Facebook Twitter

29 ნოემბერი 2024 წელი

№ას-1066-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.ბ–ძის მიმართ 2797.38 ლარის დაკისრების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“-ს სარჩელი მოპასუხე გ.ბ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2090 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ ითხოვდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 2090 ლარის 800 ლარამდე შემცირებას. ანუ დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში იყო - 1290 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.

5. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ უსაფუძვლობის მოტივით არ ცნობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მას მოსარჩელის სასარგებლოდ 2090 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

11. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

12. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2090 ლარის გადახდა. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ მოითხოვა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის - 2090 ლარის შემცირება 800 ლარამდე, ანუ სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა თანხის დაკისრება 1290 ლარის ნაწილში. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 1290 ლარით, რაც არ აღემატება 2000 ლარს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ის არ ცნობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ თანხა უსაფუძვლოდ დაეკისრა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან, იგი სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სააპელაციო საჩივრის ფასი. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობაზე მითითება გავლენას ვერ მოახდენს საჩივრის დასაშვებობაზე.

15. კერძო საჩივარში მითითებული იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამჟამად სრულად ასაჩივრებს მხარე გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ 1290 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ კერძო საჩივარში მითითება იმისა, რომ ამჟამად სრულად ასაჩივრებს მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებას, გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე და ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).

17. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

17. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ები: №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018).

18. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი