საქმე №ას-852-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „გ–ს“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა+ც.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა+ც.მ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი) სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს გ–სს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამპროექტებელი ან მენარდე) - მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 172,60 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 250 ლარის გადახდა;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.1. მოპასუხესა და მოსარჩელე კომპანიის დირექტორს - მ.ა–ს შორის 2021 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) დაპროექტების ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1-1.4 პუნქტების შესაბამისად მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ინდივიდუალური ქალაქგარეთ საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) არქიტექტურული დოკუმენტაცია N1 დანართის შესაბამისად (ქალაქგარეთ საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) ტექნიკური დავალება). დამპროექტებელმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა შემკვეთის ყველა საჭირო მოთხოვნები ამ ხელშეკრულების პირობების ფარგლებში. საპროექტო დავალება - დანართი N1 წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დამპროექტებელი/მენარდე ვალდებული იყო შეესრულებინა N1 დანართში მოცემული მოთხოვნები და სხვა საწყისი მონაცემები პროექტის შესასრულებლად და მათგან გადახვევის უფლება მხოლოდ შემკვეთის თანხმობით ჰქონდა (ს.ფ. 31-38).
2.2. ხელშეკრულების მეორე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა სამუშაოს ღირებულება და ანგარიშსწორების წესი, რომლის 2.1-2.2 პუნქტის თანახმად შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 4000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე შემკვეთმა გადაიხადა ავანსი 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 2000 აშშ დოლარს (ს.ფ. 31-38).
2.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა, რომლის 3.1 თანახმად, დამპროექტებელმა იკისრა ვალდებულება, საპროექტო სამუშაოები შეესრულებინა მისი ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხის/ავანსის შესვლის მომენტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
2.4. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შემკვეთის მიერ შეწყვეტის დროს, ეს უკანასკნელი აუნაზღაურებს დამპროექტებელს/მენარდეს ფაქტიურად გაწეულ ხარჯებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა დამპროექტებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა.
2.5. საგადასახადო დავალებით N1641903852 ირკვევა, რომ მოსარჩელემ (შემკვეთმა) მოპასუხეს (მენარდეს) 2022 წლის 11 იანვარს ავანსის სახით გადაუხადა 1 765 ევრო, რაც ამ დროისთვის 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტს წარმოადგენს.
2.6. საქმეში მოთავსებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - პროექტის სამშენებლო ნახაზები და ელექტრონული მიმოწერის ასლები, სადაც მოპასუხე/მენარდე აღნიშნავს, რომ შემკვეთმა არ მიაწოდა სრულყოფილი დოკუმენტაცია პროექტის დასამზადებლად, შესაბამისად, მენარდე არ არის პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე. შემკვეთის საპასუხო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ წინასაპროექტო კვლევის განმარტება და ინფორმაცია მის შესახებ მოცემულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში- მუხლი 3, ამ კოდექსს გადაუგზავნის “მეილზე”. რაც შეეხება ნაკვეთის გაერთიანებას, გაერთიანების პროცედურები უკვე დაწყებულია და წესით რამდენიმე დღეში დასრულდება.
2.7. მოსარჩელემ/შემკვეთმა 2022 წლის 18 მაისს წერილობით შეატყობინა მოპასუხეს/მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ ,,...ხელშეკრულების მიხედვით შემსრულებლის მიერ შეთანხმებული მომსახურების გაწევა და მზა პროექტის წარდგენა, ხელშეკრულებაზე დართული საპროექტო განაცხადების მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა მომხდარიყო საავანსო ანგარიშსწორების განხორციელებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. დამკვეთმა 2022 წლის 11 იანვარს გადაიხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული ავანსი, 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი -1 765, 00 ევრო. აღნიშნული თარიღიდან დაიწყო 30 დღიანი ვადის ათვლა და დამკვეთისათვის მზა პროექტის წარდგენა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2022 წლის 01 მარტისა. თუმცა, კომპანიის მიერ დღევანდელი მდგომარეობითაც არ არის წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულებაზე თანდართულ საპროექტო განაცხადთან. ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილია მხოლოდ ცალკეული სართულების შესაძლო პროექტირების ფრაგმენტები, თუმცა, ცხადია, აღნიშნული ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც სრულყოფილი პროექტი, რომლის მომზადებაც შეთანხმებულია ზემოხსენებული ხელშეკლრულებით და საპროექტო განაცხადით...“.
2.8. მოპასუხემ 2022 წლის 8 ივნისის წერილით უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე. წერილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ/შემკვეთმა 2021 წლის 19 დეკემბერს ხელშეკრულება გააფორმა საცხოვრებელ სახლის სამშენებლო პროექტის შესასრულებლად. პროექტის სრული შესრულების და სამშენებლო ნებართვის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტცია (რომელიც უნდა გადმოეცა შემკვეთს ელექტრონული ფორმით). 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე 2. საკადასტრო გეგმა კოდით 3. ტოფოგრაფიული რუკა მაშტაბით 4. გეოლოგიური დასკვნა ექსპერტიზა 5. მშენებლობის ადგილის მისამართი და ა.შ. მოსარჩელეს დღემდე გაერთიანებული მიწის ნაკვეთზე არცერთი ზემოთ მოცემული დოკუმენტი არ გადმოგიციათ, რაც ხდის პროექტის ბოლომდე შესრულების პრობლემას. რაც შეხება ძირითად არქიტექტურულ ნახაზებს გამზადებული და მოწონებულია მარიკა ალტჰაუსის (მოსარჩელე კომპანიის დირექტორი) მხრიდან. მენარდე კოპანიის მხრიდან არ დარღვეულა შეთანხმების არც ერთი პუნქტი და თუ თქვენმა კლიენტმა გადაიფიქრა მშენებლობა, მოვითხოვ დარჩენილი თანხის ანაზღაურებას. წერილში აღნიშნულია, რომ შემკვეთის ბრალით მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა და შემსრულებელს არანაირი ვადა არ დაურღვევია (ს.ფ. 54).
2.9. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 28 მარტს მოსარჩელის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილი ცალკეული პროექტირების ნიმუშები, რომელიც მოსარჩელის/შემკვეთის განმარტებით მხოლოდ პირველი სართულის ნახაზია.
2.10. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება-ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის ობიექტის დაპროექტების ტექნიკური დავალება, ზოგადი მონაცემები (ს.ფ. 28). აღნიშნული დოკუმენტი გამოკვლეულ იქნა 2024 წლის 18 მარტს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. აპელანტმა/მენარდემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან კანონის მოთხოვნათა დაცვით გააკეთა ყველაფერი, თვითონაც დაინტერესებული იყო ამ პროექტით და სურდა სრულყოფილი პროექტი გაეკეთებინა, თუმცა აღნიშნული ვერ განახორციელა ისევ და ისევ მოსარჩელის/შემკვეთის ბრალით, რადგან მან არ მოიაწოდა მენარდეს ის დოკუმენტები, რაც სრულყოფილი პროექტის შედგენისათვის იყო საჭირო, კერძოდ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საკადასტრო გეგმა კოდით, ტოპოგრაფიული რუკა მასშტაბით, გეოლოგიური დასკვნა და მშენებლობის მისამართი.
2.11. მოსამართლის შეკითხვაზე აპელანტმა განარტა, რომ ,,სახლის მშენებლობისათვის" სამი ეტაპის გავლაა საჭირო - ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ ეს მიწა გამოსაყენებლად ვარგისია, ასევე აუცილებელია გეოლოგის დასკვნა, ისე ფუნდამენტის პროექტი ვერ გაკეთდება და აუცილებელია ტექნიკური ნახაზი. ამ განმარტების საწინააღმდეგოდ მოწინააღმდეგე მხარის (შემკვეთის/მოსარჩელის) წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აპელანტისათვის მხოლოდ პროექტის მომზადება იყო დაკვეთილი და არა მშენებლობის ნებართვის მიღება. ეს მის მოვალეობას არ წარმოადგენდა, შესაბამისად მისთვის გაუგებარია საკითხის ამგვარი განმარტება, რადგან პირობები, რომელზედაც მოპასუხე საუბრობს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის არის საჭირო (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი, მხარეთა განმარტებები).
2.12. მოსამართლის შეკითხვაზე, იყო თუ არა აპელანტისათვის/მენარდისთვის ხელისშემშლელი პროექტის სრულყოფილად დამზადებისთვის ის გარემოება, რომ შემკვეთმა მას არ მიაწოდა ელექტროქსელებზე მიერთების ტექნიკური პირობების, ასევე ცენტრალური წყალსადენის და კანალიზაციის და გათბობის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობები ანუ ის, რაზედაც ტექნიკურ დავალებაშია მითითებული, აპელანტმა განმარტა, რომ ,,ელექტროქსელებზე მიერთების ტექნიკური პირობების არსებობა, ასევე ცენტრალური წყალსადენის, კანალიზაციის და გათბობის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობების არსებობა მისთვის პროექტის შედგენისათვის ხელისშემშლი არ იყო, ამ საკითხების მოგვარება შემდეგაც შეიძლებოდა. პროექტი იმიტომ კეთდება, რომ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვა მოგცეს“. მოპასუხემ კვლავ განმარტა, რომ "მისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ მას არ მიაწოდეს უფლების დამდგენი დოკუმენტი და გეოლოგიური ძიების ტექნიკური ანგარიში. მათ გარეშე იგი პროექტს ვერ გააკეთებდა“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი, აპელანტის განმარტება).
2.13. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას, მიაწოდა თუ არა იგი აპელანტმა შემკვეთს სრული სახით, მენარდემ განმარტა, რომ მან მოამზადა პროექტის 95%, შექმნა საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის მოდელი, დაამუშავა სართულების გეგმები, დაითვალა საპროექტო შენობის ზომები, თუმცა ეს ყველაფერი მისი საავტორო ნამუშევარია, სპეციალური პროგრამით შედგენილი, იგი შემკვეთისათვის არ მიუწოდებია და როგორც მის საავტორო ნამუშევარს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადასცემდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი, 15.25.13 წთ). აპელანტმა განმარტა, რომ მან სპეციალური პროგრამით შეასრულა პროექტის არქიტექტურული ნაწილი, რაც შეეხება კონსტრუქციულ ნაწილს, ვერ გააკეთა და ვერ გააკეთებდა ისევ და ისევ კონკრეტული დოკუმენტაციის არქონის გამო, რომელიც მისთვის შემკვეთს უნდა მიეწოდებინა.
3.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთი, მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითებით, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, უფლებრივი რესტიტუციის სახით, ითხოვს მენარდისთვის გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაბრუნებას. აღნიშნულ მოთხოვნას მენარდე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე არ არის პასუხისმგებელი, ვინაიდან სრულყოფილი პროექტის წარუდგენლობა განპირობებული იყო მოსარჩელის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობით.
3.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მოპასუხესა და მ.ა–ს (მოსარჩელე კომპანიის დირექტორი) შორის, 2021 წლის 19 დეკემბერს, გაფორმებული საცხოვრებელი სახლის დაპროექტების ხელშეკრულების პირობები, ასევე შეასრულა თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნაკლოდ და დათქმულ ვადაში.
3.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 19 დეკემბერს, მოპასუხესა და მ.ა–ს (მოსარჩელე კომპანიის დირექტორი) შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის დაპროექტების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ინდივიდუალური ქალაქგარე საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) არქიტექტურული დოკუმენტაცია N1 დანართის შესაბამისად, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ქალაქგარეთ საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) ტექნიკური დავალება). ხელშეკრულებით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულება 4000 აშშ დოლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით სამუშაოთა დაწყებამდე შემკვეთმა გადაიხადა ავანსი 50%-ის ოდენობით - 2000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საპროექტო სამუშოს შესრულების ვადა, რომლის თანახმად, დამპროექტებელმა/მენარდემ აიღო ვალდებულება, საპროექტო სამუშაოები შეესრულებინა დამპროექტებლის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხის/ავანსის შესვლის მომენტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
3.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2022 წლის 11 იანვარს ავანსის სახით გადაუხადა 1765 ევრო, რაც 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტია, ამიტომ ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად სწორედ აქედან დაიწყო 30 დღიანი ვადის ათვლა.
3.5. დადგენილია, რომ 2022 წლის 28 მარტს მოსარჩელის/შემკვეთის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილია ცალკეული პროექტირების ნიმუშები, რომელიც მოსარჩელის განმარტებით მხოლოდ პირველი სართულის ნახაზია და ვერ ჩაითვლება სრულყოფილ პროექტად.
3.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა/მენარდემ განმარტა, რომ მოამზადა პროექტის 95%, შექმნა საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის მოდელი, დაამუშავა სართულების გეგმები, დაითვალა საპროექტო შენობის ზომები, თუმცა ეს ყველაფერი მისი საავტორო ნამუშევარია, სპეციალური პროგრამით (,,არქიკადი“) შედგენილი, რაც შემკვეთისათვის არ მიუწოდებია და, როგორც მის საავტორო ნამუშევარს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოაწოდებდა.
3.7. აპელანტის განმარტებით, ტექნიკურ დავალებაში, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, გაკეთებული დათქმები, მაგალითად, ,,ელექტროქსელებზე მიერთების ტექნიკური პირობების არსებობა, ასევე ცენტრალური წყალსადენის და კანალიზაციის და გათბობის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობების არსებობა მისთვის პროექტის შედგენისათვის ხელისშემშლი არ იყო ამ საკითხების მოგვარება შემდეგაც შეიძლებოდა”. მისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ის, რომ შემკვეთმა არ მიაწოდა უფლების დამდგენი დოკუმენტი და გეოლოგიული ძიების ტექნიკური ანგარიში. მათ გარეშე კი მენარდე პროექტს ვერ გააკეთებდა.
3.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მენარდისავე მსჯელობის გათვალისწინებით, თუ შეუძლებელი იყო პროექტის მომზადება შემკვეთის მიერ მისაწოდებელი ისეთი ინფორმაციის გარეშე, როგორიცაა რეესტრის მონაცემი უძრავი ნივთის კუთვნილების თაობაზე, ასევე გეოლოგიური დასკვნა, მაშინ არადამაჯერებელია მენარდის მტკიცება, რომ მან სამუშაოს 95-% შეასრულა, ამასთან, თუ მენარდე შესრულებულ სამუშაოს არ მიაწოდებდა შემკვეთს, ასეთი შესრულება-სამუშაოს შესრულებად და ზოგადად ვალდებულების შესრულებად ვერ იქნება მიჩნეული.
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდემ იკისრა ვალდებულება სააგარაკე საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ, რომლის მიხედვით, მენარდის მიერ შეთანხმებული მომსახურების გაწევა და მზა პროექტის წარდგენა, ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო განაცხადის მოთხოვნათა შესაბამისად, საავანსო ანგარიშსწორების განხორცილებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა მომხდარიყო; მენარდემ თვითონვე დაადასტურა, რომ მან შეასრულა სამუშაოს 95%, რომელიც არ გაუგზავნა, არ გადასცა შემკვეთს, რადგან მისი საავტორო ნამუშევარი იყო, გადაუგზავნა მხოლოდ ცალკეული პროექტირების ნიმუშები, სულ 7 გვერდი. თავის მხრივ, შემკვეთი მიუთითებს, რომ შესრულებული პროექტი, სულ 7 ფურცლად, არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დავალებას, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხეს/მენარდეს, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის, რომ სრულყოფილი პროექტის მომზადება, შემკვეთის მხრიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის და გეოლოგიული ძიების ტექნიკური ანგარიშის მიწოდების გარეშე, შეუძლებელი იყო. ამის საპირისპიროდ შემკვეთმა განმარტა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი და გეოლოგიური კვლევის დასკვნა მხოლოდ სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად იყო საჭირო, რაც აუცილებელი დოკუმენტია, თუმცა, ასეთი ვალდებულება მენარდეს არ ეკისრებოდა.
3.10. სააპელაციო სასამართლოს მენარდის ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებაზე გაამახვილა ყურადღება, ერთი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთმა არ გადასცა უფლების დამდგენი დოკუმენტი და გეოლოგიური ძიების ანგარიში, მენარდემ მაინც შეძლო სამუშაოს 95%-ის შესრულება, რაც ასახული და შენახული ჰქონდა თავის საავტორო პროგრამა “არქიკადში”, თუმცა ის არ მიაწოდა შემკვეთს, რადგან მენარდის საავტორო პროექტი იყო. ამის საწინააღმდეგოდ კი მოსარჩელემ განმარტა, რომ მენარდისთვის მხოლოდ პროექტის მომზადება იყო შეკვეთილი და მშენებლობის ნებართვის მიღება მის მოვალეობას არ წარმოადგენდა, ის დოკუმენტები კი, რომელზეც აპელანტი მიუთითებს, საჭიროა მშენებლობის ნებართვის მისაღებად და არა არქიტექტურული პროექტის მოსამზადებლად.
3.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიწის კუთვნილების უფლების დამდგენი დოკუმენტის საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოუდგენლობა ვერ იქნებოდა მენარდისთვის/აპელანტისთვის ხელშემშლელი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის მოსამზადებლად, თუმცა, მხარეთა პოზიციების შეფასებისას მნიშვნელოვანია აპელანტის განმარტება, რომ მან, ყველაფრის მიუხედავად, დაამზადა პროექტის 95%, მაგრამ არ გადასცა შემკვეთს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარი შესრულება ვერ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად, პირიქით, აღნიშნული ნიშნავს, რომ მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
3.12. დადენილია, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 18 მაისს წერილობით შეატყობინა მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ვინაიდან შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი. ასევე უდავო გარემოებაა, რომ პროექტის შესრულებაზე შემკვეთმა ხელშეკრულება გააფორმა შპს “ნ–თან”, რომელმაც შეასრულა ვალდებულება. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა შესრულებული პროექტი, რომელიც, მოპასუხის შესრულებული 7 ფურცლიანი პროექტის ფრაგმენტებისგან განსხვავებით, დაახლოებით 100 გვერდია.
3.13. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისთვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხორციელებისთვის არ რის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ამ დროს სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონებრივ ასპექტში უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ხდება შესრულებისა და სარგებლის უკუქცევა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
3.14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ/შემკვეთმა არქიტექტურული პროექტის დამზადებისთვის გადაიხადა სამუშაოს საზღაურის ნაწილი 1765 ევრო, ხოლო მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დაუმზადა და არ გადასცა არქიტექტურული პროექტი, რაც იმას ნიშნავს რომ მოპასუხეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის (ავანსის) დაბრუნების კანონისმიერ წინაპირობები წარმოქმნილია, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებს საფუძველია.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/მენარდემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა ან საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
4.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს შემკვეთისთვის სააგარაკე საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარედგინა, შეთანხმებული ავანსის გადახდიდან, ყველა შემთხვევაში 30 სამუშაო დღის ვადაში. არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მან მოამზადა პროექტის თითქმის 95%, შექმნილი იყო გარე ფასადის მოდელი, დამუშავებული იყო სართულების გეგმები, დათვლილი იყო საპროექტო შენობის ზომები. სრულყოფილი პროექტის შედგენა შეუძლებელი იყო, რადგან მოსარჩელემ არ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია პროექტის დასასრულებლად.
4.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ხელშეკრულებაში არ რის მითითებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, არ არის წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, არ არსებობდა მესაკუთრის თანხმობა ან უფლებამოსილ პირზე გაცემული მინდობილობა, ვინაიდან საპროექტო ორგანიზაცია ასრულებს სრულ სამშენებლო პროექტს მშენებლობის უფლების მისაღებად კონკრეტული მიწის ნაკვეთზე მფლობელის თანხმობით.
4.4. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე რომლის წარდგენაც ევალება ნაკვეთის მესაკუთრეს/შემკვეთს პროექტის მოსამზადებლად. კასატორის მტკიცებით, პროექტი მოწონებული და შესრულებულია სპეციალურ პროგრამაში (რაც ნიშნავს ყველა საჭირო ანხაზების ჩამობეჭდვას), პროექტის ალბომის გაფორმება და დასრულება არ არის შესაძლებელი წინასაპროექტო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცების გარეშე.
4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (მენარდე კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება ეფუძნება ნარდობის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ორმხრივი ხელშეკრულების დროს ვალდებულების დარღვევის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით “ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები”, 639-ე მუხლის მიხედვით, “თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა (შესრულებული სამუშაო)”, 641-ე მუხლით, “ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის”, ამავე კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, “ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები”, 352.1-ე მუხლით “თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)”, 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, “თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ”. ამასთან, ვინაიდან სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანმდევი მატერიალურ შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების საკითხი, გამოსაკვლევია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და რამდენად არსებობს შესრულების უკუქცევის საფუძველი შემკვეთის მიერ მენარდისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებით;
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2021 წლის 19 დეკემბერს, მოპასუხესა და მ.ა–ს (მოსარჩელე კომპანიის დირექტორი) შორის გაფორმებული საცხოვრებელი სახლის დაპროექტების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შეემუშავებინა ინდივიდუალური ქალაქგარეთ საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) არქიტექტურული დოკუმენტაცია N1დანართის შესაბამისად, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (ქალაქგარე საცხოვრებელი სახლის (კოტეჯის) ტექნიკური დავალება. ხელშეკრულებით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულება 4000 აშშ დოლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა ავანსი 50%-ის ოდენობით - 2000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საპროექტო სამუშოს შესრულების ვადა, რომლის თანახმად, დამპროექტებელმა/მენარდემ აიღო ვალდებულება, საპროექტო სამუშაოები შეესრულებინა დამპროექტებლის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხის/ავანსის შესვლის მომენტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
11. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი ვადის დარღვევაა.
12. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის პირველადი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. აღნიშნულს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
13. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2022 წლის 11 იანვარს ავანსის სახით გადაუხადა 1765 ევრო, რაც 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო ვალდებულების შესრულების 30 - დღიანი ვადის ათვლა.
14. დადგენილია, რომ 2022 წლის 28 მარტს მოსარჩელის/შემკვეთის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილია ცალკეული პროექტირების ნიმუშები, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, მხოლოდ პირველი სართულის ნახაზია, და ვერანაირად ვერ ჩაითვლება სრულყოფილ პროექტად.
15. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათი განმარტებების საფუძველზე დაადგინა წინამდებაერე განჩინების 2.1-2.13 ქვეპუნქტებში ასახული გარემოებები.
16.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხის/მენარდის წინააღმდეგობრივი მტკიცებისა და მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის შესახებ, რაც წინამდებარე განჩინების 3.1-3.12 პუნქტებშია ასახული. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მენარდეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 18 მაისს წერილობით შეატყობინა კასატორს/მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რადგან ინტერესი დაკარგა შესრულებისადმი. ასევე, უდავოდ არის დადასტურებული, რომ პროექტის შესასრულებლად მოსარჩელემ ხელშეკრულება დაუდო შპს „ნ“, რომელმაც შეასრულა კიდეც დავალება. აღნიშნულის დასტურად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს სასამართლოში მტკიცებულების სახით შესრულებული პროექტი, რომელიც დაახლოებით 100 გვერდია (ს.ფ. 156- 260), განსხვავებით მოპასუხის მიერ შესრულებული და შემკვეთისათვის გადაგზავნილი 7 ფურცლიანი პროექტის ცალკეული ფრაგმენტებისა. მოსარჩელემ (შემკვეთმა) მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ 405-ე, 352-359-ე მუხლები; იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021).
18. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ამ დროს სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონებრივ ასპექტში უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ხდება შესრულებისა და სარგებლის უკუქცევა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.; №ას-1361-2020, 11.03.2021წ.; №ას-1565-2018, 30.04.2020წ.; №ას-832-2021 13.12.2022წ.). ვალდებულების დარღვევა იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები http://www.gccc.ge). ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ.: მ. თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ. ბიოლინგი / პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 1.12.2017.პ.34; Nას-1166-2019, 06.04.2020; Nას-1516-2019, 26.06.2020წ.; Nას-606-2020, 6.11.2020წ.; Nას-612-2020; 11.03.2021წ.; Nას-141-2021, 27.05.2021წ.; Nას-742-2021; 2.12.2021წ.; Nას-885-2023, 3.10.2023წ.; Nას-1116-2023, 27.12.2023წ.; Nას-1130-2023, 21.01.2024წ.; Nას-211-2024, 26.04.2024წ. ).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ არქიტექტურული პროექტის დამზადებისთვის გადაიხადა სამუშაოს საზღაურის ნაწილი, ხელშეკრულებით განსაზღვრული ავანსი - 1765 ევრო, ხოლო მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დაუმზადა და არ გადასცა არქიტექტურული პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის (ავანსის) დაბრუნების კანონისმიერ წინაპირობები წარმოქმნილია.
22.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურდება, რაც მან დაძლია. ხოლო კასატორმა (მენარდე კომპანიამ) მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ან/და დააბრკოლებდა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
23.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მენარდის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
24.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ–სს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 16.08.2024 წლის #792 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე