საქმე №ას-1490-2024 19 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „N. G.“
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის შეუსაბამოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირება (თავდაპირველი სარჩელით), ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „N.G“-მ (შემდეგში: თავდპირველი მოსარჩელე ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ შეუსაბამოდ მარალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, ხოლო მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შემცირდა 2020 წლის 14 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 13 470.39 ლარით. მოპასუხის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა, N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 13 470.39 ლარი, 2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო 5 617.41 ლარი და N2/251120/2 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 4 700.91 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
2024 წლის 17 დეკემბერს თავდაპირველი მოსარჩელის წარმომადგენელმა შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უცვლელად დატოვების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
ამავე კოდექსის 264.1 მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
საკასაციო საჩივრის უფლების მქონე ნებისმიერ სუბიექტს კი, შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული წესით საკასაციო საჩივრით (სსსკ-ის 391.1 მუხ.).
რაც შეეხება შეგებებულ საკასაციო საჩივარს, ასეთი საჩივარი სსსკ-ით განსაზღვრული სრულიად განსხვავებული ინსტიტუტია, რომელიც მოწესრიგებულია სსსკ-ის 405-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესში. ნორმის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. შეგებებულ საკასაციო საჩივარს წაეყენება იგივე მოთხოვნები, რაც საკასაციო საჩივარს, რამდენადაც შეგებებული საკასაციო საჩივარი იგივე საპროცესო ინსტრუმენტია, როგორიც საკასაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, თუ მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
ამდენად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სსსკ-ის 59, 63 მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თავდაპირველ მოსარჩელეს (განსახილველ შემთხვევაში - შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) შეგებებული სარჩელის ავტორის (განსახილველ შემთხვევაში - კასატორი) სასარგებლოდ დაეკისრა, N2/140920/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 13 470.39 ლარი, 2020 წლის 25 ნოემბრის N2/251120/1 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 5 617.41 ლარი და N2/251120/2 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო - 4 700.91 ლარი, სააპელაციო საჩივრით შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა კი არ გაასაჩივრა, არამედ მასზე სააპელაციო საჩივარი კასატორმა წარადგინა.
როგორც ზემოთ განიმარტა თუკი მოსარჩელე ანდა მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში არ ისარგებლებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებით, მას ასეთი უფლებით სარგებლობა არ შეუძლია საკასაციო ან შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი, თავის დროზე, არ ისარგებლებს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებით, იგი კარგავს ამ უფლებას (სსსკ-ის 364.1. „ბ“ მუხლი).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თავდაპირველი მოსარჩელე და ამავდროულად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი, ვერ ისარგებლებს სსსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებით, რაც შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „N.G“-ს შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი