Facebook Twitter

საქმე№ას-1203-2023 30 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „G.G.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–ძე (მოპასუხე)

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „G.G.“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი კომპანია) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, დასაქმებული) წინააღმდეგ, მოითხოვა 7 177.66 ლარის დაკისრება, ასევე, თანხის დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ........, ს/კ .......) სარეალიზაციოდ მიქცევა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. კომპანიის სააპელაციო საჩივარი

4.1. კომპანიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების წარმოებასა და დისტრიბუციას. კომპანია თანამშრომლობს არაერთ ქსელურ თუ არაქსელურ მარკეტთან და სისტემატიურად ახდენს მათთვის პროდუქციის მიწოდებას.

5.3. მოპასუხე დასაქმებული იყო მოსარჩელე საწარმოში, გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. მხარეთა შორის 2016 წლის 1 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 თავის 1.4. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია: უზრუნველყოს „დასაქმებული“ შესაბამისი დოკუმენტაციითა და ტექნიკური აღჭურვილობით, თუკი ასეთი საჭიროა „სამუშაოს“ შესასრულებლად, აგრეთვე ავტომანქანით პროდუქციის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების მიზნით. 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს „სამუშაო“ კეთილსინდისიერად, პროფესიული და შესასრულებელი „სამუშაოს“ ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ყოველი დღის ბოლოს მყიდველებისგან მიღებული ფული შეიტანოს „დამსაქმებლის“ სალაროში ან დამსაქმებლის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე და გადასცეს აგრეთვე დამსაქმებელს პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, დააბრუნოს პროდუქციის ნაშთი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება ჩაითვალოს მინდობილი ქონების მითვისებად. ამავე თავის 2.4. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესები. ამავე თავის 2.5. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს დამსაქმებლის შინაგანაწესი, მისთვის განკუთვნილი თანამდებობრივი ინსტრუქცია, დამსაქმებლის წესდება, მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ოფიციალური დოკუმენტების გაცემის წესი, მისთვის მინდობილი დოკუმენტაცია, ხელი არ შეუშალოს სხვა დასაქმებულებს შრომითი პროცესის მიმდინარეობაში და ა.შ. 2.10. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია, იკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გადაცემულ და მინდობილ ქონებაზე, აგრეთვე „დამსაქმებელისათვის“ მიყენებული ქონებრივი თუ არაქონებრივი (საქმიანი რეპუტაცია) ზიანისთვის, რაც გამოწვეულია „დასაქმებულის“ შესაბამისი ქმედებით ან უმოქმედობით. 2.13. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს დამსაქმებელს შესაბამისი დოკუმენტაცია და ქონება, რაც მას გადაეცა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. 2.14. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე კომპანიის სასარგებლოდ ქონების იპოთეკა ან/და გირავნობით დატვირთვა. წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება და იპოთეკა ან/და გირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს ერთმანეთის განუყოფელ ნაწილს და ავსებენ ურთიერთ ვალდებულებებს.

5.4. ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება იდება გამოსაცდელი ვადით: 2016 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. დამსაქმებელს შეუძლია გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებული პირისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და დაითხოვოს დასაქმებული პირი სამსახურიდან. ამავე თავის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 დღისა მხარეები დებენ ახალ ხელშეკრულებას. თუ ახალი შრომითი ხელშეკრულება არ დაიდება, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება 2016 წლის 2 დეკემბერს და დასაქმებული პირი განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან.

5.5. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებული ხელფასის სახით იღებდა 1 250 ლარს პირველი სამი თვის განმავლობაში. ხელფასი წარმოადგენდა დარიცხულ თანხას და მასში შედიოდა ყველა სახის გადასახადები და გადასახდელები. დასახელებული ვადის შემდეგ მხარეები შეთანხმდებოდნენ ანაზღაურების სხვა პირობებზე.

5.6. ხელშეკრულების მე-4 თავის მე-8 პუნქტის მიხედვით დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას, აუნაზღაუროს დასაქმებულს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული მგზავრობისა და/ან ნებისმიერი სხვა სახის ხარჯები. ხარჯების ანაზღაურების მიზნით დასაქმებულმა დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (ქვითრები, ბილეთები, ანგარიშფაქტურები და ა.შ.). მე-10 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. მე-12 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი დასაქმებულს დაუკავებს ყოველ თვე გასაცემი ხელფასის 15%, რომელიც შეინახება დასაქმებულის სახელზე. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მიაყენებს კომპანიას მატერიალურ ან ფინანსურ ზარალს, დაკავებული/შენახული ხელფასიდან დაიფარება დავალიანება/ზარალი, თუ მთლიანად არ დაიფარება დავალიანება/ზიანი დამსაქმებელი გამოიყენებს უზრუნველყოფის სხვა ზომებს. მე-13 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს სამსახურიდან წასვლის შემდეგ ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თუ მასზე არ იქნება არანაირი სახის დავალაინება მის სახელზე შენახული/ დაკავებული თანხა გადაეცემა მთლიანად. ხელშეკრულების მე-7 თავის მე-2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ სამუშაო პერიოდის მიტოვება ნებისმიერი მიზეზით (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა) განიხილება, როგორც შრომითი პირობების უხეში დარღვევა და გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. ამავე თავის მე-7 პუნქტის თანახმად, როდესაც დასაქმებული განახორციელებს დამსაქმებლის ქონების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალურ პასუხისმგებლობის უგულვებელყოფას, ქონების მითვისებას, გაფლანგვას ან თაღლითობას, დასაქმებულზე გადაიგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე ან 182-ე მუხლების შესაბამისად ან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამავე თავის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიერ განხორციელდება კლიენტისათვის საქონლის გადაცემა და ვერ მოხდება თანხის ამოღება ერთი თვის განმავლობაში, ვერც ადმინისტრაციის და ვერც აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, დასაქმებული თავისი ქონებიდან, ხელფასიდან და სხვა დანაზოგიდან გადაიხდის დავალიანებას.

5.7. მხარეთა შორის, 2017 წლის 1 დეკემბერს კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს ანალოგიური შინაარსის დებულებები, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 2017 წლის 1 დეკემბრიდან განუსაზღვრელი ვადით.

5.8. დამსაქმებელი საწარმოს 2016 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით მოპასუხის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა შემდეგნაირად: დასაქმებულის მეშვეობით კომპანიის საბანკო ანგარიშზე შემოტანილი ნავაჭრი თანხის 1%-ის ოდენობით. თანხა წარმოადგენს ხელზე ასაღებ ხელფასს და ყველა სახის გადასახადს იხდის დამსაქმებელი. 2016 წლის 1 ივნისის შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

5.9. მხარეთა შორის, 2016 წლის 7 ივნისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს იპოთეკარის მოთხოვნას, დამსაქმებელთან 2016 წლის 1 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: თუკი არ შეასრულებს სამუშაოს კეთილსინდისიერად, პროფესიული და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, არ უზრუნველყოფს ყოველი დღის ბოლოს მყიდველებისგან მიღებული ფულის შეტანას დამსაქმებლის სალაროში და არ გადასცემს პროდუქციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ასევე არ დააბრუნებს პროდუქციის ნაშთს. იგი ვალდებულია გულისხმიერად მოეპყრას და გაუფრთხილდეს „დამსაქმებლის“ ქონებასა და ქონებრივ ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამგვარი ქონების განადგურების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს მისთვის ცნობილი საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება მიადგეს დამსაქმებლის ქონებას, იგი ვალდებულია იკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გადაცემულ და მინდობილ ქონებაზე, აგრეთვე დამსაქმებლისათვის მიყენებული ქონებრივი თუ არაქონებრივი (საქმიანი რეპუტაცია) ზიანისთვის, რაც გამოწვეულია დასაქმებულის შესაბამისი ქმედებით ან უმოქმედობით. დაიცვას ინფორმაციის, მასალებისა და პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონფიდენციალობა, რომელიც დასაქმებულს გადაეცა სამუშაოს შესრულების პროცესში და დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამგვარი ინფორმაციის მასალებისა თუ დოკუმენტაციის შემცველობა მესამე პირებთან, ასევე თუ დადგება თუნდაც ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანი, რომელიც გათვალისწინებულია 2016 წლის პირველ ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნით უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ღირებულებაა - 17 000 აშშ დოლარი, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 36 339.2 ლარს, რომელშიც შედის ძირითადი ვალი, დარიცხული საჯარიმო სანქციები, პირგასამტეხლოები, სასამართლო/საარბიტრაჟო, სააღსრულებო ხარჯები. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა შორის 2016 წლის პირველ ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

5.10. მხარეთა შორის არსებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა დასაქმებულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ბინის ფართი - 38.28 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N........ ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

5.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ შპს „ჯ.ფ–თან“ სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა 2017 წლის 10 ნოემბერს. მოპასუხე, აღნიშნულ კომპანიას 2018 წლის 18 დეკემბრამდე აწვდიდა პროდუქციას. შპს „ჯ.ფ–ის“ დავალიანება შეადგენს 4 401 ლარს.

5.12. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „თ–ს“ აწვდიდა პროდუქციას 2017 წლის 28 თებერვლიდან 2020 წლის 23 ივნისამდე პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში დაგროვილმა დავალიანებამ შეადგინა 2 175.14 ლარი.

5.13. მოპასუხემ, ი/მ გ.ხ–ს 2018 წლის 17 აგვისტოს, 2018 წლის 21 აგვისტოა და 2018 წლის 25 აგვისტოს მიაწოდა პროდუქცია. დავალიანება შეადგენს 1 165 ლარს.

5.14. მოპასუხემ შპს „ა–ა ....“ მიაწოდა პროდუქცია 2019 წლის 3 აპრილიდან 2020 წლის 5 მარტამდე. დავალიანებამ შეადგინა 410.75 ლარი.

5.15. მოპასუხემ შპს „კ. ...“ მიაწოდა საქონელი 2018 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 4 მარტამდე, დავალიანება შეადგენს 85.40 ლარს.

5.16. მოსარჩელის სასარგებლოდ, 2021 წლის 24 აგვისტოს ჩარიცხულია 900 ლარი, დანიშნულებით დ.გ–ძის დავალიანების დასაფარად შ. გ. მოსარჩელეს, მოთხოვნა დასახელებული დავალიანების შესახებ არ ჰქონდა წარდგენილი.

5.17. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ქ.ო–მა დაფარა 20 ლარი, 2022 წლის 19 ოქტომბერს მ.ჭ–ძემ დაფარა 20 ლარი, 2022 წლის 8 ნოემბერს მ.გ–მა დაფარა 100 ლარი. ჯამში დაფარულია 140 ლარი.

5.18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომელიც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 7 177.66 ლარის დაკისრება და თანხის დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა წარმოადგენდა. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხის მიერ მაღაზიებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების მყიდველისგან ამოღების პრობლემა.

5.19. სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის საფუძვლად მითითებულ მოთხოვნის სახელშეკრულებო საფუძველზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულის მიერ მყიდველისათვის საქონლის გადაცემის შემთხვევაში, ერთი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ თანხის ამოღების შეუძლებლობისას, დასაქმებული თავისი ხარჯით დაფარავდა დავალიანებას, ქონებიდან, ხელფასიდან და სხვა სახის დანაზოგიდან. აღნიშნული წესი ეხებოდა დავალიანებას 1 000 ლარიდან.

5.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის არგუმენტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით დავალიანებას ერთ თვეში ვერ ამოიღებდა, არაა გასაზიარებელი. დამსაქმებელი, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერი მხარე, წარმოადგენს ამ პირობების შემდგენ და შემთავაზებელ მხარეს. შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი საკუთარი თავის მიმართ, თავად ადგენს ისეთ პირობას, რომლის შესრულება, მისი განმარტებით, შეუძლებელია, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირობის სხვაგვარად განმარტებისა და დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების საფუძველი. საბოლოოდ სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას, რომ მოსარჩელე მის მიერვე შედგენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით სთხოვს მოპასუხეს სხვისი დავალიანების გადახდას, რაც ვერ იქნება გაზიარებული.

5.21. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ი/მ გ.ხ–თვის მიწოდებული პროდუქციის საფასურის ამოღება არ იყო მოპასუხის ვალდებულება. თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაში - კლიენტებთან ანგარიშსწორების უწყისში, რომელიც ეხება ინდ. მეწარმე გ.ხ–ს, კომენტარის გრაფაში მითითებულია, რომ ეს დავალიანება არის გ.კ–ძის, საქმე არის იურისტების წარმოებაში და რომ გ.კ–ძის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესი. შესაბამისად ამ მტკიცებულებიდან დგინდება, რომ ინდ. მეწარმე გ.ხ–ის დავალიანებაზე პასუხისმგებლობა კომპანიას სხვა პირისთვის, კერძოდ გ.კ–ძისთვის აქვს დაკისრებული, რაც თავის მხრივ გამორიცხავს აღნიშნული დავალიანების კავშირს მოპასუხესთან.

5.22. სააპელაციო სასამართლო მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც სადავო იყო შპს „ჯ.ფ–ისა“ და ი/მ გ.ხ–ის დავალიანების საკითხი.

5.23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე შპს „ჯ.ფ–ს“ 2018 წლის 18 დეკემბრამდე, ხოლო, ი/მ გ.ხ–ს 2018 წლის 25 აგვისტომდე აწვდიდა საქონელს. პირველ შემთხვევაში დავალიანება 4 401 ლარს, ხოლო, მეორე შემთხვევაში 1 165 ლარს შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ფაქტის დადგენა, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების მიხედვით იყო შესაძლებელი. კერძოდ, ამ ხელშეკრულების მე-7 თავის მე-8 პუნქტის მიხედვით დამსაქმებელს, მოპასუხის მიმართ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა საქონლის მიწოდებიდან, ერთი თვის განმავლობაში, თავისი ძალებით თანხის ამოღების შეუძლებლობის შემთხვევაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ.ფ–ის“ მიმართ არსებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 2022 წლის 18 იანვარს, ხოლო, ი/მ გ.ხ–ის მიმართ არსებული მოთხოვნის ვადა 2021 წლის 25 სექტემბერს ამოიწურა. დადგენილი იყო, რომ სარჩელი წარდგენილია 2022 წლის 16 სექტემბერს.

5.24. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აპელანტის არგუმენტზე მიუთითა დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, 2021 წლის 24 აგვისტოს, დ.გ–ძის დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა 900 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თანხის გადახდის ქვითრის მიხედვით, გადამხდელი პირი არ იყო მითითებული, ხოლო დანიშნულებაში აღნიშნული იყო - „დ.გ–ძის დავალიანების დასაფარად შ.გ.“. მოპასუხე თანხის გადახდის ფაქტს უარყოფდა, ხოლო მოსარჩელემ სათანადო წესით ვერ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტი.

5.25. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ, მოპასუხესთან წარმოებულ ელექტრონულ მიმოწერებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული მიმოწერით, მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარების ფაქტი არ დგინდებოდა. მოპასუხე მისი ინფორმაციით არსებულ დავალიანებაზე უთითებდა, რომელიც 7 071 ლარი იყო, შემდეგ მოვალე ობიექტების ჩამონათვალი გაუგზავნა მოსარჩელეს და დამატებით განაცხადა, რომ 8 629 ლარი მისი დავალიანება არ იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპირისპიროს მტკიცების არარსებობის პირობებში, დასახელებული თანხები, მოპასუხის ვალად არ შეიძლება მიჩნეულიყო, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გაყიდული პროდუქციის საფასურის ამოღება და დამსაქმებლის ანგარიშზე ჩარიცხვა ევალებოდა. შესაბამისად, შესაძლო იყო, რომ მიმოწერაში, სწორედ მყიდველებისგან მოპასუხის მიერ ამოსაღებ თანხებზე იყო საუბარი.

5.26. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, დაასკვნა, რომ შპს „ჯ.ფ–ისა“ და ი/მ „გ.ხ–ის“ დავალიანებების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები - ჯამში 5 566 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიმართ ხანდაზმული იყო.

5.27. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე მიუთითა და განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა მხოლოდ 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებებს და არა ზოგადად მხარეთა შორის არსებულ ნებისმიერ ურთიერთობას. მხარეთა შორის მოგვიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში და უზრუნველსაყოფადაც არც ახალი იპოთეკის ხელშეკრულება დადებულა და არც ძველში შესულა ცვლილებები. მოსარჩელის მოთხოვნა კი 2017 წლის 1 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა და არა 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებას, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულებით იყო უზრუნველყოფილი.

5.28. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2016 წლის 7 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა მხარეთა შორის 2016 წლის 1 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დასაქმებულის ვალდებულებებს. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა მხარეთა შორის 2017 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან, რომელიც არ ყოფილა უზრუნველყოფილი შესაბამისი სანივთო საშუალებით. ამასთან 07.06.2016წ. იპოთეკის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის ხელშეკრულება მოქმედებდა 01.06.2016წ. შრომითი ხელშეკრულების ვადით, რომელიც ამოიწურა 2016 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, 2017 წლის 1 დეკემბერს ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს, იპოთეკის ხელშეკრულების ვადა უკვე ამოწურული იყო.

5.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილშიც უსაფუძვლო იყო. მეტიც, თანხის დაკისრების საფუძვლების არსებობისასაც კი, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა.

6. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არასწორადაა დადგენილი, რიგი მტკიცებულებები კი საერთოდ არაა შეფასებული, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

6.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის ვალდებულებები კომპანიაში, მათ შორის მთავარი პირობა, რომ კლიენტების მიერ საქონლის საფასური გადახდის შეუძლებლობისას, სწორედ მოპასუხე იყო სრულად პასუხისმგებელი დაგროვილ დავალიანებაზე.

6.4. კასატორის განმარტებით, დავის მიმდინარეობისას, მოპასუხე არაკეთილსინდისიერ მეთოდებს მიმართავდა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიის სახელით, მესამე პირების მეშვეობით მოსარჩელის ანგარიშზე ჯამში 120 ლარი ჩარიცხა, იმ წარმოდგენის შესაქმნელად, თითქოს მოსარჩელე კომპანია, ორმაგად ცდილობდა დავალიანების ამოღებას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კომპანიის, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხისთვის 7 177.66 ლარის დაკისრება და ამავე თანხის დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

12. საკასაციო სასამართლო, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ უდავო გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის დაიდო შრომის ორი ხელშეკრულება - 2016 წლის 1 ივნისს გამოსაცდელი ვადით და 2017 წლის 1 დეკემბერს განუსაზღვრელი ვადით.

13. მხარეთა შორის დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება, კერძოდ, 2016 წლის 7 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1,ს.ფ. 43-47).

13.1. იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იპოთეკის საგნით უზრუნველსაყოფი ვალდებულება, ამავე პუნქტის 2.1 ქვეპუნქტის მიხედვით „მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს იპოთეკარის (კრედიტორის) მოთხოვნას, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული დაარღვევს მოსარჩელესთან 2016 წლის პირველ ივნისს გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: თუკი არ შეასრულებს სამუშაოს კეთილსინდისიერად, პროფესიული და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. არ უზრუნველყოფს ყოველი დღის ბოლოს მყიდველებისგან მიღებული ფულის შეტანას დამსაქმებლის სალაროში და არ გადასცემს პროდუქციასთან დაკავსირებულ დოკუმენტაციას ასევე არ დააბრუნებს პროდუქციის ნაშთს. იგი ვალდებულია გულისხმიერად მოეპყრას და გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებასა და ქონებრივ ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამგვარი ქონების განადგურების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს მისთვის ცნობილი საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება მიადგეს დამსაქმებლის ქონებას, იგი ვალდებულია იკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გადაცემულ და მინდობილ ქონებაზე, აგრეთვე დამსაქმებლისათვის მიყენებული ქონებრივი თუ არაქონებრივი ზიანისათვის, რაც გამოწვეულია დასაქმებულის შესაბამისი ქმედებით ან უმოქმედობით. დაიცვას ინფორმაციის, მასალებისა და პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონფიდენციალობა, რომელიც დასაქმებულს გადაეცა სამუშაოს შესრულების პროცესში და დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამგვარი ინფორმაციის მასალებისა თუ დოკუმენტების შემცველობა მესამე პირებთან, ასევე თუ დადგება თუნდაც ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანი, რომელიც გათვალისწინებულია 2016 წლის პირველ ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით“. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულია ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ხელშეკრულების მოქმედების პირობები, კერძოდ 5.2 პუნქტის მიხედვით „ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა შორის 2016 წლის 1 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე“.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს, მოპასუხისთვის თანხის დაკისრებასა და ამ თანხის დაფარვის მიზნით, მხარეთა შორის დადებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციაზე, თუმცა, უპირველესად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შესაგებლის გათვალისწინებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. შესაგებელი, ტ.1,ს.ფ. 82-83) გაამახვილებს ყურადღებას.

15. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სსკ-ის სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

15.1. მოპასუხე შპს „ჯ.ფ–ს“ საქონელს აწვდიდა 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2018 წლის 18 დეკემბრამდე, აღნიშნულ პერიოდში დაგროვილმა დავალიანებამ შეადგინა 4 401 ლარი.

15.2. მოპასუხემ ი/მ გ.ხ–ს 2018 წლის 17, 21 და 25 აგვისტოს მიაწოდა საქონელი, დაგროვილმა დავალიანებამ შეადგინა 1 165 ლარი.

16. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოხმობით განმარტავს, რომ დასაქმებულის მიმართ თანხის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი საქონლის მიწოდებიდან ერთი თვის გასვლას უკავშირდებოდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, ბოლოს მიწოდებული საქონლის მიხედვით უნდა დადგინდეს. შპს „ჯ.ფ–ის“ შემთხვევაში, 2018 წლის 18 დეკემბერს მიწოდებული პროდუქციის დავალიანების ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით 2019 წლის 18 იანვარს (ბოლო მიწოდების თარიღს უნდა დაემატოს ხელშეკრულებით, დავალიანების ამოღებისათვის განსაზღვრული ერთი თვე) დაიწყო და ამოიწურა 2022 წლის 18 იანვარს. ი/მ გ.ხ–ის შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 25 სექტემბერს (ბოლო მიწოდების თარიღს უნდა დაემატოს ხელშეკრულებით, დავალიანების ამოღებისათვის განსაზღვრული ერთი თვე) და ამოიწურა 2021 წლის 25 სექტემბერს. სარჩელი წარდგენილია 2022 წლის 16 სექტემბერს (ტ.1,ს.ფ. 1-2), შესაბამისად, ორივე მოთხოვნისთვის ხანდაზმულია.

17. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ საწარმოს მიერ წარდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია. საქმეში არსებული, თანხის ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი ქვითრით (ტ.1,ს.ფ.49), დგინდება, რომ მოსარჩელე კომპანიის ანგარიშზე 2021 წლის 24 აგვისტოს ჩარიცხულია 900 ლარი. საწარმოს მტკიცება, რომ აღნიშნული თანხის ჩარიცხვით მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი დოკუმენტით, მხოლოდ თანხის გადახდის ფაქტი დასტურდება, ამასთან, დანიშნულებაში მითითებულია - „ტერმინალის საშუალებით სხვა დანიშნულება დ.გ–ძის დავალიანების დასაფარად შ.გ.“, ამდენად, ქვითრით, არ დგინდება, რომ მოპასუხემ გადაიხადა დასახელებული თანხა, რაც გამორიცხავს ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე რაიმე სახის აღიარების საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.

18. შრომითი ხელშეკრულების მე-7 თავის მე-8 პუნქტი ცალსახად და არაორაზროვნად აწესებს იმ წინაპირობებს, რაც უნდა განხორციელდეს სანამ დამსაქმებელი დასაქმებულს მოსთხოვს გაყიდული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, კერძოდ დამსაქმებელმა ჯერ ადმინისტრაციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით უნდა სცადოს დავალიანების ამოღება. თუკი ხსენებული მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, მხოლოდ შემდგომ წარმოეშობა დასაქმებულისთვის მოთხოვნის უფლება. სხვა რაიმე დასკვნა ამ სახელშეკრულებო პირობიდან არ გამომდინარეობს და ვერც მხარემ მიუთითა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან დგინდება, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების მე-7 თავის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები შეასრულა. ამდენად არაა გასაზიარებელი ის არგუმენტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით დავალიანების ამოღება ერთი თვის ვადაში ვერ მოხდებოდა, ვინაიდან დამსაქმებელი, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერი მხარე, წარმოადგენს ამ პირობების შემდგენ და შემთავაზებელ მხარეს. შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი საკუთარი თავის მიმართ, თავად ადგენს ისეთ პირობას, რომლის შესრულება, მისი განმარტებით, შეუძლებელია, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირობის სხვაგვარად განმარტებისა და დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების საფუძველი. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნა, რომ მოსარჩელე მის მიერვე შედგენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით სთხოვს მოპასუხეს სხვისი დავალიანების გადახდას, არაა გასაზიარებელი (იხ. სუსგ. საქმე №ას-1526-2023 22 მარტი, 2024 წელი; საქმე №ას-1651-2023 31 იანვარი, 2024 წელი).

19. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოპასუხეს დავალიანება არ გააჩნდა მოსარჩელე კომპანიის მიმართ, ხოლო დასახელებული თანხის შესახებ მოთხოვნა, საფუძვლიანიც რომ ყოფილიყო, ხანდაზმულია და წარმოდგენილი შესაგებლის პირობებში მაინც ვერ განხორციელდებოდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა, შესაბამისად, მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველსაყოფი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ. წამყვანი მოთხოვნაა და რომელთანაც განუყოფლად არის შეზრდილი იპოთეკა. აქცესორულობა სამართლებრივი კატეგორიაა, რომელიც ერთი უფლების არსებობის დამოკიდებულებას გამოხატავს მეორე უფლების არსებობაზე (დამატ. იხ. სსკ-ის 153.1-ე მუხლი - „აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს“). აქცესორულობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს სკ-ის 295-ე მუხლში კონსტატირებული გარემოება, რომ იპოთეკა გადაიცემა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის გზით (სკ-ის 201.1-ე, 295-ე, იპოთეკის გადაყოლის პრინციპი) იხ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი (იხ. სქ. 2), 62, 65; Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1153 Rn. 1..

21. საკასაციო სასამართლო, მხარის სასარჩელო მოთხოვნას მიუბრუნდება, რომელიც მოთხოვნილი თანხის დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას ეხებოდა, წინამდებარე განჩინების მე-12, მე-13 და 13.1 პუნქტებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ წარმოადგენდა, მეტიც, ხელშეკრულებაში მკაფიოდ და ცალსახად იყო მითითებული, რომ უზრუნველყოფის საგანი მხოლოდ 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები იყო, ამასთან, სწორედ 2016 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადით იყო შემოფარგლული იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც. ამდენად, მხარის მოთხოვნა, რომ კონკრეტული ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებათა დარღვევის გამო, სხვა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია დადგინდეს დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონით, სასამართლო პრაქტიკითა თუ დოქტრინით დადგენილ იპოთეკის სამართლებრივ ბუნებასა და შინაარსს.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,G.G.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,G.G.-ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №065, გადახდის თარიღი 14.10.2023) 358.88 ლარის 70% - 251.21 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე