Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1589 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 31 ოქტომბრის #04-767/კ ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

- კასატორის მტკიცებით, მოპასუხე გათავისუფლების დღიდან იყო დასაქმებული და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, შესაბამისად, მას არც ფინანსური ზიანი არ მიუღია, რაც შეეხება კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხის მოცულობას, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშეა განსაზღვრული, იგი არაგონივრულად მაღალია. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სოლიდარული და არა ერთადერთი მოპასუხეა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, ხოლოდ მას დააკისრა კომპენსაციის ანაზღაურება.

- სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად არ იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეზე და რეორგანიზაციის შედეგად მიღებული მოსარჩელის გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია უკანონოდ (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2008 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ან თავდაპირველი სააგენტო) იყო დასაქმებული. 2017 წლის 18 აგვისტოს დასაქმებული სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაწინაურდა. დასაქმებულის ანაზღაურება - 1723.80 ლარით (დაბეგრილი) განისაზღვრა.

4.4. თავდაპირველი მოპასუხის 2019 წლის 30 იანვრის N04—217/ო ბრძანებით, 2019 წლის 1 მარტიდან სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ორგანიზაციული (სტრუქტურული/ფუნქციური) ცვლილებების პროცესი დაიწყო, რომელსაც შეიძლება გამოეწვია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება და შრომის ანაზღაურების კორექტირება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ამ ბრძანების გაცნობა დაევალათ სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით.

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის N01—237/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.

4.6. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა საკითხი დადგინდა.

4.6.1. თავდაპირველი სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოპასუხეს გადაეცა (იხ. დადგენილების 1.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

4.6.2. კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე ორგანიზაციებს დაევალათ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნის უზრუნველყოფა შესაბამის თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა (იხ. დადგენილების 3.1. მუხლი).

4.7. თავდაპირველი მოპასუხის 2019 წლის 26 ივლისის 04-1429/ო ბრძანებით, სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში გამოცხადდა ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რომლის თანახმად, მოსალოდნელი იყო სტრუქტურული ცვლილებები, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება და/ან შრომის ანაზღაურების კორექტირება.

4.7.1. ამავე ბრძანებით სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაევალათ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით, ამ ბრძანების გაცნობა დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის. ბრძანების საჯარო გამოცხადების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების შესაბამის შენობაში დასაქმებულთა ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილზე მისი განთავსება.

4.8. 2019 წლის 16 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით, შესაბამის სსიპ-დან უფლებამონაცვლე სსიპ-ში გადაყვანის პროცესის კოორდინაციის მიზნით, სარეორგანიზაციო კომისიის ქვეკომისია (საკადრო რესურსის) შეიქმნა.

ამასთან, სპეციალიზებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. გასაუბრების მთავარი მიზანი ზოგადი კომპეტენციებისა და უნარების შეფასება იყო. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სარეორგანიზაციო კომისიის მიერ გაცემული შეფასების საფუძველზე გათავისუფლდა.

4.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის N04-764/კ ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37.1 მუხლის „ა“ და ,,ო“ ქვეპუნქტებით, მოსარჩელე 2019 წლის 1 ნოემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.10. თავდაპირველი მოპასუხე სააგენტოდან მოპასუხე სააგენტოში 21 თანამშრომელი, მათ შორის 11 შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (8 მთავარი სპეციალისტი, 3 უფროსი სპეციალისტი), ხოლო 10 - შრომითი ხელშეკრულებით გადაიყვანეს.

4.11. დასაქმებულის მიმართ რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ყოფილა გამოყენებული.

4.12. სააგენტოში მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსია 5 საშტატო ერთეულზე გამოცხადდა. განცხადების მიღების ბოლო თარიღად - 2020 წლის 26 თებერვალი მიეთითა.

4.13. 2019 წლის 31 ოქტომბრის N04–1654/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა „საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის N04–197/ო ბრძანებაში, რომლითაც ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველო გაუქმდა.

5. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) მუხლები ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საზოგადოების რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას) ქვეპუნქტს.

7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური; ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.

8. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

9. ადმინისტრაციის მიერ რეორგანიზაციისკენ მიმართული ნების გამოვლენას, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და საწარმოს რეალური საჭიროებებიდან არ გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს.

10. ამავდროულად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის და უპირობოდ არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.

ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე.

11. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

12. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

13. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება.

15. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

16. საკასაციო პალატის დასკვნით, დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები:

ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის;

შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ).

დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

17. დადგენილია, რომ თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე კასატორია, კერძოდ, თავდაპირველი მოპასუხე სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოპასუხეს გადაეცა (იხ. დადგენილების 1.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

18. ასევე დადგენილია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, უფლებამონაცვლე ორგანიზაციებს დაევალათ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნის უზრუნველყოფა სათანადო თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საკანონმდებლო ცვლილებებითვე დადგენილი შესაბამის სფეროს მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობათა სხვა იურიდიულ პირზე გადასვლა (უფლებამონაცვლეობა) თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობას განაპირობებდა მხოლოდ დამსაქმებლის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ჩანაცვლებით.

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან სააგენტოში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდა, მაშინ როცა სუბიექტთა უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებითა და თავდაპირველ სააგენტოში დასაქმებულ პირებთან უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში, თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეების შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანა დადგინდა;

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარეორგანიზაციო კომისიის შეფასება მოსარჩელის ახალ სააგენტოში გადაყვანის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნეოდა.

21. რაც შეეხება შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების მოშლას, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული ამავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა ობიექტური გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა, აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზეც არ შეწყვეტილა.

22. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონობის დადასტურება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით.

22.1. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.

კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

22.2. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.

22.3. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

22.4. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).

22.5. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.

22.6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).

22.7. უდავოა, რომ მოსარჩელესთან რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათისა და ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, მართებულად დაეკისრა კომპენსაციის სახით - 25 000 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის ანაზღაურებაზე ერთპიროვნულ პასუხისმგებელ პირად განსაზღვრის შესახებ, საკასაციო სასამართლო ამ არგუმენტს უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს ფარგლებში განხორციელებული რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, თავდაპირველი სააგენტოს რიგი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის მოსარჩელის დეპარტამენტის ფუნქციები სწორედ რეგულირების სააგენტოს გადაეცა, რომელიც აღნიშნულ სფეროში განიხილება თავდაპირველი სააგენტოს უფლებამონაცვლედ და შესაბამისად, პასუხისმგებელ სუბიექტად. ამდენად, კასატორის ეს პრეტენზიაც საფუძველსაა მოკლებული.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად საკსაციო პალატა განიხილავს მხოლოდ კასაციის არსებით არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1250 ლარის (საგადასახადო დავალება #01036, ბანკში გაგზავნის თარიღი - 08.02.2024), 70% - 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1250 ლარის (საგადასახადო დავალება #01036, ბანკში გაგზავნის თარიღი - 08.02.2024), 70% - 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა