Facebook Twitter

6 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე #ას-1276 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; ა.ა–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი კი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი შეიცვალა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენება იმგვარი ხასიათის ხელყოფაა რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად აქცევს. სხეულის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ დარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, მაგრამ იყოს მისი თანმდევი შედეგი, როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა.... რაც არასრულფასოვნების კომპლექსსა და სხვა ნეგატიურ განცდებს აყალიბებს. ისეთი ორგანოს დაკარგვა როგორიც თვალია, შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანებაა, რასაც ნეგატიური განცდები, დისკომფორტი, ტანჯა და სამედიცინო ჩივილები მთელი ცხოვრების მანძილზე ახლავს თან. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კი ლახავს სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი

ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები, თბილისში, ..... ქუჩაზე ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

4.4. 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე თბილისში, ....... ქუჩა #39-ის მიმდებარედ მოპასუხემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოსარჩელეს მარცხენა თვალის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ლითონის ნივთი.

4.5. მოსარჩელე სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, შპს „ნ.ჰ–ში“ გადაიყვანეს.

4.5.1. შპს „ნ.ჰ–ს“ სტაციონარული პაციენტის #8328 სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ აღნიშნულ კლინიკას 2018 წლის 21 ივლისს 16:32 საათზე მიმართა, კვლევის შედეგად შემდეგი დიაგნოზი დაუდგინდა: თვალის კაკლის დეგენერაციული ცვლილებები;

სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილია: სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით, მარცხენა თვალის ევისცერაცია.

ქუთუთოების ნაფლეთოვანი ჭრილობა ორივე საცრემლე წერტილების და საცრემლე გზების მოგლეჯვით, მარცხენა ჰაიმორის წიაღისკედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ცდომით, მარცხენა თვალის კაკლის ტრავმული დაზიანება, მარცხენამხრივი პროფტოზი.

4.5.2. 2018 წლის 21 ივლისს მოსარჩელეს შპს „ნ.ჰ–სში“ მარცხენა თვალის ევისცერაცია ჩაუტარდა. იმავე წლის 23 ივლისს შემოწმებისას მოსარჩელეს მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ერთი გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ნახეთქი ჭრილობა, ჭრილობის ირგვლივ სისხლნაჟღენთით სახით; დაზიანებები ნიკაპის მიდამოში, მარცხნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ასევე ლოყის მიდამოში დაზიანება.

4.5.3. მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არსებული ნახეთქი ჭრილობა, ამავე თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთით სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა, თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით და ამავე თვალის ევისცერაციით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, იზოლირებულად აღებული სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს მიეკუთვნება, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით - 35%.

4.6. დანაშაულის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მკურნალობის ღირებულებამ - 1966.14 ლარი შეადგინა, აქედან - 1550 ლარი შპს ,,ნ.ჰ–ში" ჩატარებული ოპერაციისა და მასთან დაკავშირებული, ხოლო - 416.14 ლარი, შემდგომი მედიკამენტოზური მკურნალობისთვის გაწეული ხარჯებია.

4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის #1/3975-18 განაჩენით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი) მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) ჩადენისათვის, ხოლო მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

4.7.1. განაჩენით დადგენილია, რომ მოსარჩელის მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს მიეკუთვნება, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით - 35%.

4.7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის #1ბ/790-19 განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად. განაჩენში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის/სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც მოსარჩელის მხედველობის დაკარგვა გამოიწვია.

4.7.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის #459ას-20 განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4.8. მოპასუხე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის უვადოდ მატარებელი პირია.

4.9. საქმეში წარდგენილია მიმოწერა ისრაელში არსებულ სამედიცინო ცენტრ „TOP ICHILOV CLINIC-თან“. კლინიკის წერილის მიხედვით, თვალის ოპერაციის ღირებულება - 30000 აშშ დოლარიდან - 40000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (გენერალური დელიქტი), პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სახეზეა თუ არა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად კი, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი).

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორისთვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია და უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად გამოკვეთილია სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტების კუმულაციურად არსებობაც (1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. 4. ბრალეულობა.). დეტალურადაა გამოკვლეული მატერიალური ზიანის მოცულობაც - 30 000 აშშ დოლარი, რომლის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი საკასაციო საჩივარში დასაბუთებული ვერ იქნა და შესაბამისად საკასაციო პალატა ამავე ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სრულად იზიარებს.

8. რაც შეეხება მორალური ზიანის კომპენსაციას, ცხადია, შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამიტომ მორალური ზიანის კომპენსირების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა.

არაქონებრივი ზიანის მოცულობა უნდა დადგინდეს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით, ასევე, უნდა გათვალისწინდეს დაზარალებულის მიერ განცდილ სულიერი ან/და ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალი, როცა ზიანის ანაზღაურება ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს, როგორიცაა: უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ. გაგუა ილონა; ბიჭია მიხეილი, „პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გაცემის ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე გამოწვევები პრაქტიკაში“, თსუ-ს „სამართლის ჟურნალი“, #1,2024, 39).

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 413.2. მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, მოიშველიებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, სადაც ხსენებული ნორმის წინაპირობები შემდეგნაირადაა გადმოცემული:

კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.

სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (შდრ.სუსგ №ას-979-940-2014, 10 .09.2015). სსკ-ის 413.2 მუხლით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენაა, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ, №ას-1207-2022, 20.01.2023).

9. განსახილველი სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული ინციდენტის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ფიზიკური ტკივილებითა და სულიერი ტანჯვათაა დასაბუთებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, არსებობდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

10. მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი, კერძოდ:

- ცხადია, შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამიტომ მორალური ზიანის კომპენსირების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის დადგენისას, გასათვალისწინებელია კომპენსირების მიზანი, რაც მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევაა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო უშუალოდ შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით განსაზღვრავს ანაზღაურების მოცულობას, გონივრული და სამართლიანი ოდენობით.

- საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არაქონებრივი ზიანის მოცულობის დადგენისას ხელმძღვანელობენ გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით, ასევე, ითვალისწინებენ დაზარალებულის მიერ განცდილ სულიერ ან/და ფიზიკურ ტანჯვასა და ზიანის მიმყენებლის ბრალს, როცა ზიანის ანაზღაურება ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი დოქტრინისა და არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე მორალური ზიანის თანხის გონივრული ოდენობა - 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, მართებულად განისაზღვრა. მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს მატერიალური ზიანის სახით ასევე სოლიდური მოცულობის თანხა დაეკისრა, რომლის საფუძვლიანობაც და ოდენობის სისწორე დადასტურებულია წინამდებარე განჩინებითაც.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა