Facebook Twitter

საქმე №ას-406-2020 16 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2019 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სრული და სამართლიანი ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2023 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ს.ს.გ.დ–ის (შემდგომში ტექსტში "მოპასუხე") საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი.ჯ–ძის (შემდგომში ტექსტში "მოსარჩელე", "განმცხადებელი") საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2019 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 664 ლარის (საცხოვრებელი სახლის ღირებულების სხვაობა) გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2019 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) დარჩა უცვლელად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 489.16 ლარის ანაზღაურება.

2. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილებაზე 02.12.2024 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 09.12.2024 წელს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2024 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 260-ე მუხლზე დაყრდნობით. სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

5. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. განსახილველ შემთხვევაში, 02.12.2024 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, საქმის რეკვიზიტებში წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესავალი ნაწილის შემდგომ ფიქსირდება სხვა საქმეზე გამოტანილი განჩინების შესავალი ნაწილის რეკვიზიტებიც, რაც ზედმეტია და ამოღებულ უნდა იქნეს. უსწორობა არ შეეხება აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განცხადება დაკმაყოფილდეს. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2024 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №ას-406-2020) დაშვებული უსწორობა და სააღსრულებო ფურცლის მეორე გვერდიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ტექსტი - „საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე; I საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ნ–ია (მოსარჩელე); მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე); II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე); მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ–ია (მოსარჩელე); გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2023 წლის განჩინება; I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა/კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – I საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, II საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა“.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2024 წლის სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია