Facebook Twitter

29 ნოემბერი 2024 წელი

№ას-972-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ფ–ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სესხების ხანდაზმულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–მა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ოს“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ხანდაზმულად იქნეს აღიარებული მ.კ–ს და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია ს.ს. „თ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის 2015 წელის 25 სექტემბერს დადებული №1971750/2039794-8094151 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 32563.81 ლარის ოდენობით;

1.2. ხანდაზმულად იქნეს აღიარებული მ.კ–ს და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია 2015 წლის 02 დეკემბერს ს.ს. „თ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის დადებული №2050104/2039794- 8164660 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 51579.83 ლარის ოდენობით;

1.3. ხანდაზმულად იქნეს აღიარებული მ.კ–სა და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია 2016 წლის მარტის თვეში შ.პ.ს. „ო–ს“ და მოსარჩელეს შორის დადებული №275193 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 200 ლარის ოდენობით;

1.4. ხანდაზმულად იქნეს აღიარებული მ.კ–სა და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია შ.პ.ს. „ტ–ოს“ („მ–ა“) და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 07 მაისს დადებული №123150001 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის თანხის სრული ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1 ხანდაზმულად იქნა აღიარებული მ.კ–სა და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია ს.ს. „თ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული №1971750/2039794-8094151 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 32563.81 ლარის ოდენობით;

2.2 ხანდაზმულად იქნა აღიარებული მ.კ–სა და შ.პ.ს. „ფ–ოს“ შორის არსებული სასესხო ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია 2015 წლის 02 დეკემბერს ს.ს. „თ.ბ–ს“ და მოსარჩელეს შორის დადებული №2050104/2039794-8164660 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 51579.83 ლარის ოდენობით.

2.3 მ.კ–ის მოთხოვნა 2016 წლის 22 მარტის №275193 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ფ–ოს“ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2.4 მ.კ–ის მოთხოვნა 2016 წლის 07 მაისის №123150001 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ფ–ოს“ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინებით, მ.კ–ის სააპელაციო საჩივარი, 2016 წლის 22 მარტის №275193 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „ფ–ოს“ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო ფულადი ღირებულების მქონე უფლებაზე. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სრულად. №275193 სესხის ხელშეკრულების ნაწილში სააპელაციო დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 200 ლარს, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას, დაუშვებელი იყო.

რაც შეეხება №123150001 სესხის ხელშეკრულებას, მისი ღირებულება განისაზღვრებოდა 1500 ლარით, თუმცა გადახდის გრაფიკის მიხედვით ამ სესხის სრული თანხა ჯამში შეადგენდა 3557 ლარს და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დასაშვები იყო.

5. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეფასების საგანი უნდა ყოფილიყო მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა და არა მოთხოვნილი და გადასახდელი თანხის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად იკვეთებოდა დავის უფლებრიობა და არა ქონებრიობა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებაზე აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი სარჩელი სრულად შეესაბამებოდა აღიარებითი სარჩელისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, კერძოდ ის სარჩელში უთითებდა იურიდიულ ინტერესზე, რომ ეზღუდება შესაძლებლობა ურთიერთობა დაამყაროს ბანკებთან, რადგან, შ.პ.ს. „ფ–ო“-სთან არსებული ვალდებულებების გამო ის ფიქსირდება პრობლემურ მსესხებლად. შესაბამისად, ამ დავის არსებობა ქმნიდა მომავალში მისი უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას. აღიარებითი სარჩელის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი დადასტურებული იყო, ვინაიდან მოსარჩელეს აქვს რეალური ინტერესი დაამყაროს ახალი ურთიერთობები საბანკო დაწესებულებებთან, რაც შეუძლებელია ძველი ვალდებულებების ხანდაზმულად აღიარების გარეშე. ამდენად, ზემოაღნიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი იყო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

11. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე 2016 წლის 22 მარტის №275193 და 2016 წლის 07 მაისის №123150001 სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნების ხანდაზმულად აღიარებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა სრულად, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 2016 წლის 22 მარტის №275193 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იყო 200 ლარი, ხოლო 2016 წლის 07 მაისის №123150001 სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში - გადახდის გრაფიკის მიხედვით ამ სესხის სრული თანხა ჯამში შეადგენდა 3557 ლარს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა პირველ შემთხვევაში (2016 წლის 22 მარტის №275193 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) არ აღემატებოდა 2000 ლარს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ განსახილველი დავა არის არა ქონებრივი, არამედ - უფლებრივი ხასიათის და მას აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომლის იურიდიული ინტერესიც აქვს, საკასაციო პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. (შდრ. სუსგ. №1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი; №ას-1384-1306-2012, 26 ნოემბერი, 2012 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არის სესხის ხელშეკრულებების ხანდაზმულად ცნობა, ხოლო აპელანტის (მოსარჩელის) რეალური ინტერესი მიმართულია აღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისათვის თავის არიდებისაკენ. ამდენად, აშკარაა, რომ აპელანტის მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება (შდრ. სუსგ. №ას-1073-2021, 11 იანვარი, 2022 წელი, №ას-1093-2020, 13 ივლისი, 2022 წელი).

14. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).

15. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018).

17. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი