საქმე №ას-647-2022 30 სექტემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - მ.ლ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების წესის შეცვლასაც მოითხოვს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დირექტორის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება N108 მ.ლ–ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.
ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების’’ დირექტორის 2021 წლის 4 ივნისის ბრძანება N245 მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ და მ.ლ–ი აღდგენილ იქნა N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე.
3. ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას“ მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 26 მარტის N108 ბრძანება მ.ლ–ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ დირექტორის 2021 წლის 4 ივნისის N245 ბრძანება მ.ლ–ის გათავისუფლების შესახებ; მ.ლ–ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას“ მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 400 ლარის(ხელზე ასაღები) ოდენობით (2021 წლის 07 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 1000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების 2.4-2.6 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ლ–ი აღდგენილ იქნა ქ. ახალციხე, ახალციხელის ქ. N5-ში მდებარე N1 საბავშვო ბაგის პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას“ მოსარჩელე მ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 400 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
6. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა და კასატორს უკან დაუბრუნდა 31.03.2023 წლის განცხადებაზე დართული მტკიცებულება (სულ 2 ფურცელი).
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისს განცხადებით მომართა კასატორმა, მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა.
8. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რის შედეგადაც, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა სრულად მიიღო, თუმცა, სამსახურში აღდგენის ნაწილში აღმოჩნდა, რომ №1 ბაგა გაუქმდა 2022 წლის 17 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, რაც ცნობილი გახდა აღსრულების ეტაპზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლას. აღნიშნული მოთხოვნის მართებულობის შესამოწმებლად საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელებს სსსკ-ის 263-ე მუხლით.
10. მართალია, ზოგადად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა. მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა (იხ. სუსგ: Nას-24-35-2014, 19.02.2014).
11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული წერილის მიხედვით, განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, კასატორმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით სრულად მიიღო გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული თანხა, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში, №1 ბაგა გაუქმდა 2022 წლის 17 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი გახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი, კასატორის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა.
12. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს სსსკ-ის 263-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ნორმის დანაწესით: „1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. 2. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
13. ზემოაღნიშნული ნორმა ერთ შემთხვევაში, ადგენს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, ხოლო მეორე შემთხვევაში - აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის (სამუშაო ადგილზე აღდგენა) და განმცხადებლის პოზიციის გათვალისწინებით, არ არსებობს არცერთი მათგანის გამოყენების წინაპირობა.
14. საკასაციო სასამართლომ, წინამდებარე საქმეზე განხილვისას, საქმეს არ დაურთო ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ წარმომადგენლის 2023 წლის 31 მარტს №ა-1701-23 წარმოდგენილ განცხადებაზე დართული - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 20.03.2023წ. N12-1223079139 ცნობა. საქმეში წარმოდგენილ განცხადებაში მხარე მიუთითებს, რომ ახალციხის #1 ბაგა-ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ამ გარემოების დასადასტურებლად მხარე ითხოვდა ცნობის დართვას (იხ.ტომი მე-2. ს.ფ 307-308). როგორც აღინიშნა, საკასაციო პალატამ არ დაურთო საქმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 20.03.2023წ. N12-1223079139 ცნობა სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით. კერძოდ, პალატამ განმარტა, რომ საკასაციო პალატა იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებს ვერც სასამართლო გაიზიარებს მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
15. იქვე, საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ერთ-ერთ საქმეზე სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაჰკისრებოდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“. ამრიგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი). საკასაციო სასამართლოსთვის წარდგენილი 2023 წლის 31 მარტს Nა-1701-23 წარმოდგენილი განცხადებით, მოხდა სასამართლოს ინფორმირება, რომ ახალციხის #1 საბავშვო ბაგა გაუქმებულია. პალატა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით განმცხადებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და 2023 წლის 15 თებერვალს, საკასაციო პალატის სხდომა ჩატარდა მხარეთა შორის მორიგების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა სასამართლოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული ქმედებით კი, დამსაქმებელმა, წინამდებარე პუნქტში დასახელებული სხვა საქმის მსგავსად, მოსარჩელეს მოუსპო, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულების შესაძლებლობა.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით, სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, მოქმედებს იძულებით აღსრულების კანონმდებლობით დადგენილი საშუალებები, ამასთან, კონკრეტულად შრომის კანონმდებლობის დარღვევის კონტექსტში, გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი, რომლის დისპოზიციის მიხედვითაც - პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.
17. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დასრულებულია წარმოება, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილებით დგინდება, როგორც მხარეები, ისე მათ მიერ ფაქტობრივად შესასრულებელი მოქმედება და ამდენად, გადაწყვეტილება აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას არ საჭიროებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 263-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე