Facebook Twitter

16 დეკემბერი 2024 წელი №ას-1089-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ჭ–ძე, ა.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ს–ი, ნ.ს–ის უფლებამონაცვლეები - ქ.ს–ი, ლ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ჭ–ძემ და ა.ჭ–ძემ საჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ნ.ს–ის და ნ.ს–ის უფლებამონაცვლეების - ქ.ს–ის და ლ.ს–ის მიმართ და მოითხოვეს:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 15 აპრილის N190407368 სამკვიდრო მოწმობა, 2022 წლის 07 მარტის N220235926 სამკვიდრო მოწმობა და ა.ჭ–ძე ცნობილი იქნეს უძრავი ნივთის - საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდით: .........) მდებარე: ქ. თბილისი, .........., ბინა N54 - 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 15 აპრილის N190407368 სამკვიდრო მოწმობა, 2022 წლის 07 მარტის N220235926 სამკვიდრო მოწმობა და ა.ჭ–ძე ცნობილი იქნეს უძრავი ნივთის - საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდით: ........) მდებარე: ქ. თბილისი, ............, ბინა N54 - 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ჭ–ძისა და ა.ჭ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - ა.ჭ–ძემ და ა.ჭ–ძემ, რომლითაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა.ჭ–ძისა და ა.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა.ჭ–ძემ და ა.ჭ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 1257.68 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინება კასატორებს გაეგზავნათ ა.ჭ–ძის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. საგარეჯო, .......... (აღნიშნული მისამართი მითითებულია კასატორის - ა.ჭ–ძის ძირითად მისამართად) და 2024 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა ა.ჭ–ძის წარმომადგენელ - შ.ხ–ს (მინდ. ტ.1; ს.ფ. 48-50); (იხ. ჩაბარების დასტური). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინება კასატორ - ა.ჭ–ძეს განმეორებით გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. საგარეჯო, ..........., ბინა 20 და 2024 წლის 02 დეკემბერს ჩაბარდა შ.ხ–ს (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით კასატორებს მიეცათ 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. საგარეჯო, ........ (აღნიშნული მისამართი მითითებულია კასატორის - ა.ჭ–ძის ძირითად მისამართად საკასაციო საჩივარში, სარჩელში და სააპელაციო საჩივარში) გაეგზავნა კასატორს და 2024 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა ა.ჭ–ძის წარმომადგენელს - შ.ხ–ს (მინდ. ტ.1, ს.ფ. 48-50; იხ. ჩაბარების დასტური). საქმეში არ მოიპოვება ა.ჭ–ძის სხვა ალტერნატიული მისამართი ან სატელეფონო ნომერი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა.ჭ–ძის მიერ შ.ხ–ის სახელზე გაცემულ რწუნებულებას კორესპონდენციის ჩაბარების დროისათვის ვადა გასული ჰქონდა, პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმეორებით გაეგზავნა კასატორ ა.ჭ–ძისათვის საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე _ ქ. საგარეჯო, ........., ბინა 20. გზავნილი 2024 წლის 02 დეკემბერს ჩაბარდა კვლავ შ.ხ–ს, მითითებულია ,,ადვოკატი" (იხ. ჩაბარების დასტური).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2- ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინება ა.ჭ–ძისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2024 წლის 24 სექტემბერს, ხოლო ა.ჭ–ძისთვის _ 2024 წლის 02 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის საპროცესო ვადის დენა კასატორ - ა.ჭ–ძისთვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო კასატორ - ა.ჭ–ძისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 03 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 12 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ჭ–ძის და ა.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი