საქმე №ას-1562-2024
18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა.ა–ვი (საარბიტრაჟო მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.კ–ი “ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „მ.კ–ი +“-მა (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხეების ა.ა–ისა და ა.ა–ვისათვის (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მათი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.ა–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბანი, სოფელი …….., ს.კ. ……., გასხვისება; ხოლო, საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, ………, ს.კ. ………, მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბანი, ……., ს.კ. ………, მესაკუთრე ა.ა–ი, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. საარბიტრაჟო მოპასუხემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა მიეთითებინა: ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტი დასახელება; ბ) თუ რა ზომით უნდა გაუქმებულიყო ან შეცვლილიყო განჩინება უზრუნველყოფის შესახებ და გ) გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმებულიყო ან შეცვლილიყო განჩინება უზრუნველყოფის შესახებ; განმცხადებელს, ასევე, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირადად, 2021 წლის 27 მაისს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით გასწორდა წინადებარე საქმეზე იმავე სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად, რომ საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 07 დღე. აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს ჩაბარდა საჯარო შეტყობინებით - 2024 წლის 27 ივნისს (განჩინების გამოქვეყნების თარიღი: 20.06.2024წ.)
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი იმავე სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეს მის მიერ წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). იმავე განჩინებით საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე. აღნიშნული განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რამდენჯერმე გაეგზავნა საჩივრის ავტორს, მაგრამ ვერ ჩაბარდა და 2024 წლის 20 ივნისს მის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7.2, 1971.2, 35613.1, 35618.2, 372-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, განსახილველი საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა შემოწმდეს სააპელაციო სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
15. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, თუ საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
16. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე იმავე სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა მიეთითებინა: ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტი დასახელება; ბ) თუ რა ზომით უნდა გაუქმებულიყო ან შეცვლილიყო განჩინება უზრუნველყოფის შესახებ და გ) გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმებულიყო ან შეცვლილიყო განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. საჩივრის ავტორს, ასევე, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა; აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირდად, 2021 წლის 27 მაისს (იხ. ს.ფ. 56); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით იმავე სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასწორდა იმგვარად, რომ საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 07 დღე; აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა ფოსტით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ......., თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა (იხ. ს.ფ. 62-63); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების საჩივრის ავტორისათვის ჩაბარება (იმავე მისამართზე) ასევე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება (იხ. ს.ფ. 59-61, 65-67); საჩივრის ავტორს უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით - 2024 წლის 27 ივნისს (შეტყობინების გამოქვეყნების თარიღი: 20.06.2024წ.) (სსსკ-ის 78.2 მუხლი) (იხ. ს.ფ. 75-77), თუმცა საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
17. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, რის გამოც სახეზე იყო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში, ხოლო თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე Nას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი). შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ა–ვის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე