმუნო ნიშნები არ აღენიშნება.

2020 წლის 14 თებერვალს, 20 ივლისს, 20 ოქტომბერს, 17 დეკემბერს, ასევე 2007 წელს დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. 2002 წლის 22 იანვარს მოსარჩელეს ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოსკოპია, ხოლო 2008 წლის 23 თებერვალს - მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

4.13. მოსარჩელეს, როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრს, პრივატიზაციის დროისათვის (1996 წლის 18 სექტემბრისთვის) დაკარგული ჰქონდა მოთხოვნის უფლება საპრივატიზაციო ბინაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების თანახმად.

4.14. მოსარჩელემ დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა არასაპატიო მიზეზით გაუშვა.

5. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნების უსაფუძვლობას სსკ-ის 1426.1 (სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1421.2 (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობა განაპირობებს.

6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დასკვნებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ნათლადაა დადგენილი, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება ნოტარიუსთან მიმართვის გზით არ მიუღია, ხოლო, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი კასატორმა ვერ დაამტკიცა.

7. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

9. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო სამართალში დადგენილ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

10. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

11. სსკ-ის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრე არ მიიღებს სამკვიდროს, იგი კარგავს მისი მიღების უფლებას (სსკ-ის 1424-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა მიეკუთვნება პრეკლუზიურ ვადებს, რომლის გასვლა წყვეტს თვით სამკვიდროს მიღების უფლებას, განსხვავებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისაგან, რომლის გასვლაც კონკრეტულ უფლებას კი არ წყვეტს, არამედ სპობს ამ უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.

12. კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად, ეს სასამართლოს შეფასების სფეროს წარმოადგენს. როცა სასამართლოში სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი იხილება, იგულისხმება, რომ სხვა მემკვიდრეებმა გასულ ექვსთვიან ვადაში უკვე მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, არ ნიშნავს დამატებითი ვადის დანიშვნას (იხ. სუსგ N ას-1092-2020, 22.01.2021 წ.).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზეც, იცოდა თუ არა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის შესახებ და შეატყობინეს თუ არა ამის თაობაზე სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა. თუ სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა დაარღვიეს ვალდებულება, ადგილზე არმყოფი სხვა მემკვიდრეებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მაშინ ვადების გამშვებ ასეთ მემკვიდრეს უნდა აღუდგეს სამკვიდროს მიღების ვადები. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სსკ-ის 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

სსკ-ის 8.3 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა.) მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ.) მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა (იხ. სუსგ N ას-1092-2020, 22.01.2021 წ.).

15. კონკრეტული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხიც. სსკ-ის 1426.1-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას.

გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის (სსსკ-ის 105-ე და 102-ე მუხლები). ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს (შდრ. სუსგ: N ას-1101-1021-2017, 15.02.2018 წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მოსარჩელე უმთავრესად შემდეგ გარემოებებზე უთითებდა:

ა.სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა ნოტარიუსს, თუმცა სამკვიდროს მისაღებად საჭირო მტკიცებულებები მოპასუხეს ჰქონდა, რომელმაც კომფლიქტის გამო, არ გადასცა;

ბ.დედის გარდაცვალების დროს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მკურნალობდა;

გ.პრივატიზაციის დროისთვის ჩაწერილი იყო ბინაში და სამკვიდროს მისაღებად გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულების აუცილებლობის თაობაზე არ იცოდა.

16.1. საკასაციო სასამართლო კასატორის/მოსარჩელის ამ მითითებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მოწმობის მიისაღებად საჭირო მტკიცებულებების გამოთხოვა შესაძლებელი იყო შესაბამისი დაწესებულებებიდან, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია მისი ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებები, რომლითაც არ ადასტურებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მისი ჯანმრთელობის ისეთ მძიმე მდგომარეობა, რაც მას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, სამკვიდროს მიღების მიზნით სავალდებულო მოქმედებების შესრულებაში ხელს შეუშლიდა.

რაც შეეხება კანონის არ ცოდნაზე მითითებას, აღნიშნული ასევე ვერ გახდება სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზი.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ - სამართლებრივ დასაბუთებას იმ ნაწილშიც, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის გაშვების საპატიო გარემოებები ვერ წარმოადგინა რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის, 30%-ის 225 ლარის გადახდა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.მ–ძე (პ/ნ .......... ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის, 30%-ის 225 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა