Facebook Twitter

ბს-1047-1010(2კ-08) 27 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 8 დეკემბერს შპს “ე-ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აგვისტოს ¹994 საგადასახადო შეტყობინებით მას ეცნობა, რომ გააჩნდა ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების დავალიანება 74672,02 ლარის ოდენობით და განემარტა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი იყო გირავნობის უფლება მისი საწარმოს ქონებაზე, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებოდა საურავი _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით. 2003 წლის 1 აგვისტოს ¹900 საგადასახადო შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა ქონების დაყადაღების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები შეიძლებოდა მიმართულიყო მხოლოდ დღგ-ს გადამხდელის მიმართ და არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მოსარჩელეზე. შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გამოწერილი იყო გადასახადის გადამხდელების მიერ, დასტურდებოდა, რომ შპს “ე-ა” წარმოადგენდა საქონლის მიმღებს და არა მის მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს აკრძალვოდა მის მიმართ თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აგვისტოს ¹994 საგადასახადო შეტყობინებით 74672,02 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საჯარიმო სანქციების დარიცხვა და დაკისრება, ასევე მოპასუხეს აკრძალვოდა მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადება და გირავნობის განხორციელება, აგრეთვე, მას აკრძალვოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 74672,02 ლარის გადახდევინების აღსასრულებლად მიქცევა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აგვისტოს ¹994 საგადასახადო შეტყობინებით შპს “ე-თვის” ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ დარიცხული გადასახადიდან _ 74672,02 ლარიდან 30196,37 ლარის დარიცხვის უკანონოდ ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო შეტყობინებით ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ დარიცხული გადასახადიდან _ 74672,02 ლარიდან, რომელიც მიმართული იყო შპს “ე-ის” მიმართ, 30196,37 ლარის დარიცხვა ცნობილ იქნა უკანონოდ და იგი მას ჩაეთვალა გადახდილად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, შპს “ნ-ი”, შპს “ლ-ი” და შპს “გ-ნ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება შპს “დ-რ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და შპს “ე-ის” სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლე) 2007 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეებად მოცემულ საქმეში ჩაებნენ, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; გაუქმდა შპს “ე-ის” ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავი; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აგვისტოს ¹994 საგადასახადო შეტყობინება შპს “ე-ის” ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 1 აგვისტოს ¹900 საგადასახადო შეტყობინება შპს “ე-ის” ქონების დაყადაღების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 114-ე მუხლში 2000 წლის 13 ივლისს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარა საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი თანხა. იმავე კოდექსის 29-ე მუხლის 25-ე ნაწილის, 90-ე მუხლისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს “ე-ა” წარმოადგენდა რა საქონლის მყიდველს და არა მის მიმწოდებელს, იგი არ იყო დღგ-ს გადამხდელი და დაუშვებელი იყო მის მიმართ ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საურავის დაკისრება _ მას ასევე უნდა მოხსნოდა დარიცხული საურავი მისი დარიცხვის მომენტიდან. შპს “ე-ის” მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საგადასახადო დავალება, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი და გაუქმებული დღგ-ს ნარჩენი ღირებულების _ 30200 ლარის გადახდის ფაქტი და ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა საქართველოს ბიუჯეტში დღგ-ს გადახდის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.